თანასწორობა ქართულად ბაია პატარაიას აზრი
12 სექტემბერი, 2014
1763
print

თაკო სალთხუციშვილი

წარდგინება

ბაია პატარაია - იურისტი ადამიანის უფლებათა სფეროში, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი, კავშირი საფარის თანათავმჯდომარე... გავაგრძელო?

ბევრ სხვა ადამიანთან ერთად ვმუშაობ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ადამიანთა არსებით თანასწორობის მივაღწიოთ. ამჟამად ჩემი ყველა საქმიანობა დისკრიმინაციასთან ბრძოლას უკავშრდება, იქნება ეს აკადემიურ სივრცეში თუ სხვა სივრცეში, მუდმივად ვცდილობ ავხსნა, თუ რას ნიშნავს თანასწორობა, ნამდვილი, შინაარსიანი თანასწორობა და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი. ყველანი უნდა ვიყოთ თანასწორები, გვქონდეს მეტ-ნაკლებად თანაბარი შესაძლებლობები განვითარებისთვის და ვცხოვრობდეთ ისე, რომ სხვა ადამაინები ხელს არ გვიშლიდნენ.

თანასწორობა საქართველოში?!

თანასწორობას სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით ზომავენ. მაგალითად, ადარებენ ქალის შემოსავალს კაცისას. ჩვენთან კაცების შემოსავალი ქალებისას რამდენჯერმე აღემატება. ასევე უყურებენ, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკასა და კერძო სექტორში, აქ ქალი დაახლოებით 10 პროცენტით არის წარმოდგენილი.  მთელი რიგი დაბალანაზღაურებადი პროფესიების ფემინიზაცია ხდება. მიუხედავად კანონში არსებული თანასწორობისა, ყველამ იცის, რომ სახლი/უძრავი ქონება ბიჭს რჩება, გოგო კი ვიღაცას უნდა მიათხოვონ. ქალის სექსუალობა ძალიან შეზღუდულია. ქალიშვილობის ინსტიტუტი ისევ არსებობს. თუ ქალი გათხოვილი არ არის და შვილები არ ჰყავს, აპრიორი წარუმატებლად ითვლება. ჩვენს ქვეყანაში ქალის ძირითადი როლი დედობაა. დღემდე სკოლებში გამოკრულია პლაკატები – „ქალი სუსტია, დედა ძლიერი“ – ასე ვზრდით ბავშვებს!

საზოგადოება მკაცრად განსაზღვრაბს, თუ რა უნდა აკეთოს ქალმა და რა - კაცმა. ხშირად, როცა სოფლებში ტრენინგს ვატარებ გენდერზე, ერთ-ერთი სავარჯიშოს გაკეთებისას ქალები ამბობენ, რომ კაცი სრულფასოვნებას, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას გრძნობს, ქალი კი სევდას, მორჩილებას და არარეალიზებულობას. ქალებს კაცები ძალიან რეალიზებულები და თავისუფლები ჰგონიათ. სინამდვილეში არც კაცია თავისუფალი ისეთ საზოგადოებაში, რომელიც ესე მკვეთრად და მკაცრად განსაზღვრავს გენდერულ როლებს. კაცის გენდერული როლიც ისეთივე არათავისუფალი და შემზღუდავია, როგორიც ქალის. „ნამდვილი ქართველი მამაკაცი“  აუცილებლად ძალიან ძლიერი, მაჩო უნდა იყოს და ბევრი ფულიც ჰქონდეს (ოღონდ საიდან - არავინ იცის), ნათესავიდან დაწყებული ოჯახით დამთავრებული ყველას უნდა ინახავდეს. ასევე ჰგონიათ, რომ კაცი სექსუალურ ცხოვრებაშიც აუცილებლად “წარმატებული” უნდა იყოს, ანუ „ცოლიც უნდა ჰყავდეს და საყვარლებიც“. ცამეტი წლის ასაკში ბიჭები სექს-მუშაკებთან მიყავთ დასავაჟკაცებლად.  ბევრს საშინლად ახსენდება ეს გამოცდილება და ამბობს, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. რეალურად გამოდის, რომ ქალიც და კაციც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს. ქალთან ეს რა თქმა უნდა გაცილებით უფრო თვალსაჩინოა, იმიტომ, რომ პრაქტიკულად თავისუფლება არ აქვს

