ქეთევან იგნატოვა
em> "უცნაურია დრო, როდესაც გამარჯვებას დამარცხების, დამარცხებას კი გამარჯვების გემო დაკრავს!" - დღევანდელი ქართული პოლიტიკური რეალობა, გასული კვირა, ჩატარებული არჩევნები ერთმა საკმაოდ გონიერმა და აღმოსავლური სიბრძნეების კარგად მცოდნე, სრულიად აპოლიტიკურმა ადამიანმა ასე დაახასიათა…
ამ მოსაზრების გარშემო კამათი შეიძლება… მე ვეთანხმები, თქვენ, შესაძლოა, არა… მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ გასულ კვირას, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს საკმაოდ უცნაური, ბევრი კითხვის გამჩენი, დამაფიქრებელ-გასაანალიზებელი და მგონია, რომ, ცოტა არ იყოს და გროტესკულ-კომიკური ელფერიც კი დაკრავს. მგონი, მთელი ცხოვრების მანძილზე პირველად ვინანე, რომ ებრაელი არ ვარ, მათთვის ასეთი დამახასიათებელი იუმორი, სამწუხაროდ, არ მახასიათებს. ილფი და პეტროვის, ან თუნდაც მიხეილ ჟვანეცკის იუმორისტული ნიჭის ნატამალიც არ გამაჩნია და ჩატარებული არჩევნების ტრაგი-კომიზმს სრულად, საკადრისად, რაიმე მოკლე სკეტჩის სახითაც ვერ გადმოგცემთ… არჩევნებისადმი მოსახლეობის უმრავლესობის სრული ინდეფერენტულობა. დაეზარათ ქართველებს! დარბაისელი ხალხი ვართ! არ გვიყვარს პამპულობა! ერთხელ უკვე ვიპამპულეთ, უფრო სწორად კი, გვაპამპულეს… მომაკვდავები, დავრდომილები, ინვალიდები ლოგინებიდან აგვაყენებინეს, მოხუცი ბებიები, ბაბუები სოფლებში, ან, პირიქით, სოფლებიდან ქალაქში, ხმის მისაცემად ჩაგვაყვანინეს, საარჩევნო უბნებთან ინვალიდების სავარძლების რიგები დაგვაყენებინეს, კაცი ქუდზე გამოგვიცხადეს… და რა? ვიპამპულეთ ქართველებმა და მორჩა! გაპამპულებული მოსახლეობა კვირა დღეს სახლში დარჩა და ტყუილ მაიმუნობას, ბევრად საჭირო სახლის საქმეები ამჯობინა.
ახალგაზრდა, ოპტიმისტმა, შეუდრეკელმა, პირველი მოქალაქის ასეთმა მსგავსმა პრემიერმა კი, არჩევნების დაბალი აქტივობა მოსახლეობის მაღალ ნდობად მიიჩნია! ახალგაზრდული შემართებით, უსაზღვრო ოპტიმიზმით, მასწავლებლის ბრმა ნდობით განმსჭვალული ლოგიკა მაინც სულ სხვაა! არაფერი შეედრება! საარჩევნო უბანზე პირადობის გარეშე მისული შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც, როგორც ხალხი ხუმრობს, ბავშვობის მოგონებებისა და მცირეწლოვანი ასაკის შესაბამისად, საბუთის მოთხოვნის საპასუხოდ, სკამზე ასვლას და სულ სხვა პასპორტის ჩვენებას ლამობდა, რასაც არჩევნების დამკვირვებელი მხცოვანი ქალბატონები გმირულად აღუდგნენ წინ. რითიც ვაღიაროთ, დავუფასოთ, არამარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ, თვით მინისტრის პრესტიჟიც გადაარჩინეს.
რა არის მაინც ნამდვილი პატრიოტიზმი, მოქალაქეობრიობა! ცნობისმოყვარეობასაც კი ძლევს! მარნეულში არჩევნები მხიარული ლოტო ეგონათ და საარჩევნო ბიულეტენები ლოტოს გასათამაშებელი ფერად-ფერადი ბურთებივით ყარეს და ყარეს! გაერთნენ, იხალისეს, იმხიარულეს… აი უბრალოდ, ვინ ოხერმა გადაიღო ეს ყველაფერი? მეტი საინტერესო გადასაღები ვერაფერი ნახეს? ანკი, რა იყო დიდად გამორჩეული? მარნეული, მარნეულიო, რომ გაიძახიან, ატრიალებენ, აჩვენებენ, ამხელენ, იცინიან… რა, სხავაგან რამე სხვანაირად იყო, თუ მარნეული დაბალ ღობედ მიიჩნიეს?!
