ქალაქი-სოფელი
10 ოქტომბერი, 2014
1722
print

ქეთევან იგნატოვა

 “ქალაქ-ი (ქალაქისა) - დიდი დასახლებული პუნქტი, ჩვეულებრივ, ადმინისტრაციული, სამრეწველო, სავაჭრო და კულტურული ცენტრი. სოფელ-ი (სოფლისა) - უპირატესად გლეხებით დასახლებული პუნქტი, რომლის ძირითადი მოსახლეობა სოფლის მეურნეობას მისდევს.” - ასე აიხსნება ეს ორი, ჩვენს მიერ ძალზე ხშირად გამოყენებული სიტყვა, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში… ამ სიტყვების მნიშვნელობა, თითქოს, ყველამ შესანიშნავად ვიცით, არავითარ ახსნა-განმარტებას არ ვსაჭიროებთ და მაინც…

ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული, იმ თანაბაღელების, თანაკლასელების, თანაკურსელების მშურდა, რომლებიც ზაფხულის ხანგრძლივი არდადეგების გასატარებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხის, სხვადასხვა სოფლებში, იქ მცხოვრებ ბებიებთან და ბაბუებთან მიდიოდნენ და სექტემბერში, ქალაქში დაბრუნებულები, სოფელში გატარებულ დღეებზე აღტაცებით გვიყვებოდნენ… მეც როგორ მინდოდა ტყეში სოკოზე ან შინდის საკრეფად წასვლა, ცივ, ჩქარ მდინარეში ბანაობა და მერე იქვე ნაპირზე, უზარმაზარ, თბილ ქვებზე გარუჯვა-გათბობა, წყაროდან დოქით (განსაკუთრებული კოლორიტი მეგონა) ან თუნდაც, ვედროთი წყლის მოტანა, ნათესებში, ყანაში დამალობანას თამაში! ჩვენს ოჯახში, სამწუხაროდ, სოფელი არავის ჰქონდა. ორივე მხარის ბებია-ბაბუები, რომ იტყვიან, ძირძველი (როგორ შემაძულეს ეს სიტყვა!) თბილისელები იყვნენ და წლიდან წლამდე, სრულიად უცვლელად, ჩემი ზაფხულები კიკეთის პატარა აგარაკით შემოიფარგლებოდა. კიკეთი კი, ყვავილებით აჭრელებული მინდვრებით, დაბურული ტყით, წყაროთი… რატომღაც სოფლად არ მეჩვენებოდა. კიკეთი აგარაკი იყო. ერთადერთი გლეხი, ვისაც ვიცნობდი, ჩვენი მემაწვნე, კიკეთელი ტუხა ძია იყო, რომელსაც კვირაოობით, ტილოს ჩანთებით, გაზეთით მოხუფული მაწონი მოქონდა ჩვენთან… არადა სახლში მეუბნებოდნენ, რომ ყველაზე კარგი, გაუსვრელი, მშრომელი, ალალი, “ნაღდი” ხალხი სოფელში ცხოვრობსო. მეუბნებოდნენ და არ მაცნობდნენ! და მეც გარკვეულ ასაკამდე, სოფლის, სოფელში მაცხოვრებლების, მათი ცხოვრების წესის ზღაპრულობის თუ არა, სრული იდეალურობის მჯეროდა.

აი ქალაქის, თბილისის შესახებ კი, მე მგონი, ზედმეტად ბევრი რამ ვიცი და თუ ცხოვრების პირველი ათწლეულები საკუთარი უბნის, მისი ყველა ქუჩის, ეზოს, ჩიხის, ბირჟის, სკოლების, თანაკლასელების, უბნის ძველი ბიჭების, მეზობლების, ახლომდებარე გასტრონომების გამყიდველების, მეეზოვეების გაცნობა-გაგება-შეყვარებას მოვანდომე, ბოლო რამდენიმე ათწლეული, ზოგადად, თბილისის საზოგადოების, ელიტარულ უბნებში მცხოვრები, ეგრეთ წოდებული, “ელიტის”, საზოგადოებრივი აზრის დიდწილად შემქმნელი, შემოქმედ-ინტელექტუალური ნაწილის შესწავლას, საკუთარ თავზე გამოცდას, ზოგჯერ სხვისთვის და ზოგჯერ ჩემთვის მტკივნეულ თანამონაწილეობას და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, წლიდან-წლამდე, ამ ცოდნა-გამოცდილების შეჯამებას, აზრის ჩამოყალიბებას დავუთმე… და გამოგიტყდებით, რომ, საბოლოოდ, სრულიად ჩემდა უნებურად, არცთუ სახარბიელო აზრი ჩამომიყალიბდა!

