"ყვითელი ფოთლები" და... ჭადრაკის პარტია
21 ოქტომბერი, 2014
1180
print

მზეხა მახარაძე

 კრის ბოტი - Grammy ალბომისთვის Impressions და 4 ნომინაცია, Billboard-ის პრიზები საუკეთესო ალბომებისთვის. ვირტუოზი წელიწადში 300 დღე სცენაზეა მსოფლიო, ამერიკული და ევროპული ტურნეების ფარგლებში... ზოგჯერ ეკითხებიან: როდის ცხოვრობთ? - არასდროს! - პასუხობს, - მაგრამ მაინც არაფერს შევცვლიდი, რადგან საოცარი ცხოვრება მაქვს და ეს მომწონს.

ამერიკელმა ჯაზმესაყვირემ და კომპოზიტორმა, რომლის ინსტრუმენტული მუსიკის ხაზი კლასიკიდან ჯაზამდე, ბლუზიდან როკამდე ვრცელდება, თბილისურ კონცერტზე ჩამოიტანა სხვადასხვა დროის ცნობილი კომპოზიციებით აწყობილიპროგრამა. ამ რეპერტუარში შევიდა რომანტიკული ბალადები CD-დან Impressions, რომელიც LA-ში წლევანდელი გრემის 55-ე დაჯილდოვების ტრიუმფატორი გახდა, ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიისგან პრესტიჟული პრემია მიიღო ნომინაციაში "საუკეთესო პოპ-ინსტრუმენტული ალბომი". Impressions - კრის ბოტის გახმაურებულ სათავგადასავლო ალბომის When I Fall In Love სტილური გაგრძელებაა, რომლის მუსიკალური კონცეფციაც 2004 წელს Bobby Colomby-სთან ერთად გაიაზრა და თავისი ტრადიციული საუნდით უფრო დაუახლოვა Miles Devis-ის ალბომს Sketches of Spain, Wynton Marsalis-ს Hot House Flowers.

 

სცენაზეა ორეგონელი მუსიკოსი ბენდით და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობს. ინსტრუმენტული შოუ იწყება კომპოზიციებით En Aranjuez Con Tu Amor და Emmanuel... თბილი, ინტიმური საუნდი კრის ბოტის ინსტრუმენტის ობერტონებიდან ცნობილი მევიოლინეს ლუსია მიკარელის სიმებზე გადის, რომელიც დინამიური კონტრასტებით ნოსტალგიური ხდება, ელეგიურიც, მოაქვს სიღრმე, ბგერების სისავსე, ელეგანტური ჟღერადობა და შეფერილობა. ეს არის კლასიკური ოპუსი, რომელშიც დაცულია ტრადიციები და შენარჩუნებულია მელოდიური უბრალოება. მოქნილი ფრაზები... ჩანს როგორი ინდივიდუალურია ორივე შემსრულებელი, ამიტომაც იგრძნობა მათ "გასაუბრებაში" სინთეზი, მსმენელი კი, რომელიც მუსიკას ინტუიციურად დაყვება, მოხიბლული რჩება.

ახალგაზრდა ლუჩია მიკარელი, რომელიც Josh Groban-გან გაიცნო ვირტუოზმა მესაყვირემ, უბრალოდ გასაოცარი მევიოლინეა, - პირველი ნოტიდან ბოლომდე ერთ ამოსუნთქვაზე გავიდნენ... ბუნებით რომანტიკოსი კრის ბოტისთვის ჯაზი თავისუფლებასთან და სიყვარულთან ასოცირდება, უყვარს შემოდგომის სევდით შეფერილი ისეთი კომპოზიციები, რომელსაც მოაქვს განწყობა, იქვე გრძნობს მსმენელს და მას არასდროს ტოვებს: მე დარბაზში აუდიტორიას ყოველთვის ვათვალიერებ, მათ მივმართავ, ვესაუბრები, მიყვარს, როდესაც მუსიკაში მომყვებიან, თითქოს ჩემთან ერთად უკრავენ, ფიქრობენ, საუბრობენ. მუსიკა უნივერსალური ენაა, როდესაც შენს შეგრძნებებს ზუსტად გადმოსცემ და გაძლევს ძალას, რომ ბრწყინავდეს ჩვენი თვალები...

კრის ბოტის წარმდგენი და კონცერტის ორგანიზატორი ფონდ "იავნანასთან" ერთად კომპანია "არტ პალასია". ამერიკელი მესაყვირე თბილისში მესამედ ჩამოვიდა ქველმოქმედებისთვის... ამ საღამოს კიდევ ერთ მრავალშვილიან ოჯახს გადასცეს ბინის გასაღები.

Grammy-ს მფლობელმა ჯაზმესაყვირემ დიდ საკონცერტო დარბაზში ძველი ალბომებიდან ააჟღერა კომპოზიციები Cinema Paradiso, When I Fall In Love, Hallelujah, The Look of Love, Flamenco Sketches, Italia, Indian Summer... ბოტის საყვირის ობერტონები სულ დაბალი რეგისტრიდან მაღლებზე ავიდა, აკორდები ტემპში მოძრაობენ, ტექნიკა თითებში ზის, ყოველი მუსიკოსის სოლო თითქოს დევნაა მუსიკის ჰარმონიის, თემასა თუ თანამედროვე რიტმს შორის. ამ ფილიგრანულობას მოაქვს მუსიკალურ სტრუქტურაში ინტელექტი და ესთეტიკა. ასეთია ქარიზმატული ამერიკელის პოლირიტმიკა საყვირიდან კლავიშზე, ან Sy Smith-თან დუეტში, მის ძლიერ ვოკალთან თუ ძლიერ აქცენტებს შორის "მოცურავე", ძლიერ მექანიზმთან "ამუშავებული", ბასზე დაჭერილი და ცხელ დრამზე შეგდებული. ორეგონელი კრის ბოტისთვის შესრულების ქვაკუთხედი ყოველთვის იყო ჯაზის ინსტრუმენტული შესრულება პოპ-მუსიკის რთული ელემენტებით, + კლასიკური მუსიკის კომბინაციებით, რომლის საუნდიც მის მუსიკალურ ხელწერას განსაზღვრავს.