ნინო ბურჯანაძემ, როგორც სხვებზე ბევრად გამოცდილმა, ცხრა მთავრობა გამოვლილმა პოლიტიკოსმა, ასე სწორად წარმართული კამპანიის ფარგლებში წინასაარჩევნოდ საზაფხულო "კოსტუმჩიკების" დეფილე, ფაქტიურად, პოლიტფეშენ კვირეული მოაწყო, ბრენდი - ბრენდზე, ფასონი - ფასონზე დაგვაყარა და როგორც დავრწმუნდით, არც თუ უშედეგოდ! აბა ისე ამდენ პროცენტს როგორ დაუგროვებდა თავის კანდიდატს, რომელმაც ბავშვების კეთების მეტი, მგონი, არც არაფერი იცის.
ტრიპოლსკი - ბესელიას დაემსგავსა; ბესელია - ხადურს, ხადური - წულუკიანს, წულუკიანი - კობახიძეს, კობახიძე - საგანელიძეს, საგანელიძე - ბერიკაშვილს (მანანას), ბერიკაშვილი - ბერიკაშვილს (გივის), თინა ხიდაშელი მათ სრულ მუტაციურ ერთობლიობას… აი, კალაძეს კი, თითქოს ჯინაზე, არავინ დაემსგავსა! იგი თავის იშვიათ თვითმყოფადობას, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ხედვას, ლოგიკას, განუმეორებელ ინდივიდუალიზმს არ კარგავს, არავის უნაწილებს, ეგოისტურად ინარჩუნებს; მერამდენე დღეა, მხოლოდ ციფრებს, პროცენტებს, ჯამებს, ნაშთებს ვუყურებთ, ვითვლით და მათ გარშემო ისეთ მსჯელობას, ანალიზს, ანგარიშს, შეკრება-გამოკლებას ვისმენთ, რომ საბრალო ნიკო მუსხელიშვილი, ალბათ, მართლა საფლავში ბრუნავს! კომაროვის სკოლადამთავრებულებმა კი, ის დროა, ახალი, "ქართული ოცნების მათემატიკის" (მაინც რამდენი სიახლე მოგვიტანა ამ ოცნებამ!) თავიდან დაუფლება-შესწავლას უნდა მიჰყონ ხელი.
ახალ დროს ახალი ცოდნა ჭირდება; "ქართული ოცნების" პარტიის ოფისთან საგანგებოდ აშენებული კოხტა, ლურჯი, პატარა, მოკრძალებული, უბადრუკი სცენა, რომელზეც გამარჯვებულზე რაინდებივით ასვლას გეგმავდნენ და სანაცვლოდ კი, თითქმის, ქართული ტრადიციული პანაშვიდი გამოუვიდათ. თითქმისო - ვამბობ, რადგან სრული, თვალცრემლიანი გლოვისგან, პარტაქტივისტთა ერთგულმა, მონდომებულმა, ერთადერთმა წყვილმა, გულმოდგინე ცეკვით გადაარჩინა. დაძაბულად, არაბუნებრივად ცეკვავდნენ. თითოეულ თავის მოძრაობაზე ფიქრობდნენ, თითოეულ მათდამი მომართულ მზერას თუ ობიექტივს აფიქსირებდნენ. უხერხულად იქნევდნენ ხელებს, იღიმოდნენ, ერთმანეთს უტრიალებდნენ, ნერვიულობდნენ… მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?! მეორე ტურის მიუხედავად, ხომ ცეკვავდნენ? პირველი მოქალაქის მიერ უეჭველად უნდა დაჯილდოვდნენ!
აი თბილისის მერობის ყველაზე რეალური კანდიდატი, მთელი თავისი შტაბით კი, პირველი მოქალაქის მხრიდან, მე რომ მკითხო, ცოტათი დასასჯელია! ამდენი ოცნება, ამდენი იმედი, მის კამპანიაში დახარჯული ამდენი ენერგია, ძალისხმევა, ფული… გააცრუა, ვერ გაამართლა და ასეთი საოცნებო ტრიუმფალური გამარჯვების ნაცვლად, რაღაც უბადრუკი მეორე ტური აკადრა?! თან ვის? პირველ მოქალაქეს?! მისი რისხვის, უკმაყოფილების წარმოდგენაც კი მზარავს! რა ეშამპანურებოდა? სხვისი ფულით, რა "მადამ კლიკო" აიტეხა? ეგეც ბავშვობიდან ფრანგულ შამპანურზეა გაზრდილი და?... ჯერ მოეგო…
ნერვიულობისგან გაოფლილი ნარმანიას თავის კოცნა-პროშნის ნაცვლად, ხადური ბიუჯეტის ოდნავი შევსებით წახმარებოდა მეოცნებე მეგობარს, რა ნაადრევი კოცნა აუტყდა?! რა ვერ მოითმინა? ჩემთვის, პირადად, საბოლოოდ გაირკვა, რომ საქართველოს მოსახლეობის მართალია მცირე, მაგრამ მაინც არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, რომელმაც ხმა ბურჯანაძესა და ინაშვილს მისცა, ან სრული პოლიტიკური ბეცი, ან სამშობლოს მოღალატეა. კარგი, ბურჯანაძემ თუ კიდე ფერად-ფერადი "კოსტუმჩიკების" დეფილეთი და თავის ქუთაისური რუსულით (ეგ სულ სხვა ენაა!), ამომრჩეველს ტარაბუა დაახვია, აი, ირმა ინაშვილმა, მართლა და სრულიად გულწრფელად მაინტერსებს, ამ ბედკრული ქვეყნის შვილების 6 პროცენტი რითი მოხიბლა? მათი ნდობა რის საფუძველზე, რა დამსახურებით მოიპოვა? ნუთუ აი ასე, უბრალოდ, შეხედეს და დაუჯერეს? ზოგიერთს მაინც რა ბედი აქვს!
