ჩვენ გავხსნით ახალ საზღვრებს...
07 ნოემბერი, 2014
1370
print

მზეხა მახარაძე

 ჯაბა დიასამიძის Pret-a-Porter de luxe SS/2015, რომლებიც სიურრეალისტურ გრაფიკას  უფრო ჩამოგავს და თავისი ხასიათით კოსმოპოლიტურია, დიზაინერის აზროვნების თავისუფლებასთან იდენტურია. ამ კოლექციაში, სადაც კლასიკური თარგებიდან გამოდის, კონსტრუქცია ასიმეტრიულ და გეომეტრიულ ხაზებში “ზის”, იგრძნობა ვიზუალური ტექსტილის მაღალი ხარისხი, ძვირფასი ქსოვილების ტექსტურაზე ელეგანტურობა, გლამური და ფრანგული შიკი. პალიტრა - შავ-თეთრი, თუმცა დომინანტური ტონალობა მაინც შავია და შავი კოსტიუმების რელიეფებში ეს ფერი სხვადასხვა ქროვილების ფაქტურებთან თითქოს იმღვრევა... აქ ხვდები, რომ კონტრასტული, თუმცა კონსერვატიული ფერების “ხერხემალზე” კონსტრუქცია, ექსპრესია და მისტიკა ის პროპორციებია, რაც გამოხატავს კონცეპტუალურად მოაზროვნე დიზაინერის სტილსა და მოდელირების მისეულ თეორიას.

და კიდევ ერთი დეტალი, - კოლექციაში აქსესუარების გარეშე აქცენტი მასალის ფაქტურაზე, კონცეფციასა და კონსტრუქციაზე კეთდება, ხოლო სილუეტებში დიზაინერს გოთიკური შტრიხებიც შემოაქვს... დიასამიძის ქალური ფორმებით გატაცება თავის არქიტექტურულ სამოსში აისახება, საღამოს კაბები, რომლებიც გგონია, რომ არისტიკრატების ცხოვრების თეატრალიზაციიდან არის აღებული, ქალის სიძლიერეს უსვამს ხაზს. ეს ქალი თავისი რომანტიკული პორტრეტის მიღმა, სტილით - ელეგანტურია, ბუნებით - ცივი, ხასიათით - სევდიანი, მისი სინაზე არისტოკრატულ სიმკაცრესთან ხდება ფაიფურივით “მტვრევადი”, მას მოაქვს ძალა, სათნოება, რომელშიც ხედავ პიროვნულ სიღრმეებს, არა აქვს ცარელა, გაშიშვლებული სილამაზე და, რაც მთავარია, გააჩნია ინტელექტი.

ჯაბა დიასამიძემ 2015 წლის Spring/Summer Pret-a-Porter de  luxe-ით Tbilisi Fashion Week-ს კიდევ ერთხელ “ჩაუკრა თვალი”, ოღონდ ისე რომ დეფილედ არა პოდიუმი, არამედ მწერალთა სახლში რეტრო პერფორმანსი ჩაიფიქრა. აქ, კლასიკური სტილის ინტერიერში ელიტარული წვეულება მოაწყო დროში მოგზაურობის სიმბოლოდ, გაშალა სუფრა და სუფრაზე ულამაზესი მოდელები მიიწვია როგორც თავგადასავლების მოყვარული ქალები. მანამდე კი სუფრაზე მისმა ფერწერამ ულამაზესი ნატურმორტი დახატა - ვარდების თაიგულები, გორტენზიები გირლანდებში და შემოდგომის ხილი, - ბროწეული, მსხალი, სხვადასხვა ფერის ვაშლი, ფეიხოა, ლიმონი, ყურძენი... 

