ორ ცეცხლს შუა
03 ოქტომბერი, 2014
1636
print

ნოდარ ლადარია

მონღოლებს მიაჩნდათ, რომ ცეცხლი ბოროტ განზრახვებს ანადგურებს, ამიტომ ყველა სტუმარს, ვინც კი ყაენის კარავში შედიოდა, უსაფრთხოების პროტოკოლის დასაცველად ორ კოცონს შორის ატარებდნენ. თავად მიხეილ ჩერნიგოველს ეგონა, რომ ასე მაზდეანობის თუ სხვა რამ წარმართობის მიღებას სთხოვდნენ და კოცონებს შუა გასვლა არ ისურვა. მონღოლებს ეგონათ, რომ თავადი ყაენზე თვდასხმის განზრახვას უფრთხილდება და მოკლეს იგი...

 

პირველ ოქტომბერს დაიწყო მესამე წელი. იმედია, მკითხველი გამიგებს... ორმა წელმა გაიარა — ახლა ამ განვლილი ორი წლის შედგებს არ განვიხილავთ, რადგან ეს საქმე ვერანაირად ვერ წაგვწევს წინ. ისედაც ყოველდღე ეხლება ერთმანეთს ორი „არგუმენტი“ - „შეუსრულებელი დაპირებები“ და „სისხლიანი ცხრა წელი“ - მაგრამ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ამას არანაირი შესამჩნევი შედეგი არ მოსდევს.

ამიტომ დღევანდელობის მთავარი შეკითხვა სხვანაირად ჟღერს. მთავარი შეკითხვა-მეთქი, მაგრამ ჯერ არავის დაუსვამს ხმამაღლა. ეგ არაფერი, ჩვენ დავსვათ: ორი წლის განმავლობაში უახლოესი წარსულის მეხსიერება უნდა დაძლეულიყო, მაგრამ არ დაძლეულა - რატომ?

მართლაც, თენგიზ ერისთავის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოსული ვაკელი სუბიექტების ინტელექტი და ბიოგრაფია არ გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკურ ისტორიას ამ ყაიდის ადამიანებზე რაიმე საგრძნობი ანაბეჭდის დატოვება შეუძლია. ერთი შეხედვით, მათგან შეიძლება ველოდეთ ფაქტებზე უშუალო რეაგირებას, მაგრამ არა რეფლექსიას. სხვა სიტყვებით, ამ ადამიანებს შეუძლიათ გამოხატონ გარკვეული ემოცია იმის გამო, რასაც მოცემულ მომენტში გრძნობენ, მაგრამ არა აქვთ უნარი გაიაზრონ და შეაფასონ მოვლენათა მეტ-ნაკლებად რთული და ხანგრძლივი მიმდევრობა.

და მაინც, ჩვენ, ვინც სერიოზულად მივიღეთ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგები და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, შევესწარით ერთობ უცნაურ მენტალურ ფენომენს: პირდაპირ ეთერში შეკრებილი ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ „ნაციონალები“ დღემდე მართავენ საქართველოს.

გამოვიყენოთ აღწერის გავრცელებული ხერხი, რომლის თანახმად დროებით დავიჯეროთ, რომ მცდარი ახსნა ჭეშმარიტია და ვაჩვენოთ, რომ ვცდებით. წარმოვიდგინოთ, მაგალითად, რომ ჩვენ წინაშეა არა უშუალო რეაგირება, არამედ სწორედ რეფლექსია. როგორ არის ამგვარი რეფლექსია შესაძლებელი და როგორია მისი ბუნება? შეგვიძლია მოვიყვანოთ ორი ახსნა:

1. „შეთქმულების თეორია“ - ამ ახსნაში „ნაციონალებს“ ისეთივე ადგილი უჭირავთ, როგორიც, მაგალითად, „მასონებს“, „ილუმინატებს“, „მსოფლიო ებრაელობას“ და ა. შ. „ნაციონალები“ აწყობენ საბოტაჟს, ახერხებენ მოატყუონ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი და საერთოდაც, თავის ჭკუაზე ატრიალებენ მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებს. ერთი მხრივ, ადვილი გასაგებია, რომ თბილისის ყოფილ გარეუბანში აწ კი ცენტრში დასახლებული გასული საუკუნის ნომენკლატურული ელიტის ნარჩენები ვერასოდეს მიხვდებიან, მიუხედავად მილიარდებისა, რატომ ვერ მოახერხა მათმა რჩეულმა ერთი შარონ სტოუნის მოხიბლვაც კი და დღემდე ბერიკაშვილებს ელოლიავება. ასეთი გონებრივი შესაძლებლობებით მართლაც სრულიად ბუნებრივია შეთქმულების თეორიის ტყვეობაში ჩავარდნა, მაგრამ რას გვაძლევს ეს ახსნა? - განა იმისთვის წამოვიწყეთ ამხელა მსჯელობა, რომ დავადგინოთ, როგორ წარმოიშობა იდეები რომელიმე ჭოხონელიძის ან ოთხმეზურის თავში?

