ახალი იტალია
20 ივნისი, 2014
1059
print

ზურა თალაკვაძე

   იტალიაში იტალია იტალიელების ხატია. მუნდიალის დაწყებამდე "გაძეტა დელო სპორტმა" ჩაატარა გამოკითხვა და გამოკითხულთა 36 პროცენტი თვლის, რომ ტურნირს ბრაზილია მოიგებს. მეორე ადგილზე, 29 პროცენტით ზის იტალია. ბრაზილია და იტალია ძველი დაქალები არიან. სამბას შემქმნელები და ყველაზე ელეგანტური ფეხბურთელები ბევრ ქვეყანაში ბევრის ფავორიტები არიან. საქართველოში ქართველები უფრო ბრაზილიის ან იტალიის წაგებას განიცდიან, ვიდრე ჩვენი, ეროვნული, ქართული ნაკრების. ნუ, ეს საქართველოა და აქ პატრიოტიზმი მომენტებში ერთჯერადია, მაგრამ ბრაზილიურ-იტალიური სიყვარული არა მხოლოდ საქართველოზე ვრცელდება.

ბრაზილიამ ორჯერ მოუგო იტალიას ფინალში. 1970, პელეს და ჟაირზინიოს ზღაპრული ნაკრები და დაღლილი, თავიდან წინ გასული და ეგრევე დაქვეითებული იტალია. 4:1, ბრაზილიის. 1994, ამერიკული მუნდიალის ბოლო დონე, პენალტების სერია და რობერტო ბაჯოს ბოლო, ცუდი აკორდი. ბაჯოს არაზუსტი დარტყმით ბრაზილია ჩემპიონი გახდა, მაგრამ  რობერტოს რომც გაეტანა, ბრაზილიას ერთი თერთმეტმეტრიანი დარტყმა რჩებოდა თადარიგში. ასე რომ, მხოლოდ ბაჯოს ბრალი არ იყო...

  იტალია მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. ბრაზილიამ ფინალი ხუთჯერ მოიგო.

და იყო კიდევ ერთი გამოკითხვა. "ვინ იქნება ტურნირის ყველაზე დიდი იმედგაცრუება?" პირველ ადგილზე 21 პროცენტით გადის იტალია. აქ ბრაზილია უკვე მესამეა და მეორეზე ჩამოჯდა ესპანეთი. მონოტონური, ასაკში შესული, გამოცდილი და მაინც სტაბილური ესპანეთი. რომელსაც პირველ ტესტში ჰოლანდიასთან 1:5 მოხვდა.

იდეაში, იტალიელებს საკუთარი ნაკრების მეტი ნდობა უნდა ჰქონოდათ. ევროპის ბოლო ჩემპიონატზე იტალია მიდის ფინალამდე და იქ აგებს ესპანეთთან. მეორე ადგილი უკვე ბონუსია. და იტალია ადის კონფედერაციათა თასის პოდიუმზეც. და მშვიდად იგებს ამ მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფს. და იტალია მუნდიალის ფავორიტებში ჩასვეს. იტალია მუნდიალის ფავორიტებში ყველამ ჩასვა. ყველამ, იტალიელების გარდა. ფეთქებადმა, ემოციურმა სპაგეტისტებმა საყვარელი ნაკრების ნდობა და უნდობლობა ერთდროულად დააფიქსირეს. ჩვენ გვიყვარს იტალია, ჩვენ გვჯერა იტალიის და ჩვენ არ ვენდობით იტალიას, ამბობენ იტალიელები. ცხოვრება უფრო მშვენიერია, ვიდრე რობერტო ბენინის მოწყენილ და მხიარულ შედევრში. იტალიამ მუნდიალი უნდა მოიგოს. რაც იტალიელებისთვის ლოგიკური იქნება. იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩააგდოს. რაც იტალიელებისთვის მაინც ლოგიკური იქნება. ნუ, ეს იტალიაა. სადაც საკუთარ ნაკრებს ენდობიან და სადაც საკუთარი ნაკრების ბოლომდე არ სჯერათ. იტალიაში ეს ხშირად ხდება. იტალიელები ბოლომდე მარჩელო ლიპის ზღაპრულ ნაკრებსაც არ, ვერ ენდობოდნენ. და ის ნაკრები ყველა დროის საუკეთესო დამცველი ნაკრები იყო. რომელსაც მთელი ტურნირის მსვლელობისას, თამაშიდან გოლი არ გაუშვია. კლასიკა.

