სექსის შესახებ ჰომოსექსუალები და მითები
30 მაისი, 2014
2230
print

თაკო სალთხუციშვილი

 წინა სტატიაში სექსოლოგ ზურაბ მარშანიასთან ერთად ჰეტეროსექსუალ ადამიანებში გავრცელებულ ძირითად სქესობრივ დისფუნქციებზე და საქართველოში სექსოლოგებთან მიმართვიანობის სტატისტიკაზე ვისაუბრე. დღეს კი მინდა არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების სქესობრივ დარღვევებზე მოგახსენოთ.

ზოგადად, ვაპირებ სექსის თემას რამდენიმე სტატია მივუძღვნა და ამის მიზეზი კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ: საქართველოში "სექსი" ის სიტყვაა, რომლის დანახვაზე (ვგულისხმობ წაკითხვას) ან მოსმენაზე (ტელევიზიით, რადიოთი) ქართველი ერი მართლაც რეაგირებს, მაგრამ როგორ - საკითხავი აი ეს არის.

მინდა გავიხსენო თინა მახარაძე. გოგონა, რომელიც სულ რაღაც ერთ დღეში მთელმა საქართველომ გაიცნო (მათაც, ვინც არ იცნობდა). ჩემთვის ყველაზე აღმაშფოთებელი ამ ამბავში ის კი არ იყო, რა თქვა თინამ, როგორ თქვა თინამ, ან რატომ თქვა თინამ, არამედ ის, რაც მოყვა თინას... იმ დღეებში უკრაინაში საშინლად მძიმე სიტუაცია იყო. დაღუპულ ადამიანთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობდა და რასაკვირველია საქართველოშიც, ისევე როგორც მსოფლიოში, ყველა ამ თემას განვიხილავდით, თანავუგრძნობდით უკრაინელ ხალხს, მთელი გულით და სულით განვიცდიდით ამ ადამიანების მდგომარეობას. უკრაინის დროშა თითქმის ყველას ფეისბუქის ავატარი გახდა, ხელოვანები თავის მხრივ სხვადასხვა ვიდეორგოლით სოლიდარობას უცხადებდნენ უკრაინელებს და ბოლოს, ერთად ვაგინებდით პუტინს (ამ აქტივობებში მეც სრულიად ჩართული ვიყავი). და აი, ის საოცარი დღეც, სახელად "თინა" დადგა. ფეისბუქზე შევდივარ და რას ვხედავ - თითქმის სრული უმრავლესობა იმაზე ბილწი და ამაზრზენი სიტყვებით აგინებს თინას, ვიდრე წინა დღეს ამას პუტინის მისამართით აკეთებდა. ამ გოგონამ სრულად გადაფარა უკრაინის უმძიმესი მდგომარეობა. მებადება კითხვა: რა შეიძლებოდა "დაეშავებინა" მსახიობ თინა მახარაძეს ისეთი, რომ პუტინზე "ცუდი ტიპი" აღმოჩნდა? - სექსი! ეს ის ერთადერთი მიზეზია, როდესაც თავს მთელი ერის რისხვა დაგატყდება. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ შეიძლება სწორედ ამიტომ არ ტარდება არანაირი ღონისძიება, არანაირი სერიოზული საგანმანათლებლო აქტივობები, საერთოდ საჯაროდ საუბარი (თუ არ ჩავთვლი მაია ასათიანის გადაცემას ტრადიციებზე, რომელიც სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციის მიღების საშუალება ნამდვილად არ ყოფილა) არ ხდება. სოციალურ ქსელშიც კი რისი ჯგუფი აღარ არის შექმნილი – "ახალგაზრდა იურისტები", "ახალგაზრდა ფსიქოლოგები", "მოაზროვნე ადამიანები", "ფილოსოფია და ცხოვრება" და ა.შ. სადაც რეალურად ინფორმაციების გაცვლა და ამა თუ იმ საკითხებზე დისკუსიები ნამდვილად იმართება, მაგრამ არა სექსზე!

