საშემოდგომოებგამოყოლილნი
03 ოქტომბერი, 2014
3611
print

ქეთევან იგნატოვა

ზაფხულის ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ, წერის დაწყება, ყოველთვის მიჭირს და ეს თქვენთვისაც არაერთხელ გამიზიარებია. მით უმეტეს, ასეთი, ჩემთვის სრულიად უჩვეულო, არასაგაზეთო, არამედ, ვირტუალური ფორმით, არა გაზეთის და ჩემი ერთგული, წლებით გამოცდილი, არამედ სრულიად ახალი, ვირტუალური მკითხველისთვის. ასეთი ცხელი, მძიმე და ერთიმეორეზე უცნაური, ძნელად ასახსნელი, თუ არა სულელურ-გაუმართლებელი ფაქტებითა და მოვლენებით, განცხადებებითა და კომენტარებით გადატვირთული ზაფხულის სრულად გახსენებაც კი მიმძიმს… ასე, შეგრძნების ზედაპირულ დონეზე თუ გავიხსენებ, მოკლედ ვიტყვი, რომ ზაფხულის თვეების მანძილზე, გაუსაძლისად მცხელოდა (გვცხელოდა) და გაუსაძლისად მრცხვენოდა (გვრცხვენოდა)… ამდენი, ასეთი უსაშველო, გამოუსწორებელი, ყველა საგანში საშემოდგომოგამოყოლილი და ზოგიერთი კი, საერთოდ, ჩარჩენილი ოროსანი ერთად ჩვენ “ოცნებაში” საიდან აღმოჩნდა? სად შეიკრიბა? ან ვინ და რა ნიშნით შეკრიბა?

კლასში ოროსანი ვის არ ყოლია? ზოგიერთს, ქართულ წერასა და ზეპირში, ზოგიერთს მათემატიკაში, ზოგიერთს ჰუმანიტარულ საგნებში მუდმივი ორიანი ყავდა, მაგრამ სამაგიეროდ, ფიზკულტურაში, ან ხატვაში, ან შრომაში… მაინც ჯობდა ყველას. ასეთ, ყველა საგანში ერთნაირად წყალწაღებულ ოროსანს, მე პირადად, ჩემ კლასში ვერ ვიხსენებ. ვიღაცა, რაღაცაში მაინც ვარგოდა. თითოეული ჩვენთაგანის საკლასო ოთახის ბოლო მერხებზე, როგორც წესი, ოროსნები ისხდნენ, გამოძახებისას იმალებოდნენ, ახსნისას გემრიელად იძინებდნენ, საკონტროლოს დროს სხვისგან იწერდნენ და ვერ იწერდნენ… ამით ვის გააკვირვებ? მაგრამ გასული ზაფხულის მოვლენებს, სულ ზედაპირულადაც თუ გადავხედავთ, ისეთი გრძნობა გვრჩება, თითქოს ვიღაცამ ხმამაღლა დაიძახა - “ოროსნებო მთელი ქვეყნისა, შეერთდით!” და შედეგიც სახეზეა! ოროსნები გაერთიანდნენ, გათამამდნენ, ბოლო მერხებიდან თავები წამოწიეს, წინა რიგები, წამყვანი ადგილები დაიკავეს და…

დღეს ქვეყანას ტოტალური ოროსნობა, უვიცობა და კიდევ, ალბათ, უტიფრობა, მართავს… ჩვენ კი რა დაგვრჩენია, თუ არა დამსხვრეული ოცნების ნატეხები შევაგროვოთ და ხმამაღლა ვაღიაროთ, რომ გვრცხვენია (მრცხვენია)!

გვრცხვენია (მრცხვენია), როდესაც ყველა წყალწაღებული ოროსანი ერთხმად, ხმამაღლა, მონდომებულად, საჯაროდ და ასე მოუმზადებლად და უტიფრად, ყველა საგნის დავალებას, გაკვეთილს, განურჩევლად, მხოლოდ ერთ, ოროსნების სახლში მიმღებ “რეპეტიტორს” ასე მაამებლურ-”პადხალიმურად” აბარებს. “ოღონდ, ახლა დამიწეროს ნიშანი! ოღონდ, ახლა, გადავრჩე!”… და “რეპეტიტორიც” იბარებს და კმაყოფილი იჯერებს, რომ ფიზკულტურაშიც და მათემატიკაშიც ერთნაირად კომპეტენტურია.

