პაატა, ნინო, გია, ანიტა - საქართველოსთვის ამდენი ვარსკვლავი ძალიან დიდი წარმატებაა
10 ოქტომბერი, 2014
2082
print

მზეხა მახარაძე

სანამ სადირიჟორო პულტთან დადგებოდა, მანამდე იყო პიანისტი, მაგრამ მერე მიხვდა, რომ პროფესია უნდა შეეცვალა და გამხდარიყო ორკესტრის ხელმძღვანელი. ამბობს, რომ დირიჟორობა არამარტო მუსიკალურ აზროვნებას გულისხმობს... ორკესტრი მისთვის ცოცხალი “ინსტრუმენტია” უნივერსალური აკორდების ჟღერადობით, რომელსაც ჯადოსნური ჯოხით ამოძრავებს. გრძნობს მსმენელს, მას არასდროს ტოვებს, ადამიანებს ბგერებით მიმართავს...

ბელგიის ლიეჟის სამეფო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი პაოლო არივაბენი, მსოფლიოს ყველა დიდი თეატრისა თუ პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალების სიმფონიური ორკესტრების მიწვეული მაესტროა. ამბობს, რომ აკუსტიკური სივრცეში ორკესტრი მისთვის კოსმიური “კონსტრუქციაა”, კონცერტებზე დარბაზის განწყობა, რომელსაც ზურგიდანაც გრძნობს, ოპუსების ინტერპრეტაციაში მონაწილეობს. მისთვის ინსპირაცია იყო ჰერბერტ ფონ კარაიანის არა მარტო მუსიკალური ხედვა და სტილი, არამედ ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრში მთლიანი გერმანული პერიოდი, ასევე რიკარდო მუტის ემოციურობა და წარმოუდგენელი ტემპი, დენიელ აბადოს მუშაობის მეთოდიკა. ბერლინის Staatsoper-ში, ჟენევის Grand Théâtre-ში, ვენისStaatsoper-ში, პარიზის Théâtre des Champs Elysées, ვენეციის Teatro La Fenice, ნიუ-იორკის Metropolitan Opera-ში, სადაც აღიარებული იტალიელი მაესტრო დიდ სიმფონიურ ორკესტრებს “მბრძანებლობს”, იციან, რომ პაულო არივაბენის მუსიკალური შესაძლებლობები, მისი დინამიკა და ღრმა მუსიკალური აზროვნება ხატავს მისეულ ჟღერადობას ნათელი პასტელური ფერებით...

თქვენ არაერთხელ გიმუშავიათ ქართველ საოპერო ვარსკვლავებთან. რითია განსხვავებული ქართული საოპერო ხმები, რომელიც მსოფლიოს დიდი სცენებიდან ისმის?

Metropolitan Opera-ს 2011 წლის სეზონის გახსნაზე ხუთმა ქართველმა არტისტმა იმღერა, - ანიტა რაჭველიშვილმა, ნინო სურგულაძემ, ნინო მაჩაიძემ, ლადო ათანელმა, გია გაგნიძემ... და ამ უპრეცენდენტო მოვლენაზე NYC-ს მთელი მუსიკალური ელიტა ალაპარაკდა. ის, რომ ქართველი მომღერლები შესანიშნავ ფორმაში შეხვდნენ ბიზეს და ვერდის პარტიებს, ამას თქვენც აღნიშნავდით, როდესაც Met Opera-ის ორკესტრს ხელმძღვანელობდით.