ვისაც ჯაბას ექსპოზიცია ახსოვს Tbilisi Fashion Week-ის ფარგლებში, ანდა 2010 წლის Fashion Show, მათ არასროს დაავიწყდებათ ახალგაზრდა დიზაინერის პარიზიდან გამოყოლილი ხელწერა, სამოსში ინტელექტის “კრისტალიზაცია”, ტანსაცმლის მიმართ მისი კლასიკური ხედვა, რომელიც დროში ალბათ, არ მიიღებს ძირეულ ცვლილებებს... ვინც დიასამიძის კოლექციებს ეხება, იცის, რომ ეს სერიები მთლიანად საღამოს კაბებისა და მოსასხამებისგან არის აწყობილი, სილუეტი - გრძელი, მსუბუქი და მძიმე ქსოვილების დრაპირებასა და კონტრასტზეა აგებული. დარტვირთულ კონსტრუქციაზე აბრეშუმი შიფონთან, ან ორგანზი ატლასთან, აბრეშუმი ხავერდთან ჰიბრიდში, გრაფიკულ სამოსად იქცევა, რომელსაც გასდევს ელეგანტურობა და შიკი. აქვე საინტერესოა ის, თუ როგორ თამამად “დგას”, ან როგორ “იქცევა” სამოსი მოძრაობისას, ანუ როგორ მოქმედებს ადამიანის სილუეტზე, პლასტიკაზე, თუნდაც, როგორ მოქმედებს ასეთი ვიზუალური იმიჯი “განწყობის თეორიაზე”... წინა კოლექციების მსგავსად, SS 2015 Paris Fashion Week-ის showroom-ზე გაიტანა, იქ, სადაც დეფილეებსა თუ გაყიდვების სელექციებზე მუდმივი ფიქრი კიდევ სხვანაირად მართავს “ტვინებს”. გარდერობის განახლებისთვის სეზონის კოლექცია, რომელიც პოდიუმიდან სულ 6 თვე ცოცხლობს, უნდა ჩაიფიქრო არა სეზონის აქტუალურ ტრენდად, არამედ უნდა გახსნა საზღვრები და მისი კრეატიულობა დრომ არ უნდა დააძველოს...  

 - Pret-a-Porter de luxe SS/2015-ის ჩვენების ფორმისთვის ინსპირაცია სალვადორ დალისგან წამოვიდა... ეს არის კოლექცია, რომელსაც თავისი კონცეფციით წარსულიც აქვს და მომავალიც?

- საერთოდ ჩემი კოლექციები უმეტესად შავ-თეთრი არის ხოლმე, იმედი მაქვს, მომავალში ნელ-ნელა გაფერადდება. ეს კოლექცია, რომელიც ვაჩვენე PFW-ზე,  არაპირდაპირი მიძღვნაა სალვადორ დალის, გალას და ასევე Elsa Schiaparelli-ს მიმართ, რომელმაც არაერთხელ იმუშავა ესპანელ მხატვართან ერთად და შექმნა სიურრეალისტური ინსპირაცია მოდაში. მე ვცდილობ ჩემი ნამუშევრით შორიდან მივესალმო იმ ხელოვანებს, ვისაც პატივს ვცემ და ვინც ჩემთვის ინსპირაცია ხდება.    ამ კოლექციის მიმართ პარიზში იყო ინტერესი, იყო ბაიერებიდან შეკვეთები პარიზის, კოპენჰაგენის, კატარის, მოსკოვის მაღაზიებისთვის. თბილისში ჩვენების ასეთი ფორმა ძალიან დიდი ხანია მინდოდა გამეკეთებინა, საღამოს წვეულებები ლამაზ სახლებში ბავშვობიდან მახსოვს და ჩემთვის საქართველოსთან ასოცირდება. ასეთ სუფრებს მოჰყვება მხიარულება, სილამაზე, არისტოკრატული შარმი, ადამიანების თბილი ურთიერთობა... და ეს ბავშვობიდან მომწონდა. მე ძალიან მიყვარს თბილისი და სულ ვცდილობ, რომ ჩემი ჩვენება ამ ქალაქს მივუძღვნა. ძალიან კმაყოფილი და მადლობელი ვარ ზურა შევარდნაძისა და “გარდენიას” ნამუშევრით. როდესაც მათთან მივედი ჩემი იდეით, ზუსტად მიხვდნენ ჩემს ჩანაფიქრს, შექმნეს ულამაზესი თაიგულები და ამით კიდევ უფრო გაამდიდრეს და გაალამაზეს ეს წვეულება.

 - რითი იყო ეს კოლექცია თქვენთვის საინტერესო კონცეპტუალური მიმართულებით, სტილით და თავისი აქცენტებით? რამდენად ითვალისწინებთ “ტანსაცმელთან დიალოგში” სეზონის ტრენდებს, როგორც fashion სტერეოტიპს? რა არის SS/15-ში  თქვენთვის ახალი? რა განსხვავებაა თანამედროვე მოდას, ანუ იგივე დროის იმიჯსა და იმას შორის, რასაც თქვენ აკეთებთ კრეატიული მიმართულებით?

