ვახო რურუას
ვინც აცოცხლებდა საკუთარ ნატვრას
მათ შორის იყვნენ რომლებიც ახლოს
მე გავიხსენებ ჭეშმარიტ მხატვარს
და მოქანდაკეს რურუა ვახოს
ვინც უამრავი დატოვა განძი
დოჩანაშვილთან ერთად გურამთან
და თუმც დროება შემოხვდათ ბანძი
ქართული კინო დაასურათა
ფიქრით თავისით იყო კოსმოსში
და სულ ვარსკვლავებს უთვალთვალებდა
იჯდა საკუთარ სახელოსნოში
და ფუსფუსებდა გაუთავებლად
აზრებს გეტყოდათ ყველა ამბავზე
და ყველა წვრილმანს ხელს რომ კიდებდა
ჭკუას კარგავდა ქართულ ანბანზე
და სულ ასოებს ჩაჰკირკიტებდა
დიდოსტატივით აზრის გაგნების
დაუზარებლად სანამ შეძლებდა
ფასი იცოდა რადგან საგნების
მკვდარ მასალაში ცოცხალს ეძებდა
და მახსენდება რომ გამაოცა
როცა ნიკალას წიგნი მაჩვენა
მან ფიროსმანი კი არ გამოსცა
მართალი გითხრათ აღმოაჩინა
აბა რაღა ვთქვა კიდევ სხვა მეტი
თუმც კუპლეტები ბლომად მოვყარე
ვახო ცხოვრებით იყო ასკეტი
და საოცარი შრომისმოყვარე
აზრს დავამთავრებ მოდით მე ლექსად
მასზე ცრემლებით თვალდარდიანი
რადგან ის იყო უპირველესად
კეთილშობილი ადამიანი.
*
საქართველოში ყოფა ძვირია
რადგან აივსო სივრცე მოლებით
ზებრა უბრალოდ თეთრი ვირია
გადაღებილი შავი ზოლებით.
*
სიცოცხლის წყარო დედაა
ხოდა რა გასაკვირია
სიცილის ფესვი სევდაა
ანგელოზებიც ტირიან
ბოროტ კაცს სისხლი გაუშრეს
რომ ვეღარ აჰყვეს აწყვეტას
ღმერთი არასდროს დაუშვებს
კეთილი კაცის წარწყმედას
რასაც გპარავენ ფულია
რადგან ის მდიდრებს ეძლევა
ხაზინაც გაძარცვულია
პატიოსან კაცს ენძრევა.
*
ამ ქვეყნად ნეტავ ვინ არი
ფიქრი თქვას დაუმალავი
ჩემსავით მოუსვენარი
ჩემსავით დაუღალავი
სიტყვითაც ბევრნი კვდებიან
ვინც თავს ვერ გრძნობენ უვნებლად
ამიტომ მერიდებიან
მეც ვიბრძვი დაუსრულებლად
თუმც არავისთვის მიძღვნია
მაკვირვებს ეს სასწაული
ლექსი ნათქვამი სიბრძნეა
და ენის დღესასწაული
და შიგ თუ აზრმაც იჟღერა
ფურცელზე გამოფენილი
ლექსია ენის სიმღერა
სულიდან ამოფრენილი.
*
თბილისში ვცხოვრობ ყლესავით
ბანკის კრედიტის აქტივით
ეს ნათელია დღესავით
და უტყუარი ფაქტივით.
*
ამ სტროფებს ჩემი ფიქრების მომცველს
რითიც დღეს როგორც პოეტი ვფასობ
ვწერ და თან თვალყურს ვადევნებ პროცესს
რაშიც ჩემ გრძნობებს და განცდებს ვაქსოვ
ძალიან ძვირი დამიჯდეს რომც ეს
არ გაუჭირდეს წაკითხვა სხვას რომ
უფალს ვთხოვ იმის ძალა რომ მომცეს
აზრი გამოთქვას ყოველმა ასომ
*
სანამ მოველი ამაოდ მუზებს
რომელთა სმენაც სიამეს მომგვრის
ვწევარ და ვითვლი ოთახში ბუზებს
რომ დაბზუიან ჩემ თავზე ლოგინს
სურვილში მოვკრა როგორმე თვალი
იმ საგნებს რითმებს რომ მპირდებიან
რადგანაც ვიცი მუზებიც მალე
აუცილებლად მოფრინდებიან.
*
მე მიყვარს როცა ჩაწვება ღამე
როგორც მეძავი გაშლილ ლოგინში
და სანამ ძილში მოხიბლავს რამე
გაინაბება კაცის ლოდინში
დაკავებული კბილის ალესვით
სანამ სიმწრისგან გაეცინება
მერე აავსებს სხეულს ალერსით
გაათავებს და დაეძინება.
*
ცოდნას სამყარო წინ მიყავს
და ქაჩავს როგორც მატორი
ყველა დროს თავის გმირი ყავს
და თავის რეფორმატორი
სიტყვაც ყურამდე ხალხს მიაქვს
ბრბოსათვის თვალის ამხელი
ყველა დროს თავის სახე აქვს
და საკუთარი სახელი
სანამდე მკერდში გული ცემს
ეჭვის მჩხვლიტავენ ნემსები
ღმერთმა არა ქნას უვიცებს
მოსწონდეთ ჩემი ლექსები
და თავს პრობლემად რომ არ ვხდი
მიჯანყდებიან მონები
ღმერთმა არა ქნას რომ გავხდე
ყლეების მოსაწონები.
*
გამოთქვა სულში ნამალი
შეუწუხებლად მეგობრის
თურმე ყოფილა წამალი
დარდის და უგუნებობის
და ამაზე მეტს ნურც ელი
მკითხველს თუ მისდის სალამი
გჭირდება თეთრი ფურცელი
და რა თქმა უნდა - კალამი.
*
თუმც ტანით არის პატარა
რა უცნაური რამეა
რომ კატა მაინც კატაა
და ვეფხვის ნათესავია
რადგან ძალას ფლობს საშინელს
და არ კადრულობს ალერსს სხვის
კატა ძაღლებსაც აშინებს
როცა უეცრად თავს ესხმის
რომ ადგილს დაესაკუთროს
და მასპინძლად გრძნობს თან თუ თავს
კატა არავის დაუთმობს
ტერიტორიას საკუთარს
და თუმცა სახლში სადილობს
მტერია სავსე დახლების
ის მთვარის შუქზე ნადირობს
სახურავებზე სახლების.
*
მქონე ქურდული გაგების
რომ არ მეშლება დღეს ქცევა
მოსახლეობა ბაგების
პატივისცემით მექცევა
და მეც არავის არ ვერჩი
ლექსებს რომ ვაცხობ ორ ცვლაში
და ვცხოვრობ როგორც კამეჩი
ხბორების გარემოცვაში.
*
თუმც ბევრი ალბათ მკიცხავს დღეს
რადგან ლექსებს ვწერ რითმულებს
მე ვარჩევ აზრის სიცხადეს
ვერ ვგუობ აზრის სირთულეს
რასაც ბევრი ვერ მპატიებს
რომ აღვწერ მათ სინამდვილეს
თან ფრაზებს ვხმარობ მარტივებს
გამოსათქმელად ადვილებს
ლექსების წერა დამჩემდა
რადგან მგონია რომ ამ დროს
თითქოს სამყარო გაჩერდა
და არაფერი მოძრაობს
თვითკმაყოფილნი სავსებით
თავებში ნაშობ აზრებით
ყველა სივრცეში ვარსებობთ
და დროით მოვისაზღვრებით.
კოტე ყუბანეიშვილი