კოტე ყუბანეიშვილი
ვთხოვთ მინისტრებმა დანიშნულებმა
რომ შეასრულონ დანიშნულება.
***
რა საჭიროა სენტიმენტები
რომ არ აღვნიშნო არ შემიძლია
ომს აცხადებენ პრეზიდენტები
ჯარისკაცები ომში იბრძვიან
სამარეებს რომ გვამით ავსებენ
როცა ოჯახებს მოაკლდებიან
ომს მინისტრები აფინანსებენ
ჯარისკაცები ომში კვდებიან
ის გემართება რასაც არ ელი
და მერე მუდამ ფიქრობ იმ წამზე
რომ რა ცოტაა გასახარელი
ამ სევდით სავსე დედამიწაზე
და რაც გვაკლია ალბათ უნარი
შენარჩუნების აზრის სიზუსტის
ნუთუ ვინმეა გასამტყუნარი
გასამართლებლად ჩვენი სისუსტის
ძველი ხალხური სიბრძნის მიხედვით
რადგან ცხოვრება კარნავალია
აზრი იწყება იმის მიხვედრით
რომ ყველაფერი წარმავალია
სიკვდილი ცელით დაიარება
სანამ სიცოცხლე ხელოვნებაა
და მთავარია აღიარება
რომ რაც ხელს გიშლის ეროვნებაა
ყოველ ნაბიჯზე განსაცდელია
და სიხარული ჩვენთვის ვერ იცლის
თუმც ვფიქრობ ცოტა დასაცდელია
და ყველაფერი სახეს შეიცვლის
ეს ქარიშხალიც ოდნავ ჩადგება
თუ გადავურჩით ხმაურს უვნებლად
მაგრამ არასდროს ეს დღე არ დგება
და ჩვენც ჭირს ვებრძვით დაუსრულებლად
და თუ ერთი დღეც გავიდა კიდევ
თანაც არავინ ირგვლივ არ მოკვდა
საკუთარ იმედს აღმართში მივდევ
და ვგრძნობ ცხოვრება როგორ დამოკლდა
თუმც ხასიათი მაინც მეცვლება
როცა ვერ ვწვდები რასაც ველი და
ვხედავ სიცოცხლე როგორ მეცლება
სიყვარულისთვის გაწვდილ ხელიდან.
***
გთხოვთ მოიხადოთ სულყველამ ქუდი
უცოდველობის წინაშე კრავის
არაფერია იმაზე ცუდი
როცა არ გჯერა საკუთარ თავის.
***
მე გადალახვა მაკვირვებს იმ ზღვრის
სადაც სამყაროს სახე ეცვლება
როცა სიფხიზლეს ბინდი ცვლის სიზმრის
და მნიშვნელობა ჩრდილებს ეცვლება
აზრს ვუხმობ კვალის სიზმრებში გამგნებს
რომ წარმოსახვას გზები უნათო
და სახელები დავარქვა საგნებს
რითიც სამყარო დავასურათო
რომ ვაკვირდები სიმართლე გითხრათ
ადამიანი რადგან ცხოველს გავს
ჩვენ თვითონ ხშირად საფლავებს ვითხრით
და აუტანელს ვიხდით ცხოვრებას
თუმცა გონებით ნაკლებად ვხვდებით
გამოქართული ყლეფანდურობის
ჩვენ თვითონ ხშირად მიზეზი ვხდებით
საკუთარივე უბედურების.
***
ტკივილივით კბილის
ვაკვირდები თბილისს
სუნი რომ დგას ვაჭრის
რა თქმა უნდა თვალს მჭრის
გამოხედვა ურცხვი
ხასიათი ერის
შენობები უცხო
მოსაწყენი ფერის
რომ არ ყოფნით სულ შნო
სახეები უშნო
ფანტაზია ნოლი
ასეთი აქვთ როლი
მეტი აბა რა ვთქვა
ხომ არა ვარ ყბედი
ასეთია რა ვქნათ
საქართველოს ბედი.
***
ვერ შეადარებ ვირსა და აქლემს
თუმც არ არიან სპილო და ბუზი
ვირი იწონის აქლემზე ნაკლებს
აქლემს კი ზურგზე ეზრდება კუზი
თუმც ერთ-ორ ხურჯინს ვირიც კი დაძლევს
მაგრამ თუ სიცხე ჩამოწვა სრული
აქლემი უწყლოდ სამ დღესაც გაძლებს
ვირს კი ღამემდე გაძვრება სული.
***
ქართველების საყვარელი ბოსტნეული - ქართოფილია.
***
ყველა ცდილობს გამორჩეს
ან გაჩვენებს ცალ მხარეს
არაფერი განორჩებს
არაფერი გახარებს
არაფერი გაბიჭებს
მიყვე ღია გონებას
არაფერი განიჭებს
მოხუცს სიამოვნებას.