ამ საღამოს ნოსტალგიური ნაწილი იყო გია ყანჩელის კომპოზიცია "ყვითელი ფოთლები" და ნანი ბრეგვაძესთან ერთად გიორგი ცაბაძის მუსიკაზე "ეგრე ავად რად მიყურებ მთვარეო". ამ პარტიტურებს ორეგონელი მესაყვირე მედიტაციური სიჩუმით მიუახლოვდა, უკრავდა ქართული ბგერით, ქართული ინტონაციით...

სეი სმიტი: თბილისში პირველად ვარ, ულამაზესი ქალაქია... ჩვენ ქველმოქმედებისთვის ჩამოვედით, რაც ძალიან მნიშვენლიოვანია, განსაკუთრებით როდესაც ეს ბავშვებს და მათ მომავალს ეხებათ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი იქნება ქველმოქმედება, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ცხოვრება. რაც შეეხება კონცერტს, ორკესტრს და დირიჟორს, არაჩვეულებრივია მათთან ერთად მუშაობა, ეს მომენტები მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე გამყვება, სულ დავიმახსოვრებ ამ ქალაქს და ამ შეხვედრებს.

კრის ბოტი: პირველად გია ყანჩელის კინოსა და თეატრის მუსიკას დისკიდან მოვუსმინე და ძალიან მომეწონა. ამ სიამოვნებისათვის ჩემს მეგობარს მადლობა მინდა გადავუხადო. ყანჩელის მუსიკა შეუდარებლად ამაღლებულია, რომანტიკული და კარგად არის არანჟირებული საყვირებთან. ლამაზი მელოდიაა, ძალიან მიყვარს! თავისი სისადავით დიდებული მუსიკაა და ფანტასტიურია, განსაკუთრებით მიყვარს როდესაც ნიკასთან ერთად მიხდება მუსიცირება... საყვირი ძალიან რთული ინსტრუმენტია, მასზე დაკვრა წააგავს ჭადრაკის თამაშს, თუ ერთ სვლას ანუ ერთ ნოტსაც კი ჩააგდებ, მაშინვე მიხვდება მსმენელი და ეს იქნება მათი შეურაცხყოფა... მე ოდნავ უფრო უკეთ ვუკრავ საყვირზე, ვიდრე ჭადრაკს ვთამაშობ... ჩემი საყვირი 1938 წელს არის გამოშვებული, ჩვენ ამერიკაში დავმეგობრდით, შვილივით მიყვარს.

დიდი მიღწევა იყო 2008-2010 წლებში Grammy-ზე ნომირირებული ალბომები: Italia, Chris Botti In Boston, "Emmanuel"... Bob Dylan, Aretha Franklin, Joni Mitchell, Paul Simon - ამ დიდ მუსიკოსებთან ერთად კრის ბოტს არაერთხელ დაუკრავს, მეცადინეობდა საქსოფინისტ George Coleman-თან, მესაყვიდრე Woody Shaw-თან, იყო Frank Sinatra-ს ტურნეში, მუშაობა Quincy Jones-თან ერთად, მაგრამ ამბობს, რომ კონცერტის სტუქტურული აწყობა სტინგისგან ისწავლა. 2001 წელს კრის ბოტი სტინგის მსოფლიო ტურნეს Brand New Day სოლისტი ხდება, ეს საბედისწერო შეხვედრა კი განსაზღვრავს მის ვარსკვლავურ კარიერას, კონცეპტუალურ ხედვას მუსიკისა და მთლიანად ცხოვრების მიმართ:

კრის ბოტი: ჩემს მუსიკაზე სტინგის გავლენა დიდია, მის გარეშე არ იქნებოდა შოუ In Boston, არც ჩემი წარმატებული ალბომები, არც საკონცერტო ტურნეები... დიახ, მე სტინგისგან ბევრი რამ ვისწავლე: როგორ ცხოვრობს, როგორ მართავს თავის გარშემო სამყაროს, მუსიკალური გამოსვლები, მუსიკის სტილური შეგრძნება... ყველაფერი, რაც მისგან ავიღე, დამეხმარა კარიერაში.

ბავშვობაში, როდესაც Miles Devis-ის და ჰერბი ჰენკოკს მოუსმინა, მაშინვე სურვილი გაუჩნდა, გამხდარიყო ცნობილი ჯაზმესაყვირე, მერე და მერე კი მისმა ცხოვრებისეულმა მიზანმა მაილსის 60-იანი წლების გავლენა მოიტანა და ჩამოაყალიბა კრის ბოტის წარმატების ფორმულა: მტკიცედ მჯერა, რომ იმ მუსიკოსებში, ვინც წარმატებას მიაღწიეს, არსებობს ერთი საერთო წესი: როდესაც რაღაც არ გამომდიოდა, საკუთარ თავს კი არ ვსაყვედურობდი, არამედ ყოველ პატარა წარმატებასაც მონუმენტურ მიღწევად ვიღებდი...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მზეხა მახარაძე