ესპანეთს რობერტ ზემეკისი აკლდა
27 ივნისი, 2014
2164
print

ზურა თალაკვაძე

ესპანეთი ჯადოსნური გუნდი იყო. ზედიზედ სამ დიდ ტურნირზე (ევროტური 2008, მუნდიალი 2010, კიდევ ერთი ევროტური 2012) ხავიერ ბარდემის უბნელები ჩემპიონები არიან. უბრალოდ, გადიან მოედანზე, მწვრთნელის დავალება ახსოვთ და იგებენ. გემოვნებით, ესპანურად. იმ ნაკრების ლიდერები და მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლები, მწვრთნელები და მასაჟისტები იყვნენ კანიბალები. და ის ნაკრები დადგა. ბრაზილიაში, ფეხბურთის სამოთხეში და ფეხბურთის გეტოში დადგა. ესპანეთი დანაყრებული კანიბალი იყო. ესპანეთი შეიცვლება. არენაზე ახალი ხარი გამოვა და ალბათ, დანებს ახალი მატადორი მიიღებს. წავლენ ინიესტა, ვილია, ტორესი და ის, განსაკუთრებული მეკარე. ბრაზილიაში კასილიასიც იდგა. მატადორი არენაზე დანების გარეშე იდგა. და სისხლის წვიმაში მატადორი დაეცა. მატადორი ხარსაც შეეცოდა და არ გაიმეტა, მიდი, წამოდექი და აზრზე რომ მოხვალ, მერე გავარჩიოთ ჩვენი ამბებიო.

რობერტ ზემეკისი ძველი რეჟისორია. ელეგანტური დე პალმას, კლასიკური ფორმანის, თანამედროვე არონოვსკის უბანში ზემეკისი ტვიდის პიჯაკით, "კლეჩატი" პერანგით, ტილოს შარვლით და მოკასინებით შედის, კომფორტულ სავარძელში ისვენებს და თვალებს ხუჭავს. ზემეკისს ძველი კინოგმირები ახსენდება. თავისი შედევრების კინოგმირები. ფორესტ გამპი, რომელიც ბევრს დარბოდა და ბოლოს ბედნიერებას ჩაეხუტა. მწერალი ჯოან უაილდერი, რომელიც ჯეკ კოლტონის კომპანიონი და შეყვარებული ხდება. როჯერ რებითი, რომელიც ანიმაციურ სამყაროში მკვლელობის გამოძიებას და სამართლიანობის აღდგენას ცდილობს. ეს რობერტ ზემეკისის სამყარო იყო. ეს რობერტ ზემეკისის სამყაროდ რჩება. და რეჟისორს კიდევ ერთი პერსონაჟი ახსოვს. პროფესორი, რომელმაც დროის მანქანა გამოიგონა. და ის პროფესორი ზემეკისმა გამოიგონა. დროის მანქანამ შეცვალა მარტი მაკფლაის სამყარო და შეცვალა კინოინდუსტრია. ყველაფერი ეს ახსოვს რობერტ ზემეკისს და ელეგანტური დე პალმას, კლასიკური ფორმანის, თანამედროვე არონოვსკის უბანში ზემეკისი გამორჩეულად გამორჩეულია. უბრალოდ, ბობის თავისი კინოგმირები ახსოვს.

