ჭრელია, ჭრელი ბრაზილია
20 ივნისი, 2014
904
print

გიგა გურასაშვილი

    ასეულობით მილიონი ფეხბურთის გულშემატკივარი დღეს ბრაზილიის მსოფლიო თასით ცხოვრობს. დაიღრვა სასაათო სარტყელი. დღე და ღამე ფეხბურთმა გააერთიანა. ერთია მსოფლიო თასი, მისი მოცილე კი რამდენიმე რჩეული.

  წლის უმთავრესმა საფეხბურთო დღესასწაულმა ბრაზილიის საფეხბურთო მოედნებზე 32 ნაკრებს მოუყარა თავი. ერთნი ნაადრევად გამოეთიშნენ ასპარეზს და სენსაციებიც შემოგვთავაზეს, ვიღაცამ - სიურპრიზიც.

   ისედაც ჭრელი ბრაზილია დღეს უფრო ჭრელია. ჭრელია მუნდიალისდამი დამოკიდებულებაც. მასპინძელთა ერთი ნაწილი მას ეწინააღმდგება და საკუთარ პოზიციას ქუჩაში საპროტესტო აქციებით გამოხატავს, რაც ძირითადად პოლიციასთან შეხლა-შემოხლით და რეზინის ტყვიების ზუზუნით სრულდება. მსგავსი საპროტესტო აქცია ლამის ფატალურად დასრულდა CNN ჟურნალისტითვის - რეზინის ტყვიით დაჭრილი სისხლისგან დაცლას გადაურჩა.

   ამერიკული გამოცემა The Boston Globe-ის ცნობით, მომავალი ტრიუმფატორი სანუკვარ ჯილდოს ბრაზილიელეი სუპერმოდელ - ჟიზელ ბუნდხენის ხელიდან მიიღებს. 33 წლის მოდელზე არჩევანის გაკეთების მიზეზი ქვეყნის პრეზიდენტის დილმა რუსეფისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის სახელმწიფო სახსრების ზედმეტად ხარჯვაში ადანაშაულებენ, ხოლო  ფიფას პრეზიდენტის ზეპ ბლატერის კანდიდატურას, რომელმაც 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო თასზე უმთავრესი ჯილდო ესპანეთის ნაკრების კაპიტანს იკერ კასილიას გადასცა, კორუფციული სკანდალების გამო უარი ეთქვა.

გუნდები მოედნის მიღმაც იპყრობენ მავანთა ყურადღებას. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჰონდურასის ნაკრებია დაბანაკებული, სროლის ხმა გაისმა.

ინგლისელთა სასტუმროს აივნიდან დედიშობილა უცნობი ქერა ქალბატონის გამოჩენამ კი ბრიტანელები განარისხა. 

   მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა ერთ ნაწილს სექსი აუკრძალეს, ვიღაცას სოციალური ქსელებით სარგებლობა, ბრაზილიის საბაჟო სამსახურმა კი ურუგვაის ნაკრებს 40 კილოგრამი კარამელი ჩამოართვა, აქაოდა რძის ნაწარმის ქვეყანაში შეტანაზე შესაბამისი სანიტარული ინსტანციების თანხმობაა აუცილებელიო.

მუნდიალმა მსოფლიო ჭკუიდან შეშალა. შეშალა ჩილეს ნაკრების გულშემატკივრები, რომლებმაც დამცავი კორდონი გაარღვიეს და სტადიონზე უბილეთოდ შეიჭრნენ.

ბრაზილიას სტუმრობენ დიდგვაროვნებიც და ქვეყნის პირველი პირებიც. გერმანიის კანცლერმა იოჰამ ლიოვის ბიჭებს პორტუგალიასთან მხურვალედ უქომაგა, მერე გასახდელშიც ეწვია გუნდს და სამახსოვრო ფოტოებითა თუ სელფით იჯერა გული.

ნიდერლანდების მეფე ვილემ ალექსანდერი და დედოფალი მაქსიმა ავსტრალიაზე ჰოლანდიელთა გამარჯვებას გასახდელში შეუერთდა. ბელგიის მეფე ფილიპმა კი პირობა დადო, რომ ბელგია VS რუსეთს "ცოცხალში" უგულშემატკივრებს.