ასეთ შესანიშნავ ხმებს შეიძლება აქაური თბილი ჰავა, მზის ენერგეტიკა, ან გენეტიკა წარმოშობს... არ ვიცი, ზოგადად ვერ ვხსნი ეს რა ფენომენია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველებს აქვთ სიმღერის არაჩვეულებრივი ნიჭი, ისინი გულით მღერიან და საერთაშორისო არენაზე საქართველოს ასე ღირსეულად წარმოადგენენ. პაატა, ნინო, გია, ანიტა - როდესაც ამდენი ვარსკვლავი ჰყავს ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ეს ძალიან დიდი წარმატებაა, ქართული ვოკალური სკოლისთვის ნამდვილად საამაყოა. ყველა ქართველ მომღერალთან მიმუშავია, ყველანი არაჩვეულებრივი არტისტები არიან: რა თქმა უნდა, პაატა ბურჭულაძე არის მსოფლიოს პირველი ბანი. ანიტასთან ერთად ვერდის “ნაბუქო” ვიდირიჟორე, “რიგოლეტო” კი ნინო მაჩაიძესთან, გია გაგნიძესთან, ლადო ათანელთან ერთად შევასრულეთ. ნინო მაჩაიძე მსოფლიოს სოპრანოებს შორის ყველაზე მომღიმარი მომღერალია, სულ კარგ ხასიათზეა, სულ იცინის. დილაობით, როდესაც შეიძლება უხასიათოდ გაიღვიძო და ნინოს შეხვდე, მხიარული განწყობა მისგან მაშინვე გადმოგედება. სულ ვეკითხები: რას სვამ ასეთს, რომ სულ კარგ ხასიათზე ხარ? - არაფერს, ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით და ეს მიქმნის საუკეთესო ემოცებსო.

როდესაც პაატა ბურჭულაძესთან ერთად ვერდის ოპერა “ნაბუქოზე” ვმუშაობდით, დამწყები დირიჟორი ვიყავი. პაატას თავისი ვარსკვლავური კარიერა უკვე აწყობილი ჰქონდა, ნამღერი ჰქონდა ჰერბერტ ფონ კარაიანთან, XX საუკუნის დიდ დირიჟორთან. პაატასთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო და მახსოვს, რაღაცნაირად მერიდებოდა მისთვის მეთქვა, რომ ჩემი მუსიკალური კონცეფციები გაეთვალისწინებინა. ბოლოს მაინც ვუთხარი: - ბატონო პაატა, მოდით ასე ვიმღეროთ, ხომ შეიძლება ასე კი არა, არამედ ასე გავაკეთოთ მეთქი?! მან მიპასუხა: - ნუ მებოდიშები, მაესტრო კარაიანთან მიმუშავია, მაგრამ ახლა შენთან ერთად გავდივარ რეპეტიციას, ამიტომ თამამად მითხარი და როგორც გინდა, ისე ვიმღერებო. პაატამ ჩემი მოსაზრებები გაითვალისწინა, სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა, ყველანი ბედნიერები ვიყავით... ამის მერე ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევხვდით პარიზში. პაატა მოცარტის “დონ ჯოვანს” მღეროდა. როდესაც მოვიკითხეთ ერთმანეთი, უცბად მან მითხრა: - მაესტრო, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, მე დირიჟორების ჯოხების კოლექციას ვაგროვებ, ამიტომ მინდა თქვენი სადირიჟორო ჯოხიც მქონდესო. - რა თქმა უნდა, სიამოვნებით მეთქი! - წავედით საგრიმიოროში, სამიდან ერთ-ერთი ჯოხი თავად აირჩია, რომელზეც ძალიან პატარა ასოებით დავუტოვე ჩემი ავტოგრაფი.

ნინო სურგულაძის ინიციატივამ, რომელიც ადამიანებისთვის სიცოცხლის გადარჩენას გულისხმობდა, კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები მასიმილიანო პიზაპია, ელენა მოშუკი, ენკელეიდა შკოზა, ქრისტოფერ რობერტსონი თქვენთან ერთად საქველმოქმედო გალა-კონცერტისთვის გააერთიანა. სწორედ თანადგომისა და ქველმოქმედებისთვის ნინომ თავის ახლადშექმნილ ფონდს “ნატვრის ხე” დაარქვა სიმბოლურად. წინასწარ გაწერილი, გადატვირთული საკონცერტო კალენდრიდან გამომდინარე, თქვენ ყველა პროექტი შეაჩერეთ და მეგობრის თხოვნით თბილისში ბავშვების დასახმარებლად ჩამოხვედით. ამ საღამოს, რომელსაც ტელემარათონის ფორმატი მიიღო, შეგროვდა სოლიდური თანხა 22 წლის ნინო ჩიქოვანის, 4 წლის ქეთი აბაშიძის, 6 წლის ნიკოლოზ ვაშაკიძის, 11 წლის ნანიკო ტორონჯაძისა და 16 წლის ვიტალი კილასონიას გადაუდებელი მკურნალობისთვის. ამბობენ, სიკეთე ბრუნდება ყველა იმ ადამიანთან, ვინც ასე უხვად გასცემს მას... რამდენად ხშირად მონაწილეობთ საქველმოქმედო კონცერტებში?

