ახალი ქართული?....
17 ოქტომბერი, 2014
2229
print

ქეთევან იგნატოვა

 ქართული ენის განსაკუთრებულ, სიღმისეულ ცოდნაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ. ქართული სკოლა დავამთავრე. ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესანიშნავი მასწავლებელი მყავდა, მაგრამ სკოლის წლების მანძილზექართულ წერაში ოთხიანი ჩემი მარად საოცნებო ნიშანი იყო. წიგნებს, მხატვრულ ლიტერატურას, ჩემი თაობის უმეტესობის მსგავსად, რუსულად ვკითხულობდი. გაზეთში მუშაობის, ყოველკვირეული წერის ამ ბოლო ათწლეულმა კი, მე თვითონ ვატყობ, არამცთუ ქართულად წერაში, არამედ, უბრალოდ, საუბარშიც კი, შეიძლება, არასაკმარისად, მაგრამ აშკარად, წინ წამწია. ჩემი ქართული, მეტნაკლებად, გაამდიდრა, სიტყვების მარაგი გაზარდა, გაამრავალფეროვნა… და, რომ იტყვიან, კარგი ქართულით, საუბრის არამარტო სურვილი, არამედ სხვისადმი მოთხოვნაც გამიზარდა. ისე მკაფიოდ მახსოვს, ერთხელ, ყრმობის ასაკში, სახლში მითხრეს, ვახტანგ ბერიძეს მოუსმინე, ნახე, რა ქართულით საუბრობს. მისი ქართულით ენის სრულ სილამაზეს მიხვდებიო!

მშობლიური ენის სილამაზეს, სიმდიდრეს, შეიძლება, ბოლომდე ვერ დავეუფლე, ვერ ჩავუღრმავდი, მაგრამ მიხვედრით, დიდი ხანია მივხვდი, შევიყვარე, დავაფასე… და ახლა კი, ყოველ ნაბიჯზე, ტელევიზორში, რადიოში, ქუჩაში, კაფეში, სხვისი, ან თუ გნებავთ, საკუთარი საუბრის მოსმენა-შეფასებისას ვხვდები, რომ ქართული ენა, თითქოს, რაღაცა ტიპის კრიზისულ, გარდამავალ ხანას განიცდის. მდიდრდება და ამავე დროს, თითქოს, ღარიბდება. ხმარებაში სულ უფრო და უფრო მეტი, დროით მოტანილი, ახალ-ახალი საერთაშორისო, უცხოენოვანი, ან ხელოვნურად მოგონილი სიტყვები, “სლენგი” ჩნდება (იჩითება) და ენა კი ამისგან, მგონია, არა და არ მდიდრედება.

სულ ახლახანს, სოციალური ქსელში, ძალზედ აქტუალური, დროის შესაბამისი შეკითხვა გაჩნდა - რომელი სიტყვები, გამოთქმები გაღიზიანებთ, ყურს გჭრით ყველაზე მეტად? და პასუხებმაც არ დააყოვნა. ურიცხვ კომენტარებში რას არ ამოიკითხავდი - “გაიხარე!”; “დამდეგს!”; “ამავდროულად”; “აბსოლუტურად”; “ცივილურად”; “ბაიები” (როგორ არიან შენი ბაიები?); “გოგოშკები”; დაქალები”; “სმეტანი”… ერთმა ქალბატონმა, საკმაოდ უცნაურად, მისთვის მიუღებელ, საძულველ სიტყვებში, ერთ-ერთი, ჩემი აზრით, ყველაზე სასიამოვნო წარმოსათქმელი სიტყვა “მადლობა”-ც კი დაასახელა. “მძულს მადლობა!” ვერ გაიგებ! რომ იტყვიან, კაცია და გუნება!

ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ლევან ღვინჯილიობის, ან მით უმეტეს, ქართული ენის სისუფთავის შენარჩუნების, გადარჩენის, ენის სიწმინდისსთვის ბრძოლის რაიმე პრეტენზია მაქვს. მეც ისევე ვლაპარაკობ, ისევე ვწერ, როგორც ყველა გარშემო. დრო, დროით მოტანილი ენობრივი ცვლილებები, სამწუხაროდ, თუ ბუნებრივად, ყველას მსგავსად, მეც შემეხო და სკოლაში, ზინა ცინცაძის მიერ ნასწავლი, ან მით უმეტეს, მშვენერი მუსიკის დონეზე მოსმენილი ვახტანგ ბერიძის ქართული, ნელ-ნელა, სულ უფრო და უფრო დაიკარგა, მივიწყებას მიეცა… ახალგაზრდების ქართულიც მესმის. ვიცი, რას ნიშნავს და როდის უნდა ვიხმარო სიტყვა - cool, fuck, yes… ვიცი, რომ კარგი “ტუფლები” მინდა, მაგრამ “სლიშკომ” ძვირი ღირს. ვიცი, რომ მანქანას “სტაიანსჩიკის” გარეშე ვერ დავაყენებ; ვიცი, რომ “შკაფში” არაფერი მეტევა, “კრიშა” კი შეკეთებას საჭიროებს…