არ ვიცი ადრე, შორეულ წარსულში როგორ იყო, მაგრამ რაც მე მახსოვს, თბილისი საკმაოდ არაორდინალური, ბევრის მნახველი, გადამტანი, ბევრის მომთმენი, ამტანი, გულისხმიერი, მპატიებელი და ამავე დროს, საკმაოდ დაუნდობელი და უპატიებელი ქალაქია, რომლის საზოგადოება ფერადოვანი, ჭრელი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და უმეტეს შემთხვევაში, ურთიერთსაპირისპირო ნაწილებისგან შედგება. ამდენი წესიერი და უზნეო, კონფორმისტი და პრინციპული, უღირსი და ღირსეული, თვამდაბალი და ამბიციური, უსაფუძვლოდ ამბიციური… როგორც თბილისში, განსაკუთრებით კი მის სულ რაღაც სამ-ოთხ “ელიტარულ” უბანში, ძნელად სადმე თუ მოიძებნება. ჩვენც, ამ ქალაქში დაბადებულ-გაზრდილებმა, გამობრძმედილ-გაუხეშებულ-გამოცდილებმა ცხოვრების, ასე ვთქვათ, მოძრაობის დადგენილი წესები ვიცით. ვიცით, როგორ უნდა ვიაროთ სლალომით, კუთხეებს, მეტნაკლებად და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, თავი როგორ ავარიდოთ, რაიმე განსაკუთრებულ სიბინძურეში არ ამოვიგანგლოთ, არ გავისვაროთ, არავინ გაგვსვაროს, გვატკინოს. ვიცით დარტყმას, სავარაუდოდ, საიდან, რომელი მხრიდან და რამდენად ძლიერს ველოდოთ. ვიცით, როგორ ავიცდინოთ! სულ რაღაცის აცდენას, არიდებას ვცდილობთ. ზოგჯერ გამოგვდის და ზოგჯერ - არა, მაგრამ რას იზამ… ასეთია თბილისი.

ალბათ სრულიად ბუნებრივად, მაგრამ ასე მგონია, რომ ბოლო წლებში თბილისი ფულის, ძალაუფლების, “პრესტიჟის”, ცრუ, ყალბი ღირებულებების ჰეგემონიამ საბოლოოდ მოიცვა. ყველაფერი გაუფასურდა, დახურდავდა, ან პირიქით, კიდევ უფრო გაძვირდა, ფასი მოემატა. ფასეულობები კიდევ უფრო დაიკარგა, დაკნინდა, ან სულაც, საერთოდ მივიწყებულ იქნა. ღირებულებები კიდევ უფრო აირია. იაფფასიანი დაფასდა და ფასეული გაუფასურდა. თბილისის საზოგადოება თითქოს, კიდევ უფრო გაისვარა, გაიყიდა… და ამისგან, თითქოს, თავადვე უფრო დაკომპლექსდა?

სწორედ ამიტომ ალბათ, სულ უფრო მეტმა თბილისელმა,წლების მანძილზე მივიწყებულ-მიტოვებული, მამა-პაპის სოფლის სახლების შეკეთება-რესტავრაციას, მოწესრიგებას და სისუფთავის, ხელშეუხებლობის, დაცული ნავსაყუდელის ძიებასა და თუნდაც ხელოვნურად შექმნას მიჰყო ხელი. “წავალ ჩემ სოფელში! იცი რა ეზო მაქვს?! თბილისისგან დავისვენებ!” ადრე არასდროს გაგვიგონია, ახლა კი სულ უფრო და უფრო ხშირად ვიგებთ, რომ მორიგი თბილისელი ქალაქში ბინას ყიდის, სადმე, რომელიმე რეგიონის ყრუ, პატარა სოფელში კარ-მიდამოს ყიდულობს და საცხოვრებლად, ქვეცნობიერად კი ალბათ, თვითგადარჩენის მიზნით იქ გადადის. მიწას ამუშავებს, ვენახს, ბაღჩას, ხეხილს უვლის, ჭაჭას ხდის და დედაქალაქის სიბინძურეს მოშორებული, წაუბილწავი სისუფთავით ტკბება, სულდგმულობს. ქალაქელის სოფლად გადასვლა, ცხოვრების სტილის, რითმის რადიკალური ცვლილება, ოდითგან პატივისცემის, აღფრთოვანებისა და კიდევ ალბათ, ცოტა გაკვირვება-ვერგაგების გამომწვევი იყო და დღესაც რჩება. “სოფელში როგორ ძლებს, არ მესმის?! საღამოობით, ნეტავი, რითი ერთობა?”