რაც შეეხება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს, ვინ გაბედავს და მათთვის რაიმე სასარგებლო ან საინტერესო ინფორმაციას ვინ დაწერს (გამონაკლისები საბედნიეროდ არსებობენ, რომლებიც მუდმივად კრიტიკის ცეცხლში გადიან). ის კი არა და, როდესაც წინა სტატია "სექსის შესახებ" ფეისბუქზე გავაზიარე, რამდენიმე ადამიანის მოწონება კი დაიმსახურა, მაგრამ გაზიარებით არავის გაუზიარებია. ეჭვი მაქვს, რომ საკუთარ კედელზე "სექსის" ხსენება მაინცა და მაინც არ უნდათ, და მეორეც - რატომ უნდა გააზიარო სტატია, სადაც სქესობრივ დარღვევებზეა საუბარი, რამე ხომ არ გჭირს?.. 

ვატყობ, სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ნამდვილად განვიცდი ამ მდგომარეობას! იმიტომ რომ, სქესობრივ დარღვევებზე, მათი აღმოფხვრის გზებზე და საერთოდ - რა არის სქესობრივი დისფუნქცია ან რა ფორმებში გამოიხატება, რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება, მით მეტი უშველის პრობლემას, შესაბამისად უფრო ბევრი ადამიანი იქნება ბედნიერი და ჯანმრთელი!

ბატონ ზურაბ მარშანიასთან სქესობრივ დისფუნქციებზე საუბარს ისე არ ჩაუვლია, რომ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების სქესობრივი დარღვევები არ განგვეხილა:

- ქალისა და მამაკაცის სქესობრივი დარღვევები მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია.  ცხადია ქალის და კაცის ორგანიზმი, როგორც ფიზიოლოგიურად, ისე ფსიქოლოგიურად  რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ მათ ერთი და იგივე დარღვევები ვერ ექნებათ. შესაბამისად მითიც იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალს რაიმე განსხვავებული დისფინქციები შეიძლება ჰქონდეთ ტყუილია, - ამბობს ზურაბ მარშანია.  

პირველად ჰომოსექსუალობა მენტალური დაავადებების სიიდან 1973 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქიატრთა ასოციაციამ მრავალი კვლევის საფუძველზე ამოიღო. რაც შეეხება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, მათ არატრადიციული ორიენტაცია დაავადებების სიიდან 1992-ში ამოიღეს და ეს უკანასკნელი განსხვავებულ სექსუალურ ქცევად ცნეს. ჩემი კითხვაც სწორედ აქედან გაჩნდა:

რით განსხვავდება ჰეტეროსექსუალისა და ჰომოსექსუალის, განსხვავებული სექსუალური ქცევის მქონე ადამიანების, სქესობრივი დარღვევები ერთმანეთისგან?

პასუხი სექსოლოგისგან ძალიან მოკლე და მარტივი იყო:

- არაფრით. 

მითები იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალი ადამიანები "გარყვნილი სექსის" გამო უამრავ დაავადებებს ატარებენ, ტყულია. მათ ზუსტად იგივე პრობლემებმა შეიძლება შეაწუხოთ, როგორებიც აწუხებთ ჰეტეროსექსუალებს.

ზურაბ მარშანია:

- უშუალოდ სექსუალურ რეაქციებში ჰეტეროს და ჰომოს შორის არანაირი განსხვავება არ არის, დისფუნქციებში განსხვავებას მხოლოდ იმ თვალსაზრისით ვხვდებით, რომ მაგალითად მე  არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები უფრო ხშირად შფოთვით მომმართავენ. ეს ის შფოთვაა, რომელიც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებასთან არის დაკავშირებული. ფსიქიატრიაში არსებობს ასეთი ტერმინი - დისფორია (დისფორია საკმაოდ მკვეთრი დაძაბულობით, აგრესიულობით და აგზნებადობით ხასიათდება). უმეტესად მათი ეს დისფორიები საკუთარი ბედ-იღბლით უკმაყოფილებასთანაა დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში მოდიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც რეალურად თვლიან, რომ ჰომოსექსუალები ან ლესბოსელები არიან, მაგრამ იგივე სქესის წარმომადგენლების მიმართ ლტოლვა არ გააჩნიათ. ესეც იწვევს დისფორიას და ასეთ დროს ექიმის დახმარება იმაში გამოიხატება, რომ გაარკვიოს პაციენტი, აქვს თუ არა მას არატრადიციული  ორიენტაცია. მე მყოლია არაერთი პაციენტი, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდათ ჰეტეროსექსუალობასთან, მაგრამ ცდებოდნენ. შინაგანი რწმენით იდენტობა გეებთან ჰქონდათ, თუმცა არ იყო ლტოლვა. სხვა მხრივ, ჩვეულებრივ ჰომოსექსუალს ზუსტად იგივე პრობლემები აქვს, რაც ჰეტეროებს - ანორგაზმია, ერექციის დარღვევა და ა.შ.  