ბედნიერი ვარ, ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თბილისში ჩამოსვლა არამარტო იმისთვის, რომ მუსიკა არის უნივერსალური ენა, რომელიც გვაერთიანებს, არამედ კიდევ იმ მიზნით, რომ ბავშვებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება, ყურადღება, ამისთვის კი ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ისინი გავაბედნიეროთ. მუსიკას და ასეთ თანადგომას, რომელსაც დიდი ძალა აქვს,შეუძლია დაგავიწყოს ფიზიკური ტკივილები. ამასთან ერთად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალ ქვეყანაში ჩასვლა, უცხო სიმფონიურ ორკესრთან ერთად მუშაობა. ორკესტრში მუსიკოსებისგან არაჩვეულებრივი განწყობა დამხვდა, - მე ქართულ ენაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ რადგანაც მუსიკა გვაერთიანებს, ჩვენ უსიტყვოდ გავუგეთ ერთმანეთს. ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთ მუსიკოსებთან მუშაობით, ჩვენ კონცერტამდე სულ ორი დღე გვქონდა რეპეტიცია და შემიძლია გითხრათ, რომ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრი არაჩვეულებრივად ჟღერდა.

ნინო სურგულაძე, ელენა მოშუკი, ენკელეიდა შკოზა, ქრისტოფერ რობერტსონი,მასიმილიანო პიზაპია, - ყველა ეს საოპერო ვარსკვლავი არის ჩემი მეგობარი. მასიმილიანო პიზაპია,- იტალიელ ტენორთან და ნინოსთან ერთად სამი თვის წინ შევასრულეთ “აიდა”, ენელა მოშუკთან ერთად “ტრავიატას” ცურიხში ვუხელმძღვანელე, ქრისტოფერ რობერტსონთან ერთად “ნაბუქოთი” გამოვედით პალერმოში... ნინო ნიუ-იორკში გავიცანი,“რიგოლეტოში” იმღერა, პირველად Met Opera-ში შევხვდი, ეს საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბებულიყო. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ მომოწერა, ერთმანეთს ვკითხულობდით. მერე ჩემს თეატრში, ლიეჟის სამეფო თეატრში, სადაც გადავწყვიტე ვერდის “აიდა” დამედგა, ამნერისის მთავარი პარტიით ნინო მოვიწვიე. მახსოვს, ძალიან მომზადებული ჩამოვიდა, რეპეტიციები ერთად გავიარეთ და ყველა ის მითითება, რაც მივეცი როგორც დირიჟორმა, მაქსიმალურად გაითვალისწინა. ნინო ფანტასტიური მუსიკოსია, ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი მომღერალი...“აიდაში” დიდი წარმატება გვქონდა, სპექტაკლის მერე ნინომ მითხრა: მაესტრო, ჩამოხვალთ საქართველოში საქველმოქმედო კონცერტი რომ გავაკეთოთ? მე მაშინვე დავთანხმდი: - რა თქმა უნდა, მშვენიერი აზრია! ჩვენ ხშირად ვმონაწილეობთ საქველმოქმედო კონცერტებში, ასე რომ, ადამიანების დახმარება ჩვენთვის სიამოვნებაა, ჩვენი ცხოვრების და ხასიათის ნაწილი... ჩვენ ყველანი ვართ ერთმანეთის ახლობლები, ერთი ოჯახივით, ნინო სურგულაძე კი საოპერო პრინცესაა, რომელიც ვხედავ, რომ აღმოჩნდა კონცერტის ძალიან კარგი ორგანიზატორი, სულ ტელეფონზე საუბრობს, ძალიან ბევრ საქმეს აგვარებს...

რამდენად მუსიკალურად ჟღერს ქართული ენა, ან რამდენად რთულია ქართულ ტექსტებზე სიმღერა?

