ვისენტე დელ ბოსკეს დღიურიდან
27 ივნისი, 2014
2015
print

ზურა თალაკვაძე

ვისენტე დელ ბოსკეს შეეშალა.

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მთავარი შეცდომები ამ მუნდიალზე. გავიაროთ.

1. დელ ბოსკემ იკერ კასილიასი არ შეცვალა.  

იკერ კასილიასი ბუფონის შემდეგ და ჩეხთან ერთად, ბოლო ბევრი წლის საუკეთესო მეკარე იყო. აღარ არის, იყო. მადრიდში, "რეალის" ტერიტორიაზე კასილიასი ტრავმების გამო ბევრს ვერ თამაშობს და ბოლო ორ სეზონში დიდი ბიჭი ძირითადად, ისვენებს, ან დასვენებულიც დაღლილია. კასილიასის დროს, ენერგიას კლუბში უფრთხილდებიან და დელ ბოსკემ ეს ვერ შეამჩნია. ან, შეამჩნია და უბრალოდ, ინსტინქტებს და იკერს ენდო. 1999 წლის შემდეგ, კასილიასი ერთ სეზონში საშუალოდ (და სტაბილურად) 60 ტესტში იღებდა მონაწილეობას. ბევრია. და იკერი ამ დატვირთვებს უძლებდა. იკერი ამ დატვირთვებს შეეჩვია. იკერისთვის ეს ჩვეულებრივი თემა იყო. კასილიასი "რეალში", ნაკრებში შეუცვლელი პერსონაჟი გახდა. შარშან, მეკარემ მხოლოდ 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ალბათ, ასე იყო საჭირო. ტრავმის შემდეგ, კასილიასს უფრთხილდებოდნენ და იკერს მუნდიალზე უნდა ეთამაშა. იკერმა იქ ითამაშა და იკერი იქ ზედმეტი იყო.

დელ ბოსკემ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა. რთულია, ენდო სხვა მეკარეს, როდესაც კასილიასი ესპანეთის ჯოკერი, შარმი, ყველაზე სანდო მოთამაშე იყო. იკერი იყო ამ ნაკრების მიკ ჯაგერი. ყოველთვის გამოუძინებელი სიფათით, აბურძგნული თმით და ყოველთვის სანდო. სტაბილურად სანდო. დელ ბოსკე ამ სტაბილურობას ენდო და ვერ გაარტყა. დელ ბოსკეს, იკერს, ესპანეთს ჰოლანდიამ ხუთჯერ გაარტყა. და რეალურად, ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ბრაზილიაში სხვა მეკარე არ ჰყოლია.

კასილიასის ერთ-ერთი შემცვლელია ვიქტორ ვალდესი. რომელიც "ბარსელონაში" იკერი გახდა. და ვალდესი დაილეწა. ვალდესი მუნდიალისთვის არ იყო მწყობრში და ეს თემა დაიხურა. პეპე რეინა სხვა დონეა. სხვა ნაკრებში რეინა მიიღებდა ნდობას და სხვა ნაკრებში რეინა მიიღებდა დროს. ესპანეთში, სადაც ახსოვთ არკონადა, სადაც ახსოვთ სუბისარეტა და სადაც ხედავენ იკერს, რეინა არ არის პირველი ნომერი. ვერ არის პირველი ნომერი. რეინა კარგი შემცვლელია, რომელიც უნდა ათამაშო ტესტებში მუნდიალის წინ და მუნდიალზე პირსახოცები უნდა მიატანინო. იდეალური როლი რეინასთვის.

რჩება დავიდ დე ხეა. "მანჩესტერ იუნაიტედის" კარგი მეკარე. რომელიც მოეწონა ალექს ფერგიუსონს. რომელიც მოეწონა დელ ბოსკეს. რომელიც მოეწონა იკერს. და რომელიც ყოველთვის მეორე უნდა ყოფილიყო. დელ ბოსკესთვის დე ხეა იკერის კარგი შემცვლელი და იდეალური მეორე ნომერი გახდა. თუ კასილიასი ისვენებს, თუ კასილიასი ვერ თამაშობს, დე ხეა მიიღებს დროს და ნდობას. დრო და ნდობა. ორი სიტყვა. დელ ბოსკესთვის, ესპანეთისთვის ორი მაგიური სიტყვა და ესპანეთმა ამ სიტყვების მნიშვნელობა ვერ გაიხსენა. ნუ, ბრაზილიაში ვერ გაიხსენა. დე ხეამ ტესტებში მხოლოდ 7 წუთი მიიღო და ჰოლანდიასთან იკერის აჭრის მიუხედავად, დელ ბოსკე კასილიასს ენდო. ესპანეთის ბოსმა ჩილესთან შეხვედრის წინ კასილიასი პირველ ნომრად დაასახელა და ჩილესთან შეხვედრის წინ მიიღო ტრავმა დე ხეამ. დამთხვევაა. მაგრამ მაინც. უნდობლობას ვერ ენდობი და დე ხეა, რომელიც ისედაც ოფსაიდში იყო, იმ ოფსაიდში მყარად, საფუძვლიანად აღმოჩნდა. კასილიასმა შეინარჩუნა პირველი ნომერი და კასილიასმა ჩილესთან კიდევ ორი სამახსოვრო საჩუქარი მიიღო. 7 გოლი ორ ტესტში. იკერისთვის ბევრია.

