ნოდარ ლადარია
რუსი სალოსები ორ ჯგუფად იყოფიან: პირველში საკუთრივ სალოსები შედიან, მეორეში კი ისინი, ვისაც მათი სჯერა.
მიხაილ პილიაევი, "ღირშესანიშნავი შერეკილები და ორიგინალები", მოსკოვი, 1898.
1783 წელი მსოფლიოს არა მარტო გეორგიევსკის ტრაქტატით დაამახსოვრდა. ამ წლის 21 სექტემბერს, სმოლენსკის გუბერნიის, პორეჩის მაზრის სოფელ ინკოვოში დაიბადა ივან იაკოვლევიჩ კორეიშა, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სალოსი, ნათელმხილველი და წინასწარმეტყველი. მან საკმაო გავლენა მოახდინა მე-19 საუკუნის რუსულ კულტურულ ცხოვრებაზე - ეს გარემოება თავისთავად იმსახურებს ყურადღებას, რადგან ნიშანდობლივია, ძალიან ნიშანდობლივი, რის ხარჯზე შეიძლება მოახდინო კულტურული გავლენა ამ ქვეყანაში.
გავლენის მასშტაბურობის წარმოსადგენად ისიც საკმარისია, რომ ივან იაკოვლევიჩის სახე გვხვდება დოსტოევსკის, ტოლსტოის, ოსტროვსკის, ლესკოვის, ბუნინისა და პილნიაკის თხზულებებში. მისი კვალი დაეტყო იმდროინდელ რუსულ ენას და იქცა იდიომად. ორი სიტყვით "ივან იაკოვლევიჩი" რუსი ექიმები და იურისტები ჟარგონულად გამოხატავდნენ პაციენტის ან ბრალდებულის შეურაცხადობას. ასე ნუსხურით დაწერილი შევიდა ეს სახელი და მამის სახელი მ. ი. მიხელსონის დიდ განმარტებით ფრაზეოლოგიურ ლექსიკონში, სადაც ვკითხულობთ: "ივან იაკოვლევიჩი, გვარად კორეიშა, იყო სალოსი ან სალოსობის განმასახიერებელი ხეიბარი, მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს მკვიდრი, რომლის ნათელმხილველობა და მკურნალის ნიჭი სჯეროდა იმდროინდელი მოსკოვის ყველა წერა-კითხვის უცოდინარსა და წერა-კითხვის მცოდნეთა ორ მესამედს". სალოსის წარმოთქმულ გაუგებარ ფრაზებს სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში მყოფი რუსი პუბლიცისტები ერთმანეთის სალანძღავად იყენებდნენ, მაგრამ მათ ყურამდე ეს ფრაზები, ასე ვთქვათ, სახალხო მეტყველებიდან აღწევდა, რადგან ყველა ცდილობდა მათში იდუმალი აზრის ამოცნობას.
რეალურად ივან იაკოვლევიჩმა 44 წელი მოსკოვის ფერიცვალების ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. როცა ხმა გავარდა, რომ სალოსს მოსწონს ბურნუთი, ანუ საყნოსი თამბაქო, მოსკოველებს ყოველ დღე იმდენი მოჰქონდათ, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაცია ფუთობით ბურნუთს აბარებდა უკან თუთუნის სავაჭრო დუქნებში. რადგან სალოსი იშვიათად დგებოდა ლოგინიდან და იქვე შარდავდა, ჰიგიენის დასაცავად სანიტრები ქვიშას ყრიდნენ პალატის იატაკზე. ეს ქვიშა დიდგვაროვან ბანოვანებს მიჰქონდათ სამკურნალო მიზნებით - წვნიანში ამატებდნენ. რადგან სალოსის ფიზიკური შესაძლებლობები მოსკოველ მორწმუნეთა მაღალ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებდა, საავადმყოფოს პერსონალი თავისი სახსრებით ამზადებდა მსგავსი შედგენილობის ქვიშას და ავთენტურად ასაღებდა. ასეთი ცვლილება არანაირად არ ამცირებდა პროდუქტის "სამკურნალო" თვისებებს.