ქართული თანხმოვნებით სავსე ენაა, როდესაც ვისმენ საუბარს, შინაარსი, რა თქმა უნდა, არ მესმის, მაგრამ, ვხვდები, რომ სიტყვებში ხმოვნების რაოდენობა ცოტაა, ამიტომ ქართული ისევე, როგორც გერმანული, ან ფრანგული ენები არ არის მუსიკალური. აი ნინო სურგულაძესაც ჰკითხეთ და ისიც დაგიდასტურებთ, რომ ქართულ ენაზე რთულია სიმღერა, თანხმოვნების გამოთქმა სიმღერის დროს. ყველაზე მუსიკალური ენა არის იტალიური, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ წარმოშობით იტალიელი ვარ!

თქვენი შემოქმედებითი ბიოგრაფია გამორჩეულია იტალიური ოპერის რეპერტუარით, რომელშიც შედის როსინის, ვერდის, დონიცეტის შედევრები, გაქვთ ასევე განსაკუთრებული ინტერესი ფრანგული გერმანული, რუსული ოპერების მიმართ, რეგულარულად ასრულებთ მალერის, შტრაუსის, მუსორგსკის სიმფონიურ ოპუსებს... რა იყო თქვენი მუსიკალური კარიერისთვის პირველი დიდი წარმატება?

რა თქმა უნდა, უცბათ არ გავმხდარვარ ცნობილი მაესტრო. კარგად მახსოვს, ბერლინის შტატსოპერაში როდესაც პირველად ვიდირიჟორე ვერდის “ტრავიატა”, სპექტაკლს იმხელა ემოციები და გამოხმაურება მოჰყვა, რომ მივხვდი, ეს იქნებოდა ჩემი წარმატების, აღიარებისა და პოპულარობის დასაწყისი. იმის მერე გერმანიის ყველა ქალაქში “ტრავიატათი” მიწვევენ... მახსოვს, ბეთჰოვენის №9 სიმფონიას დანიელ ბარემბოიმი რომ დირიჟორობდა და ამ ყველაფერს ვისმენდი, გაოგნეული ვიყავი! მაშინ მივხვდი, რომ დირიჟორი უნდა გავმხდარიყავი. მე წლები ვმუშაობდი დენიელ გატისთან ერთად, რომელიც მსოფლიოს 10 საუკეთესო დირიჟორებში შედის და რომელიც ჩემი ახლო მეგობარი გახდა. მე შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი თავი ვიპოვე დირიჟორის პროფესიაში. სანამ დირიჟორი გავხდებოდი, მანამდე ვიყავი პიანისტი, ოღონდ არა სოლო პიანისტი, არამედ აკომპანიატორი, - ოპერის თეატრებში მომღერლებს აკომპანიმენტს ვუწევდი. ამის პარალელურად კლუბებსა და რესტორნებშიც ვუკრავდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩემი თითები იყო ნელი, ამიტომ პროფესია უნდა შემეცვალა, გავმხდარიყავი ორკესტრის ხელმძღვანელი. ამ მიზნით ჯერ დავიწყე დირიჟორის ასისტენტად მუშაობა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მივიღე განათლება, რაც უფრო იყო ტექნიკა, მარტო ტექნიკა კი ვფიქრობ, პროფესიული სრულყოფისთვის არ არის საკმარისი. როდესაც ხარ დირიჟორი, უნდა იყო მუსიკოსი, ფსიქოლოგი, მზრუნველი მშობელი, რადგან სიმფონური ორკესტრი შენთვის ხდება ოჯახი. ამიტომ მას უნდა მოუარო და სწორად მართო არამარტო მუსიკალურად, არამედ მისი ცხოვრების გზაზე.

თქვენი ხელმძღვანელობით ოპერების კლასიკურ რედაქციას ანიჭებთ უპირატესობას რეტრო სტილში თუ თანამედროვე რეჟისურაზე აკეთებთ ხოლმე აქცენტებს? ოპერების თანამედროვე ვერსიებში რეჟისორები ხშირად არღვევენ კლასიკურ ფაბულას და სიუჟეტს რეალობას უახლოვებენ, ცვლიან პერსონაჟების ხასიათებსაც, იმიჯებსაც, ტექსტებსაც...