2. სრულიად შესაძლებელია, რომ ვაკელი სუბიექტები მიმართავდნენ მათთვის ჩვეულ კომუნიკაციურ სტრატეგიას - მიმეზისს. თუ ვუდი ალენის ცნობილ ფილმს გავიხსენებთ, ისინი თამაშობდნენ, ასე ვთქვათ, კოლექტიურ ზელიგს — ადამიანს, რომელიც იპყრობდა სხვის გულს მისი შეხედულებების, ჩვევების, გარეგნული სახის ათვისებითა და მიბაძვით. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ამიტომაც აიტაცეს ხელისუფალთა უსუსური მეთოდი, როცა საკუთარ ჩავარდნებს ყბადაღებული „ცხრა წელიწადით“ ხსნიან. დიახ, ეს შესაძლებელია, მაგრამ არაფერს გვაძლევს. უპასუხოდ რჩება კითხვა: ხელისუფლებამ რატომღა დაამკივდრა ეს ტრადიცია? წარამარა რატომ უთითებენ ნაციონალების შემორჩენილ გავლენაზე?

რა თქმა უნდა, 2003 წლის შემდეგ თვით სააკაშვილიც საკმაოდ დიდხანს იხსენებდა „შევარდნაძის დროინდელ საქართველოს“, მაგრამ არის არსებითი განსხვავება. შევარდნაძის პერიოდთან შედარება იყო სწორხაზოვანი და ერთგვარად პოპულისტური ხერხი, რომელიც მიზნად ისახავდა მიმდინარე ცვლილებების მაქსიმალურად მკვეთრ წარმოჩენას და რეფორმათა შოკური ეფექტის ერთგვარ შერბილებას. მისი ეფექტიანობა ამჯერად არ გვაინტერესებს — მხოლოდ გაკვრით აღვნიშნავთ, რომ ძალიან მალე საზოგადოების ფართო წრეებში ეს რიტორიკა დაცინვის საგანი გახდა და თავისთავად შეწყდა.

აი, საქართველოს წინსვლის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად „ნაციონალების“ შერაცხვა კი არ წყდება, პირიქით, ძალას იკრებს და პერიოდულად ძალადობაშიც გადადის. სწორედ ამ საკითხზე ფიქრისას აღმოჩნდება, რომ ტელეგადაცემა „რეაქციაში“ ატეხილი აურზაური რეფლექსია კი არ არის, არამედ მოცემულ ფაქტებზე უშუალო რეაგირებაა. რა ფაქტებზე?

რაზე და „ნაციონალების“ რეალურ ყოფნაზე ხელისუფლებაში. უმცირესობით, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ხელისუფლებაში. აი ეს მოცემული ფაქტი არ ასევენებს და დისკომფორტს უქმნის აზნაურთა და უაზნოთა სოფლისა ქართლისათა. მოდი და ნუ გაიზიარებ მათ გაკვირვებას: ზვიად გამსახურდია დაამხეს? — დაიღუპა; ედუარდ შევარდნაძე გააძევეს? — კრწანისში ჩაიკეტა; ესენი მიჯირყვნეს? — ისევ აქ არ არიან?! ქართვლისა გულმან როგორ გაუძლოს?

არადა სწორედ ეს არის დემოკრატიის მთავარი ნიშანი: არჩევნებით დამარცხებული პოლიტიკური ძალა კი არ ქრება, არამედ რჩება... აქ, უნდა გამოვტყდე, ისიც გამახსენდა, რომ ამ დამარცხებულ-დარჩენილებსაც არ ჰქონიათ რეფლექსიის უნარი და დღემდე მხოლოდ ფაქტებზე უშუალო რეაგირებით გვახარებენ და ისღა შეუძლიათ, ადგილი ცვალონ: ხან ქუთაისი, ხან თბილისი და ხანაც სარფი...