გვრცხვენია (მრცხვენია), როდესაც მორიგი ოროსანი პრეზიდენტს და რაც მთავარია, დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარს, პრეზიდენტის ინსტიტუტს ასე მდაბიოდ, ასე უგემოვნოდ, მართლაც რომ ოროსნულად შეურაცხყოფს. რა სხვის ხარჯზე “პაეზდკები” აუტყდათ? ყველაფერში ორი, ყველა საგანში საშემოდგომო აქვთ და ვოიჟებისთვის სცალიათ? დასხდნენ და ნება იბოძონ - იმეცადინონ! თავს ნუ გვჭრიან! პრეზიდენტის ნაცვლადაც მრცხვენია (გვრცხვენია)! რა “ინტელიგენტობა” და სირბილე მოინდომა ამ სრულიად არაინტელიგენტ ოროსნებთან? მისი მოთმინება თუ უსაზღვროა, ჩვენ მოთმინებას საზღვარი ნამდვილად აქვს. მარგველაშვილი რა, რა და ოროსანი არასდროს ყოფილა. გაკვეთილი ნასწავლი ექნება. ხოდა, ადგეს და ხმამაღლა, თამამად, რიხიანად, როგორც მასწავლებლები გვეუბნებოდნენ, გასცეს პასუხი!

ამ ზაფხულის ცხელი თვეების მანძილზე, ფაქტიურად, ყველაფერში ორები მიიღეს?!

უკრაინასთან, იქ მიმდინარე ტრაგიკულ და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის აღმაღშფოთებელ მოვლენებთან მიმართებაში - ორი!

მთელი მსოფლიოს მიერ მთავარ ტერორისტად, აგრესორად აღიარებულ პუტინთან და მის დღევანდელ პოლიტიკასთან მიმართებაში - ორი! უკრაინისა და საქართველოზე განხორციელებული რუსული აგრესიის, ოკუპაციის სრული იდენტურობის აღიარებაში - ორი! უკრაინის თანადგომაში - ორი!

პოლიტპატიმრების რაოდენობაში, გიგი უგულავას სამარცხვინო, რაღაც შეშინებულად, მფრთხალად დაჭერაში - ორი! ახალაიას წინასწარი პატიმრობების უპრეცედენტო რაოდენობაში - ორი! გირგვლიანის საქმის ვერგამოძიებაში - ორი! წინასაარჩევნოდ ხმაურიანად შეპირებული ჟვანიას საქმის, აგერ უკვე მეორე წელია, გახსნა-ვერგახსნაში - ორი! სააკაშვილის წინაღმდეგ საქმის აღძვრისთვის და ექსპრეზიდენტის წამლების, საჩუქრების, შეძენილი წიგნების, ნაჭამი კატლეტების… დათვლისთვის, უნახავებივით მისი კოსტუმების დატაცებისთვის, პრეზიდენტის ბებიის ოპელის, საღამური პერანგის და ერთი წყვილი (უხმარი!) კოლგოტკის; სანდრასთვის კი მამის საჩუქრების დაყადაღებისთვის; სიმდაბლისთვის; უგემოვნებობისთვის; ხამობისთვის; დაუნახაობისა და ღორობისთვის - ორი!