  იტალიამ ცუდად, მძიმედ, უმუღამოდ ჩაატარა საკვალიფიკაციოს შემდეგ თითქმის ყველა ტესტი. ბოლო გასაუბრება იყო ლუქსემბურგთან. იმ მომენტში ფიფას რეიტინგის 112-ე ნაკრებთან და იტალიამ ლუქსემბურგს ვერ მოუგო (1:1). ჩეზარე პრანდელის ნაკრებმა ზედიზედ მეშვიდედ ვერ მოიგო. ცუდი სერია. არაფავორიტული სერია. წმინდა იტალიური სერია, რომელიც მუნდიალზე დამაჯერებელ, სწრაფ, მოქნილ ფეხბურთს უნდა შეეცვალა. იტალია მრავალფეროვნებით, სიდინჯით იგებს. იტალიურად იგებს. და იტალიელებმა ეს იციან. როგორც ყოველთვის, იციან.

  იტალიას კარგი ბიჭები დააკლდა. რიკარდო მონტოლივომ ირლანდიასთან სპარინგის დროს ფეხი მოიტეხა. მინუს მონტოლივო. ჯუზეპე როსის პრანდელი ბოლომდე ვერ ენდობა. როსიც მოტყდა. რომულომ საკუთარი თავი მოტეხა. მატია დე შილიომ მყესი გაიჭიმა. და ბოლო აკორდი - იტალიის ლიდერმა, ალბათ, ყველა დროის უდიდესმა მეკარემ, დონ ბუფონმა ინგლისთან თამაშამდე ტრავმა მიიღო. და იტალიამ ტურნირი მოგებით, 2:1 გახსნა. იტალიურად გახსნა.

  პრანდელიმ ინგლისთან სასტარტოში ოთხი ისეთი პერსონაჟი დააყენა, ვინც საკვალიფიკაციოს დროს თითქმის არ ახსენდებოდა. ახალი ტაქტიკა (4-1-3-1-1) ჩეზარემ ტურნირამდე ერთადერთხელ გამოიყენა - ამხანაგურ კოლაფსში ლუქსემბურგთან. იტალია ბუფონის გარეშე და ნაკრები, რომლის ლიდერიც კვლავ გენიალური ანდრეა პირლო იყო. და იტალიისკენ დაიძრა ინგლისი. ახალი, წინა ევროტურისგან (2012) განსხვავებით, უკეთესი ინგლისი. რაჰიმ სტერლინგის და როს ბარკლის ინგლისი. შეცვლილი ინგლისი, რომელსაც იტალიელებისთვის პრობლემები უნდა შეექმნა. ნუ, იდეაში, პრობლემები იყო. უბრალოდ, იტალიამ ამ პრობლემებს ყურადღება არ მიაქცია. იტალიურად მოიგო.

სიცხეში, ევროპელებისთვის მძიმე პირობებში იტალია არ დაღლილა. პრანდელის ბანდა კონფედერაციის თასზე საუნაში თამაშს შეეჩვია და პრანდელის ბანდა მზად იყო. კონტრასტი იტალიურ ლიგასა და პრემიერ ლიგას შორის არ ჩანდა. იტალიამ ინგლისს ინგლისურად, ბრიტანული გამძლეობით მოუგო. იტალია ინგლისისთვის მზად იყო.

პირველ ტაიმში იტალია აკონტროლებს პროცესს - ბურთის ფლობის ამბავში, 65:35 იტალიის სასარგებლოდ. ბოლოში, ცისფერი გუნდი ოდნავ დაიღალა და 2:1-ს გაუფრთხილდა. ინგლისთან ყველაფერს უნდა გაუფრთხილდე. და იტალიამ გაძლო. იმ მომენტშიც კი, როდესაც იტალიელები ბურთს საკუთარ ტერიტორიაზე ეფერებოდნენ, ინგლისს თამაშის გამწვავების მინიმალური შანსი ჰქონდა. იტალიამ იცოდა, რას აკეთებდა და რაც უნდა გაეკეთებინა. ტურნირის დაწყებამდე პრანდელიმ დაიწუწუნა, ჩემები ინგლისივით, გერმანელებივით მაგრად ვერ ირბენენ და ამ კომპონენტში არ მოგვეხაზოსო. იტალიამ იმდენი ირბინა, რამდენიც საჭირო იყო. და პრანდელი კმაყოფილი იყო. ჩეზარემ საკუთარი ნაკრებისგან მაქსიმუმი მიიღო. რაც უნდა მიეღო, ის მიიღო. იტალიამ ფეხბურთით მოიგო. ადრე იტალია უფრო ფეხბურთს კლავდა. ლიპის ტაქტიკური მექანიზმიდან დაწყებული, იტალია ფეხბურთით გკლავს. და ეს პროცესი გრძელდება. ეს პროცესი დაუსრულებელია. ეს პროცესი იტალიურად მიდის.

