სვეტური პოეზია .პო
18 აპრილი, 2014
850
print

*** 

სამყარო გამორეგვენდა

არც შეიძლება რომ მეტი

მთავარი გახდა ლეგენდა

და არა თავად პოეტი

 

ძვირად ფასობენ ნივთები

თვალს ვავლებ თვალდარდიანი

მთავარი არის მითები

და არა ადამიანი.

 ***

 გამთეთრებია მე წვერ ულვაში

კომუნისტების წყევლა კრულვაში

თუმც ერთი რამე ზუსტად ვიცი მე

რო მე ისინი ვერ მოვიცილე.

 ***

 მე შენ მოგენდე ჩემო კალამო

და ქართულ სიტყვის დიდო მარაგო

რომ ჩემი ლექსი გავასალამო

რითიც მსოფლიოს ველაპარაკო

 

პოლიტიკაზე თუმც გადართულო

მაინც რწმენა ხარ რადგან ღმერთი ხარ

მე შენ გიმღერი ენავ ქართულო

მსოფლიოში რომ ერთადერთი ხარ.

 ***

 თუმცა ვერავინ გადავარჩინე

რისიც არც ვიყავ ნაღდად დამზარი

საკუთარ სულში აღმოვაჩინე

მთელი სამყარო უზარმაზარი

ამას არ უნდა ბევრი თომარი

რომ არვინაა შეუცდომარი

ბედს ვერ ეწევა სახლში მჯდომარი

მიზანს მიაღწევს შეუპოვარი.

*** 

კეთილშობილი სიტყვა ძვირია

რისი წარმოთქმაც ყველას ამორცხვებს

და ის ადგილიც ყურის ძირია

რაშიც უეცრად ვიღაც წამოგცხებს

 

ეს ისტორიაც რადგან მითია

ხალხს არ ეძლევა დანაპირები

სხვაზე ნაკლები ეს დრო რითია

განა არა ყავს თავის გმირები

 

რადგან ცხოვრება მაგალითია

უნდა განმუხტო გასაჭირები

და როცა გმირი დადებითია

გადახდილია ჯამაგირები.

 ***

 სიტყვა გაიგო შანსი ნულია

უბრალოდ სმენას დაიმაზოლებ

სანამ გონება გაყინულია

ანდა უბრალოდ ძნელად აზროვნებ

 

დილით ისა ხარ ღამით ეს ხდები

წახვალ სოფელში იცვლი ქალაქებს

და ხშირ მომენტში თავად ვერ ხვდები

რომელი ერთი გალაპარაკებს

 

თუმც პირველობა გაუმიზნია

საკუთარივე თავით ქებული

ადამიანი მექანიზმია

საკმაოდ რთულად ჩაფიქრებული

 

გინდაც იქანა გინდაც აქანა

ვირთხა არი თუ ძაღლი პავლოვის

ადამიანი არის მანქანა

ოღონდ ღვთაებრივ წარმომავლობის

 

და მომავალიც მალე გვიჩვენებს

მას რაც წარსულში დანაბადია

და სული ჩვენი რასაც იჩემებს

ეს ყველაფერი მიღწევადია.

*** 

რადგან გენი მაქვს მეც იმერული

რაც წერტილია ამოსავალი

ჩემთვის მიდგომა მეცნიერული

არის ჩიხიდან გამოსავალი

რომ გამოვიდეს კარგი თარგმანი

და ჭაობს გავცდეთ რაშიც ვეფლობით

ხომ შევიყვაროთ უნდა საგანი

მთელი საკუთარ შესაძლებლობით

 ***

 პოეზიაა სულის მაგია

თავის ნებაზე არ ღირს მიშვება

ენა ხომ ეს ის ნიადაგია

რაზედაც სიტყვა წარმოიშვება

და თუ დაენთო სულშიც ხანძარი

ენა სიყვარულს ემსახურება

პოეზიაა ეს ის ტაძარი

რაშიც წარმოებს ღმერთმსახურება.

 ***

 კი არ ვეწევი მეწევინება

თუმცა პირიდან ბოლი გამომდის

მე კი არა ვწერ მეწერინება

და ამიტომაც კარგი გამოდის.

 ***

 ყველაზე თბილი არის დილის მზე

როცა ბუნებამ ასე ინება

და ლექსის წერას დედა თბილისზე

ჯობია ფეხით გასეირნება

 

სანამდე სული გიდგას ამ პირში

სიამოვნებას რითიც ღებულობ

როცა იფეთქებს ნუში აპრილში

და ალუბლებიც აყვავებულან.

 ***

 ირგვლივ ბუნება არის ლამაზი

და მზე როდესაც გამობრწყინდება

ჭეშმარიტ პოეტს წერა ამაზე

აღარასოდეს არ მოწყინდება

 

მაგრამ წაგიღებს ისევ ოცნება

და როცა თავზე დაგენათება

მხოლოდ მთვარეა ეს საოცრება

რომელიც სულში დაგემართება

 

დარდს ხელოვნება გამკლავებია

დაბადებიდან ასე ვიცი მე

ჩემი და-ძმები ვარსკვლავებია

ჩემ გასახარად ცად მოციმციმე

 და მე რადგანაც განზე არ ვდგავარ

თანაც არა ვქმნი სანამ ხალტურას

აუცილებლად ყელზე ვადგავარ

ქართულ საბჭოთა ლიტერატურას.

 ***

 გადმოვაბრუნო მინდა ტაბელი

თუ რა თქმა უნდა მუღამს ვიპოვი

ეს ბულგაკოვი ესეც ბაბელი

ილფი ზოშჩენკო ხარმსი პრიგოვი

ჩვენშიც არსებობს ბევრი კოპია

თუმცა არ არის თარგმნა ადვილი

მაგრამ ერთ-ერთი ხლებნიკოვია

ვინც ჯერ არ არის გადმოთარგმნილი.

საკუთარ თავს

 ნუღარ გადარდებს ნუღარაფერი

წინ პრობლემებად წამოწეული

რადგან ამ ქვეყნად სულყველაფერი

შენ მიერვეა გამოწვეული

და აღმა-ჩაღმა მავალ კიბეზე

საკუთარ თავზე პასუხმგებლობის

ალბათ შენა ხარ თვითონ მიზეზი

ყველანაირი გაუგებრობის.

 

კოტე ყუბანეიშვილი