საქართველოს ქალაქებში მერის არჩევნები ჩატარდა. თორმეტიდან რვა ქალაქში მეორე ტური გახდა აუცილებელი. ნაადრევად გახსნილი ფრანგული შამპანური გათბა, გაზი გაუვიდა. ფერადოვანი კოსტიუმები გახუნდა. მათემატიკაზე ზუსტი მეცნიერება ჯერ არ მოგონილა. მისი გაგება-დაუფლება ყველას არ ძალუძს. თბილისში დაცხა. არჩევნები გადაიდო და ამასობაში თბილისში დასარგველად გამზადებული მილიონი ნერგი არ ჩამოჭკნეს, ან კიდევ უარესი - არ გახმეს?! პოლიტიკური ექსპერტი "ჩემი ცისანას" პროგნოზი-ოცნება არ გამართლდა. "ნაციონალები არ დამთავრდა"! პოლიტიკურმა რადარებმა მთავარი ოპოზიციური პარტია საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირეს.
"ჩემ ცისანაზე" ბევრად უფრო გამჭრიახე პოლიტპროგნოზისტი არც მე გამოვდექი. სულ რაღაც ორი კვირის წინ, ქალაქიდან გასვლამდე, როგორც გაირკვა, ზედმეტად თამამად, თბილისის ახალი მერი გიწინასწრამეტყველეთ და შევცდი! მაპატიეთ! სულ რაღაც ერთი თვე უნდა მოვიცადოთ, მოვითმინოთ და თბილისში, ნარმანიას დედას თუ დავესესხებით, როგორც ვატიკანში, თვით იგი - ნარმანია შემოაბიჯებს! ოღონდ, რა თქმა უნდა, ახლა უკვე მოკრძალებულად, ყოველგვარი ზარზეიმის, ნაბრძანები ცეკვების, საეჭვო კოცნების, ფრანგული შამპანურის და თეთრი ცხენის გარეშე. მეორე ტური, უკაცრავად, მაგრამ თეთრ ცხენზე ამხედრებულ, პალმის ტოტებითა და გვირგვინით შემკობილ გმირს არ გულისხმობს.
P.S. მთელი წინასაარჩევნო თვეების მანძილზე, უცნაურად, ნარმანიას სახე, თითქოსდა საიდანღაც მეცნობოდა. ვუყურებდი და ვიტანჯებოდი. ვფიქრობდი. ვიხსენებდი… და ისევ და ისევ სოციალურმა ქსელმა მიშველა. ზღვის პირას, პლაჟზე, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი, ჩაციებული საზამთროს დაჭრით გართულ-დაკავებული თბილისის მომავალი მერის ფოტო ვნახე. ვიღაცამ დადო… და მივხვდი! ოცი წლის მანძილზე, გონიოში, ყოველ ზაფხულს, ყოველ კვირა დღეს, საგანგებოდ დაქირავებული, ან საკუთარი მარშრუტკებით, ზღვაზე საბანაოდ, გასაგრილებლად, დასასვენებლად, ახლომდებარე სოფლებიდან, ლუდი "ნატახტარით", მზესუმზირით და აუცილებელი, უშველებელი საზამთროთი საგანგებოდ მომარაგებული, დიდი, მხიარული, ხმაურიანი ჯგუფები ჩამოდიან. იბანავებენ, გაირუჯებიან, აუცილებლად დაიწვებიან, ბავშვებს თავისებურ, მარტო მათთვის ცნობილი სტილით, ცოტა ცურვას ყვირილ-ყვირილით ასწავლიან, იყაყანებენ, ითამაშებენ, დალევენ, ერთი-ორს შეიგინებიან, შეჭამენ… და, როგორც წესი, საზამთროს ქერქებსა და ლუდის ბოთლებს იქვე სანაპიროზე დაყრილს დატოვებენ… აი, მაშინ მე გამოვვარდები ხოლმე და ახლომდებარე ბუნკერს მივუთითებ არცთუ თავაზიანად!.. აი მანდ, ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში მყავს, მგონი, ნარმანია ნანახი! თუმცა, შეიძლება სხვას მივამსგავსე! ეგებადა, მეშლება ვინმეში?... ამას დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ეს, ისე, P.S.-ად გაგიზიარეთ.
br />