ვარ მეომარი და პარტიზანი
თუმც ქალაქს მიწევს გადამდგმურება
და ჩემ ცხოვრების გახლავთ მიზანი
ბოროტმოქმედთა განადგურება.
***
1
ჭეშმარიტებას თვალის ამომთხრელს
თავი არიდო ცადე ჯობს ოხერს
როგორ მიაღწევ სულის სამოთხეს
არ გამოივლი სანამ ჯოჯოხეთს
სულყველაფერი ირგვლივ ძველდება
და ვეღარ ხვდები მივა სადამდის
აზრიც ბერდება ანუ ბრძენდება
უკვდავებაში სანამ გადადის
რაც დღე ერთია ღამე ორდება
როცა ამაზე ლექსი ითქმება
და სულერთია განმეორდება
სანამ ამ ქვეყნად ასე იქნება.
2
უბრალოდ რომ ვთქვათ ლექსი ლექსია
როცა შენ ამბებს მკითხველს უყვები
მაგრამ ეს არის ეპილეპსია
და წარმოსახვის შენის გულყრები
ოღონდ მთავარი სიტყვის ნახვაა
სისხლი რომ ჩქეფდეს არტერიაში
პოეზია ხომ გარდასახვაა
სულის ვერბალურ მატერიაში.
3
ყველა სახელი დარქმეულია
თუნდაც ჩვენამდე არ მოტანილი
დღეს ყველაფერი გარკვეულია
სააშკარაოდ გამოტანილი
შვილიც რადგანაც მამის ტოლია
თუნდაც იცვლიდეს ის ფორმაციას
და ახარისხებს ხვალ ისტორია
აუცილებელ ინფორმაციას
რადგან ყველაფერს რასაც სული აქვს
ენად ყურებად ცხვირად თვალებად
თვით დაბადებას დასასრული აქვს
და მეორდება გაუთავებლად.
***
მარადიული პროცესი ქმნის
ხომ არსებობდა ხანაშიც ქვის
რამაც წარმოშვა ერიც და ბერიც
და იარსებებს ათას წლის მერეც.
***
სიამოვნება კარგად ჩაცმაა
ამ ცხოვრებიდან ვის რა შერჩება
მაგრამ მთავარი ზომის დაცვაა
და რა თქმა უნდა ფერთა შერჩევა
გაღორებული ყველა ცოდვაა
ჯობს მოთმინება და დაფიქრება
ის რაც კარგია ნიშნავს ცოტაა
ბაჯაღლო ბლომად როგორ იქნება.
***
გთხოვთ ყველაფერზე ნუ მომთხოვთ პასუხს
რაც კი მომივა თავში ამ წამში
მნიშვნელობა აქვს თითეულ ასოს
როგორ ჩაჯდება ამ ჩემ ნაწერში
და თუკი რითმა რითმასთან ხვდება
ანუ ბგერებმა სივრცე გაკვეთეს
ქვეცნობიერად ეს ჩემში ხდება
რასაც გონება თვითონ აკეთებს
მე არც თეთრი ვარ და არც შავი ვარ
თუმც პასუხს ვაგებ ყველა იმ წამზე
როცა ნამდვილად დამნაშავე ვარ
ისედაც ცოდვილ დედამიწაზე
მე აღარც ვიცი ამას რა ქვია
ანდა როცა ვწერ ზუსტად რა მომდის
ლექსიც ეტყობა ჩემი საქმეა
რადგან რატომღაც კარგად გამომდის
მიკვირს რომ ხალხი ჯერ ქვებს არ მესვრის
ან არ მაყოლებს თვალს უდიერად
და რასაც ვამბობ ზუსტად არ ესმის
უმრავლესობას საბედნიეროდ
დრო ძირითადად ჩემში ლექსს მიაქვს
როცა მივდივარ ანდა მოვდივარ
მე არ ვკითხულობ არსად ლექციას
და არც კონცერტზე არ გამოვდივარ
სიტყვის აზრებით ბგერებს ვაზომებ
მიმართულებაც არ შემიცვლია
რადგან საერთოდ ლექსად ვაზროვნებ
და სხვანაირად არ შემიძლია
არც პოეტი ვარ და არც მესია
თუ იმას ვამბობ რაც დრომ ინება
ლექსი ცხოვრების ჩემის წესია
და ვერბალური გამოვლინება
ენა რომ შემოვიაგარაკო
და პასუხები დავცე კითხვებთან
მსურს ყველაფერზე ვილაპარაკო
პროვინციალურ ქართველ მკითხველთან.
***
მოკლედ ამბობდა ყველა ვინც ვნახე
სიტყვა ვისთვისაც სიბრძნის ღვიძლია
გრძლად ხომ ყოველთვის მაშინ იძახი
როცა მოკლედ თქმა არ შეგიძლია.
***
მომწამვლელია სულის წიაღი
მიტოვებული უსიყვარულოდ
და საჭიროა აირწინაღი
მის ტალანებში სასიარულოდ
წერა აზრების კორექციაა
რასაც საზღვრები იტევს ნატურის
ლექსები კიდევ კოლექციაა
თანამედროვე ლიტერატურის.
***
რაში ჭირდება კარგ კაცს წოდება
თუ სომეხია ვერ აქართველებ
არც მოღუნული არ გასწორდება
და რაც გატყდება ვერ გაამთელებ.
***
ლექსის დაწერა განა რთულია
მთვარე ამოვა ნახავ რომ ცაზე
შენი გონებაც გადართულია
ჩრდილებით სავსე გარემოცვაზე
თუ ენაც პირში გამართულია
აღარ იდარდებ სულის მოცლაზე
რადგანაც ლექსი დამართულია
ბევრად ძლიერი დილის ლოცვაზე
დაიმახსოვრონ კარგად ხამებმა
რომ ჩემი მათსას არ გავს მისია
და ერთი თვალის დახამხამება
მათ გასადენად საკმარისია.
***
სიტყვა რადგანაც სულის მაცნეა
აზრიც ლოდინით როცა იღლება
მე პოეზია ტანზე მაცვია
და ჩემ ენიდან ლექსად იღვრება
მე როგორც მინდა ისე ვმღერივარ
მდგარი კიდესთან შავი სამარის
რა ვქნა რომ ასე ნიჭიერი ვარ
ეს ჩემი ბრალი სულაც არ არის.
კოტე ყუბანეიშვილი