კოტე ყუბანეიშვილი
როცა წლოვანება რიცხვით სამოცს არის
და ჯერ არ დამცხრალა სულში ემოცია
ვფიქრობ საუკუნე მეტად საოცარი
ყველა მნიშვნელობით მაინც მეოცეა
რადგან იმის იქით თითქმის უკუნია
და რაც აზროვნებამ მიზნად დაისახა
ტექნოლოგიის მხრივ ეს საუკუნეა
სადაც მომავალი ჩვენი ჩაისახა
რადგან ამ ყველაფრით სულის კომფორტს ვიქმნით
თუკი სანანებლად ეს არ გაგვიხდება
ის რაც მეოცეში მხოლოდ ჩავიფიქრეთ
ოცდამეერთეში ალბათ აგვიხდება.
***
გიწევს ყველაფერზე ყურის მიყრუება
როცა ლაპარაკი დაპრესილა სვეტად
ის ვინც ლაპარაკობს ყველა იტყუება
და ვინც ჩუმად არის ის ყველაზე მეტად
სანამ სისხლისგან გული დაიცლება
რომ არ შეიფეროს სულმა დაძველება
თითქმის არაფერი ქვეყნად არ იცვლება
და ამ დასასრულსაც ელის გაგრძელება.
***
ხმა რომ ენის ყელთან ნაზი მირტყმებია
სუნთქვით შემოსილი სულის შიშველობა
და რაც გამოითქმის ეს ის სიტყვებია
უკვე დაეკარგათ რასაც მნიშვნელობა
რადგან ემოციაც გულის ძგერებია
თანაც სიჩუმეა ის რაც ხუფავს ენას
ჩვენი ლაპარაკი ხომ ის ბგერებია
რაც არ სიამოვნებს ბევრის ყურთასმენას
რადგან პოეზიის სენი გადამედო
მიწევს აპარატის მუდამ შენახლება
ლექსად ლაპარაკი როგორ არ გავბედო
თორემ პირის ღრუში ენა შემახმება
მაგრამ იმედია ეს არ დაიშვება
თუკი გონებრივად სულ არ დავჩლუნგდები
სანამ ბოლო წვეთი სისხლის დამიშრება
და ლეთეს ნაპირას მეც არ გავჩუმდები.
***
განა იმიტომ რომ თვალი აგიხილოთ
ანდა განვიზრახე საქმის გაჭირება
ჩემი საიდუმლო მინდა გაგიმხილოთ
ჩემი სისუსტე და ჩემი გაჭირვება
განა მეწყინება წიგნი რომ დახიოთ
თუკი მოვახერხე თქვენი გამეხება
თავზეც არაფერი არ მსურს მოგახვიოთ
რაც ჩვენ სინამდვილეს ოდნავ არ ეხება
რადგან არ მცალია სიტყვით სათავხედოდ
სიბრძნის საძოვარზე გასულს საბალახოდ
მინდა მე უბრალოდ სულში ჩაგახედოთ
და თქვენ სახეებში ჩემი დაგანახოთ
ჩემი ნატვრები და ჩემი იმედები
ჩემი ოცნებები ფიქრი უთვლელია
თუმცა სიტყვებით კი მოვედ მივედები
მამოძრავებელი გრძნობა გულწრფელია.
***
დავას იმედია არვინ არ დამიწყებს
რადგან ნაკლებად ეს წარმომიდგენია
კარგს ამ ქვეყანაზე მე რა დამავიწყებს
რადგან ჩვენ გარშემო ცუდი იმდენია
საგინებელია ეს თუ გასალახი
ანდა მოსაკლავი გხვდება ზოგი მართლა
ხოდა თუ აღმოჩნდა კარგიც დასანახი
უნდა ჩათვალო რომ უკვე გაგიმართლა.
***
სხეულს უწევს დამიწება
რადგან ბოლოს იმარხება
სულს კი უწევს დავიწყება
მხოლოდ სიტყვა ინახება
რაც ცოცხალი არის კვდება
მოღუნულიც არ სწორდება
სახლიც ყველა დაინგრევა
და მიწასთან გასწორდება
თვით სინდისიც ილახება
ან ღირსება და უდაოდ
მხოლოდ სიტყვა ინახება
თაობებში სამუდამოდ
თუმც ფორმები ბევრი ცვალა
ცდაში სული დაგვანახოს
მხოლოდ სიტყვას შესწევს ძალა
ისტორია გადალახოს.
***
ჩვენთან ყოფნა რადგან არ ღლის
და სულ გვერდში არის მყოფი
ერთგულებას მინდა ძაღლის
რომ მივუძღვნა ორი სტროფი
რადგან უჭირს ყოფნა მარტოს
ჩვენთან ერთად ევასება
ამიტომაც ძაღლი პატრონს
დრო რომ გადის ემსგავსება.
***
სანამ რამეს ვიტყვი მაგარს
და ამ სუფრას ვუთამადებ
აზრით ვქექავ სიტყვის ნაგავს
და ერთმანეთს ვუთანადებ
განსხვავებულს მეტად ფრაზებს
რითიც ვუდგენ მოსაზღვრებას
მიმოფანტულს თავში აზრებს
და საკუთარ მოსაზრებას.
***
იფარგლება სივრცე სიტყვით
როგორც ლოცვა ქადაგებით
გამოითქმის სიბრძნე სიტყვით
ანუ მათი განლაგებით
აზროვნების პრაქტიკაა
უკვდავებას შენაფერი
წმინდა მათემატიკაა
რადგან ქვეყნად ყველაფერი.
***
ვეტრფი ჰანგებს ზეციერებს
და ვერ ვაძლევ დავიწყებას
ვერ ვპატიობ მეცნიერებს
აზროვნების დამიწებას
თუმც ვსარგებლობ პროფესიით
არ ვაპირებ გადაჩვევას
ძირითადად პოეზიით
ვცდილობ თავის გადარჩენას.
***
სიარულით თუ ლოგინში გდებით
რაგინდ ვადიდოთ სული თუ შევრყვნათ
დაბადებულნი ყველანი ვკვდებით
და არ დავრჩებით არავინ ქვეყნად
და ცარიელით თუ სავსე თავით
რადგან უფალმა ასე ინება
ყველას მოგვიწევს ხირონის ნავით
უკანასკნელი გასეირნება.
***
რამდენი რამე გადაგვხდა თავზე
თუმც გატრაკებას მაინც ვერ მოვრჩით
და როგორც ციხის ნანგრევი მთაზე
ამ წუთისოფელს მაინც შემოვრჩით
დრომ რომ კედლები წამოუქცია
გადაშენების გზაზე ვადგავართ
დაკარგული გვაქვს რადგან ფუნქცია
მაგრამ საცქერლად მაინც ვვარგივართ.
***
კმაყოფილი ვარ ბედით
თანაც ვამაყობ ამით
რომ რაჭველი ვარ დედით
და იმერელი მამით
ცუდიც ვნახე და კაიც
თავზე დამექცა ზეცა
მაგრამ სამშობლოდ მაინც
ჩემი თბილისი მექცა
თუმც ლექსებსა ვწერ მაგრებს
ენას ვილესავ პირში
ბოლოს შემოვრჩი ბაგებს
წყნეთის აღმართის ძირში
კაცს შეუძლია მნახოს
შაბათსაა თუ კვირას
სასაფლაოა ახლოს
ვერეს ხეობის პირას.