ერის ბედნიერება
09 ოქტომბერი, 2014
2050
print

არ არის საჭირო ილუზიები. არ არის საჭირო ნათელი მომავლის იმედი. ჩვენ ახვრები და კულტურის მტრები გვმართავენ. ისინი არასოდეს იქნებიან ჩვენ გვერდით. ისინი მუდამ ჩვენ წინააღმდეგ იქნებიან. ისინი არასოდეს მოგვცემენ ნებას, ვილაპარაკოთ ის, რაც სწორად მიგვაჩნია, რადგან თვითონ მათ სულ სხვა რამ მიაჩნიათ სწორად. და თუ ჩვენთვის კომუნიზმი მშვიდობისა და შემოქმედების სამყაროა, მათთვის ეს არის საზოგადოება, რომელშიც მოსახლეობა დაუყოვნებლივ და სიამით ასრულებს პარტიისა და მთავრობის ყველა განკარგულებას.

                                                                                                     არკადი და ბორის სტრუგაცკები

საბჭოთა სამოციანელობის ორმა სიმბოლომ, ძმებმა სტრუგაცკებმა ეს სიტყვები მას შემდეგ დაწერეს, როცა 1962 წლის 1 დეკემბერს ნიკიტა ხრუშჩოვმა დაარბია ავანგარდისტი მხატვრების გამოფენა. რა თქმა უნდა, ხრუშჩოვი ვერც წარმოიდგენდა, რომ მისმა უგანაჩენო სიბრიყვემ დიდი ხნით აქცია სიტყვა „ავანგარდისტი“ უნიჭობისა და ხშირად უვარგისობის ინდგულგენციად, მაგრამ ამჯერად ჩვენ სულ სხვა მომენტი გვაინტერესებს, სამოციანელებისათვის ერთობ დამახასიათებელი და ნიშანდობლივი: „ჩვენთვის კომუნიზმი მშვიდობისა და შემოქმედების სამყაროა“. დიახ, სწორედ ასეთი იყო „თავისუფლებისათვის მებრძოლთა“ შინაგანი კრედო...

არ ვიცი უნებლიეთ გამოუვიდათ მწერალ ძმებს ეს გულწრფელობა, თუ სრულიად შეგნებულად დაწერეს, მაგრამ ასე ცხადად და მკვეთრად არავის აუხსნია სამოციანელთა და საბჭოთა ხელისუფლების კონფლიქტი. მისი არსი შემდგომია: კულტურის მოღვაწეები კომუნიზმის გარშემო შექმნილ ილუზიებში ნარნარებდნენ, ადმინისტრაციას კი ფორმალური მორჩილება აინტერესებდა. აქ გარდაუვალია შეკითხვა: რამდენად იყვნენ ჩართულნი სამოციანელები კომუნისტურ ილუზიებში? - მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, გარდა იმისა, რომ ალალი სამოციანელი ბევრად უარესია ფარისეველ სამოციანელზე, რადგან ისტორიული და პოლიტიკური ვითარების ცვლილებებზე ვერ რეაგირებს.

ამ გადაგვარებული სიალალის მაგალითია რუსი რეჟისორის, ალექსეი გერმანის ბოლო ფილმი „ძნელია იყო ღმერთი“, რომელიც სწორედ სტრუგაცკების ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა. გერმანს ამ ფილმის გადაღება ოცი წელი უნდოდა და მერე ათი წელი იღებდა. ახლა უკვე ძნელია და უინტერესო იმის დადგენა, რამ უფრო მეტად იმოქმედა ასეთ გაჭიანურებაზე - ცენზურის სიმკაცრემ თუ რეჟისორის უხასიათობამ. ფილმი ორი დღის წინ ვნახე...

სიუჟეტური საფუძველი მოთხრობასა და ფილმში ერთია: შუა საუკუნეებში ჩარჩენილ უცხოპლანეტელ ცივილიზაციას აკვირდებიან დედამიწიდან შეგზავნილი მეცნიერები, რომლებიც რბილი მეთოდებით ცდილობენ „რენესანსის“ გამოწვევას და კულტურული განვითარების სტიმულირებას. სიუჟეტის მსვლელობაც თითქოს ერთია: მთავარი გმირი, დედამიწელი დონ რუმატა, გადაწყვეტს, რომ პასიური დაკვირვება არაფრის მომცემია და უშუალო რევოლუციურ ქმედებაზე გადავა. აქ მსგავსება მთავრდება.

