დაღესტანი: "ფარული ომი მთიან მხარეში"
16 მაისი, 2014
1156
print

ნესტან ნიჟარაძე

"ფარული ომი მთიან მხარეში" ახალგაზრდა რუსი ფოტოგრაფის მარია ტურჩენკოვას დიდი ფოტო-პროექტია, რომელზეც იგი უკანსკნელი 2 წლის მანძილზე მუშაობს და ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და დიდი რესპუბლიკის - დაღესტანის დოკუმენტირებას ისახავს მიზნად.

"ფარული ომი მთიან მხარეში" 2013 წელს გამოიფინა თბილისის ფოტო ფესტივალის ფარგლებში ჯგუფურ გამოფენაში "ომი და თამაშები". გამოფენამ ახალგაზრდა რუსი ფოტოგრაფების და ისეთი ცნობილი ავტორების ნამუშევრებსაც აერთიანებდა, როგორებიც არიან თომას დვორჟაკი (Magnum Photos) და ანდრეას ბრუსი (NOOR).

"ყველაზე დიდი, ყველაზე მრავალეროვანი და ყველაზე სასტიკი რესპუბლიკაა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში - სხვადასხვა საზოგადოებებით, რომლებიც წარმოიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის ომის შემდგომ და გაიხლიჩა სოციალური და რელიგიური წინააღმდეგობების გამო, - წერს მარია ტურჩინკოვა პროექტის თანმხლებ ტექსტში, - მისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი ბლოკირებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმით, რომელიც ცნობილია როგორც "ატო" -  "ანტიტერორისტული ოპერაცია". ეს ნიშნავს საომარ მდგომარეობას, კომენდანტის საათს და პერიოდულ გამოძიებას, რომელსაც აწარმოებს რუსეთის სამხედრო ძალები, ასევე გამუდმებულ ლაპარაკს ჩრდილოეთ კავკასიაში მოსალოდნელი ახალი სისხლიანი ომის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის წინ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები ჩეჩნეთში შემცირდა, ისლამური ფუნდამენტალისტების პარტიზანული ომი გრძელდება. სასტიკი და სისხლიანი ბრძოლა ინაცვლებს ჩეჩნეთის მეზობელ რესპუბლიკაში - დაღესტანში. 2012 წელს 600-ზე მეტი ადამიანი შეეწირა ტერორისტულ აქტებს, სპეცდანიშნულების ოპერაციებს და ქუჩის შეტაკებებს, მათ შორის პოლიციელები, ამბოხებულები და სამოქალაქო პირები. სიტუაცია რეგიონში კი, სულ უფრო და უფრო უარესდება.

რუსეთს არ გააჩნია რეალური ძალაუფლება დაღესტანში, მართლმსაჯულება იმართება ნეპოტიზმით. ადამიანები ხშირად ვერ აღწევენ სამართალს ხელისუფლებასთან. რელიგიური ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი წარმოადგენენ "დაღესტანის ლეგიტიმურ მთავრობას". მათი მიზანია ჩამოაყალიბონ "სამართლიანი საზოგადოება" შარიათის კანონებზე დაყრდნობით. წლიდან წლამდე უფრო მეტი ადამიანი მისდევს სალაფიათს.

ფაქტობრივად, საზოგადოება დაღესტანში გახლეჩილია. მდიდრებსა და ღარიბებს შორის უზარმაზარი უფსკრულია. საბჭოთა აზროვნების კონსერვატიული ადამიანები არ ცნობენ აბსოლუტურ ისლამიზაციას. ტრადიციული ისლამის მიმდევრები უარყოფენ არაბული სალაფიათის ტრადიციებს. დასავლური ორიენტაციის ადამიანებს კი სურთ რესპუბლიკიდან რაც შეიძლება შორს წავიდნენ.

მე რამდენიმე თვეა დამოუკიდებლად ვმუშაობ პროექტზე, ვხვდები სალაფიათის და შარიათის მიმდევრებს, პოლიციელებს და სამხედროებს; ყველას - ვინც დაზარალებულია ძალადობის და უკანონობის გამო; სამოქალაქო პირებს, რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართული კონფლიქტში, მაგრამ ყოველდღიურად მისი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. მულტიმედიური პროექტის განსახორციელებლად მე ყველა მედიასაშუალებას ვიყენებ - ფოტოს, ვიდეოს, ხმას. დაღესტანში ახლა ყველა გაჩუმებულია, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ხმა მჭირდება ჩემი პროექტისთვის.

იმედი მაქვს, რომ ამ საშუალებების გამოყენებით გავხდები მიმდინარე მოვლენების თვითმხილველი და მოვახერხებ მივაწოდო მაქსიმალური ინფორმაცია ტრაგედიის შესახებ დაღესტანში - მხარეში, რომელმაც ჩრდილოეთ კავკასიის ომის შედეგები იწვნია და რომელიც შეიძლება ახალი ომის კერად იქცეს."

 

lika andiashvili