 - ტენდენციებს არ ვითვალისწინებ იმდენად, რამდენადაც ჩვენი პროფესია ტენდენციების შექმნაა. ინსპირაცია ესკიზების ხატვის დროს საიდან მოდის ზუსტად არ ვიცი, რაღაც ჰაერში ტრიალებს... პარიზის მოდის კვირეულზე ნახავ, რომ ტენდენციები არსებობს, რაღაც საერთო მესიჯები, რომელზეც დიზაინერებმა იფიქრეს... ჩვენ შემოქმედება გვმართავს და არა პირიქით, ხომ? ისე ჯობია, რომ შენ ჩამოაყალიბო სტილი, შენს ხელწერას გაჰყვე და არა რაღაც საერთო ტენდენციები გაითვალისწინო. ამ კოლექციაში ინპირაცია იყო ის, რომ ზაფხული გავატარე ნეაპოლის გარშემო, ხშირად ვსაუბრობდით სიურრეალიზმზე, თანაც ჩემთვის ინსპირაცია ხდებიან ის ქალები, ვისაც ვხედავ, ვხვდები, ვესაუბრები, ხოლო სიახლე ჩემთვის ხდება კოსტიუმის ან ფორმა, ან დეტალები, ან ზოგადი ვიზუალური სტილი... ჩემთვის თითო კაბა ცალკე ისტორიაა.

 - რა ზომაში კერავთ კოლექციას?

- 36 - ეს საკმაოდ ოპტიმალური ზომაა, საჩვენებელი ზომა, სტანდარტი.

 - საერთოდ თქვენს კოლექციებში, სადაც კლასიკური თარგებიდან გამოდიხართ, კონცეფცია ასიმეტრიულ და გეომეტრიულ პროპორციებზე “ზის”, რატომ არის დომინანტური ფერი შავი და სწორედ შავში აჩვენებთ კონსტრუქციულ სირთულეებს?

- შავი ჩემი საყვარელი ფერია, ეს ძალაუნებურად ხდება. როდესაც ესკიზებს ვხატავ, მაშინაც შავ ფერს ვდებ, მერე ვადებ ან ოქროსფერს, ან ვცდილობ სხვა ფერში გადავიყვანო. ქსოვილებსაც რომ ვარჩევ, ჩემი არა მარტო თვალი, არამედ ხელიც კი შავი ფერისკენ არის მიზიდული. აბრეშუმის შავი მატერია ჩემში განათების შეგრძნებებს აასმაგებს. საყვარელი მასალა აბრეშუმია, თუმცა ყველა აბრეშუმის ქსოვილი განსხვავებულია, აქვს სხვადასხვანაირი ქსოვა, სისქე, სიმძიმე, ვარდნა... ფერებიდან თეთრიც მიყვარს, მაგრამ შავი მაინც სულ სხვა ტონალობაა. შავი ფერი რთულია სამუშაოდ, რომ არ გადახვიდრე ელეგანტური და დრამატული ხასიათიდან უცბად ტრაგიკულ განწყობაში, რაც არ არის სასიამოვნო. მე სულ ვცდილობ ეს ზღვარი დავიცვა, - შავი ფერის კოსტიუმი იყოს ელეგანტური, სადღესასწაულოდ ემოციური და მგრძნობიარე, მასში ჩანდეს სილუეტი, პროპორციები, თარგი და სწორი ხაზი. შეცდომა ყველაზე მარტივად შავ კაბაზე ჩანს.

 - მოგსვლიათ შეცდომები?

- კი, შეცდომის მეტი რა მომსვლია...

 - როგორია თქვენი ხედვით თანამედროვე ქალი? - ქალი, რომელიც საკუთარ ემოციებს მართავს, არის ძლიერი და აქვს “აჩრდილური” რომანტიკა?

- ჩემს კაბებში ყველა ქალი იპოვის თავის თავს, ესთეტიკას და კომფორტულობას.

 - Pret-a-Porter de luxe ხაზში კოსტიუმებს როგორი ლეიბლი აქვს?