ციხეებში მაყურებლების და გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობაში - ორი! კანონიერი ქურდების ინსტიტუტის აღდგენაში, მათ დაბრუნებაში, ქვეყნის ტერიტორიაზე მათ თარეშში, მათ მიერ სრულიად დაუფარავად, ხმაურიანად გადახდილ მრავალკაციან ბანკეტებში, ქეიფებში, ქორწილებში - ორი! პოლიციის დასუსტებასა და ავტორიტეტის დაკნინებაში - ორი! კრიმინალის კატასტროფულ, საგანგაშო ზრდაში - ორი! ჭიკაიძის მოძიება-მოწონება-დანიშვნაში - ორი და ნუ, თავად ჭიკაიძეს ხომ, ორი და ორი! ამდენი მოკლული, დაჭრილი ახალგაზრდისთვის, წამლისგან გაპარულისთვის - ორი! თენგო ერისთავისთვის (ნებისმიერისთვის) ნარკოტიკის ჩადების თავხედური იდეისთვის და ამ თავხედური უკანონობის, ასე უნიჭოდ განხორციელებისთვის - ორი! თუნდაც რთული ახალგაზრდის ასე უკანონოდ და არაადამიანურად გამეტებისთვის - ორი! სხვადასხვა მიზეზით, ეჭვით, საბაბით დაკავებულების სასტიკი ცემა-წამებისთვის - ორი! 90-იანი, განუკითხაობის წლების მსგავსი და რეალურად, სრულიად არაეფექტური, აფერისტული რეიდებისთვის - ორი!

გზების, ხიდების, სანაპირო ზოლის, ბულვარების, სტადიონების, იუსტიციის სახლების, პოლიციების, საავადმყოფოების, სკოლების… მშენებლობის შეჩერება-ვერგაგრძელებისთვის, ბიუჯეტის ვერშევსებისთვის, სამუშაო ადგილების ვერშექმნისთვის, გამოწერილი ასტრონომიული პრემიებისთვის, დაბალპროცენტიანი, ფაქტიურად უპროცენტო კოლოსალური კრედიტების გამოტანისთვის, სასწრაფოდ შეძენილი ფეშენებელური ბინებისთვის, მანქანებისთვის, გაუთავებელი “ლიპა” მივლინებებისთვის… - ორი!

ბარბარე რაფალიანცის მკვლელობისთვის, ამ მკვლელობის სხვისთვის გადაბრალების უზნეო და უსუსური მცდელობისთვის - ორი! მანანა ბერიკაშვილს ამ სიბინძურეში აქტიური, მონდომებული მონაწილეობისთვის, სპეკულატიური ცრემლებისთვის, სიყალბისთვის - ორი, გადაბარების უფლების გარეშე! თეატრალურ სამყაროში მაინც არ ეტრიალა?! ასეთ უნიჭო თამაშს სად ნახავდა? ნეტავი, სტურუას სპექტაკლებზე დადიოდა? ალასანიასაც - ორი! ისე, ამ “სიმპო” ოროსანს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რთული გამოცდის, ზუგდიდში მიმდინარე არჩევნების წინა ღამეს (სხვათა შორის, თუ გახსოვთ, წააგო! ოროსანი ჩაიჭრა!), ქვეყნის რადიკალურად საპირისპირო ბოლოში, სულ სხვა რეგიონის, კახეთის ერთ პატარა, ყრუ სოფელში რა უნდოდა, რა ესაქმებოდა? ქვევრების, გაგუდული ბავშვების, ოჯახური ტრაგედიების, თუ გაუთვალისწინებელი სკანდალების ალაგმვის სპეციალისტია?

ეროსი კიწმარიშვილის დაკვეთილ მკვლელობაში და ქალაქის, ხალხის უტიფრად მოტყუების, გაპამპულების თავხედურ და მაინც, ძალიან უსუსურ მცდელობაში - ორი! ხალხი, საზოგადოება არ ტყუვდება. ამ მარტივი ჭეშმარიტების არცოდნა-იგნორირებისთვისაც - ორი!

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კანონმდებლის, მანანა კობახიძის სიბეცის, სრულიად უბრალო, სამწუხაროდ, ასე ხშირად ხმარებადი სიტყვა კრიმინალის ელემენტარული მნიშვნელობის არცოდნის შესაფასებლად სამარცხვინო ორიანიც კი დასანანია! ქალბატონმა პარლამენტარმა ისიც კი არ იცის, რომ მისი “ჯიგიტი” ქმარი, ვინმეს “შუბლს თუ გაუხვრიტავს” კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს… თუმცა, კი იცის ალბათ, მაგრამ ეკა ბესელიას შვილს თუ ეპატიება, მანანა კობახიძის ქმარი დაბალი ღობეა, თუ რა? არც მანანაა პატარა ქალი! ეგეც, კოლეგის მსგავსად, მოახერხებს და საქმიდან საყვარელ ქმარს ამოაღებინებს, გააქრობს.