ბატონ ზურაბს ონლაინ კონსულტაციებიც აქვს პაციენტებთან, სადაც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, მისთვის საინტერესო კითხვით მიმართოს. ამასთან დაკავშრებით ექიმისგან ერთი საინტერესო ისტორიაც მოვისმინე:

- გეებზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება ერთ საკმაოდ საინტერესო ფაქტზე. ერთ-ერთმა ჰომოსექსუალმა პაციენტმა ონლაინ-კონსულტაციისთვის მომმართა და მკითხა, როგორ მივაღწიო ასექსუალობასო (ასექსუალობა სექსუალური სურვილის და აქტივობის არარსებობაა). კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, ჰომოსექსუალ ადამიანებთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი მითი ვრცელდება. ეს მითებია, მაგალითად, რომ გეები დაავადებულები, გარყვნილები ან ფსიქიკურად აშლილები არიან. თუმცა, ეს არის იდენტობა და თანაბარწილოვნად ცხოვრების წესი. გარდა ზემოთხსენებული მოარული მოსაზრებებისა არსებობს ასეთი აზრიც, რომ ჰომოსექსუალ ადამიანს არ შეუძლია თავშეკავება. ის აუცილებლად უნდა  ცხოვრობდეს ჰომოსექსუალური ცხოვრების წესით, უნდა მართავდეს გეი-აღლუმებს, უნდა დარბოდეს ქუჩებში ცისარტყელას დროშით და ა.შ. ეს ასე არ არის. ბოლოს და ბოლოს ჰეტერო ცელიბატში არ ცხოვრობს? ცელიბატის მიზეზი მრავალი რაღაც შეიძლება იყოს, მაგალითად არ ჰყავს პარტნიორი, სამედიცინო პრობლემა აქვს, ან ზნეობრივი, დაკავშრებული აღმსარებლობასთან. ასევე მაგალითად მოვიყვან სასულიერო პირებს. მაშ რატომ ჰგონია ვინმეს, რომ ჰეტეროებს თავშეკავება არ შეუძლიათ? ეს მითიც არის ტყუილი. 

რაც შეეხება არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართვიანობის სტატისტიკას, ბატონი ზურაბი ამბობს, რომ ციფრებზე საუბარი არც ღირს, რადგან საკმაოდ მცირეა ჰეტეროსექსუალებთან შედარებით.

- ხშირად არის შემთხვევებიც, როდესაც არატრადიციული ორიენტაციის მქონე პაციენტი მოდის, მაგრამ ცდილობს, თავისი ორიენტაცია დამალოს.. უფრო მეტად მაინც ონლაინ-კონსულტაციებს არჩევენ ხოლმე. თუმცა უკანასკნელ წლებში ეს საკითხი შედარებით გამოსწორდა და ორივე სქესის წარმომადგენლის მომართვიანობამ იმატა.

ჰომოსექსუალიზმის წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს. წლების განმავლობაში ამ საკითხზე ძალიან ბევრი ფსიქიატრი თუ ფსიქოლოგი მუშაობდა. არის ბევრი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური თეორია, თუმცა მათ განხილვას სხვა დროისთვის გადავდებ.

ამ სტატიაში კი იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეც მინდოდა მესაუბრა, რომლებიც სქესობრივი ცხოვრების დარღვევებს იწვევს და პირიქით, იმ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, რომლებსაც არაჯანსაღი სექსი წარმოშობს, მაგრამ ამასაც მომავლისთვის გადავდებ. ერთი კი ნამდვილად უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი დარღვეული სქესობრივი ცხოვრების მქონე ადამიანებისა არის მკვეთრად და ხშირად არაადეკვატურად გამოვლენილი აგრესია. ასე რომ, მეგობრებო, მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, გადაემოწმეთ ან გადაამოწმეთ თქვენი პარტნიორი და იცხოვრეთ უფრო ხნაგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებით.