რეალური გუნდი
30 ოქტომბერი, 2014
1080
print

ზურა თალაკვაძე

„პორტლენდმა“ შარშან 54 თამაში მოიგო. 28 ვერ მოიგო. გავიდა ფლეი ოფში, მოაგვარა ჯეიმს ჰარდენის და მოუქნელი დუაიტ ჰოვარდის პრობლემა, გააჩერა „ჰიუსტონი“. იდეალური თემა ახალგაზრდა გუნდისთვის. და შემდეგ იყო ის 1:4 „სან ანტონიოსგან“. ჩემპიონისგან. ხდება ხოლმე. „სან ანტონიოსგან“ 1:4 შარშან „მაიამიმაც“ აირტყა. იქ ცოტა სერიოზული ტიპები იყვნენ და „სპერსმა“ სერია ელეგანტურად წამოიღო.

„პორტლენდს“ ახსოვს 4:2 „ჰიუსტონთან“ და „პორტლენდს“ უფრო ის, მეორე სერია ახსოვს. სადაც „სან ანტონიო“ იყო პროფესორი და „პორტლენდი“ - სტუდენტი, რომელსაც ყური აუწიეს. „პორტლენდმა“ სერიის ერთი თამაში წამოიღო და იდეაში, „სან ანტონიო“ იმ ერთ ტესტსაც მოიგებდა. უბრალოდ, ფავორიტმა დაისვენა, „პორტლენდმა“ სერია ოდნავ რესპექტაბელურად წააგო და ტიმ დანკანის მეგობრები შემდეგ დონეზე გადავიდნენ.

„პორტლენდი“ გადაიკითხეს და გრეგ პოპოვიჩმა „სპერსს“ ფენომენალური კალათბურთით მოაგებინა.

1:0, „სან ანტონიო“ 116, „პორტლენდი“ 92

2:0, „სან ანტონიო“ 114, „პორტლენდი“ 97

3:0, „სან ანტონიო“ 118, „პორტლენდი“ 103

4:1, „სან ანტონიო“ 104, „პორტლენდი“ 82

„ჰიუსტონთან“ სოლირებს ლამარკუს ოლდრიჯი და „სან ანტონიოსთან“ დიდი ბიჭი სერიულად თამაშობს. „სპერსმა“ ოლდრიჯს აგრესია წაართვა და დანკანი მზად იყო ამ გარჩევისთვის.

„პორტლენდი“ ოლდრიჯის და პატარა ტიპის, დემიან ლილარდის პროექტია. თუ ბიჭები თამაშობენ, „პორტლენდი“ იგებს. თუ ბიჭებს პრობლემები აქვთ, „პორტლენდი“ ვერ ქაჩავს, „პორტლენდი“ გაჩერებულია.

ოლდრიჯი ყველაზე კარგი, საინტერესო მაღალი მოთამაშეა.

მთელ ლიგაში საუკეთესო. უფრო მოქნილი, ვიდრე ტანკი ჰოვარდი. უფრო საფლეიოფო, ვიდრე სექსუალური კევინ ლავი. უფრო სწრაფი, ვიდრე დირკ ნოვიცკი. დანკანს ვერ შევადარებთ. ლამარკუსი ტიმის პროტოტიპია.

საშუალოდ 23.2 ქულა, 11.1 მოხსნა. ლამაზი ორმაგი დუბლი. თითქმის ისეთივე ლამაზი, როგორც - დანკანის, საუკეთესო წლებში. ოლდრიჯი ტიმიზე სწავლობს, ოლდრიჯი ტიმის ძველ თამაშებს უყურებს და ოლდრიჯმა მაგრად მოუმატა.

ადის პერიმეტრზე და 4-5 მეტრიდან აგდებს. ბრუნდება სამწამიანში და ელეგანტურად გისრულებს. აყენებს ბლოკს, იღებს ბურთს ლილარდისგან და დაცვა უკვე გაგლეჯილია. ოლდრიჯს ყოველთვის დამცველზე ერთი ვარიანტით მეტი რჩება. მრავალფეროვნება საკაიფო თემაა და ლამარკუსმა ეს იცის.

იდეაში, ეს მთლიანად „პორტლენდის“ თემაა და ჩვენ მხოლოდ ოლდრიჯზე შევუბერეთ.