კობახიძეს კანონების არცოდნასა და შუბლისძარღვგაწყვეტილი დემაგოგიისთვის - ორი!

ბესელიას კანონის დარღვევისთვის, უტიფრობისთვის, და რა თქმა უნდა, არა ინგლისურის არცოდნის, არამედ ინგლისურად თავხედურად ლაპარაკისთვის - ორი! ხო და კიდე, საკუთარი თავის ვერშეფასებისა და საკუთარი ადგილის არცოდნისთვისაც - ორი!

ფანჯიკიძეს, აბდაუბდა, უსისტემო, ულოგიკო და რაც მთავარია, ქვეყნისთვის ძალიან საზიანო სავიზო რეჟიმის შემოღებისთვის და რუსეთთან მაამებლური პოლიტიკის არგაპროტესტება-გატარებისთვის - ორი!

სერგეენკოს მოკლევადიანი “აფიორა” საყოველთაო დაზღვევისა და გაუაზრებელი რეცეპტების (დავიტანჯე! თავის ტკივილს მარტო ნიმესილი მიხსნის!) შემოღებისთვის - ორი!

პეტრიაშვილს კონფორმიზმისთვის - ორი!

ჭიკაიძეს ორს ვერ დავუწერ. ეს ახალგაზრდა, სხვა, სპეცსკოლაში სპეცკურსს უნდა გადიოდეს და სხვასავით ვერ მოვთხოვთ! ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო.

გიორგაძე მინისტრს ჯერ არ შევაფასებ. გიორგაძე მეგობარს - ორი!

ხადურისნაირი წყალწაღებული ოროსანი საერთოდ გასარიცხია!

თვალებში ვერდაფარული სიძულვილისთვის წულუკიანს - ორი!

ვოლსკის… ოხ, ვოლსკი, ვოლსკი!... ნუ, თუნდაც, შატალოზე კინოში სიარულისთვის - ორი! რა დროს კინოა, რომელშიც არაფერი გაეგება, როდესაც ამხელა სპეცსამსახურები მისი რაპორტების იმედად არიან? ცენზორია, კინომცოდნე, თუ აგენტი? მაგანაც გვახარიობა მოგვინდომა?!... ოროსანი!

ქუცნაშვილს, ისე, უბრალოდ, არსებობაში და ვარცხნილობაში - ორიანი.

კურტანიძე, ჯაჭვლიანი… სპეცინტერნატში!

ნარმანიას დიდი ორი თავხედობისთვის, ქალაქის არცოდნისთვის, არსიყვარულისთვის, საკუთარი პატარა სოფელ კოკის ასეთი ღალატისთვის, დაურგველი ხეებისთვის, გაუტანელი ნაგვისთვის და ქალაქის თავზე გადაჭიმულ საბაგიროებზე, თუნდაც, ოცნების გაბედვისთვის!

ივანიშვილს კი ამდენი გამოუსწორებელი, უნიჭო, უუნარო, უცოდინარი, უტიფარი ოროსნის შემოკრებისთვის და ჩვენ თავზე დასმისთვის - ორი! ერთი სამოსანი რა გახდა?! მოეძებნა! ოთხოსან-ხუთოსანს ვინღა ჩივის!....

ზაფხული დამთავრდა, შემოდგომა დაიწყო და სამარცხვინოდ ყველა საგანში გამოყოლილი ორიანების, საშემოდგომოების გადაბარების დრო მოვიდა! ორი წელი ვაცადეთ და ახლა ვნახოთ, ვინ რისი შემძლეა? დასხდნენ და ცოტა მაინც წაიმეცადინონ, წაიკითხონ, ტვინი გაანძრიონ... არ აწყენთ…

ზაფხულში გაუსაძლისად ცხელოდა… მაგრამ ახლა, ხომ აგრილდა?!

ქეთევან იგნატოვა