ამდენი ვიცი! ამდენი რამ გავითავისე, ავითვისე, ავიტაცე… და მაინც, რაღაცებს ვერა, ვერ ვეგუები და მგონია, რომ, ზოგადად ქართული ენის დაბინძურების, ან, შეიძლება, გათანამედროვების პარალელურად, რაღაც გარკვეულმა და თან, ყველაზე ხშირად ხმარებადმა და სრულიად ერთმნიშვნელოვანმა, ცალსახა, მარტივმა, თითქოსდა, ყველასათვის გასაგებმა და მისაღებმა სიტყვებმა საკუთარი მნიშვნელობა, დღესდღეობით, თუ სულ არ დაკარგეს, პოლარულად შეიცვალეს.

ყოველგვარი პოლიტიკის, პოლიტიკური სიმპატია-ანტიპათიის, ყოველგვარი ტენდენციურობის, მიკერძოებულობის გარეშე, სრულიად ობიექტურად, გულდაწყვეტითა და ხმამაღლა ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, მაგალითად, საუკუნეების მანძილზე ერთ-ერთმა ყველაზე ხმარებადმა ქართულმა სიტყვამ - მტერი - მნიშვნელობა დაკარგა. როგორც ისტორია გვეუბნება, ჩვენმა მრავალსაუკუნოვანმა წინაპრებმა ამ სიტყვის მნიშვნელობა, მის უკან არსებული საფრთხე, კარგად იცოდნენ. დღეს კი ცნობილი, დიდი ინტელექტუალიდან დაწყებული, ბოლო უვიცით დამთავრებული, ყველას ერთნაირად, მტერი - მოყვარე, ან, თუ გნებავთ, მშველელი, მოძმე, მეზობელი, ნათესავი, ერთმორწმუნე… ჰგონია. სიტყვის ელემენტარული მნიშვნელობის დაკარგვას, სიღრმისეული არსის გაგების და, შესაბამისად, მტრის მტრობის, მასთან შეურიგებლობის, ბრძოლის, სიძულვილის უნარის დაკარგვაც მოჰყვა. სამაგიეროდ, სიტყვამ - სიძულვილი - სრულიად ახლებური, ბევრად ფართომასშტაბიანი, ან პირიქით, ერთპიროვნულობამდე შევიწროვებული მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე, ახლებური, სასწრაფოდ სანკურნებელი, გადამდები სენის ფორმა მიიღო. სიტყვა - მოღალატეც, დღეს, რაღაც სულ სხვას, საპირისპიროს ნიშნავს. ყველაზე მდაბიო მოღალატე, გამყიდველი, რატომრაც, როგორღაც, შეუმჩნევლად, ათწლეულების მანძილზე, პატივსაცემი, საამაყო, მაგალითის მიმცემი “გმირი” გახდა. ასეთი ამაღლებული, ამაღელვებელი, სიამაყის ცრემლის მომგვრელი, საუკუნოვანი, შორეული წინაპრებიდან მოყოლებული, თაობიდან თაობაში სათუთად გადაცემული სიტყვის - გმირის -ერთადერთი მნიშვნელობა კი ღრმა მივიწყებას მიეცა. დაიკარგა სიტყვა ”სამართალის” და მის უკან სიღმისეულად ნაგულისხმევის მნიშვნელობა. ძველმა ქართულმა გამოთქმამაც - “სამართალმა პური ჭამა” მნიშვნელობა შესაბამისად იცვალა და დღესდღეობით, “სამართალი” რას მიირთმევს, ან ამ სიტყვაში რას ვგულისხმობთ, რას ვხედავთ… ღმერთმა იცის. დაიკარგა ან სახე იცვალა ლამაზი, ღრმა, მდიდარი სიტყვების - ღირსება, ერთგულება, თანადგომა, ბრძოლა, სიმტკიცე, შეუპოვრობა, თავდადებულობა, მეგობრობა, თავგანწირულობა, სიმამაცე - მნიშვნელობა. დღეს, ვინმეს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას, ძნელად თუ აუხსნი, გააგებინებ, ოდესღაც რას გულისმობდა სიტყვა - რაინდი, რაინდობა. სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო არსებული რეალობიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მშვენიერმა, უსასრულო, უკიდეგანო სიტყვამ - სიყვარული - უმეტეს შემთხვევაში, მაამებლურ-გამორჩენითი, ყალბი, უხეში ტყუილის, არაფრისმთქმელი, არაფრისმომტანი, ზედაპირული, სადღეგრძელოთი შემოფარგლული უსულო ფორმა და მნიშვნელობა მიიღო. ოდითგან ქართველებისთვის ასე კარგად ნაცნობ, გაგებულ, გათავისებულ სიტყვებს, როგორიცაა - ფასეულობა, ღირებულება, მრწამსი, პატრიოტიზმი… - დღეს, თავიდან შეხსენება, ახსნა, გაგება, მიღება და მათი არსებობის აუცილებლობის დამტკიცება-დაჯერება სჭირდება.