მაგრამ ისევ პირველ შეკითხვას დავუბრუნდეთ. რატომ ვერ ვეგუებით ამ ელემენტარულ პირობას: დამარცხებული უნდა დარჩეს? ამ ვერშეგუების მიზეზი ილია მეორის ბოლო განცხადებამ აღმომაჩენინა: მედია კრიმინალს ნუ გააშუქებსო. არგუმენტაცია აქაც არათუ უსუსური, უბრალოდ სულელური იყო: ადამიანები იფიქრებენ, რომ ეს დასაშვებია და ხოცვა-ჟლეტის ცდუნება გაუჩნდებათ. ამ განცხადების შინაარსსა და ფორმაში იმალება ჩვენთვის საინტერესო პასუხი. და კიდევ იმაში, რომ ჩვენი ეკლესიის მთელი იერარქია — უვერცხლოც და მოვერცხლილიც — მორჩილი დუმილით ხვდება ყველა ამგვარ მარგალიტს.

ჰოდა, სწორედ აქ არის ამოხსნა: ასე წარმოგვიდგენია თვით ძალაუფლების ბუნება და ეს მძიმე მემკვიდრეობა ჩვენ რუსებისგან გვერგო, რუსებს კი მონღოლებისგან.

დიახ, მონღოლებს ჰქონდათ წესები. ქართველი მეფეები და რუსი მთავრებიც არაერთხელ მისულან ურდოში სიმართლის საძიებლად, უფრო ზუსტად კი ყაენის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. სწორედ ეს არის საქმე: წესი, ასე ვთქვათ, მკვდარივით იდო, ანუ არსებობდა ისე, როგორც საქართველოს ევროპულთან ჰარმონიზებული კანონმდებლობა არსებობს და ცოტას თუ არგია. წესის გასაღვიძებლად და ასამოქმედებლად საჭირო იყო ერთადერთი ხელისუფალის პირადი ნება, თუნდაც ახირება.

მონღოლთა ბატონობის დროს დავიწყებას მიეცა საერო კანონები, განადგურდა საერო განათლების კი არა, თვით წერა-კითხვის ცოდნის ტრადიცია, უკიდურესობამდე შეიზღუდა ქალთა უფლებები, შეჩერდა ადგილობრივი სათემო თვითმმართველობის მოქმედება, სასჯელაღსრულებაში შემოვიდა მანამდე არარსებული სისასტიკე. სამაგიეროდ, წინანდელ დროსთან შეუდარებლად გაძლიერდა ხარკისაგან გათავისუფლებული და პოლიტიკურ სუბიექტად ქცეული ეკლესია. სწორედ მან შეინარჩუნა და მე-17 საუკუნის დასაწყისში რომანოვების დინასტიას გადასცა მონღოლებისაგან მიღებული თვითმპყრობელი ძალაუფლების იდეა, რომელიც დღემდე თრგუნავს არა მარტო რუსეთის, არამედ საქართველოს პოლიტიკურ განვითარებას.

ამიტომ არ ვურიგდებით დამარცხებულთა სიცოცხლესა და ქმედითუნარიანობას, ამიტომ გველანდება ყოველგვარი პლურალიზმის მიღმა „ერის გახლეჩა“, ამიტომ უყვართ ჩვენს უგუნურ ჟურნალისტებს ტერმინი „დაპირისპირება“, ამიტომ იმეორებენ თბილისელი სიმღერის მასწავლებლები მღვდელი გაპონის ცნობილ ფორმულას, რომ „კეთილმა ხელმწიფემ არაფერი იცის და მას უმალავენ“, ამიტომ ელიან სრულიად საქართველოს შარახვეტიები ექვსი მილიარდის განაწილებას და როცა ლოდინი უჭიანურდებათ, გამქრალი ცხრამეტი მილიარდის ძიებით ერთობიან, ამიტომ ეამბორებიან გამოთაყვანებულნი იმის მკვდარ ძვალს, ვინც სიცოცხლეში ძალაუფლება აშოვნინა საქართველოს ამაოხრებელ ბათო ყაენს.

მაგრამ ეს კიდევ არაფერია. ღარიბებისა არ იყოს, სულელები ყოველთვის იქნებიან ცისქვეშეთში. მთავარი უბედურება ის არის, რომ საზოგადოება ერთიანობას მაშინ კი არ ეძებს, როცა მტრის დახვედრაა საჭირო, არამედ მაშინ, როცა ერთიანად ვინმე ვიგინდარას წინაშე დაჩოქება სწადიათ...

ნოდარ ლადარია