იტალია მოკლე პასებით თამაშობს და იტალიელებს ეს ცოტა აშინებთ. ვერ ხედავთ, ჩურჩულებენ იტალიაში, როგორ გადახსნა ჰოლანდიამ თავისი ლაზერული პასებით მოკლეპასიანი ესპანეთი? იტალიაც ოდნავ მრავალფეროვანი და გრძელპასიანი უნდა გახდეს. ან მოვა ცუდი ჰოლანდია და მოგიგებს. უბრალოდ, ნებისმიერი ტაქტიკის დროს, იტალიას ჰყავს ორი გენიოსი. პირლო და (თუ გამოჯანმრთელდება) ბუფონი. რაღაცეები არ იცვლება. პრანდელიმ ეს მშვენივრად იცის. მწვრთნელი მზად არის.

ინგლისთან იტალიამ 554 პასი გააკეთა. ტურნირის რეკორდი. მეორე ადგილზე 523 პასით ზის ჩილე (ავსტრალიასთან). ყველა უნდა შეეხოს ბურთს და ყველამ უნდა ითამაშოს ფეხბურთი. პრანდელის ასე სურს. და იტალიაც ჩეზარეს სურვილით, პირლოს პასებით და მარკიზიოს იტალიური შარმით ასრულებს. მოკლედ, იტალიურად.

ფიფას და "გაძეტას" ვერსიით, ინგლისთან საუკეთესო იყო მარიო ბალოტელი. რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა. რომელსაც ნორმალური სეზონი ჰქონდა. და პრანდელიმ იცის, რომ ბალოტელის საუკეთესო მოტივატორი მისი, ბალოტელის სიმშვიდეა. თუ დიდი ბიჭი არ ცელქობს, იტალიას მოგების კარგი შანსი აქვს. ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან.

  პრანდელიმ იცის, რომ ინგლისთან მოგება არ არის საკმარისი. პრანდელი პატივს სცემს მოულოდნელად აგრესიულ კოსტა რიკას და მოულოდნელად ნელ, დაბერებულ ურუგვაის. პრანდელი ყველას პატივს სცემს და იტალიელების მთავარმა მწვრთნელმა იცის, რომ იტალიამ უნდა გაძლოს. დე შილიო დაილეწა და მისი ადგილი ჯორჯო კიელინიმ დაიკავა. გაბრიელ პალეტა გადადის ანდრეა ბარძალისთან, ცენტრში. მარტში, ესპანეთთან და დიეგო კოსტასთან კარგი დებიუტის შემდეგ, პალეტა არასტაბილურია და ნელ-ნელა უკანა პლანზე გადადის. პრანდელი ამას ხედავს. იტალია იცვლება და პრაქტიკულად, იგივე რჩება. იტალიამ იტალიურად უნდა მოიგოს. როგორც იგებს ხოლმე რა...

  იტალიაში იტალია იტალიელების ხატია. მუნდიალის დაწყებამდე "გაძეთა დელო სპორტმა" ჩაატარა გამოკითხვა და გამოკითხულთა 36 პროცენტი თვლის, რომ ტურნირს ბრაზილია მოიგებს. მეორე ადგილზე, 29 პროცენტით ზის იტალია. იტალია მუნდიალის ფავორიტებში ჩასვეს. იტალია მუნდიალის ფავორიტებში ყველამ ჩასვა. ყველამ, იტალიელების გარდა. ფეთქებადმა, ემოციურმა სპაგეტისტებმა საყვარელი ნაკრების ნდობა და უნდობლობა ერთდროულად დააფიქსირეს. ჩვენ გვიყვარს იტალია, ჩვენ გვჯერა იტალიის და ჩვენ არ ვენდობით იტალიას, ამბობენ იტალიელები. ცხოვრება უფრო მშვენიერია, ვიდრე რობერტო ბენინის იმ მოწყენილ და მხიარულ შედევრში. იტალიამ მუნდიალი უნდა მოიგოს. რაც იტალიელებისთვის ლოგიკური იქნება. იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩააგდოს. რაც იტალიელებისთვის მაინც ლოგიკური იქნება. ნუ, ეს იტალიაა. სადაც საკუთარ ნაკრებს ენდობიან და სადაც საკუთარი ნაკრების ბოლომდე არ სჯერათ. იტალიაში ეს ხშირად ხდება.

ბრაზილიაში იტალიამ ინგლისს მოუგო. კარგ, მოქნილ ინგლისს. პრანდელიმ ეს ტესტი ჩააბარა და თუ იტალია არ დაიღლება, შეუძლია, 7 თამაშში მიიღოს მონაწილეობა. იტალია ყველა მუნდიალზე ფავორიტებში ზის. ინგლისელების, გერმანელების, ჩილელების, კამერუნელების, ქართველების ფავორიტებში. ოღონდ,, არა იტალიელების. იქ, იტალიაში მხოლოდ მაშინ დაიჯერებენ იტალიის ფავორიტობას, თუ პრანდელის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდება.

  რთული იქნება. იტალიასთან ერთად ყოველთვის ყველაფერი რთულია.

lika andiashvili