სწორედ დღეს, სწორედ ჩვენ დროში, საგანგაშოდ შეიცვალა, თავის სიმაღლეზე ხელშეუხებელი და საუკუნეებით დაცული სიტყვა - რწმენა, რწმენის სიძლიერის, სისუფთავის… მნიშვნელობა და ფასი. დაიკარგა სიტყვები - შენდობა, პატიება, კეთილშობილება, დიდსულოვნება, კაცთმოყვარეობა. დაზუსტებით ვერავინ იტყვის სიტყვა - მღვდელი, სასულიერო პირი, სინოდი, მეუფე, მონასტერი, მრევლი, მორწმუნე, მარხვა, აღსარება - რა მნიშვნელობის მატარებელია დღეს.

არ გაგიკვირდეთ, თუ ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, სიტყვები - კაცი და ქალი - და მათი ნამდვილი მნიშვნელობაც გაუფერულდა, გახუნდა, მოძველდა და ხმარების მნიშვნელობა და კონტექსტი იცვალა. ვინ, რატომ, რის საფუძველზე, ჩვენს მიერ, კარგ, ნაღდ, ძლიერ, საინტერესო, ღირსეულ… კაცად, ვინ კი მშვენიერ, ლამაზ, პატივსაცემ… ქალად მოიხსენიება, ვერაფრით გაიგებ. გაუგებარი, დასაზარი, ნაკლებად საჭირო გახდა სიტყვები - წესიერება, პატიოსნება, პრინციპულობა, შრომა… სულ ახლახანს ასე ეფექტურად შემოსული და, თითქოსდა, ხალისით ატაცებული უცხო სიტყვები - კონფორმიზმი, კომპრომისი, კოლაბორაციონიზმი, ნეპოტიზმი, კონიუნქტურა, კორუფცია, კოჰაბიტაცია, ოკუპაცია, ანექსია… ვერგაგების გამო, საერთოდ ამოვიღეთ ხმარებიდან. უცხო ცივილიზაციით, დაუკუთხავად მოტანილი, შემაწუხებელ-შემბოჭველი ზედმეტი ტვირთის მატარებელი სიტყვების ეს “ბრახაბრუხი” რაში გვჭირდება, რაში გვაწყობს?

ზედმეტ რადიკალურობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ მგონია, რომ ხელშეუხებელი სიტყვა - სამშობლოც - ჩვენ ხელში ცოტა გაუფასურდა და ნელ-ნელა, საბჭოეთის წლების დროინდელ მნიშვნელობას უბრუნდება, წლების, როდესაც სამშობლო საყვარელი, ულამაზესი ბუნების, დათოვლილი მთების, კამკამა მდინარეების, დაბურული ტყეების, ველების, მწვადისა და მრავალხმიანი სიმღერის, ცეცხლოვანი ცეკვების ერთობას და მხოლოდ ამ ერთობის სიყვარულს გულისხმობდა. სიტყვები - სახელმწიფო, სახელმწიფოებრიობა, საზღვარი, ლტოლვილი, დევნილი, კანონი, კანონმორჩილება(დემოკრატიაზე, ცივილიზაციაზე აღარც ვლაპარაკობ) არააქტუალურ-არამოდურ-არასაჭირო და შესაბამისად არახმარებადი გახდა.

ახალმა დრომ, ახალმა საქართველომ, ერთობლივად ჩვენ ყველამ, ახალი ქართული ენა შემოვიღეთ, დავნერგეთ, გავითავისეთ და დღეს, განურჩევლად, ამ და მხოლოდ ამ, ჩვენი წინაპრებისთვის გაუგებარ, მიუღებელ ენაზე ვსაუბრობთ და თავს კომფორტულად ვგრძნობთ. ჩვენ იოლად გვესმის ერთმანეთის.

ისე, მგონი, სიტყვა კომფორტმაც მნიშვნელობა იცვალა?

 P.S. აბა, ვინ იქნება გამორჩეულად თამამი და დღესდღეობით, მხოლოდ სადღეგრძელოებსა და ტრანსპარანტებზე ხმარებად სიტყვებს - “ენა, მამული, სარწმუნოება”, დღევანდელი, თანამედროვე ქართულის შესაბამისად ვინ განმარტავს? არ ფიქრობთ, რომ ამ, ერთ დროს ასეთ ნაცნობ, ღირებულ, ძვირფას სიტყვებს, უკვე, ახსნა ესაჭიროება!........

sophio chkhaidze