აი, სოფლიდან თბილისში ჩამოსულით კი ვერავის გააკვირვებ. ამას მიჩვეულები ვართ. ჩამოდიოდნენ და ჩამოდიან სასწავლებლად, სამუშაოს საძებნელად, სამკურნალოდ, გასათხოვებლად, “ცხოვრების სანახავად”, მომავლის გზის გასაკაფად… მოდიან და დედაქალაქი, მისი “ელიატრული” საზოგადოება მათ, რა თქმა უნდა, ცოტა ქედმაღლურად, მაგრამ ამავე დროს დიდსულოვნად ხვდება. არ იღებს, არ ითავისებს, საკუთარ რიგებში ადგილს არ უთმობს, მაგრამ შანსს აძლევს. “ნახოს ცხოვრება! გავიდეს ხალხში! ნიჭიერია და სოფელში ცოდოა! სცადოს! ისწავლოს! იმუშაოს!..”

მაგრამ მხოლოდ თბილისელებმა, ამ ქალაქის მკვიდრებმა ვიცით, რაოდენ ოსტატურად, შენიღბულად ვტყუით, ვმლიქვნელობთ. მხოლოდ ჩვენ ვიცით, სად იწყება და სად მთავრდება ჩვენი მასპინძლობა. მხოლოდ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი გაშლილი ხელები დიდად არაფერს ნიშნავს. მხოლოდ ჩვენ ვიცით, სად გადის ის უხილავი, მაგრამ ძალიან მკაცრი ზღვარი, რომლის გადალახვის უფლებას სოფლიდან არც ერთ ჩამოსულს არ მივცემთ. ფარისევლურად ვუღიმით, ვეფერებით, ვუხსნით, ვასწავლით და ამასობაში, მათთვის სრულიად შეუმჩნევლად, ვიყენებთ, თბილისის საზოგადოების მიერ დადგენილ წესებზე მორგებას, ღირებულებების გადაფასებას, ჩვენსავით გასვრასა და გახრწნას ვაიძულებთ. ჩვენებურ ტოტალურ ცინიზმს ვაუფლებთ. სოფლის კამკამა ჰაერიდან, სისუფთავიდან ჩამოსული კი დედაქალაქის ათწლეულებით გამობრძმედილი “ელიტის” ვერაგობას, “სვეცკი” ღიმილს, ერთი-ორ გადმოგდებულ თბილ და ცინიკურ სიტყვას, გაშლილ სუფრასთან (სალათი ცეზარი, ბლომანჟე გასინჯე, მოგეწონება!) თითქოსდა დიდსულოვნად მიჩენილ ადგილს სოფლისთვის დამახასიათებელი გაუსვრელი გულუბრყვილობით უდგება. თბილისში როგორც იტყვიან - “ჭამს”. სალათსაც ჭამს, ბლომანჟესაც… მოწონს, ეჩვევა, ითავისებს და იჯერებს, რომ მყარი ადგილი უკვე დაიმკვიდრა. სიყვარული, პატივისცემა დაიმსახურა. წინსვლის, სადღაც, ცოტა უფრო მაღლა ასვლის უფლება მოიპოვა… და თავისდაუნებლიედ, ერთხელაც, იმ ზღვარს გადადის, რომლის არამცთუ გადაკვეთის, არამედ მასთან მიახლოების უფლებაც არასდროს ჰქონდა. “ელიტას” მისთვის ასეთი თავდაჯერებული სითამამის უფლება არ მიუცია. “ელიტას” თავზე უნდა წამოაჯდეს?! მართოს, უხელმძღვანელოს, დაარიგოს?! სოფლიდან გამოყოლილი თავისი წესები აქ ამკვიდროს?! ჭკუა ასწავლოს?! დიდი ხანია, რაც სალათი ცეზარი და ბლომანჟე გასინჯა პირველად?! ვინ, როდის მისცა ამის უფლება?! და დედაქალაქის ნაღები ურჩი, თავხედი, თავისი კუთვნილი ადგილისა და როლის არმცოდნე-ვერგამგები “სოფლელის” წინააღმდეგ ერთიანდება, ერთ მუჭად იკვრება, შუბლს იჭმუხნის, საზღვრებს, “ქალაქის გალავანს” კეტავს და ბრძოლას უცხადებს. ბრძოლას, რომელშიც დედაქალაქის წესების, ლაბირინთების, მიხვეულ-მოხვეულების, მიმალული ვერაგობების, პატარ-პატარა, უხილავი ბილიკების არმცოდნე “სოფლელი”, როგორც წესი, სამარცხვინოდ, ფატალურად მარცხდება. ასე ძნელად, ამდენი წვალების ფასად, თითქოს და მიღწეული, დაპყრობილი სიმაღლიდან იწყებს უსასრულო, მტკივნეულ ვარდნას. თითქოსდა, თბილისური “ელიტის” უსაზღვრო სიყვარულითა და ნდობით, ფერებითა და ქათიანურებით, სადღეგრძელოებითა და მეგობრობით ასე გამყარებული ნიადაგი, წამიერად ფეხქვეშ ეცლება, ქვიშად ან კიდე უარესი, სრიალა ტალახად იქცევა და თავისი ადგილის არმცოდნე, ჯერ კიდევ გუშინ თბილად “სოფლიდან ჩამოსულად”, დღეს კი დამცინავად “სოფლელად” მონათლული, ამავე ტალახში ამოგანგლული მიგორავს… და “ელიტის” თავშეკავებული, კარგი ტონით დასაშვები, არახმამაღალი სიცილი და დიდსულოვანი, მაგრამ ზუსტად დოზირებული შეცოდება თუ მოესმის.