ახსოვს თავისი კინოგმირები ესპანეთსაც და მატადორს სევდა ეფერება. ძველი დიდების, ძველი დროის სევდა, რომელიც ადრე მატადორს ვერ ეკარებოდა. სევდა მატადორს ერიდებოდა, იმდენად ამაყი და მშვიდი იყო ის მატადორი. და როგორც კი მატადორი, ანუ ესპანეთი დაეცა, სევდა იქვე იყო, გაშალა გახუნებული პლედი და მატადორი მონატრებული შვილივით ჩაიკრა გულში. მოდი, ჩამეხუტე დარდი სევდას გადააყოლე და სევდა შენი საუკეთესო მეგობარი გახდებაო. და მატადორმა მოიწყინა. ესპანეთი ბრაზილიაში ზედმეტი იყო. იმ დღესასწაულზე ესპანეთი ზედმეტი იყო და იმ დღესასწაულზე ესპანეთი სევდასთან ერთად ძველ ხერესს წრუპავდა. და ძველი დიდება ახსენდებოდა. ის დიდება, როდესაც ესპანეთი ყველაზე დიდი იყო. ელეგანტური კანიბალი, განიერი მაჩეტე, რომელზეც არ იყო შემშრალი სისხლი და ალისფერი წვეთები ნოყიერ მიწაში ჩადიოდა. განისვენე, შვილო ჩემო, ეუბნებოდა ყოველ შემდეგ მსხვერპლს ესპანეთი და მაჩეტე სისხლს იღებდა. კანიბალმა სამი წრე შემოხაზა, კანიბალმა სამი წრე გაიარა და მეოთხეზე გაჩერდა. კანიბალი დანაყრებული იყო და მსხვერპლს სხვამ მიხედა. რაღაცეები იცვლება და ეს ესპანეთმაც იცის. რაღაცეები შეიცვლება და ეს ესპანეთმა იცის. უბრალოდ, რაღაცეები რომ იცვლება, ხანდახან ამისთვის მზად არ ხარ და ცდილობ, ყველაფერი გაიხსენო და იმედგაცრუება მოგონებებით გადაფარო. ესპანეთმა ესეც იცის და ესპანეთი მტვრიან კაფეში, მორყეულ სავარძელში ზის და სევდას უყურებს. ის, სევდა ესპანეთს უყურებს და მომავალს ხედავს. მომავალს, რომელიც მაჩეტეს ლესავს. გარდაცვლილი მატადორის ხერხემლის ძვალზე ლესავს და ის ხმები, რომელიც ძვლებში გამტვრევენ და ძილს გიფრთხობენ, ბრუნდებიან.

ესპანეთმა კაფეში სხვებს გადახედა. სხვებიც სევდამ დაპატიჟა. ზოგმა მზის შუქს შეუშვირა დაბერებული, გაუპარსავი სახე, დახუჭა თვალები და სითბოში დავიწყებას მიეცა. ზოგისთვის ეს წარსულში დაბრუნებაა. და ზოგისთვის ეს სიკვდილის მოახლოვება, ნირვანა, ახალი ნიღბის მორგებაა. ის ნიღაბი ცივი ლაბირინთიდან აჩრდილებმა გამოიტანეს და ყველას დაურიგეს. ყველას, ვინც იმ კაფეში სევდამ გამაგრილებელ სასმელზე დაპატიჟა. იმ კაფეში ბევრი შევიდა. იმ კაფეში ბევრმა გაიხსენა წარსული და იმ კაფეში ერთმა პროფესორმაც უნდა შეიაროს. ისე, შემთხვევით შეაღებს მორყეულ კარიბჭეს, მივა დახლთან და ბარმენს მიესალმება. თავაზიანად მიესალმება. ისე, როგორც იმ ბარმენს არავინ არ ესალმება. იმ  ბარმენმა სტუმრების გარჩევის უნარი და სურვილი დიდი ხნის წინ დაკარგა. დაკარგა მაშინ, როდესაც მის ბარში სევდამ შეიარა და თვალი ჩაუკრა. ახალი სტუმარი განსაკუთრებული იქნება. ახალი სტუმარი ცივ ჩაის მოსვავს და დანარჩენებს გადახედავს. და ესპანეთს შეამჩნევს.

ახალი სტუმარი რობერტ ზემეკისია. რომელმაც ადრე, ბევრი წლის წინ გადაიღო "უკან მომავალში". და შემდეგ კიდევ ერთი სერია. და კიდევ ერთი. მარტი მაკფლაი მიდიოდა გიჟ, გადარეულ პროფესორთან და იმ პროფესორთან ერთად ბრუნდებოდა. მარტი მაკფლაი ბედნიერი იყო. მარტი მაკფლაის ერთ-ერთ სერიაში კლინტ ისტვუდს ეძახდნენ. და ბიჭუნა კინოგვერდების, კინოისტორიის დიდი ნაწილი გახდა. ეს რობერტ ზემეკისმა გააკეთა. და ზემეკისს ესპანეთი მოეწონა. ზემეკისმა შეამჩნია მაგიდის ფეხზე მიდებული მაჩეტე და ზემეკისს რობერტ როდრიგესი გაახსენდა. რომლის კინოგმირები სისხლის წვიმაში გადიან და არ სველდებიან. რომლის გმირებიც ბიძია კვენტინის დერეფნებიდან როდრიგესის ფილმებში გადადიან და სტანისლავსკის მეთოდით შედიან როლში. ზემეკისმა ეს იცის და ზემეკისმა კინოინდუსტრიას, ბავშვებს, ბავშვების მშობლებს, მშობლების დედებს და დაბერებულ მამებს მაკფლაის ღიმილი და იმ პროფესორის აჩეჩილი თმა აჩუქა.