დე ხეას 7 წუთი და იკერის 7 გოლი. საინტერესოა.

2. დაობებული ნახევარდაცვა 

ესპანეთი მოკლე პასით გკლავს, ესპანეთი მოკლე პასით თავბრუს გახვევს და ესპანეთის მოკლე პასი ბევრი წლის განმავლობაში იყო ვან ჰელსინგის არბალეტი. ლეტალური იარაღი და ესპანეთი მოკლე პასით იგებს სამ დიდ ტურნირს. ესპანეთის მოკლე პასი მეგობრობდა ესპანეთის გამძლეობასთან და ბრაზილიაში მოკლე პასი გამძლეობის გარეშე ჩავიდა. ბრაზილიაში იყო მოკლე პასები და არ იყო გამძლეობა. ესპანეთი დაღლილი მოქანდაკე იყო. მოქანდაკე, რომელიც თავისი მომავალი შედევრის კონტურებს ხედავდა და იმ მოქანდაკეს ხელები არ ემორჩილებოდა. ჯერ მარჯვენა ხელი დაიღალა. შემდეგ მარცხენა ხელი დაიღალა დ მოქანდაკეც გაჩერდა.

ესპანეთიც გაჩერდა. ჩავი (ან ხავი), სერხიო ბუსკეტსი, ჩაბი ალონზო იდგნენ. გენიოსი ჩავი (ან ხავი) ვერ შედიოდა იმ დერეფნებში, რომლებსაც ადრე მხოლოდ თვითონ ამჩნევდა. ბუსკეტსი დაბოლილივით იდგა და ალონზოს აგრესია ალონზოს ინტელექტს უსწრებდა. ესპანეთის ნახევარდაცვა დაიშალა და ესპანეთი უხერხემლოდ დარჩა.

დელ ბოსკეს დაავიწყდა, რომ ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა "ბილბაოს" კარგ ბიჭს, ანდერ იტურასპეს. დელ ბოსკეს დაავიწყდა, რომ ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა "ატლეტიკოს" კარგ ბიჭს, კოკეს. და დელ ბოსკეს დაავიწყდა, რომ "ატლეტიკო" ესპანეთის ჩემპიონი, საუკეთესო გუნდი გახდა. და იმ საუკეთესო გუნდის საუკეთესო ესპანელი იყო კოკე. კრეატიული და მთქმელი ტიპი. რომელიც დელ ბოსკეს დაავიწყდა. ხდება ხოლმე. სამწუხაროდ, ესპანეთისთვის. კოკემ არასაკმარისად ითამაშა.

დელ ბოსკემ ვერ გაუგზავნა საკუთარ თავს ტექსტური შეტყობინება - ვეძებთ ახალი ჯგუფის სისხლს. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე... ნებისმიერი ჯგუფის, ოღონდ არა იმ ჯგუფის, რომელიც ესპანეთს მუნდიალის წინ გადაუსხეს. ესპანეთი დადგა და ესპანეთმა ფანტაზიის გარეშე დაიწყო ტურნირი. ალონზო და ბუსკეტსი ვერ ქმნიდნენ და ვერ შლიდნენ. ჩავი (ან ხავი) იქ ზედმეტი იყო. ჰოლანდიასთან და ჩილესთან ალონზო და ბუსკეტსი აგებდნენ თითქმის ყველა მოსაგებ ორთაბრძოლას. გლადიატორებს ეძინათ და არენაზე ესპანეთი დამარხეს. კოკემ თითქმის არ მიიღო სათამაშო დრო. ხავი მარტინესს საკაიფო სეზონი ჰქონდა და ბიჭს იდეაში, მეტი უნდა ეთამაშა ნახევარდაცვაში, მაგრამ მარტინესი ძირითადად, ცუდი და შეყვარებული ხერარდ პიკეს იაღლიშების გამოსწორებით იყო დაკავებული. ავსტრალიასთან 3:0 კარგი, მაგრამ დაგვიანებული ვიქტორია იყო. დელ ბოსკემ დააგვიანა. და დელ ბოსკემ ეს იცოდა.