კი, ასეთი მიდგიმები უფრო PR-ზეა გათვლილი, მაგრამ ჩემთვის უფრო მისაღებია, როდესაც ოპერის სიუჟეტი რეჟისორულად არის გამართული. არ მიყვარს ფაბულიდან რაღაც უცნაური გადახვევები. კლასიკურ დადგმებში მე, როგორც ხელმძღვანელი, სადირიჟორო პულტთან თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, სპექტაკლსაც უფრო ემოციურად აღვიქვამ.

მართალია, რომ მილანის La Scala-ს სცენას აქვს მისტიკური მონაკვეთი, აკუსტიკური კუთხე, რომელსაც მარია კალასის პულტსაც კი უწოდებენ, - ცენტრიდან ოდნავ მარჯვნივ, საიდანაც ყოველი ბგერა სივრცეში მოძრაობს და პატარა პიანოებიც კი საუკეთესოდ ისმის?

დიახ, ეს მართალია. ლა სკალა მონუმენტური თეატრია, მსოფლიო საოპერო ცენტრი, სცენაც თავისთავად განსხვავებული აქვს. ამ სცენაზე ლეგენდარული დირიჟორები, რეჟისორები და მომღელები გამოდიოდნენ. დარბაზის აკუსტიკა ფანტასტიკურია! ლა სკალას მრგვალი ფორმის სცენას აქვს ორი ცენტრი, აკუსტიკური ფოკუსი, საიდანაც განსაკუთრებით კარგად ისმის ხმა. როდესაც ლუჩანო პავაროტი ამ დარბაზში გამოსასველად ემზადებოდა, ის ნელი ნაბიჯით დადიოდა სცენაზე და თან ღიღინებდა: პა, პა, პა, პა - თავისთვის აინტერესებდა, ამოწმებდა აკუსტიკას, ეძებდა იმ ადგილს, საიდანაც იმღერებდა. რაღაც მომენტში მან მიაგნო თავის საუკეთესო ცენტრს, რომელიც დაიმახსოვრა და იმის მერე საოპერო არიებს სულ იმ წერტილიდან ასრულებდა.

მუსიკის გარდა კიდევ რა არის თქვენი ინტერესის სფერო?

როდესაც ვცურავ, მაშინაც კი კლასიკურ მუსიკას ვუსმენ, ოღონდ იმას, რომელზეც არ ვმუშაობ და შეიძლება ეს იყოს ჯონ უილიამსის მუსიკა, იგორ სტრავინსკი, ანტონ ბრუკნერი...

თანამედროვე კლასიკურ მუსიკაზე რას ფიქრობთ?

თუ ვსაუბრობთ შონბერგზე, ვებერზე, ეს არაჩვეულებრივად ლამაზი მუსიკაა, გასაგები, ძალიან სასიამოვნო. ვიდირიჟორე რიჩარდ შტრაუსის “სალომე”, - თანამედროვე კლასიკა, აბსოლუტურად ფანტასტიური მუსიკაა, ან კიდევ ბერგის “ვოცეკი”, - იმდენად ძლიერი მუსიკაა, ისე ემოციურად მოქმედებს ჩემზე, რომ მისი მოსმენის შემდეგ არაფრის კეთება არ შემიძლია. ყველა მუსიკა თავისი არსით საინტერესოა თუკი გონებით არის შექმნილი. არ მომწონს და არც მესმის ელექტრონული მუსიკა, რომელშიც ჩარეულია კომპიუტერული ტექნიკა...

იცნობთ გია ყანჩელის, “მუსიკის მდუმარე ფილოსოფოსის” მუსიკას?

დიახ, რადიოთი მომისმენია, მშვენიერია!

რომელია თქვენი ცხოვრების saundtrack?

შეიძლება დავფიქრდე? - ალბათ მუსიკა “ტიტანიკიდან”.

მობილურის ზარზეც კლასიკა გაქვთ დაყენებული?

დიახ, ეს არის ფრაგმენტი ვებერის ოპერიდან “ფრაიშუტცი”, ძალიან მომწონს ეს მუსიკა, არასდროს მიდირიჟორია, მაგრამ მომავალში შეიძლება ერთხელაც ვცადო.

 

მზეხა მახარაძე