მრავალრიცხოვან მნახველებს ივან იაკოვლევიჩი უდიერად ეპყრობოდა. მამაკაცებს ყურადღებას არ აქცევდა, ქალებთან კი ძალიან აქტიური იყო: ახალგაზრდებსა და ლამაზებს მუხლებზე ისვამდა, კაბას მაღლა უწევდა, მოხუცებსა და შეუხედავებს უწმაწური სიტყვებით ესაუბრებოდა. ქალები ყოველივე ამას შეურაცხყოფად არ მიიჩნევდნენ, პირიქით, პატივად თვლიდნენ. და მაინც, უნდა ითქვას, რომ ცნობილია სალოსის მრავალი ახდენილი წინასწარმეტყველება და სასწაული.
1861 წელი მსოფლიო ისტორიას არა მარტო რუსეთში ბატონ-ყმობის გაუქმებით დაამახსოვრდა. ამ წლის სექტემბერში გარდაიცვალა ივან იაკოვლევიჩ კორეიშა და მას მთელი მოსკოვი დასტიროდა. მთელი მოსკოვი კი, რაც არ უნდა ძნელი წარმოსადგენი იყოს, ბევრად მეტია, ვიდრე მთელი თბილისი. სახალხო ემოციების ასეთი ხალხმრავალი გამოვლინება რუსეთის პირველსატახტო ქალაქს ალბათ თოხთამიშის ლაშქრობის შემდეგ არ ენახა. ვის გაახსენდა მხოლოდ 1861 წელს მომხდარი 1176 გლეხური ამბოხი! - ივან იაკოვლევიჩმა დააობლა რუსეთი, ობლის ცრემლებმა კი თვალი დაუბინდეს იმდენად, რომ ცოტა ხანში ზედ ცხვირწინ აუფეთქეს ყმათა განმათავისუფლებელი იმპერატორი ალექსადნრე მეორე. ვის ეცალა ამისთვის?...
ნურავინ იფიქრებს, რომ მე პარალელს ვავლებდე ივან იაკოვლევიჩ კორეიშასა და გაბრიელ ურგებაძეს შორის. ამ უკანასკნელის პიროვნება არ არის ჩემთვის საკმარისად ცნობილი და თუ დავით ტურაშვილი უკვდავყოფს მას თავის რომელიმე თხზულებაში ("სტიქართა თაობა") - არა მგონია, მაგ წიგნის გადასაშლელად მოვიცალო. ჩემი პარალელი თაყვანისმცემლებს ეკუთვნის.
რუსეთის ეკლესიას წმინდანად არ შეურაცხავს კორეიშა, მიუხედავად კოლოსალური სახალხო თაყვანისცემისა - ამისათვის ეყოთ გემოვნება და სასულიერო კულტურა. ჩვენი იერარქია კი წმინდანად შერაცხვის შემდეგ ბარბაროსულად მოეპყრა სალოსის ნეშტს და საჯარო შოუდ აქცია ის, რაც საკრალური ინტიმურობის სფეროდან არ უნდა გასულიყო. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არ არის.
მართალი გითხრათ, მე არც იმ სამი ათასი წერილისა მჯერა, რომელიც საკრებულოს დეპუტატმა ნეფარიძემ მიიღო ისნის რაიონის მშრომელთაგან. მე იმ ათასების თავი და გონება მადარდებს, რომლებიც ამალია ჯიბლაძის ნამღერზე გულში მჯიღს იცემენ და ანრი ჯოხაძის ნაჩუქარ წითელ ვარდებზე ცრემლებს ღვრიან, რეზო ამაშუკელის ვიდეოკლიპებზე ფხუკუნებენ და ილია მეორის საკვირაო ქადაგებებზე ელეთ-მელეთი მოსდით, მაგრამ ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაზე ყურსაც არ იბერტყავენ. ვაღიარებ, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ და წინა წერილში გამოჩნდა, რომ ავტობუსიდან შავკანიანის ჩამოგდების ისტორია დავიჯერე, მაგრამ იმაშიც უნდა გამოვტყდე, რომ არ მეყო ჯიგარი და ეროვნულობა საიმისოდ, რომ ირაკლი ალასანიას შინაგანი "პროდასავლურობა" დამეჯერებინა.
ასეთ საზოგადოებას ყველაზე ადვილია ისევ მოსკოველი შერეკილების მოდელი შესთავაზო: უხრწნელი ფეხსაცმელების თაყვანისცემა. მერე ტანკიც არ დაგჭირდება.
ეს არის მთავარი. არა, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ბერებისა და სალოსებისა. არც მათ თაყვანისმცემლებთან მესაქმება რამე. მე სხვა დარდი მაქვს...