თუ პროფესორი მოასწრებს დროის მანქანის დაქოქვას, თუ მაკფლაი დაალაგებს სიტუაციას მშობლებთან და მეგობარ გოგონასთან, თუ მაკფლაის არაფერი ხელს არ შეუშლის, ყველა ბედნიერი იქნება.

ესპანეთი სევდას ხურდა ფულს ართმევს. ხერესისთვის. და ესპანეთი ჯერ ვერ ამჩნევს რობერტ ზემეკისს. რომელიც უკვე ურეკავს პროფესორს და რომელმაც უკვე დაუმესიჯა მარტი მაკფლაის. შეტყობინებაში მოკლე ტექსტი იყო - ვარ აქ და აქ, ვხედავ ამას და ამას, მჭირდებით, გელოდებით. მალე პროფესორი და მაკფლაი იქ გაჩნდებიან. და ზემეკისი ახალ სცენარზე მუშაობას შეუდგება. და ესპანეთი დაბრუნდება. ხანდახან ისინი ბრუნდებიან. როგორც სტივენ კინგის გმირები. როგორც მარტი მაკფლაი და ის არანორმალური პროფესორი. როგორც ყველა კინოგმირი, ვინც გვენატრება და როგორც ყველა კარგი გმირი. ალბათ, ცუდი გმირი არც უნდა არსებობდეს. ზემეკისმა ეს იცის. ზემეკისმა ეს ბევრი წლის წინ გაიგო და დაიმახსოვრა. ზემეკისმა ესპანეთს უნდა მიხედოს. და ესპანეთმა ეს იცის.

ზემეკისი სევდამაც შეამჩნია. და არ ესიამოვნა. კაფეში მზის შუქმაც ცივი ჩაი შეუკვეთა და წელში გაიშალა. "უკან მომავალში" ყველას ახსოვს. მზესაც, ცელქ ვარსკვლავებსაც და ალბათ, სევდასაც. სევდა ესპანეთს უყურებს და გრძნობს, რომ ის, ესპანეთი ხელიდან ეცლება. მალე მატადორი წელში გაიშლება და დაიწყება ახალი წრე.

ესპანეთს დროის მანქანა დასჭირდა. დელ ბოსკეზე, კასილიასზე, რაულზე, იეროზე მეტად დროის მანქანა არის საჭირო. ესპანეთმა ეს იცის და ესპანეთი დაბრუნდება.

ესპანეთი ხომ ჯადოსნური გუნდი იყო. ზედიზედ სამ დიდ ტურნირზე (ევროტური 2008, მუნდიალი 2010, კიდევ ერთი ევროტური 2012) ხავიერ ბარდემის უბნელები ჩემპიონები ხდებოდნენ. უბრალოდ, გადიოდნენ მოედანზე, მწვრთნელის დავალება ახსოვდათ და იგებდნენ. გემოვნებით, ესპანურად იგებდნენ. იმ ნაკრების ლიდერები და მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლები, მწვრთნელები და მასაჟისტები იყვნენ ელეგანტური კანიბალები. და ის ნაკრები დადგა. ბრაზილიაში, ფეხბურთის სამოთხეში და ფეხბურთის გეტოში დადგა. ესპანეთი დანაყრებული კანიბალი იყო. ესპანეთი შეიცვლება. არენაზე ახალი ხარი გამოვა და ალბათ, დანებს ახალი მატადორი მიიღებს. წავლენ ინიესტა, ვილია, ტორესი და ის, განსაკუთრებული მეკარე, იკერი. ბრაზილიაში კასილიასიც იდგა. მატადორი არენაზე დანების გარეშე იდგა. და სისხლის წვიმაში მატადორი დაეცა. მატადორი ხარსაც შეეცოდა და არ გაიმეტა, მიდი, წამოდექი და აზრზე რომ მოხვალ, მერე გავარჩიოთ ჩვენი ამბებიო.

ესპანეთმა კაფეში სხვებს გადახედა. სხვებიც სევდამ დაპატიჟა. ზოგმა მზის შუქს შეუშვირა დაბერებული, გაუპარსავი სახე, დახუჭა თვალები და სითბოში დავიწყებას მიეცა. ზოგისთვის ეს წარსულში დაბრუნებაა. და ზოგისთვის ეს სიკვდილის მოახლოვება, ნირვანა, ახალი ნიღბის მორგებაა. ის ნიღაბი ცივი ლაბირინთიდან აჩრდილებმა გამოიტანეს და ყველას დაურიგეს.

კასილიასი ამ ნიღაბს მალე მოიხსნის.

ესპანეთი ამ ნიღაბს მალე მოიხსნის.