მოთხრობაში რუმატა იარაღს იღებს ხელში იმისთვის, რომ მიზნისკენ სწრაფვა დააჩქაროს, ის შეიძლება ცდება, მაგრამ გულწრფელად ჰგონია, რომ სიკეთისთვის იბრძვის. ფილმში კი ეს უფრო სასოწარკვეთილი ადამიანის ნაბიჯია - უაზრო და ულმობელი პაროქსიზმი. დედამიწელი მკვლევრებიც რაღაცნაირ გადაგვარებულ და დემორალიზებულ ბრბოდ არიან ნაჩვენები: ისინი გამოცდილების გასაზიარებლად კი არ იკრიბებიან, არამედ უზომოდ სვამენ, ერთმანეთს აშაყირებენ, საწყლად წუწუნებენ და მხოლოდ ზურაბ ყიფშიძის მიერ ყალბად ნამღერი „პატარა ბიჭი დამეკარგა“ შეგვახსენებს, რომ, სამოციანელი რეჟისორის აზრით, სწორედ ასეთია პოსტსაბჭოთა რეალობის უმაღლესი პერსპექტივა.

უნდა ითქვას, რომ ფილმის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცდა იყო 1980-იანი წლების ბოლოს. მაშინ „პერესტროიკის“ მწვერვალზე მყოფი გერმანი სცენარსაც ჩაუჯდა, მაგრამ ოციოდე გვერდის შემდეგ მიატოვა: „ჩვენ მივხვდით, რომ ღმერთად ყოფნა ძნელი არ არის“. იმ დროს უსარგებლოდ გამოჩნდა სტრუგაცკების ტექსტის სიმბოლიკა: აღარაფერს კრძალავდნენ, ეზოპეს ენამ აზრი დაკარგა და მასთან ერთად გადატყდა სამოციანელთა შემოქმედებითი ხერხემალიც.

ახალი „სათქმელი“ 1990-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. მაშინ დაიწყო გერმანმა ფილმის გადაღების მესამე და აწ უკვე წარმატებული მცდელობა. რა არის ეს სათქმელი? — როდესაც მწერალმა და კრიტიკოსმა პეტრე ვაილმა თქვა, რომ ფილმით სტრუგაცკების წიგნი „სამოციანელობისაგან თავისუფლდება“, გერმანმა იწყინა და უპასუხა, რომ ვაილს არაფერი გაეგება, რადგან სწორედ ახლა „ბრუნდება სამოციანელობა“. რისთვის ბრუნდება? — რომ გვითხრას: ადამიანი, ამჯერად ზოგადად ადამიანი, ექსკრემენტებში ცხოვრობს.

მართლაც, ექსკრემენტები ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა: პერსონაჟები მუდამ ყნოსავენ ჩეჩმას, ძაღლის ანუსს, ბინძურ საცვლებს, ხელებს ურევენ ნეხვში, განავალში თავდაყირა ახრჩობენ სიკვდილმისჯილებს, მარხავენ მკვდრებს. ფილმში არ ჩანს ცა ან ჰორიზონტი, გაურკვეველია შენობების ინტერიერი, ვერასოდეს მიხვდები, ქალაქად ხარ თუ სოფლად, შავ-თეთრი კადრი სულ მუდამ გაძეძგილია უკბილო პირებით, მთვრალი თვალებით, უსწორმასწორო ზედაპირებზე დაყრილი გაუგებარი საგნებითა და გაფუჭებული საჭმლით, გონიერ და უგუნურ სულიერთა გაშეშებული მძორებით. ვერაფერს იტყვი, სამოციანელებზეც ვრცელდება ანტონიო გრამშის ნათქვამი: მათი ვიწრო სამყარო დაინგრა და ისინი გვარწმუნებენ, რომ დაინგრა მთელი ქვეყნიერება.

გერმანი ვერ მოესწრო ფილმის დასრულებას, რადგან უსაშველოდ გაჭიანურებულ გახმოვანებას გადაჰყვა. და მაინც დაგვიტოვა სამოციანელთა ბოლო ბოღმიანი ძახილი: თქვენ უარი თქვით ჩვენს იდეალებზე და ამიტომაც ნეხვში ამოგხდებათ სული...

