გინდა ევროპაში?
30 მაისი, 2014
2634
print

   "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!"

ქეთევან იგნატოვა

  ამასწინათ, FB-ზე, ასეთ, ვითომ და სახუმარო "განცხადებას" წავაწყდი -

გინდა ევროპაში?

 1. ლიფტში არ გადააფურთხო.

 2. სადარბაზოში არ მოშარდო.

 3. არ გადააგდო ნაგავი ურნის მიღმა.

 4. მოძრაობის წესები არ დაარღვიო.

 5. ტრანსპორტში დაუთმე ადგილი.

 6. არ მისცე და არ აიღო ქრთამი.

 7. პატივი ეცი საკუთარ ისტორიას, ტრადიციებს და კულტურას.

 …და თავადაც ვერ შენიშნავ, თუ როგორ აღმოჩნდები ცივილიზებულ ქვეყანაში…

  მართალი გითხრათ, ვერანაირ იუმორს ვერ ვხედავ. ანკი რა გვეიუმორება, თუ ელემენტარული ცივილიზებულობისთვის აუცილებელი, ზემოთ ჩამოთვლილი შვიდი პირობა, სამწუხაროდ, ერთი-მეორეზე აქტუალურია. ამ ჩამონათვალის გაგრძელება კი უსასრულობამდე შეიძლება…

  8. პატივი ეცით ნებისმიერ განსხვავებულ აზრს.

  9. ცხვირში, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ადგილას, ნუ იქექებით.

  10. სხვის მაგივრად ხელს ნუ მოაწერთ.

  11. პატივი ეცით საკუთარ თავს და პირველ რიგში, მას ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას.

  12. ცარიელ ბოთლს ან სიგარეტის ნამწვავს ფანჯრიდან ნუ გადააგდებთ.

  13. ნუ დაემორჩილებით "სითი პარკის" მოგონილ წესს და მანქანას ტროტუარზე ნუ დააყენებთ.

  14. ეცადეთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჰაერი არ გააფუჭოთ.

  15. მდუღარეს ნურავის შეასხამთ. ყავა, ჩაი, კაკაო, სანამ ცხელია, თავად დალიეთ და სხვას ნურასდროს გადაასხამთ. ცარიელი ჭიქა ან მიმტანს გაატანეთ, ან თავად გარეცხეთ, მაგრამ თავში ნურავის ჩაარტყამთ. ჭიქა ამისთვის არ არის მოგონილი.

  16. ფეხით მოსიარულე გადასასვლელზე გადაატარეთ, გზა დაუთმეთ.

  17. ცხვირი ნაჭრის ან ქაღალდის ცხვირსახოცით მოიხოცეთ და არა ხელით, რომელსაც მერე ახლომდებარე ხეზე, მოაჯირზე ან პირდაპირ შარვალზე გაიწმინდავთ.

  18. იქონიეთ თავმოყვარეობა და სხვის გაკეთებულს ნუ მიიწერთ.

  19. ბავშვებს, მოხუცებს, ქალებს, განსაკუთრებით მძღოლ ქალბატონებს, დედის სულს ნუ უტრიალებთ.

  20. ნურავის, ნურსად სიარულს, შესვლას ნუ უკრძალავთ. რაიმე, მხოლოდ თქვენთვის გასაგები მიზეზის გამო ვინმეს ნახვა, ვინმესთან შეხვედრა თუ არ გსიამოვნებთ, თავად აარიდეთ თავი.

  21. ყველამ - რეჟისორებმა, მსახიობებმა, მგოსნებმა, მხატვრებმა, ინჟინრებმა, ფიზიკოსებმა… საკუთარი საქმე წარმატებულად აკეთეთ და სხვისაში ნუ ერევით.

  22. ტაბურეტკას ნურავის მოუქნევთ, ნურავის ჩაარტყამთ. ტაბურეტკა იგივე სკამია და არა ცივი იარაღი.

  23. "პრავიზიონკით" ან "კაშოლკით", პროდუქტების მაღაზიის ან ბაზრის გარდა, ნურსად წახვალთ, მით უმეტეს, ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტის დასახვედრად.

  24. პოლიციას, პატრულს დაექვემდებარეთ, ნუ შეეპასუხებით, ნუ შეაგინებთ და მითუმეტეს, ხელი არ შეახოთ.

  25. არ მოიპაროთ. არც ხაზინიდან.

  26. ორმოც შამფურ ღორის მწვადს ნუ შეჭამთ. გავნებთ.

  27. პანაშვიდზე მწუხარების შეასბამისად ჩაიცვით.

  28. იყავით თავმდაბალი და საკუთარ შრომას ასტრალური პრემიებით ნუ დააჯილდოვებთ.

  29. სხვისი სისხლი ნუ გწყურიათ. სხვისი გატეხილი თავი, ტყვიით დაფშვნილი ძვალი, "დრინით" დაჩეჩქვილი სახე, ელეკტროშოკით ამომწვარი ხორცი არ გეამოთ, არ გაგიხარდეთ.

