„სან-ანტონიოს“ თურქული ვოიაჟი
21 ოქტომბერი, 2014
3003
print

ეკატერინე ლოლუა

NBA აშშ-ს ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ლიგაა. ნებისმიერი კალათბურთელი ოცნებობს NBA-ში ითამაშოს, თუმცა ეს მხოლოდ რჩეულებს გამოსდით. ეს რჩეულები ჩვენი კერპები, ან უბრალოდ პატივსაცემი ადამიანები ხდებიან. აშშ-ში ძირითადად, საკუთარი შტატის გუნდს გულშემატკივრობენ, დანარჩენ მსოფლიოს კი აქვს არჩევანის ფუფუნება - აირჩიოს ”ლეიკერსი”, ”მაიამი”, ”ვაშინგტონი”, ”ოკლაჰომა”, ან ნებისმიერი სხვა. ზოგი ტიტულებს უყურებს და ”ბოსტონის” ერთგული რჩება, ზოგს ახალგაზრდული შემართება და ჩატენვები ხიბლავს, ”ოკლაჰომა” და ”ლოს ანჯელეს კლიპერსი” უყვარს, ზოგიც უბრალოდ ლამაზი კალათბურთით ტკბება, ყოველგვარი ფავორიტის გარეშე. NBA ყველას გემოვნებას აკმაყოფილებს. ნბა-ში ყველა მაგარია. აქ საშუალო მოთამაშეების ადგილი არ არის. აქ ყველას აქვს ინდივიდუალიზმი. თუმცა, არის ერთი გუნდი, ”სან ანტონიო სპერსი”, რომელიც ინდივიდუალიზმს არ აღიარებს და ერთი დიდი ორგანიზმია. ”სან ანტონიო” დიდი ოჯახია, ამას თავად გუნდის წევრები ამბობენ. ”სან ანტონიო” ცალკე აღებული ტიმ დანკანი და მანუ ჯინობილი ვერ იქნება. ისინი ერთად ქმნიან ხელოვნებას „მზრუნველი“ პოპოვიჩის დამსახურებით.

აშშ-ში NBA-ს მატჩზე დასასწრებად წასვლა რთულია, ამიტომ ქართველები პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციებით ვკმაყოფილდებით და უბრალოდ ველით შანსს, იქნებ ერთხელ მაინც მოვხვდეთ ამერიკულ დღესასწაულზე უშუალოდ დარბაზში. ამერიკაში კალათბურთი ნომერ მესამე სპორტია, მის წინ ადგილებს ამერიკული ფეხბურთი და ბეისბოლი იკავებენ შესაბამისი მიმდევრობით. იქ ნებისმიერი საკალათბუთო მატჩი დღესასწაულია. იქ სხვანაირი გულშემატკივრობა იციან. გულშემატკივართა ემოციური შეძახილები და ხელოვნება, რომელსაც მოთამაშეები ქმნიან, პირდაპირ მაყურებლის თვალწინ მოედანზე, ერთი დიდი ზეიმია.

საქართველოში რეგულაულ ჩემპიონატზე (სუპერლიგაზე) გულშემატკივრებს კანტი-კუნტად თუ წააწყდებით. აქ მხოლოდ „დინამოს“ დაქირავებულ გულშემატკივართა შეძახილები აცოცხლებს დარბაზს. მეზობელ თურქეთში კი, შიდა ჩემპიონატი ამერიკისაზე არანაკლებ პოპულარულია. სტამბოლში გუნდებს თავისი უბნები აქვთ და გუნდის პრესტიჟზე მთელი საზოგადოება ზრუნავს.

NBA -მ დროებით თურქეთში, სტამბოლში გადმოინაცვლა, აქვე, ჩვენს მეზობლად. იმ თურქეთში, სადაც გულშემატკივრობა იციან და „ფენერბახჩეს“ გულშემატკივარი „გალათასარაის“ ფანის მტერია. NBA-ს ახალი სეზონის დაწყებამდე, 2013-2014 წლის ჩემპიონი ”სან ანტონიო სპერსი”, ევროპულ გუნდებს ხვდება. ჩემპიონი თავისი ფეხით ჩავიდა ბერლინში.“ ”სან ანტონიო“ – ბერლინის ”ალბას“ შორის დაპირისპირება 8 ოქტომბერს გაიმართა. გადაღლილი ჩემპიონები გერმანულ გუნდთან 1 ქულით, 94-93 დამარცხდნენ. გადაღლილი ჩემპიონები 2007 წლის შემდეგ ელოდნენ ტიტულის განმეორებას და უკვე მართლა ძალიან დაიღალნენ. ბერლინიდან ისინი თურქეთში ჩავიდნენ. ჩვენც იქ დავხვდით, დღესასწაულს მოწყურებული ქართველები.