ქვეყანაში ეპიდემიაა – „მკვლელობები“

ფაქტია, რომ მკვლელობები სულ იყო, წელს განსაკუთრებით იმატა, თუმცა ამჯერად მედია სენსიტიური გახდა - კომპლიმენტი მედიას. მეორე საკითხია, თუ როგორ აკეთებს ამას. სამწუხაროდ, მედიამ ხშირად არ იცის, როგორ უნდა გააშუქოს მკვლელობა ისე, რომ ერთგვარი რეკლამა არ გამოუვიდეს. მაგალითად, შეცდომაა, როდესაც მედია იძიებს, თუ “რატომ მოკლა?”. საკითხის ასე დასმას მოყვება მკვლელობის მორალური საფუძვლის ძიება, რაც სავალალოა. ზოგი ამბობს, რომ კაცებსაც კლავენ და ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. მაშინ მე გკითხავთ: საკუთარი გენდერის გამო კლავენ კაცებს? ქალები კლავენ? ფსევდო-სასიყვარულო მოტივებით კლავენ? არა. ქალის მკვლელობის უმეტესი შემთხვევა მის სქესთანაა კავშირში და ამ მკვლელობების უდიდესი ნაწილი ჩადენილია ოჯახში –მეუღლე ან ყოფილი მეუღლე კლავს ცოლს, ან ე.წ. თაყვანისმცემელი კლავს ქალს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კაცები ქალის უარს არ იღებენ (უარია, როცა არ მიყვები ცოლად, როცა გაშორდი, როცა აღარ გიყვარს). მოძალადე კაცის რიტორიკა დაახლოებით ასეთია: „სანამ მე არ გადავწყვეტ, მანამდე ვერ დამშორდები. გადაწყვეტილების მიმღები მე ვარ. შენ შეიძლება კანონის მიხედვით გამშორდე, მაგრამ მე არ “გიშვებ”. შენს ნებას თუ ვერ ვერევი, მაშინ ფიზიკურად მოგერევი: გცემ, თუ ამანაც არ უშველა, მოგკლავ“. ანუ კაცები არ აღიარებენ და პატივს არ სცემენ ქალის უარს, ქალის თავისუფალ ნებას.

(ამას წინათ ფეისბუქზე წავიკითხე – „შენ ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც მე მინდა, თუ არ გააკეთებ, კოჭებს დაგიცხრილავ და მერე მთელი ცხოვრება ხელით გატარებო“ – აი, რა ჩემს ფეხებად მინდა, შენ რომ ხელით მატარო?! რეალურად ძალადობა რომანიტიზირებულია, მთელი პრობლემაც ესაა.)

კაცის ჭკუა

მეორე უცნაურობა, რაც კაცებს სჭირთ, არის ქალის დისციპლინირების მუდმივი მცდელობა. თითქოს ქალი ისეთი სრულყოფილი ადამიანი არ არის, როგორიც კაცი. ის დაბლამდგომი არსებაა, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად და გონებრივად სუსტი. „კაცის ჭკუა და ლოგიკა“ – იიფ! „ქალის ლოგიკა – სასაცილო ლოგიკა“. ამიტომ კაცმა ქალს ჭკუა უნდა ასწავლოს, ქალმა კი კაცის ჭკუაზე იაროს.

ამ ყველაფრის გამყარება არასამართლიანი მაგალითებით ხდება ხოლმე – „მეცნიერებაში რა გაუკეთებიათ ქალებს“. ჯერ ერთი - გაუკეთებიათ, და როცა არ იცი, შენი განათლების პრობლემაა! მეორეც, თუ რაოდენობას გამოვეკიდებით, როდიდან შეძლეს ქალებმა ადეკვატური და შესაფერისი განათლების მიღება და მუშაობის იგივე პირობების მოპოვება, რომ პროდუქტი დადონ. განათლებას არ აძლევდნენ, სასწავლებლად არ უშვებდნენ და ყველანაირად ზღუდავდნენ! სწორ მაგალითებზე საუბარი 21–ე საუკუნიდან შეიძლება. საერთოდაც, მომავალი ქალების არის!  მათ თავისი პოტენციალი ჯერ არ გამოუვლენიათ და ახლაღა ეძლევათ საშუალება.

გვავიწროვებენ!

