…მოგკლავ, გოგო! აქ, ყველაფერი შეიძლება
24 ოქტომბერი, 2014
1790
print

თუ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, ინტერნეტში დაიდო, ვიღაც მამაკაცისა და ქალის სატელეფონო საუბარი, რომელშიც კაცი ქალს ბოლო სიტყვებით აგინებდა და თითოეულ ამ ტირადას, აუცილებელი მუქარით - “…მოგკლავ, გოგო! მოგკლავ-მეთქი...” ასრულებდა? მაშინ ეს სატელეფონო საუბარი, რატომღაც, ძალიან დიდი პოპოულარობით სარგებლობდა და თბილისური საზოგადოება ამ ვიღაცა სრული იდიოტის ლაპარაკს ათასჯერ ისმენდა და თავადაც იდიოტივით იცინოდა… ახლა, გაირკვა, გასული კვირის რეალობამ, ან თუ გნებავთ, გასული წლის კრიმინალის სტატისტიკამ დაგვანახა, რომ სასაცილოდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს! თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გვითქვამს - “რომ გამიგოს… ფასი რომ იცოდეს… პატრულში რომ დავრეკო… რომ მოვწიო… რომ გავყიდო… რომ ვიმუშაო… რომ დამაგვიანდეს… რომ არ დავრეკო… რომ დავადგე… რომ წავიდე…… მომკლავს!” ახლა, დარწმუნებული ვარ, ქართველ ქალთა უმრავლესობა, ამ ჩვეულ ფრაზებს ასე დაუფიქრებლად, ასე გაუაზრებლად, სრულიად გადატანითი და რაიმე საფრთხის ოდნავაც არშემცველი მნიშვნელობით, ძნელად თუ იტყვის. ჩვენდა სამწუხაროდ, მშრალი ციფრებისა და კონკრეტული ტრაგიკული ფაქტების საფუძველზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეჭვიანი, უხასიათო, ფეთქებადი, ნერვებდაგლეჯილი, უმუშევარი, უფულო, ნასვამი, ნასამართლევი, ამნისტირებული, ნარკომანი, ძუნწი, ბრაზიანი, მოშიებული, უძინარი ან უბრალოდ, დაღლილი, ასე, ზოგადად, ცხოვრების სირთულით გადაღლილი ქმრები - მოღალატე, ისტერიჩკა, ჯაჯღანა, მფლანგველ, ჭორიკანა, მყვირალა, მტირალა, ან უბრალოდ, ლამაზ და ცუდ მზარეულ ცოლებს, ასე, დღისით-მზისით, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ კლავენ! ეკა ბესელია კი ამ ტრაგიზმშიც საკუთარ ინტელექტუალურ-ზნეობრივ სიმაღლეს არ ღალატობს და ჩვენ, ბეცებს ბრძნულად და ჩვენი შეუგნებლობისგან ცოტა გადაღლილიც კი, გვახსენებს, რომ ყველა “მკვლელობას თავისი მიზეზი აქვს!” ალბათ, ქალბატონი პარლამენტარი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, იურისტი და უბრალოდ, მშვენიერი მანდილოსანი… როგორც ყოველთვის, მართალია და ქმრის მიერ ცოლის, ან ნებისმიერ სხვა მკვლელობას, შეიძლება, საპატიო და უპატიებელი მიზეზები ჰქონდეს?! ამ ქვეყანაში, ყველაფერი შეიძლება?!

ეტყობა, მხოლოდ აქ, ამ ქვეყანაში შეიძლება, რომ პრემიერმინისტრი, კრიმინალის საგანგაშო ზრდას და ახლა უკვე ქმრების მიერ ცოლების მასობრივ ხოცვა-ჟლეტას, არა შესაბამისი სამინისტროს უუნარობას, მელორ ვაჩნაძეების მიერ ცოტა არ იყოს და მიჩაგრულ პოლიციას, არა პოპულისტურ-ნაჩქარევად ამნისტირებულ მკვლელ, ნარკომან “პოლიტპატიმრებს”, არამედ, ერთპიროვნულად, მხოლოდ და მხოლოდ, ყოფილ პრეზიდენტს აბრალებდეს და თავად ვერა და ვერ გრძნობდეს, კეთილისმსურველი სხვაც არავინ ეუბნებოდეს, რომ მისი და მისი გუნდის ამგვარი ფობია, უკვე სასაცილო, საზოგადოებისთვის იუმორის მორიგი, დღითიდღე სულ უფრო პოპულარული, თემა ხდება. “Опять Гуськов!...»

