ორი თბილისი
31 ოქტომბერი, 2014
1780
print

 ქეთევან იგნატოვა

იყო ასეთი, რაღაც სულელური, დიდად არც სასაცილო, ძველი, საბჭოეთის დროინდელი ანეკდოტი - два мира, два Шапиро....

ორი შაპირო არ ვიცი, მაგრამ თბილისი რომ არაერთსახოვანი, საკმაოდ უცნაური, კონტრასტული, შავ-თეთრი, ან პირიქით, ზედმეტად მრავალფეროვანი, ზოგჯერ დაუნდობელი და ზოგჯერ კი ზედმეტად კეთილგანწყობილი, უკიდურესად პროვინციული, ან პირიქით, ცივილიზებულ-ევროპული, გემოვნებიანი და ამავე დროს სამარცხვინოდ უგემოვნო, რამდენადაც დახვეწილი, იმდენად მდაბიო… ქალაქია, ამაზე, არაერთხელ გვისაუბრია, აღგვინიშნავს…

და გასულმა კვირამ ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

ჯერ კარგით დავიწყო, თუ ჯერ ცუდით? ჯერ იმაზე ვილაპარაკო, რაც მესიამოვნა, თუ იმაზე, რაც არამცთუ არ მომეწონა, არამედ რისიც უბრალოდ, ცოტა არ იყოს და შემრცხვა?

ალბათ, ჯობია, ჯერ ნეგატივი მოვილიო. კვირის მანძილზე მიღებული უსიამოვნო შთაბეჭდილებები, შემაწუხებელ-დამამძიმებელი ნალექი გაგიზიაროთ და სასიამოვნო კი დესერტივით ბოლოს მოვიტოვო?

გასულ შაბათ-კვირას თბილისობას ვზეიმობდით! და ვაი ამ ზეიმს! თავის დროზე, მგონი, თუ არ მეშლება, მენთეშაშვილის მიერ მოგონილი, ჩემი აზრით, ხელოვნური, არაფრის მთქმელი, არაფრის მატარებელი, ვითომდა დღესასწაული, ისე რა იყო და ახლა, წელს, სულ მთლად რა უბედურებაში გადაიზარდა? ათწლეულების მაძილზე, თბილისობის ტრადიციად დადგენილმა მასობრივმა სმა-ჭამამ და ზურნა-დუდუკმა, წელს სულ მთლად გაუგონარი ფორმა მიიღო და წამიერად, ეს ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი, რამდენიმე პროვინციალის გემოვნების შესაბამის ბინძურ, უგემოვნო, ყრუ სოფლად გადაიქცა… და მოვლილი სკვერების გადაბიბინებულ მდელოებს ცხენების ჯოგები შეესია. ქალაქს კი უზარმაზარ ქვაბებში მოთუხთუხე ათასობით ხინკალის მძაფრი სუნი და სამწვადე მაყალის კვამლი შემოდგომის ბურუსივით მოეფინა. არ დაიზარეს, მოისაზრეს და დუქნებიდან მაგიდები გამოიტანეს, სინთეტიკური, პრიალ-პრიალა სუფრები გადააფარეს და მანქანის სავალ ნაწილზე, პირდაპი თეთრ ხაზზე დასხდნენ, ფიალები მოიმარჯვეს, დოქებში ღვინო ჩამოასხეს და მამაპაპურად იქეიფეს. რა სადღეგრძელოები, რა ლექსები, როგორი პატრიოტიზმი, როგორი ნაღდი ჯიგრობა, კაცობა, ძირძველი ქართველობა!... ძლიერ მონატრებული თავისი სოფლების ორღობეებშიც მეზობლები ყოველთვის ასე ქეიფობდნენ და ახლა უკვე დედაქალაქშიც ასე იქეიფებენ. ვინ დაუშლის? ვინ გაკიცხავს? ვის აქვს ამის უფლება, ან თუნდაც ნება? ქალაქის მკვიდრნი სახლებში ისხდნენ, ყველა მეტროსთან ბოლო ხმაზე ჩართულ “миллион алых роз”, კორკოტას განუმეორებელ, ცეცხლოვან “ჩუნგა-ჩანგას” და კიდე, დიდი დიდი, სასოწარკვეთილ ქართულ როკს ისმენდნენ. მუსიკალური კაკაფონიისა და საჭმლის სუნისგან დასაცავად ფანჯრებს კეტავდნენ და უკიდურეს აღშფოთებას საკუთარ სამზარეულოებში ერთმანეთს უზიარებდნენ. “რა უბედურება მოაწყეს?!” ქალაქის ქუჩები დაცარიელდა. ვაკე-ვერაზე, მგონი, ერთი მანქანაც კი არ დადიოდა. ვაკელებს არ უყვართ, როდესაც მაგათ მანქანებს ხინკლის სუნი ასდის!

