რეტრო
24 ოქტომბერი, 2014
2509
print

ნოდარ ლადარია

 

ფემიციდის, ანუ ქალების ხოცვის შესახებ ბევრმა გამოთქვა აზრი — ალბათ ყველამ, ვისთვისაც აზრის გამოთქმა ოდნავ მაინც ჩვეული საქმეა. აქციებიც ჩატარდა, მოწოდებებიც გაისმა. ერთი სიტყვით, საზოგადოებამ ორთქლის გამოსაშვებად ყველა არსებული სარქველი გახსნა. გამოთქმულ შეფასებათა დიაპაზონი ერთობ ფართოა: „ვნების დანაშაულიდან“ სოციალურ კატასტროფამდე, ტრადიციების დამცველი სტიქიური მოძრაობიდან ქალთა მიერ თავისუფლებისათვის გადახდილ ხარკამდე. მოცემულ საკითხზე მხოლოდ რეზო ამაშუკელისა და ილია მეორის აღშფოთება არ შემხვედრია არსად, თუმცა, ვინ იცის, ეს ჩემი უყურადღებობის ბრალია.

ამ თვალისმომჭრელი მრავალფეროვნებიდან ორ სტატიას გამოვყოფდი. ორივე გამოქვეყნდა „ტაბულას“ ინტერნეტგვერდზე. სანდრო თარხან-მოურავის სტატია „იქნებ ღალატობდა, იქნებ აგინებდა“) გვეუბნება, რომ ხსენებული დანაშაულების ერთ-ერთი მიზეზი არის ღირსების შესახებ ველური წარმოდგენა, რომლითაც გამოირჩევიან ქართველი მამაკაცები. გია ნოდია კი სტატიაში „ჟამი ძალადობისა“ ეძებს პასუხს კითხვაზე: რატომ გახშირდა ქალთა მკვლელობები მაინცდამაინც ახლა?

რა თქმა უნდა, ორივე სტატიის შინაარსთან კამათი არა მარტო შესაძლებელი, არამედ სასურველიც არის. ეს გარემოება ნებისმიერი ტექსტის ღირსებაა. უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ აღვნიშნე, რომ მათ წაკითხვაზე დახარჯული დრო დაკარგულად არ ჩამითვლია და ვერც რაიმე უკეთესს შევთავაზებდი მკითხველს მე თვითონ.

საზოგადოდ, ცხოვრება აივსო მოვლენებით, რომელთა შეფასება მეტ-ნაკლებად გონიერი და ნასწავლი ადამიანისთვის ძალიან ადვილია: ფემიციდს რომ თავი დავანებოთ, აბა, ვის უნდა გაუჭირდეს აზრის გამოთქმა, როცა ყვითელი ავტობუსიდან ერთობლივი ძალებით აგდებენ შავკანიანს ებოლა-ებოლას ძახილით? ან თვითმფრინავის ბილეთში 20.000 ლარს იხდიან? ან პოლიციის დახმარებით მეჩეთს ანგრევენ? ან კახეთისა და მთელი საქართველოს კარიბჭეს მტერს უხსნიან?

რომელ ჭკუათმყოფელს გაუჭირდებოდა ამ ყველაფერზე აზრის გამოთქმა?

არადა უჭირთ... უჭირს ღარიბაშვილს, უჭირს ბესელიას... წულუკიანს, ვოლსკის... განა რაიმე სიძნელეს გრძნობენ, არა, უბრალოდ, ყოველგვარი შინაგანი წინააღმდეგობის გარეშე მიერეკებიან პირიდან ამოფრენილ სიტყვებს. მეტი არაფერი. ამ ვითარებაში შეუძლებელია კრიტიკა ან დისკუსია. ამავე დროს, შეუძლებელია გამიჯვნა და გვერდზე დადგომაც. ამიტომ ვირჩევ გვერდით ეფექტებს. რაც არ უნდა ვთქვათ, ზემოთ დასახელებული გვარები არ წარმოადგენენ საქართველოს ავადმყოფობას. ეს მხოლოდ სიმპტომებია, გარეგნული ნიშნები. ავადმყოფობა უფრო ღრმად არის...