მე, რომელიც წარმატებულ ქალად ვითვლები, ბევრი წინააღმდეგობა ადრეც მხვდებოდა და დღემდე მხვდება: შევიწროვება ასაკის, შეხედულების და  სქესის გამო – ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში. ბევრი ქალის მაგალითი ვიცი, დაწინაურებაში ხელი მხოლოდ სქესმა რომ შეუშალა. მათი უფროსები თვლიდნენ, რომ ვინაიდან ისინი ქალები იყვნენ, მოუნდებოდათ გათხოვება, შვილები, დეკრეტული შვებულება და ა.შ. ყველა სისტემაში ქალი მეორეხარისხოვანია და ჭკვიანი მენეჯერიც კი, რომელიც შეიძლება დარწმუნებულია ქალის შესაძლებლობებში, დაწინაურებაში უპირატესობას ანიჭებს ქალზე ნაკლებ კაცს ,რადგან იცის – რომ კაცს ფორა აქვს ყველა სხვა სისტემაში. მაგალითისთვის განვიხილოთ რელიგიური ინსტიტუციები და “ქუჩა”, ანუ ორი გავლენიანი სისტემა, რომელიც მთლიანად მასკულინურია. 1) რელიგიურ ინსტიტუციებში ქალი მორჩილია, თავზე უნდა დაიფაროს, არის ადგილები, სადაც ქალის შესვლა არ შეიძლება, მენსტრუაცია თუ აქვს, საერთოდ ვერაფერს მიეკარება, და ა.შ. 2) ქუჩის სისტემა – მთელი თავისი “ქუჩის აკადემიით” და “შავი გაგებით” – რა ქალი, რის ქალი?! ქალი საერთოდ არავინაა ამ სისტემაში.

მამრები პოლიტიკაში – ნინო ბურჯანაძე და თამარ მეფე

უმეტესად ფიქრობენ, რომ პოლიტიკა ქალის საქმე არაა. და ბევრი ქალი, რომელიც პოლიტიკაშია, საერთოდ არ არის ქალი პოლიტიკოსი. მარტო რეპროდუქციული ორგანო ხომ არ განსაზღვრავს იმას, რომ ქალი ხარ?! აი, მაგალითად ნინო ბურჯანაძე. ის ქალი პოლიტიკოსი არ არის. მისი მართვის სტილი, გადაწყვეტილების მიღების მეთოდი, ურთიერთობა სხვა პოლიტიკოსებთან, მისი პოლიტიკა – თავიდან ბოლომდე მაჩოისტურ–მასკულინურია. პოლიტიკურ პარტნიორებად საკუთარ გუნდშიც კი  ერთიანად კაცები ამოუყენებია გვერდში, ოჯახის წევრი კაცებით დაწყებული სხვა თანამებრძოლებით დამთავრებული. მარგალიტის მძივი არ აქცევს მას ქალ პოლიტიკოსად.

სამწუხაროდ, ბევრი ქალი, რომელიც  წარმატებას აღწევს, თავის ფემინურობაზე და ქალურობაზე უარს ამბობს. ხშირად ქართველ ქალ პოლიტიკოსებს დედა ფუტკრის სინდრომი ემართებათ - ფემინისტებს და სხვა ქალებს დასცინიან, და მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნიათ გამორჩეულ ადამიანებად. ის თავს ქალად კი არა, ქალზე აღმატებულად მიიჩნევს.

თამარ მეფე ვინ იყო? კაცი პოლიტიკოსი იყო, რომელიც დასვეს ტახტზე და მერე “გაქაჩა”, ოღონდ თავიდან ბოლომდე კაცურად. თამარ მეფემ არაერთი პროგრესული იდეა შეაჩერა, რადგან ზუსტად ისეთი კაცური და ავტოკრატული მეფე ყოფილიყო, რომელიც მთელი ხელისუფლების უზურპაციას ახდენს. არანაირ დემოკრატიაზე, ძალაუფლების გაყოფაზე და სხვა ქალის გაძლიერებაზე მას არ უზრუნია.