სამაგიეროდ, სახლებში მიმალული “სნობი” ვერელ-ვაკელებისგან განსხვავებით, ვინ ვინ და ნარმანიამ ამ შაბათ-კვირას ძალიან ისიამოვნა! რომ იტყვიან - приятное с полезным! ამდენი შთაბეჭდილებისგან, ამდენი სიახლისგან, ამდენი ემოციისგან ცოტა კი დაიღალა, მაგრამ ეს ამად ღირდა! სამაგიეროდ, მერი-ტურისტი მისადმი ნაბოძებ ქალაქს გაეცნო! ეზო, ქუჩა, თუ მოედანი არ დაუტოვებია. ვერა-ვაკეს თავი წინდახედულად აარიდა. სადღესასწაულო განწყობის გაფუჭება არ უნდოდა. არადა, თავისი უსაფუძვლო ამბიციებით, ცხვირაბზეკილობით, ნამდვილად გაუფუჭებდნენ. აი, რუსთაველზე, რიყეზე, ძველ განახლებულ უბნებში კი გაიარა. თავისუფლად, დაცულად გრძნობდა თავს და ინტერესით სულ გარშემო იყურებოდა, ათვალიერებდა, უცხო გარემოს სწავლობდა. რამხელა ყოფილა თბილისი?! ოპერა, გალერეა, მუზეუმები, თეატრები, კაფეები, პარკები, ბაღები, რესტორნები, მაღაზიები, მაღაზიები! განსაკუთრებით, პლეხანოვის მაღაზიები მოეწონა! რამდენი რამე მოუნდა, კოსტუმი ნახა, ასეთი სულ უნდოდა! არაუშავს, ცოტა ხანში იყიდის...არ დაიზარა, ყველგან შეიხედა, ყველას გაეცნო, ყველას გამოელაპარაკა, ყველას ჭირიც და ლხინიც გაიზიარა და სამომავლო თანაქალაქელობა შესთავაზა. ვინ არ გაიცნო! ბერიკაშვილი არა ტელევიზორში, არამედ ცოცხლადაც კი ნახა!... გზებზე გადაფენილ ყველა სუფრასთან, საკუთარი სადღეგრძელო მოისმინა და დიდსულოვნად, თასით ხელში საპასუხოც კი დაულია.

ახალი თბილისელები, შთაბეჭდილებებით აღსავსენი, აღფრთოვანებულები, ნაჭამ-ნასვამ-ნაგრიალებნი, სანამ, ახლა უკვე თავის თბილისობას ზეიმობდნენ, თბილისში ისევ კლავენ, ძარცვავენ, ცემენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, ერთმანეთს ლანძღავენ, ყველას და ყველაფერს აკრიტიკებენ, იწუნებენ… და მერე ყველა ერთად, შეხმატკბილებულად, გაღიმებულები, ლამაზები და გამოპრანჭულები ჯაზფესტივალზე დადიან. სტენლი კლარკის გენიალურობას ისმენენ. ბექა გოჩიაშვილის ტალანტის უნიკალურობას, განუმეორებლობას ერთხმად აღიარებენ. უმაღლესი ხარისხის და შესრულების მუსიკისგან თბებიან, დნებიან, რბილდებიან, დუნდებიან და სრული რელაქსაციისთვის, ქალაქში ყველაზე კარგი კოქტეილის დასალევად, იქვე, ვერაზე, ახალგახსნილ სასტუმროს მყუდრო ბარში მიდიან…

და იქ კი, დღის ბოლოს, გადაღლილი, გზააბნეული და სრულიად შემთხვევით მოხვედრილი მერი-ტურისტი ხვდებათ. “ამას აქ რა უნდა? არ უხდება აქაურობას! შარმს უკარგავს!” აიბნა, დაიკარგა, შეეშალა, აერია… აპატიეთ! ამ ერთხელ, აპატიეთ! და სტენლი კლარკისა და ბექა გოჩიაშვილის ვირტუოზობით დამთბარ-დამდნარ-გაკეთილებული თბილისელებიც, თავისივე არჩეულ მერს (“მივცეთ შანსი! ვაცალოთ!”) დიდსულოვნად პატიებენ. ჯერ პატიებენ!

წლევანდელი, 2014 წლის თბილისობა კი, ნამდვილად საპატიებელ-არსაპატიებელი იყო.