მხოლოდ ამ ქვეყანაშია მისაღებ-დასაშვები, რომ ევროპაში არამცთუ ნასწავლი, ნამუშევარი, არამედ, ერთხელ გავლით მაინც ნამყოფი იურისტი, ამჟამად კი იუსტიციის მინისტრი, გასული წლის კრიმინალური სატატისტიკის შეჯამებისას, რთულად ახსნად, მაგრამ გამგებისთვის, ყოვლისმთქმელ რეზიუმეს - “კრიმინალი არ გაზრდილა. კრიმინალში კაცებმა იყოჩაღეს და ქალების კვლა დაწინაურდა”- აკეთებდეს. არც ვიცი, ამგვარ განაცხადს რა ტიპის რეაგირება შეესაბამება? ალბათ, იუსტიციის მინისტრს უნდა დავუჯეროთ, მივყვეთ, მივენდოთ (სხვა რა გზა გვაქვს?) და ყველამ ერთხმად შევძახოთ - ყოჩაღ, ყოჩაღ, კაცებო, ქალების კვლაში ასეთი დაწინაურებისთვის! ამის მერე კი, ომახიანად, ჩვენებურ-ქართულ-მრავალხმიანად თუ წავიმღერებთ - “ბიჭებო, ბიჭებო, ბიჭებო, საქართველოს ბიჭებო!” იუსტიციის მინისტრი, იმედია, კიდევ უფრო კმაყოფილი დაგვირჩება. ისე, ამ სიმღერის გახსენებაზე, მგონი, იუსტიციის მინისტრის მოსაწონი იდეა დამებადა - ცოლის მკვლელობაში სამაგალითოდ დაწინაურებული, ყოჩაღი კაცების, იუსტიციის სამინისტოსთან არსებული ერთი რამე გუნდი ხომ არ შეგვექმნა? მინისტრი კიდევ უფრო კმაყოფილი იქნებოდა? რატომაც არა?

მხოლოდ, აქ, ამ ქვეყანაში შეიძლება, რომ მთავარი საკანონმდებლო ორგანოს, ფაქტიურად, რანგით მეორე კანონმდებელი მანანა კობახიძე, სოციალურ ქსელში მისთვის წერილობითი შეურაცხყოფის მიმყენებელს, მისი ქმრის, ძმის ან მამის მიერ “შუბლის გახვრეტით” ემუქრებოდეს და ამაში ვერანაირ დანაშაულს, ვერანაირ კრიმინალს ვერ ხედავდეს. ვერც ვერავინ ვერ ხედავდეს. როგორც ჩანს, შეიძლება!

მხოლოდ აქ შეიძლება, რომ უკლებლივ ყველა ტელევიზია, ახალგარემონტებულ, გაპრიალებულ, გაჩახჩახებულ, მაგრამ პრიმიტიული ჭორიკანა ქალებით გამოტენილ-გაბუღულ სამზარეულოს ემსგავსებოდეს. მხოლოდ აქაურობაში გამობრძმედილებს არ გვეხამუშება, არ გვენანება, რომ ყველაზე წამყვანი ტელევიზიაც კი სოფლის კლუბს ან ახალმიშენებულ სამზარეულოს, დროდადრო, შეიძლება ემსგავსებოდეს. გულწრფელად მაინტერესებს, რომელ პროდიუსერს გონია, რომ მაგალითად, ინაშვილის აზრი დღეს ვინმეს აინტერესებს? ვინ ფიქრობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ინაშვილს ზნეობაზე, მორალზე… საუბრის, ყვირილის, მუქარის… უფლება მისცა? სტუდიაში დამსწრე აუდიტორიის შემადგენლობას ვინ ადგენს და წინასწარ ხელებაკაპიწებულ “ყოჩაღ ბიჭებს”, ამდენ “ჯაჭვლიანებს” სად პოულობს და რისთვის იწვევს? როგორ დავიჯერო, რომ “ჯაჭვლიანების” აზრი, დღეს, საინტერესო და აქტუალურია? თუმცა, ამ ქვეყანაში, ეტყობა, ყველაფერი შესაძლებელია! ისიც კი, რომ დილას ადრე დანიშნული სასამართლო პროცესის წინა ღამის ტელეეთერში, ერთ-ერთი მთავარი კანონმდებელი, ხელისუფლების მთვარი სახე, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და “ნებისმიერი საქმის გამკეთებელი” დეპუტატი, ადამიანის უფლებადამცველი კომიტეტის თავმჯდომარე პირდაპირი ეთერის მეშვეობით, სასამართლოზე ასეთ გავლენას ახდენდეს, ხელისუფლების ნებასა და აზრს ასე აგრესიულად და დაუფარავად აფიქსირებდეს, თავს ახვევდეს? როდემდე შეიძლება დეპუტატ ბესელიასგან გატყავებულ ადამიანებზე “უჟასტიკები” ვისმინოთ და ამ ადამიანთა გატყავებისთვის ერთი გასამართლებული, ერთი ბრალდებულიც ვერ ვნახოთ? ვინ გადაწყვიტა, რომ ბესელიებთან, “ყოჩაღ, დაწინაურებულ კაცებთან”, ჯაჭვლიანებთან, ინაშვილებთან ტელევიზიის მეშვეობით, ზედაპირულ-დაუსაბუთებელ-მიკერძოებული, სამზარეულოს შესაფერისი ჭორაობა გვსურს? მაგათ ჩვენ ხომ სამზარეულოებშიც არ ვუშვებთ? თუ უკვე ვუშვებთ? თუ დღეს ესეც შესაძლებელ-დასაშვები გახდა? მინდა ვიცოდე, დროს, თბილისის მოდის ტენდენციებს, შემთხვევით რომ არ ჩამოვრჩე, რამე არ გამომეპაროს!