მთავარი მართლა არ არის ის, ვისი სახელი ჩნდება. მთავარია, ვისი სახელი ქრება...
თავის დროზე, და ეს შეიძლება ბევრს ახსოვს, მეც ბევრი გესლი და ბალღამი გადმოვაფრქვიე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის გადმოსვენებაზე. ახლა, როცა უკან ვიხედები და საკუთარ ნამოქმედარს ვუყურებ, "24 საათში" გამოქვეყნებული ის სტატია ახლაც ფორმითა და შინაარსით ერთ-ერთი საუკეთესო მგონია. მაგრამ როცა გადმოსვენებისა და დაკრძალვის პომპეზურობაზე ვქილიკობდი, ერთობ არხეინად ვიყავი, ვერ წარმომედგინა, რომ ამ ქვეყნის წიაღში საკუთარი ბედისადმი ასეთი გულგრილობა, ასეთი პოლიტიკური სიბრმავე თუ ხარობდა. მაშინ ყველა არხეინად იყო... აკრიტიკებდნენ ყველაფერს: ფასადებს, შადრევნებს, "შლოპანცებს", შერონ სტოუნსა და ხოსე კარერასს... ახლა კი დავრჩით ასე უბირთა ქვეყნად, სადაც პოლიტიკოსს შეგნებულად კი არ უჭერენ მხარს, არამედ "ეუასებათ"...
წარსულით მცხოვრებნი წარსულს ვერ ვიხსენებთ. საკუთარს, განცდილს, განვლილსა და ვერმონელებულს, ვერგააზრებულს. მეც ვიხსენებ, რაც მეხსიერებამ რაღაც მანქანებით შეინარჩუნა, არ გააქრო. რატომ? - მოდი და გაუგე რამე განგებას...
მახსენდება 1989 წლის მარტის ბოლო. მიტინგი სამედიცინო ინსტიტუტის ეზოში. შეგნებული მეხსიერება ჯერაც საყვედურობს მერაბ კოსტავას მაშინ წარმოთქმულისთვის: აბა, რა დროს "ქემალისტური თურქეთის სიბნელე" იყო?! - მაშინაც ეს უსიამოვნო ნალექი გამოვიტანე იმ მოვლენიდან. და კიდევ ერთი რამ გამოვიტანე, მეხსიერებაში დაუკითხავად ჩარჩენილი...
მოჰქონდათ ილია ჭავჭავაძისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათები. სულ რამდენიმე დღით ადრე გავიგე, როგორ გამოიყურებოდა კაცი, რომელსაც მხოლოდ ჩემი კურსელის, ზაზა ვაჩნაძის მონაყოლიდან ვიცნობდი - მისი წინაპრები 1924 წლის აჯანყებას შეეწირნენ.
სწორედ მაშინ გაისმა ჩემ უკან იმ საზიზღარი ტიპის ხმა... ჩასუქებული იყო, ცხვირს ქვემოთ შებუჩქებული ულვაშით, ჟურნალ "ნიანგის" ფურცლებზე დაბუდებულ კარიკატურულ სახეს ჰგავდა. ალბათ იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ასეთი ვინმესგან ეგზომ განსწავლულობასა და იდეოლოგიურ სიმწყობრეს არ ველოდი. რაღაცნაირი ნაქეიფარი ხმით წარმოთქვა: - ნუ, ილიას სურათი რომ მოაქვთ, ეგ ჰო... მარა, აი ის მეორე, ეგ არ იყო კაი კაცი...
კოტიტა თითები ეპოტინებოდნენ მომაკვდავ საბჭოთა კავშირს. დასიებული ქუთუთოების მიღმა მიმალულ თვალებს განვითარებულ მოვლენებში მხოლოდ "გლასნოსტისა" და "პერესტროიკის" ექსცესის დანახვა სურდათ. ახლა კი ვხვდები: როგორიც არ უნდა იყოს ამის აღიარება, რა ასოციაციებსაც არ უნდა იწვევდეს, მაგრამ ილია ჭავჭავაძის კი არა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათის გამოჩენით დასრულდა იმპერია ჩვენს ცხოვრებაში.
დასაფიქრებელია, რა მოჰყვება მისი სახელობის ქუჩის გაქრობას თბილისის რუკიდან.