გასული კვირის პოზიტივი ფილარმონიში მიმდინარე ჯაზფესტივალის კონცერტებში და კიდევ ალბათ, მოდის ფერადოვან კვირეულში იყო აკუმულირებული…

მწერლის სახლში, ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერი ჯაბა დიასამიძის მიერ მოწყობილი სანახაობის სილამაზის, დახვეწილობის, მდიდრულობის სრულად გადმოცემა, ნამდვილად გამიჭირდება. ვერანაირი ფოტო, ან ვიდეო მასალა რეალურად ვერ ასახავს ბროლის ჭაღებით გაბრჭყვიალებულ, მწერლის სახლის უნიკალურ დარბაზში, ძველებური მაქმანებითა და სუფრებგადაფარებული, წითელი ვარდების თაიგულებით, გადახლეჩილი ბროწეულების, შემოდგომის წითელ-ნარინჯისფერი ფოთლებითა და ხასხასა წითელი ვაშლების, ოქროსფერი მსხლების, ქარვასავით ყურძნის ნატურმორტით (ავტორი - ზურა შევარდნაძე. “გარდენია”) გაწყობილი უზარმაზარი მაგიდის და ამ მაგიდის გარშემო, მარია კალასის ჯადოსნური სიმღერის თანხლებით, მსხდომ კოსტიუმირებულ მოდელთა სილამაზეს და დახვეწილობას. ბუმბული და აბრეშუმი, კალასი და შამპანური, ქალის სხეულის სილამაზე, მოშიშვლებული მხრები, მკერდი, შავი ხავერდი და ქათქათა თეთრი ტილო, ბროლი და ოქრო, ჩუმი საუბარი, თავშეკავებული ღიმილი, ელეგანტურობა, პლასტიკა, გრაცია… ასე მეგონა, რომ რამდენიმე წუთით, ერთი საათით, სადღაც, სხვა სამყაროში, სხვა დროში, სხვა კულტურაში, შეიძლება, ვისკონტის რომელიმე კინოფიმლში, ან გასული საუკუნის შუაგულ ევროპაში; ლამაზ, არისტოკრატულ, კეთილშობილ, ზრდილ, გემოვნებიან, რბილ, თბილ ხალხში… აღმოვჩნდი.

თუმცა, რატომ გასული საუკუნე, რატომ ევროპა, რა შუაშია ვისკონტი… ეს დახვეწილი სანახაობა, ხომ დღეს, დღევანდელ თბილისში მოეწყო? ჩვენ ხომ ასე ყოველთვის შეგვეძლო და როგორც დავრწმუნდი, დღესაც შეგვძლებია. ჩვენ, თბილისში, ხომ კორკოტას “ჩუნგაჩანგასაც” და მარია კალასის “ტრავიატასაც”, ელისო ვირსალაძესაც და ნინო ჩხეიძესაც, ბექა ჷოჩიაშვილსაც და ირინა ალეგროვასაც ხომ ერთდროულად, პარალელერად მშვენივრად ვისმენთ? ჩვენ ხომ შუა ქუჩაშიც, თეთრ ხაზზე, ნეილონის სუფრასთან და ღრმა ისტორიის, კულტურის მქონე დარბაზშიც ქეიფ-ნადიმს ერთნაირად ვერგებით? სიბინძურე, ჭუჭყი და სისუფთავეც, სილამაზე და სიმახინჯე, გემოვნება და ტოტალური უგემოვნება, მაღალი კულტურა და სრული უკულტურობა, დახვეწილობა და სიმდაბლე, აგრესია და კეთილშობილება, ველურობა და ცივილიზებულობაც… ხომ ერთდროულად შეგვიძლია, გამოგვდის, გვახასიათებს? სამარცხვინოსაც და საამაყოსაც ხომ ჩვენი ხელწერა მკაფიოდ სდევს თან?

Два мипа, два Шапиро? ორი თბილისი? ორნაირი თბილისელი? ორი…

სამწუხაროდ, რატომღაც ამ ბოლო დროს მეჩვენება, რომ ერთი ნახევარი მეორეს ჯაბნის. შეიძლება მეშლება, ვაზვიადებ… ერთი კი დანამდვილებით ვიცი, რომ გასულ კვირას სირცხვილისა და სიამაყის, სასიამოვნო და უსიამოვნო გრძნობები, მართლაც რომ პარალელურად დამეუფლა. ასეთია დღევანდელი, გაორებული თბილისი.

P.S. ამ კვირაში, საქართველოს პრეზიდენტმა მოსმენების კანონის გადავადებას ვეტო დაადო. ეს კი, მგონი, მთელი საქართველოსთვის, ორივე თბილისისთვის, გაორებული ქართული საზოგადოებისთვის, განურჩევლად ყველასათვის, შეიძლება ჯერ პირველი, მაგრამ, მაინც მნიშვნელოვანი მოსალოცი ამბავია.

 

ქეთევან იგნატოვა