თუმცა მგონია, რომ საერთო ტენდენცია, სამწუხაროდ, საკმაოდ მკაფიოა.

შეიძლება, რომ პრემიერის მრავალკაციანი დელეგაციის ვიზიტი სახელმწიფოს მილიონი უჯდებოდეს? შეიძლება! ადრე არ შეიძლებოდა და ახლა შეიძლება! სულ რაღაც ერთი წლის წინ, დაცვით სიარული, ქუჩების გადაკეტვა, თანმხლები ესკორტი, რესტორანში სადილი, ვიზიტებით აქეთ-იქით სიარული, უცხო ქვეყნის პრეზიდენტებისთვის, პრემიერებისთვის საჩუქრების მირთმევა, წამლების შეძენა, მკურნალობა, კოსტუმების ცვლა… არ შეიძლებოდა. არც ბებიებისთვის მანქანები არ შეიძლებოდა. ბებია საჭესთან ვის გაუგია? ახლა კი შეიძლება და მორჩა!

ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ, რომ, ჯერჯერობით, აქ, ამ ქვეყანაში ყველაფერი შეუძლებელი შეიძლება! დღეს, საქართველოში დაუშვებელი დაშვებულია. სახელმწიფოს ხარჯზე ცოლების ფუფუნება, ნათესავებზე ზრუნვა, დასაქმება, დასახლება, სიმამრების პატივისცემა, ჯაჭვლიანების იდეოლოგია, კაკაბაძე-ინაშვილების მორალი, ქუცნაშვილების სიბრძნე, პუტინის სათნოება, შავკანიანი სტუდენტის ავტობუსიდან გადმოგდება, ცრემლმდენი ხატების მოზღვავება, პოლიციელისთვის სროლა, გუდიაშვილის მოედნის, “პანორამა თბილისის” მშენებლობის გაგრძელება, თათბირებს შორის რესტორანში, ზღვის პროდუქტებით ლანჩი, მილიონების ხარჯვა, პოლიტკონკურენტების საპყრობილეებში ჩამწყვდევა, ჯიპების კურთხევა, მაღაზიების, ბანკების დაყაჩაღება, ნარკოტიკის შოვნა… შეიძლება!

მთავარ თემას დავუბრუნდები და მეტსაც გეტყვით, დღეს, ბესელიებს-წულუკიანებს-კობახიძეებს თუ დავუჯერებთ, ქმრების მიერ ცოლების მოკვლაც შეიძლება, უბრალოდ, მიზეზს გააჩნია! მიზეზი, აუცილებლად, საპატიო უნდა იყოს. ამას ბესელია, პირადად გააკონტროლებს და უმიზეზოდ არავის არავისი მოკვლის უფლებას არ მისცემს. არც იფიქროთ! ეს, არ შეიძლება!

ხოდა დაუჯერეს ქართველმა კაცებმა მათ რჩეულ პოლიტიკოსებს, ძლიერებს ამა ქვეყნისა და შედეგად - “კრიმინალში კაცებმა იყოჩაღეს და ქალების კვლა დაწინაურდა!” ვაშა! დიდება ახალ საქართველოს! იუსტიციის მინისტრმა, ან კიდე უკეთესი - პრემიერის აპარატმა, “ქალთა კვლის” ხუთწლედი რომ დააწესოს? მანდ, ასეთ კონკურენტუნარიან პირობებში ვინც იყოჩაღებს, დაწინაურებას ვინც შეძლებს, ახალი საქართველოს გმირის წოდებას პრემიერი მიანიჭებს. თუმცა, მაგ დროისთვის, შეიძლება, პრემიერმინისტრი სულ სხვა იყოს?! შეიძლება. აქ, ამ ქვეყანაში, ხომ, ყველაფერი შეიძლება!

P.S. ამასობაში კი, ამ შეუძლებელის შეძლების, დაუშვებელის დაშვებულობის ქაოსით, ხელსაყრელი მომენტით საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ისარგებლა და არც მეტი, არც ნაკლები, ოფიციალური ვიზიტით, პირველ, უფრო სწორად კი პირველ, მაგრამ მაინც მეორე ლედისთან ერთად (აქ, ესეც შეიძლება!) იაპონიაში წავიდა… უფრო დაზუსტებით კი, სულ სხვა პრეზიდენტით შეპყრობილ პრემიერს გამოეპარა და გაეპარა. ნეტავი მცოდნოდა! ფულს გავატანდი და კიმონოს ყიდვას ვთხოვდი… რა მოხდა? არ შეიძლება, რომ პრეზიდენტმა, არა სახელმწიფო ფულით, არა ბიუჯეტის ხარჯზე, იაპონიიდან ნამდვილი იაპონური კიმონო ჩამომიტანოს? შეიძლება, აქ, ამ ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება!

ქეთევან იგნატოვა