და მაინც, ეს ხელოვანის ძახილია. აი, საქართველოში ბევრად უფრო მარტივად ხდება ყველაფერი: თავსაც მშვენივრად გრძნობენ და განავლით მხოლოდ თავიანთ ფეისბუკის კედლებს სვრიან. მეტს ვერ ქაჩავენ. მაგრამ ახლა „რობიკოსა“ და „კეწის“ პერიპეტიებზე არ მოვცდებით. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პერსონაჟი გყვავს განსახილველი: ეროვნული ჭეშმარიტების ხმა, ერთი უბრალო თბილისელი ტაქსისტი.

„საცობებია“, - დუმილის დასარღვევად აღნიშნა ჩემმა ანონიმმა ბრძენმა. „ჰო, რაც ეს მთავრობა მოვიდა, აირია ყველაფერი“, - მიუგო ტაქსისტმა. საუბარი დაიწყო... არ შეცდეთ. საუბრის განმავლობაში სულ სხვა რამ გაირკვა.

„ეს მთავრობა“ სულაც არ ყოფილა ყბადაღებული „ქოცები“... აღმოჩნდა, რომ ამ სიმბოლოს უკან იმალება რაღაც უცნაური ერთობა: ზვიადი, ედუარდ-გიორგი, მიშა, ბიძინა. აი, „ის მთავრობა“, რომლის დროსაც იყო „წესრიგი“... რად გვინდა დაზუსტება? - ახლა მხოლოდ ერთი და ყველაზე არსებითი დეტალი გვაინტერესებს: „იმ წესიერი მთავრობის“ დროს საქართველო არ არსებობდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მე შორს ვარ იმისგან, რომ განგაშის ზარი შემოვკრა ერთი უწყინარი ინდივიდიუმის ბოდვაზე. მაგრამ პოლიტიკური დისკუსიის გადაგვარება („რუსეთი თუ ამერიკა?“ არაფრით ჯობია ეპოქალურ კითხვას „ვინ წავა დავოსში?“), გაუთავებელი ლაპარაკი „ურთიერთობის დალაგებაზე“ (თითქოს ეს იყოს პირველხარისხოვანი ამოცანა) - და არა მარტო ლაპარაკი, არამედ ვიღაც კარასინისა და აბაშიძის ლამის საიდუმლო მოლაპარაკებების სახით მიმდინარე რეალური პროცესი უკვე სახიფათოდ გვაშორებს ყოველგვარი ღირსეული არსებობის გარდაუვალ პირობას - საქართველოს დამოუკიდებლობას.

ვინმეს დარჩა იმედი, რომ ღარიბაშვილის აცდენილი აზრები და გაუგებარი შეფასებები განკურნავს იმედგაცრუების უკვე ხელშესახებ შეგრძნებას? - ეს კი არა და, უმალ ხადურის იგავთმიუწვდენელი ნადიმები გერმანის ხსენებულ ფილმზე უფრო ცხადად დაგვარწმუნებს, რომ ნეხვში ვცხოვრობთ.

ჩვენ ძალიან ადრე და ადვილად დავიჯერეთ საზეიმოდ გამოცხადებული დამოუკიდებლობა, მალევე დაგვავიწყდა, რომ ამისთვის მუდმივი ზრუნვაა საჭირო - არა პათეტიკური ბრძოლა, არამედ რუტინული ზრუნვა. ეს ზრუნვა არ ჩანს. სამაგიეროდ, ჩანს თითქოს უგუნურებით თუ უუნარობით განპირობებული ზედმეტი მოძრაობები ყველგან და ყველაფერში - მედიკამენტებით ვაჭრობიდან სავიზო რეჟიმამდე. ამ დუნედ მიმდინარე დავიდარაბაში კი ხან ერგნეთის ბაზრობის აღდგენა გაიელვებს, ხან კავკასიონზე ახალი გვირაბის მშენებლობა, ხანაც მოფაშისტო ელემენტების თარეში „ურთიერთობად“ წოდებული ქალაქის ქუჩებში.

იდიოტები თუ მავნებლები? - ყველა შესაძლებელი დილემიდან ახლა ეს აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი. ვითარება ნელა და განუხრელად უახლოვდება იმ კრიზისულ ზღვარს, რომლის იქით, მის გამოსასწორებლად ჩადენილ ნებისმიერ ქმედებას ვეღარ განვასხვავებთ სასოწარკვეთილების იმ პაროქსიზმისგან, რომლისთვისაც ზემოთ ვუსაყვედურეთ საბჭოეთიდან გამოუსვლელ რეჟისორს.

ნოდარ ლადარია