  30. ნებისმიერი მოძალადე არ შეაქოთ, არ შეაგულიანოთ, მისით არ იამაყოთ და დაუსჯელი არ დატოვოთ.

  31. არასრულწლოვან, მართვის უფლებაარმქონე შვილს მანქანას ნუ უყიდით, ნუ მისცემთ.

  32. ეცადეთ, ოცდამეათე ხინკლის მერეც კი არ დააბოყინოთ.

  33. განურჩევლად ყველა ასაკის, ყველა მამაკაცმა "ძველბიჭობის" დაუძლეველი კომპლექსი ერთხელ და სამუდამოდ დაძლიეთ. სასაცილოდ  გამოიყურებით…

  34. პატივი ეცით დროშას, ჰიმნს, კანონს, ჯარისკაცს, პოლიციელს, პრეზიდენტს, ოპონენტს, მეზობელს, იეღოველს, კათოლიკეს, საყურიან ბიჭს, თმაგადაპარსულ გოგოს, სხვა ენაზე მოსაუბრეს, სხვა ღმერთზე მლოცველს… დროშაზე ფეხებით არ ირბინოთ. ჰიმნზე და პრეზიდენტის შემოსვლაზე ფეხზე წამოდექით. ქსენოფობიას გაემიჯნეთ.

  35. სტალინი და მისი ქართველობა მოინელეთ.

  36. მომღერალს, მსახიობს, წარმოდგენას… ტაში დაუკარით, ნუ დაიზარებთ. თუ არ მოგეწონათ, თამამად თქვით, ნუ პირფერობთ.

  37. არ იჭორაოთ. სხვისი კარმიდამოებისკენ თვალი ნუ გაგირბით. სხვისი ღობეების დათვლა შეწყვიტეთ.

  38. სხვის ფულს ნურც ითვლით და ნურც სხვისი ფულის იმედად იქნებით.

  39. ქვეყნის მტრის მტრობა, მოყვარის მოყვრობა შეძელით.

  40. მანქანების საცობში დგომისას ნერვები მოთოკეთ. უაზრო და უშედეგო დასიგნალებას, ყვირილს, გინებას, ხელების ქნევას, საჭეზე მუშტების დაშენას, გაუაზრებელ მანევრირებას მოეშვით.

  41. საკუთარი ვარსკვლავის გახსნა დაუფიქრებლად არ ეცადოთ.

  42. ქართულ სტუმართმოყვარეობას პატივი ეცით და საპატიო სტუმარს ნახევარი ეკლერითა და მურაბიანი წყლით არ გაუმასპინძლდეთ.

  43. სხვისი ნუ შეგშურდებათ.

  44. პირადი საუბრები არ მოისმინოთ, სხვისი წერილი არ წაიკითხოთ, სხვის ჯიბეში ხელი არ ჩაყოთ, სხვის თვალთვალს მოეშვით.

  45. მოქალაქეების ნუმერაცია შეწყვიტეთ და დაიჯერეთ, რომ ნომერ პირველი მოქალაქე თავად ბრძანდებით.            

  46. გიყვარდეთ თქვენი სამშობლო და პატივი ეცით მის სახელმწიფოებრიობას.

  47. პატივი ეცით ერთმანეთს (გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება)... და თავადაც ვერ შენიშნავთ, თუ როგორ აღმოჩნდებით ცივილიზებულ ქვეყანაში, ცივილიზებულ საზოგადოებაში… სადაც რეზო თაბუკაშვილი ნიჭიერი, საინტერესო მწერალი და გიო მგელაძე კი თვითმყოფადი, წარმატებული კინორეჟისორი და არა ხულიგნები იქნებოდნენ. ეს ერთ დროს გამორჩეულად ნიჭიერი, იმედის მომცემი ბიჭები ასეთებად ხომ ჩვენ, თქვენ, ქართულმა საზოგადოებამ, დამსახურებულმა რეჟისორებმა, მსახიობებმა, პოეტებმა, ფიზიკოსებმა… ვაქციეთ?! ჩვენ მივეცით მაგალითი, ვასწავლეთ, ვუბიძგეთ… და ამ მტკივნეულ, უპატიებელ მსხვერპლშეწირვას ახლაც განვაგრძობთ. მომავალ თაობას, საკუთარ შვილებსაც არაცივილიზებულობის, არასახელმწიფოებრიობის, განუკითხაობისა და უკანონობის მორევისთვის, არა ევროპაში, არამედ "ბანანის რესპუბლიკაში" ცხოვრებისთვის ვიმეტებთ.

 

P.S. და ბოლოს ისე, იუმორისთვის, კინოფილმ "ბრილიანტის ხელიდან" სიმღერის ტექსტს შეგახსენებთ. დააკვირდით, სამწუხაროდ, მგონი, გვესადაგება:

          "Весь покритыи зеленью, обсолютно весь,

           Остров невезения в океане есть...

           Там живут несчастные люди дикари,

           На лицо ужасные, добрые внутри....

           Что они не делают, не идут дела...

           Плачут, богу молятся не жалея слез....

          вроде не бездельники и моглибы жить.....

          Там  живут несчастные люди дикари....."

გაგეცინათ? მე არა…