NBA-ს მოკრძალება არ უხდება. ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გაცემა 10 ოქტომბერს, თამაშამდე ერთი დღით ადრე, „ჯირაგან პალას კემპინსკი“-ში დაიწყო. ეს თეთრი მარმარილოთი გაწყობილი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, თავისი უნიკალური ისტორიითა და კულტურით. სასტუმროს შესასვლელთან დაცვის თანამშრომელი შეგვეგება, რომელმაც საეროდ არ იცოდა ინგლისური და მაინც, თავაზიანი ჟესტიკულაციით და ელემენტარული, გატეხილი ინგლისური სიტყვებით მიგვითითა შესასვლელისკენ, სადაც უშველებელი შადრევანი, წითელი ხალიჩა და მეტალოდეტექტორი გველოდა. კარში თურქულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი კაცი შეგვეგება და მეორე სართულზე ასასვლელი ესკალატორისკენ გაგვიძღვა. იქ ახალი თანამშრომელი დაგვხვდა, რომელმაც მეორე სართულზე, პიჯაკებში გამოწყობილ NBA-ს კოორდინატორებს გადაგვაბარა. ასე ენაცვლებოდნენ ერთი მეორეს ჩვენი გამცილებლები, მარმარილოს დერეფნებში, სანამ დანიშნულების ადგილზე მიგვიყვანდნენ. კომპიუტერების ოთახში თხუთმეტამდე თანამშრომელი იჯდა, იქვე კუთხეში დაფაზე ჯგუფის ლოზუნგები ჰქონდათ ჩამოწერილი: „გუნდურობა, კრეატიულობა, ეფექტურობა“ და ა.შ. მათ ძალიან სწრაფად გაართვეს თავი საქმეს, ასობით აკრედიტირებული ჟურნალისტის სიაში იპოვნეს ჩვენი გვარები და დაგვირიგეს ბილეთები „სამოთხეში“. „ჯირაგან პალასი“ ძალიან ლამაზი და მდიდრულია, წამოსვლა არ მოგინდება, თუ რა თქმა უნდა, სხვაგან ”სან ანტონიო” არ გელოდება სრული შემადგენლობით. ჩვენ სან-ანტონიო გველოდა „დარუშაფაკას“ სავარჯიშო კომპლექსში. ეს სავარჯიშო დარბაზი ინფრასტრუქტურითა და ზომებით ჩვენს „სპორტის სასახლეს“ არაფრით ჩამოუვარდება, შეიძლება ითქვას, უკეთაცაა აღჭურვილი. შესასვლელი ორი აქვს, თუმცა ყველა მოკვდავი ერთი კარით შევედით. ჩვენ „ფენერბახჩეს“ მოთამაშეების გვერდზე მივდიოდით, გამოველაპარაკეთ, მოვიხიბლეთ მათი იუმორით. განსაკუთრებით, ოგიუზ სავაშის პასუხით, კითხვაზე მზად იყო თუ არა, დაეჭირა ტიმ დანკანი. შესასვლელში ევროპული კალათბურთის ამომავალ ვარსკვლავს, სერბ, ბოგდან ბოგდანოვიჩსაც წავაწყდით (რომელიც ამჟამად „ფენერბახჩე უილკერის“ შემადგენლობაში თამაშობს).

ყველა წარმატებული კალათბურთელი, ვინც 10 ოქტომბერს სპორტულ არენაზე იყრიდა თავს, ძალიან უშუალო და მეგობრულია. არცერთ მოთამაშეს არ აურიდებია თავი საუბრისთვის, პირიქით, ისინი ძალიან გახსნილები იყვნენ და ზომიერი, უწყინარი იუმორით გიუშუალოებდნენ, ისედაც უშუალო საუბარს. აქ განდიდების მანიით შეპყრობილი არავინ შეგვხვედრია. აქ ყველა პატივს სცემდა მედიას. კალათბურთის ლეგენდარული მწვრთნელები და მოთამაშეები გხვდებოდნენ, როგორც დიდი ხნის მეგობარს.

დათქმულ დროს, დარბაზის კარი გაიღო და „სპერსის“ ცოცხალ მოწმეებად ვიქეცით. მწვრთნელი პოპოვიჩი ჩვენგან ათ ნაბიჯში ბეკი ჰემონთან განიხილავდა რაღაცას. ტიმ დანკანი, ტონი პარკერი, მანუ ჯინობილი, კავაი ლეონარდი (2014 წლის პლეი ოფის MVP) ჩვენს წინ დაძუნძულებდნენ და ვარჯიშობდნენ. ტიმი და მანუ, გუნდის ყველაზე ასაკოვანი დუეტია. მათ ვარჯიშის დროსაც გამორჩეულად უფრთხილდებიან.

პირველი ჩვენთან სასაუბროდ მანუ ჯინობილი გამოუშვეს. მანუ 37 წლისაა, მაგრამ რაც უფრო ახლოს მოდის, რწმუნდები, რომ „ასაკს მნიშვნელობა არ აქვს“ და ის დღესაც იდეალურ ფორმაშია. ”სან ანტონიოში” ასაკი პრობლემაა, როგორც მანუმ აღნიშნა, ტიმის და მისი დუეტი 75 წლისაა და მწვრთნელი პოპოვიჩი ასაკს პატივს სცემს, ის გვიფრთხილდებაო. იუმორით ისიც დასძინა შეგვხედეთ, ჩვენ და პოპოვიჩი ერთი თაობის ვართო.