იქ არის ლილარდი, რომელმაც „ჰიუსტონი“ იმ ერთი სამიანით გადახსნა. ლილარდი ძალიან კარგი იმპროვიზატორი და თავის პოზიციაზე, ერთ-ერთი სუსტი, რბილი დამცველია. ბიჭმა ეს თემა უნდა დააბალანსოს, ან პლიუსები მინუსებით გადაიფარება. რეგულარულში ეს არ ჩანს და ფლეი ოფში ლილარდი იკითხება. პლიუს, დემიანი დაცვაში არ იღლება. ლილარდი (20.7+5.6 პასი) ახალი ტერი პორტერია. და ლილარდი მოუმატებს.

იქ არის, ნიკოლას ბატუმი. მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრებში არ იყო პარკერი, დე კოლო, ნოა და ბატუმი (ბორის დიაოსთან ერთად) სოლირებდა. ბატუმი სერბეთთან მთელი საფრანგეთი იყო და უნივერსალი ფორვარდი ტურნირის პირველ ხუთეულში შეიყვანეს.ბიჭმა ეს დაიმსახურა. ბატუმის შარშანდელ სტატისტიკას (13.0+7.5 მოხსნა+5.1 პასი) მოაქვს. ბატუმის დაცვა სოლიდურია და თუ ბიჭი მეტი იმპროვიზაციით გააკეთებს საქმეს, „პორტლენდი“ გაიშლება.

იქ არის ძალიან კარგი, ალბათ, გუნდის საუკეთესო პერსონალური დამცველი, უესლი მეთიუზი. „სან ანტონიოსთან“ სერიაში მეთიუზმა ვერ გაიგო, ვინ უნდა აეყვანა. მეთიუზი შევიდა „სპერსის“ ლაბირინთში და დაიკარგა. უესლი სტაბილურად გბომბავს შორიდან და უესლის აქვს სნაიპერის თვალები. და კარგი მაჯა. და მაგრად დგას. მეთიუზის 16.4 ქულა, 201 ზუსტი სამიანი „პორტლენდის“ პიცაში აუცილებელი ინგრედიენტებია.

პირველ ხუთეულში ცენტრზე დგას რობინ ლოპესი. ბრუქის უფრო ჯანმრთელი და ნაკლებად ნიჭიერი ძმა. ლოპესი მონდომებული და ძალიან ჩვეულებრივი პივოტია. ნორმალური სროლით, აგრესიული, მაგრამ ძალიან უხეში დაცვით. „ჰიუსტონთან“ ლოპესი არ ახსოვდათ, იქ პრობლემებს სხვები აგავრებდნენ. „სან ანტონიოსთან“ ლოპესი დაიკარგა. და „პორტლენდმა“ ამ პრობლემების მოსაგვარებლად შეუკვეთა მოხუცი კრის კამანი. რომელიც ადრე ოლსთარელი იყო. რომელიც ადრე სამწამიანში მშიერი ალიგატორივით ეძებდა მსხვერპლს. რომელიც ადრე ძალიან კარგი იყო. უბრალოდ, ეს ადრე იყო.

მაღლების მეორე ეშელონში წუთებს და ნდობას მიიღებენ მეიერს ლეონარდი, ჯოელ ფრილენდი და ტომას რობინსონი. რეგულარულის ბიჭები. ფლეი ოფში კამანი ელესდეზე უნდა დასვან. რომ კრისმა ვერ იცნოს დანკანი, სერჟ იბაკა ან ზაკ რენდოლფი მარკ გასოლთან ერთად. ყველასთვის უკეთესი იქნება.

გუნდმა ვერ შეინარჩუნა მო უილიამსი. დოლარების ძმაკაცი, მისტერ უილიამსი „მინესოტაში“, რიკი რუბიოსთან ერთად მიირთმევს დორიტოსს. უილიამსი იქ ნაკლებად დაიძაბება. მიიღებს საკაიფო კუშს, რეგულარულის დაწყებამდე ეცოდინება, რომ ფლეი ოფში ვერ გავა და იკაიფებს. „მინესოტაც“ იკაიფებს და ფლეი ოფში „ბითლზის“ შემდეგ ალბომამდე ვერ გავა. უილიამსი იქ თავისუფლად იქნება. და „პორტლენდში“ მო შეცვალა სტივ ბლეიქმა. რომელიც ასაწყობია. რომელსაც აქვს ცუდი მუხლები. და რომელიც კარგი სნაიპერია. „პორტლენდი“ სადღაც გამოიყენებს სი ჯეი მაკკალამს და უილი ბარტონს. სადღაც, იშვიათად და არა - ფლეი ოფში.