სექსიზმის მაცოცხლებლები

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სექსიზმს ქალები აცოცხლებენ! პატრიარქალური აზროვნება ახალ თაობაზე ქალების საშუალებით გადადის, წესები ნარჩუნდება. თან ჩვენს გარემოში, სახლში მამა ლამის თვალით არ ჰყავთ ხოლმე ნანახი არც ბიჭებს და არც გოგონებს. და იმისათვის, რომ გოგოსაც და ბიჭსაც მკაცრად გამიჯნული გენდერული როლები მოარგო, ძალიან პატარა ასაკიდანვე და მუდმივად უნდა „იმუშაო“ მათზე. მთელი სისტემაც გეხმარება, ეს ხომ უზარმაზარი სისტემაა, მაგრამ პირველი დამრტყმელი ძალა მაინც დედა და ქალია.

„GDS–ის ტრაკები“

საერთოდ ეგ გადაცემა ძალიან სექსისტურია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქალის დამცირებას ჰქონდა ადგილი. მოდი მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაიგო, ავხსნათ,  თუ რატომ იყო ცუდი საჯდომებზე ტყაპუნი.  განა საჯდომზე მიტყაპუნებაა აკრძალული? გააჩნია, რა კონტექსტში ხდება, სად ხდება და რატომ ხდება. ნივთად წარმოდგენილი ცალკე აღებული ქალის ერთი ორგანო, რომელსაც სექსუალური დატვირთვას აძლევ, არის სექსიზმი. მე არ მაინტერესებს კონკრეტულად ეს გოგობი ვის მისცემენ დატყაპუნების უფლებას, ამაში ფულს აიღებენ თუ არა და ა.შ. მაგრამ ამ გადაცემას ორი გოგოს ისტორიად ვერ განვიხილავთ. ამ კონკრეტულ სიტუაციაში მოხდა ზოგადად ქალის დამცირება. თუ ეს დამცირება არ არის, მაშინ დააყენონ საკუთარი დედები, დები ან ცოლები, ჩახადონ და ურტყან. პრობლემა ის არის, რომ დღემდე ვერ ხვდებიან, რომ ამით სტერეოტიპებს ამყარებენ, ქალს ადამიანის სახეს ართმევენ და გამოსაყენებადი ნივთის სახეს აძლევენ. ამ სტერეოტიპებს მივყავართ იმ ფემიციდებამდე და ძალადობამდე, რომლებსაც მორალური ლეგიტიმაცია ეძლევა მეშემდგომში. სანამ კავშირს ვერ დავინახავთ ამ ტრაკზე ტყაპუნით გამყარებულ სექსიზმსა და ახალციხეში მომხდარ მკვლელობას შორის, მანამდე არ გვეშველება.

გამოსავალი - ქალური სოლიდარობა

საქართველოში თანასწორობის საწყის ეტაპზე ვართ. ჯერ ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ უთანასწორობის და სექსიზმის პრობლემა არსებობს. ძალიან ბევრი ადამიანი უარყოფს პატრიარქალური სისტემის არსებობას და ქალის ჩაგვრას. თამარ მეფე, ქართლის დედა, სადღეგრძელოები, 8 მარტს ნაჩუქარი ყვავილები ჰგონიათ თანასწორობა. ვერ მივედით იმის აღიარებამდე, რომ ქალებს პრობლემები აქვთ იმიტომ, რომ ქალები არიან. პრობლემის გადაჭრა პრობლემის აღიარებით იწყება.  ეს სოციალური პრობლემაა, საზოგადოებაშია და მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს.

პირველ რიგში ქალები უნდა მიხვდნენ პრობლემას და ბრძოლა პირადი ინტერესის გამო დაიწყონ. უნდა მოითხოვონ ის შესაძლებლობები, რაც სჭირდებათ გარკვეული წარმატების მისაღწევად. მათ უნდა სჯეროდეთ საკუთარი თავის,და სხვა ქალების. ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები უნდა გახდნენ! კაცებთან ერთადაც უნდა ვიმუშაოთ, კაცების პრობლემებიც უნდა მოგვარდეს. უშველებელი ტვირთი აწევს ორივე სქესს, რომელიც მთლიანად კონსტრუირებული და მოგონილია და ამისგან უნდა გავთავისუფლდეთ.

P.S. პასუხებით იცით ალბათ სად უნდა მომმართოთ. გპირდებით, ბაიას ყველა თქვენს წერილს გადავცემ და ტრადიციულად, თუ მისი აზრი არ მოგეწონათ, „უკეთესი თქვენ თქვით“.

 

თაკო სალთხუციშვილი