თბილისი რთული, ერთდროულად გულღია და დაუნდობელი, მომთმენი და გამწირავი, მკაცრი წესების მქონე და ამ წესების მკაცრად მომთხოვნი ქალაქია, სადაც ლინჩის წესით არაერთი, უკიდეგანოდ გამდიდრებული, უდიდესი ძალაუფლებამოპოვებული, ზედმეტად თვითდაჯერებული, ხმამაღლა და ომახიანად ნადღეგრძელები, ნაფერები, ილუზიებს აყოლილი და ილუზიებდაჯერებული, ასე, მისთვის მოულოდნელად გაუსამართლებიათ და ხვალაც გაასამართლებენ. ხელი უკრავთ და ხვალაც კრავენ. თვალუწვდენელი სიმაღლიდანაც კი უფსკრულში დაუგორებიათ და კიდე დააგორებენ, ატკენენ, გასვრიან, დაასახიჩრებენ… და თვალსაც არ დაახამხამებენ. ზღვარის გადალახვას არ აპატიებენ. თბილისში ეს უპატიებელი შეცდომაა. ამ ქალაქში ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. აქაური წესი, დაუწერელი კანონი ასეთია!

მე კი, გამოგიტყდებით, ამ ყველაფრის შემხედვარეს, ამაში გაზრდილსა და გამოცდილ-გამობრძმედილს, ერთი ოცნება მაქვს… რაღა დაგიმალოთ და ამ ჩვენ დიდ სოფელში ცხოვრებას და მისი მორიგი მსხვერპლის მოლოდინს, ნამდვილ, გაუსვრელ, ხელუხლებელ პატარა სოფელში, მაგალითად, სადმე, გურიაში ან თუნდაც გონიოში გადასახლება და ბაღის მოვლაში, წყაროდან დოქით წყლის მოტანაში, სისუფთავეში სიბერის გატარება მინდა. ალბათ, სამწუხაროდ, ეს ოცნებაც აუხდენელ ოცნებად დარჩება…

ქეთევან იგნატოვა