„პორტლენდის“ პრობლემა ცუდი, რბილი დაცვაა. ფლეი ოფში დაცვით იგებ. ნუ, ცუდი დაცვით მოიგებ ერთ წრეს. და შემდეგ წრეში წამოვლენ ტიტანები, რომლებიც ოლდრიჯის და ლილარდის ინდივიდუალიზმს აგრესიით დალეწავენ. „პორტლენდს“ დაცვაში ეს აგრესია აკლია. შარშან, დასავლეთის საფლეიოფო ბენდებიდან „პორტლენდზე“ ცუდი დაცვა იყო მხოლოდ „დალასში“. და „დალასმა“ სადისტი ტაისონ ჩენდლერი დაირტყა. „პორტლენდმა“ - მოხუცი კამანი.

დასავლეთში ორი ფავორიტია. მოქმედი ჩემპიონი „სან ანტონიო“ და „ოკლაჰომა“. კევინ დიურანი გამოტოვებს რეგულარულის პირველ 6 კვირას, მაგრამ იქ არის მისტერ უესთბრუქი და იქ არის მოტივირებული იბაკა. „ოკლაჰომა“ დიურანის გარეშე სადღაც წააგებს, მაგრამ კევინთან ერთად ეს ჯაგერნაუტი ყოველთვის „პორტლენდზე“ მთქმელი და მრავალფეროვანი გუნდია. „პორტლენდმა“ ეს იცის. და „პორტლენდზე“ უკეთესია „კლიპერსი“. და ალბათ, „გოლდენ სტეიტი“.

მე მომწონს „პორტლენდის“ მთავარი მწვრთნელი, მისტერ ტერი სტოტსი. მწვრთნელი-ნოვატორი, რომელიც პოპოვიჩის კონსპექტებით იღებს ერუდიციას. მწვრთნელი-ილუზიონისტი, რომელმაც „ჰიუსტონთან“ სერიაში გააქრო ჰოვარდი. მწვრთნელი, რომელიც გუნდს ენდობა. და მწვრთნელი, რომელსაც გუნდი ენდობა. „პორტლენდს“ კარგი მწვრთნელი ჰყავს. კარგი და მშვიდი.

„პორტლენდი“ ადრე, ბილ უოლტონთან ერთად გახდა ჩემპიონი. და „პორტლენდი“ ყოველთვის ძალიან კარგი, ახალგაზრდა და აგრესიული გუნდი იყო.

კლაიდ დრექსლერის, ჯერომ კერსის და პორტერის გუნდს უგებდნენ აიზია ტომასის „დეტროიტი“ და შეიზოფრენიკი ჯორდანის „ჩიკაგო“.

არვიდას საბონისის, აიზია რაიდერის, დეიმონ სტაუდმაიერის და რაშიდ უოლასის გუნდი გააჩერეს ადმირალის „სან ანტონიომ“ და შაკის „ლეიკერსმა“.

შემდეგი გენერაციის „პორტლენდი“ დასახვეწი იყო და მივიღეთ პროდუქტი, რომელიც ბევრს მოსწონს და რომელიც ფლეი ოფში ჯერ უშანსოდ არის.

„პორტლენდმა“ შარშან 54 თამაში მოიგო. 28 ვერ მოიგო. გავიდა ფლეი ოფში, მოაგვარა ჯეიმს ჰარდენის და მოუქნელი დუაიტ ჰოვარდის პრობლემა, გააჩერა „ჰიუსტონი“. იდეალური თემა ახალგაზრდა გუნდისთვის. და შემდეგ იყო ის 1:4 „სან ანტონიოსგან“. ჩემპიონისგან. ხდება ხოლმე.

„პორტლენდში“ აქვთ სურვილი, რომ ეს აღარ მოხდეს.

ძაან რთული იქნება.

 

 

zura talakvadze
ტეგები