აი, უნივერსიტეტის დერეფანში მომხდარი მკვლელობის შემდეგ სტუდენტები ითხოვენ ზომების მიღებას. მაინც რა ზომების? — ძირითადი საფუძველი შემდეგია: თავს დაუცველად ვგრძნობთ. დაცულად რომ იგრძნონ თავი, სჭირდებათ დაკუნთული და შეიარაღებული დაცვა, საშვთა ბიურო, მეტალდეტექტორები, პლასტიკური ბარათების სისტემა. დავანებოთ თავი იმას, რომ დაკუნთული პოლიციელებისა და ტურნიკეტების მომთხოვნი ოცი წლის ჭაბუკი თავისთავად აბსურდული სანახაობაა; დავანებოთ თავი იმას, რომ სულ მცირე ხნის წინათ ლამის იგივე ადამიანები ლოყებს იხოკავდნენ იმის გამო, რომ სკოლებში მანდატურების ინსტიტუტის შემოღება პოლიციური სახელმწიფოს ნიშნად მიაჩნდათ. არაბუნებრივი და არალოგიკური ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველანი ვყოფილვართ, ამ ჭირის სათავე კი უფრო ღრმადაა.

არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევაში ან ამ ნგრევის ინტელექტუალურ ახსნასა და გამართლებაში საგრძნობი წილი ე. წ. რეჟიმულ დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებმა შეიტანეს. სხვა სიტყვებით კი სწორედ მათ, ვისაც ყოველ დილით სამსახურში შესვლისას საშვის ჩვენება უხდებოდა... დიახ, ცხოვრება დაცული იყო, მაგრამ აუტანელი. ახლა იმას ვამბობ, რომ ახალგაზრდების მიერ „დაცულობის“ მოთხოვნა თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც სახიფათოდ ემსგავსება უფროსი თაობის მიერ „რკინის ხელის“ მოთხოვნას.

შესაძლებელია, ეს ახალგაზრდები ვინმეს მიერ იმართებიან: მაგალითად, რომელიმე პოლიტიკური ძალა, შინაგანი ან გარეგანი, მათ იყენებს გარკვეული განწყობის შესაქმნელად. ამის მტკიცებას ორი მიზეზის გამო არ მოვყვები: ჯერ ერთი, არ ვიცი, ასეა თუ არა; მეორეც, საქართველოში გავლენის აგენტების გარეშეც საკმარისი პირობებია ხსენებული განწყობის გამოსაწვევად.

აი, თუნდაც ავტორიტეტული ბაბუა ავიღოთ: რომელიმე საქ-სახ-მრეწვ-მშენში დაბერებული, ათას საოხრეზე გადამხტარი, ადგილის არგამფუჭებელი, ოჯახის შემნახველ-მარჩენალი, თავისნაირ ძმაკაცებში პატივცემული... იტყვის ბაბუა, რომ მის დროს სტუდბილეთის გარეშე უნივერსიტეტში ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა, ჰოდა, მიიღებენ უკრიტიკოდ. და არათუ უკრიტიკოდ, არამედ კრეატიულადაც: შესვლა მხოლოდ სტუდბილეთით, ხოლო ვისაც შინ დარჩება, იმან დამალული იარაღის აღმოსაჩენად ჩხრეკა გაიაროსო.

არა, ახალგაზრდობა ნიჭიერი გვყავს! - წყალი არ გაუვა!..

მაგრამ სწორედ მათი უცნაური პოზიცია გვიდასტურებს, რომ საქართველოს მიერ აღებული კურსი არ არის რომელიმე თაობის ან პოლიტიკური ჯგუფის რევანში: ეს არის ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი და ძნელად დასაძლევი სვლა წარსულისკენ. ის სოციალური, მენტალური და ზნეობრივი ქაოსი კი, რომელიც ყოველ დღე ვლინდება ხან კრიმინალის, ხან რასიზმის, ხან რელიგიური შეუწყნარებლობის სახით, უბრალოდ, გარდამავალი პერიოდის უხერხულობაა.

აბა, ამხელა თავისუფლებისმოყვარე და ღირსებით აღჭურვილი ერი გარყვნილ-გათახსირებული გერმანელებივით მწყობრად ხომ ვერ შემობრუნდება? - ზოგი ადრე იცვლის მიმართულებას, ზოგი ოდნავ უფრო გვიან და ამ ორომტრიალში ეჯახებიან ერთმანეთს ღვთივკურთხეული ქართველები.

ცოტაც, სულ ცოტაც და „დაუცველი“ სტუდენტებისა არ იყოს, თვითონვე შესთხოვენ ხელისუფლებას: დაგვიმონეთ, მაგრამ დაგვიცავით! მანამდე კი ვიქნებით კიდევ ერთხანს საკუთარი იდიოტიზმით გაოგნებულ-განცვიფრებულნი. ნუ ავჩქარდებით. ვისმინოთ ბრძენკაცისა, რომელმაც ბრძანა: რაში სჭირდება ქართველს იუსტიციის სახლი? განა რა არის მისთვის დღეში ხუთ-ექვსი საათის დაკარგვა?

მაინც ჯანდაბისკენ გვიქნია პირი და რაღას ვჩქარობთ?

 

ნოდარ ლადარია