შემდეგი ჩვენ ლეგენდარული „მზრუნველი“ მწვრთნელი, გრეგ პოპოვიჩი, მოგვიახლოვდა. პოპოვიჩი სპორტული გენიაა. მას არ უყვარს სულელური კითხვები, თუმცა ყოველთვის ზრდილობიანად და ლაკონურად პასუხობს ყველაზე უშინაარსო კითხვებსაც კი. პოპოვიჩს როცა კითხვა არ მოსწონს ლაკონური და მკაცრია, ან იუმორით ცდილობს მიახვედროს ჟურნალისტი, რომ ამ თემაზე საუბარი უაზრობაა. კითხვაზე, რა განსხვავებაა ევროპულ კალათბურთსა და NBA-ს შორის მან მარტივი პასუხი გასცა: „ეს საკმაოდ რთული თემაა“.

გრეგი შეგვპირდა: ვეცდები ტიმი არ წავიდეს, თუმცა მე აქ უძლური ვარ, მისმა სხეულმა უნდა გაუძლოს ამ დატვირთვასო. სიამოვნებით ისაუბრა ახალ სამწვრთნელო შტაბზე, ბეკი ჰემონისა და ეტორე მესინას შემადგენლობით: „ბეკი ქალთა ნბა-ს ლიდერი იყო, როგორც მოთამაშე საუკეთესო, როგორც მწვრთნელი დეტალებზე ორიენტირებული და კომუნიკაბელურია.“ მესინაზე უფრო მეტი ისაუბრა, აღნიშნა, დიდი პატივია დღეს, რომ მესინა ჩვენს გვერდით არისო.

„ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის დღეს ჩვენთან ერთად არის. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. ის ხომ კალათბურთით ცხოვრობს. მესინა გუნდში არის ადამიანი, რომელიც თავს არ დაგიქნევს უბრალოდ და არ დაგეთანხმება, მასთან მიწევს არგუმენტებით დავა ყველა დეტალზე.“ - გრეგ პოპოვიჩი მესინაზე.

გრეგთან დიალოგის შემდეგ ტიმ დანკანთან საუბრის საშუალება მოგვეცა. ტიმი ხასიათზე ვერ იყო, ტრავმა აწუხებდა. მანაც მოთამაშეების ჯანმრთელობაზე გაამახვილა ყურადღება, თქვა, რომ ეს მთავარია გუნდისთვის, რათა ტიტული შეინარჩუნონ. ასევე არ გამორიცხა კავაი ლეონარდის ლიდერობა „სპერსში“ – „რადგან კავაი ყოველდღე იზრდება, ვითარდება, ყალიბდება და იხვეწება. მას აქვს შანსი, გახდეს მომავალი ლიდერი „სან-ანტონიოს“ ისტორიაში.“

სანამ მწვრთნელს და მოთამაშეებს ვესაუბრებოდით, კავაი და პარკერი ვარჯიშს არ წყვეტდნენ. ცოტა ხანში ისინიც დაიღალნენ და ტონი პარკერის ჯერიც დადგა. პარკერმა გაიხსენა ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებული მატჩები და ზაზა ფაჩულია, რომლის წინააღმდეგაც პირველად 14 წლისამ ითამაშა. აღნიშნა, რომ ძალიან კარგი ქართველი სპორტსმენების წინააღმდეგ უწევდა თამაში და დღემდე დიდ პატივს სცემს მათ. ასევე ისაუბრა თურქ მოთამაშეებზე NBA-ში, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ დარჩნენ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში. თქვა, რომ გულშემატკივრობს ყველა ევროპელ კალათბურთელს NBA-ში, რადგან იქ მოხვედრა და ადგილის შენარჩუნება ძალიან რთულია.

„ვამაყობ, რომ „სპერსში“ ვარ და სულ არ მაღელვებს სტატისტიკა. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოვიგო ჩემპიონატები.“ - ტონი პარკერი.

რაც შეეხება ჩემპიონობას, როგორც აღნიშნა, რაც მეტი, მით უკეთესი, თუმცა მინიმუმ ოთხჯერ უნდა რომ მოიგოს.

მედიისთვის კარი ამით დაიხურა. ქართველებმა შენობა დავტოვეთ და მეტროს ძიებაში, შენობის უკანა შესასვლელთან აღმოვჩნდით, საიდანაც „სპერსს“ მედიისგან შეუმჩნევლად უნდა დაეტოვებინა ტერიტორია. გაგვიმართლა, კიდევ ერთხელ ვესაუბრეთ ყველას, კამერებისა და დიქტოფონების გარეშე, სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ და ემოციურად გადაღლილები გავემართეთ სახლისკენ, უფრო ემოციური მეორე დღისთვის („სპერსი“ – „ფენერბახჩეს“ დაპირისპირება 11 ოქტომბერი) მოსამზადებლად.

 

 

 

 

ეკატერინე ლოლუა