3. დიეგო კოშტას ექსპერიმენტი

ესპანეთის ჩემპიონატში დიეგო კოშტა ბოსი იყო. პორტუგალიელი მოდელის და გენიალური მესის შემდეგ, "ატლეტიკოს" ფორვარდმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. იგებდა მოსაგებს, აკურატული და შეუცვლელი იყო. დელ ბოსკემ ესპანეთს კოშტა აჩუქა. და ვერ გაარტყა. კოშტა ზედმეტი იყო. დავიდ ვილია სამი წლის წინ დაიშალა და იმ ტრავმის შემდეგ, ვილიამ რაღაც ჯადოსნური დაკარგა. და დელ ბოსკე ენდო კოშტას. და როგორც კასილიასის, როგორც ჩავის (ან ხავის), როგორც ბუსკეტსის და ალონზოს შემთხვევაში, ვერ გაარტყა. ესპანეთსაც გაარტყეს. ჰოლანდია ცივი, სადისტური და ჰოლანდიურად მიმზიდველი იყო. ჩილემ გადარეული ფეხბურთი ითამაშა და წალეკა, გადაფარა ესპანეთი. ესპანეთი დაღლილი იყო. ესპანეთი ესპანურმა უსუსურობამ დაღალა. და ალბათ, დელ ბოსკეს შეცდომებმაც.

კოშტა კარგია "ატლეტიკოში". იქ, სადაც კოშტაზე მთელი გუნდი თამაშობს და ბიჭი საკუთარ თავს ენდობა. ესპანეთი სხვა დონეა. ინგვი მალმსტინი ვირტუოზია, რომელიც გაიზარდა რიჩი ბლექმორზე, მაგრამ ინგვიმ ყველაზე კარგად იცის, რომ ის ვერასოდეს ვერ გახდება ბლექმორი. უბრალოდ, სხვა დონეა. კოშტაც მალმსტინია. კარგი მოსასმენი, მაგრამ ოდნავ ერთფეროვანი და ოდნავ იოლად წასაკითხი. კოშტამ მიიღო ნდობა და დელ ბოსკემ მიიღო ზერო, არაფერი. დელ ბოსკემ ვერ გაარტყა და ესპანეთს გაარტყეს. კიდევ ერთხელ.

დელ ბოსკეს გაახსენებენ ამ ჩემპიონატს და ესპანეთის ჯინ ჰეკმანს გაეცინება. დელ ბოსკეს ყველაფერი მოგებული აქვს და დელ ბოსკე ფეხბურთის ფილ ჯექსონია. ეს ბიძა ყველაზე მარტივად პოულობს საერთო ენას ვარსკვლავებთან და დელ ბოსკემ იცის, რომ ეს სხვებმაც იციან. უბრალოდ, დელ ბოსკემ ვერ გაარტყა.

დელ ბოსკეს ახსოვს, რომ იკერ კასილიასი ბუფონის შემდეგ და ჩეხთან ერთად, ბოლო ბევრი წლის საუკეთესო მეკარე იყო. აღარ არის, იყო. მადრიდში, "რეალის" ტერიტორიაზე კასილიასი ტრავმების გამო ბევრს ვერ თამაშობს და ბოლო ორ სეზონში დიდი ბიჭი ძირითადად, ისვენებს, ან დასვენებულიც დაღლილია. კასილიასის დროს, ენერგიას უფრთხილდებიან და დელ ბოსკემ ეს ვერ შეამჩნია. ან, შეამჩნია და უბრალოდ, ინსტინქტებს და იკერს ენდო. რთულია, ამ ორს არ ენდო. 1999 წლის შემდეგ, კასილიასი ერთ სეზონში საშუალოდ (და სტაბილურად) 60 ტესტში იღებდა მონაწილეობას. ბევრია. და იკერი ამ დატვირთვებს შეეჩვია. იკერისთვის ეს ჩვეულებრივი თემა იყო. ჩვეულებრივი და აუცილებელი. კასილიასი "რეალში", ნაკრებში შეუცვლელი პერსონაჟი გახდა. შარშან, მეკარემ მხოლოდ 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ალბათ, ასე იყო საჭირო. ტრავმის შემდეგ, კასილიასს უფრთხილდებოდნენ და იკერს მუნდიალზე უნდა ეთამაშა. იკერმა იქ ითამაშა და იკერი იქ ზედმეტი იყო.

ზედმეტი იყო ესპანეთიც.

ცვლილებების დროა.