- კოსტიუმები, რომელიც პარიზში იქმნება Djaba Diassamidze Made in Paris.

 - მოდის ისტორიიდან რომელ პერიოდს გამოჰყოფდით? ვინ არიან თქვენი ფავორიტი დიზაინერები და რატომ ხდებიან ისინი თავისი აზროვნების ფორმით, სტილით თუ აქცენტებით თქვენთვის საინტერესო? რატომ უბრუნდება თანამედროვე მოდა მუდმივად წარსულის მემკვიდრეობას? “დიდი ოთხეული” - ასე ეძახიან NYC-ს, ლონდონს, მილანსა და პარიზს, რომლებიც მოდის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კვირეულებს ამ თანმიმდევრობით მასპინძლობს. როგორ აღიქვამთ PFW-ს? თქვენი კარიერა პარიზს უკავშირდება, არსებობს იმის შანსი, რომ ფრანგული მაღალი მოდის პოდიუმზე ახალი ბრენდები დამკვიდრდნენ? ამ პლატფორმაზე რამდენად გახსნილია კოკო შანელის ქალაქი?

- XX საუკუნიდან ძალიან მიყვარს 60-70-იანი წლები, 90-იანი წლების თანამედროვეობა, როდესაც იაპონელები შემოვიდნენ მოდაში; 70-იან წლებში Yves Saint Laurent-ის რენესანსი, 60-იანებში Chanel-ის დაბრუნება, Balenciaga 50-იან წლებში ძალიან არისტოკრატულია. XIX საუკუნე საოცრად მიყვარს, საოცარი ესთეტიკაა... რატომ უბრუნდება მოდა წარსულს? - წარსული ჩემთვის არის როგორც მოდის ისტორიის სახელმძღვანელო, კლასიკა, რაც დაგვიტოვეს ხელოვანებმა და მათი შემოქმედებისადმი პატივისცემა და ინსპირაცია გვაძლევს ძალას, ენერგიას... ამ ინფორმაციას ვერ აუვლი გვერდს ისევე, როგორც ლიტერატურას, ფილმებს, მხატვრობას, რომელიც გამდიდრებს და შეიძლება გახდეს შენი შთაგონების წყარო ხომ? - შესაბამისად რასაც ვაკეთებ, ეს სამყარო მომყვება, მკარნახობს და მიბრუნდება. ჩვენ ახალგაზრდა დიზაინერები გავხსნით ახალ საზღვრებს, რადგან ჩვენი შესაქმნელია მომავალში მოდა. პარიზში ეს პროფესიული სფერო შეიძლება ითქვას, რომ არის ძალიან დახურული, ძალიან კოდირებული და ალბათ, სჭირდება პატარა რევოლუცია... პარიზი ჩემთვის სულ შეხვედრებია, ბავშვობიდან პარიზში გავიზარდე, ბებია, დედაჩემის დედა ფრანგია, ასე ვთქვათ პარიზსა და თბილისს შორის ვცხოვრობ, პარიზში დავამთავრე მოდის ინსტიტუტი, სადაც არიან ყველა ის პედაგოგები, ვინც ცნობილი მოდის სახლების სახელოსნოებში მუშაობდნენ და მასწავლიდნენ კონსტრუქციის აგების თუ ხელით კერვის ხელოვნებას. ეს ისეთი პროფესიაა, რომ სულ სწავლობ და ვითარდები.

 - როგორია თქვენი Fashion Show-ის backstage?

- მე მიყვარს რომ არის დალაგებული, მოწესრიგებული, მაგრამ როდესაც მაქვს ჩვენებები, იმდენად ვნერვიულობ და ჩემი ტვინი იმდენად მობილიზებულია, რომ ყველაფერი მერე ბუნდოვნად მახსოვს ხოლმე. სულ მინდა ჩემი პირველი ჩვენება გავიხსენო, მაგრამ არაფერი არ მახსოვს უდიდესი ემოციების გარდა. მახსოვს, როდესაც გამოვედი დამხვდა ხალხის “კედელი”, დაგუბებულად მესმიდა ადამიანების ხმები, ტაში... და მერე ფოტოებიდან გავიგე რაც მოხდა. იგივე შემიძლია ვთქვა, როდესაც გავაკეთე არა მარტო პარიზში გამოფენები, არამედ 2010 წელს თბილისის მოდის კვირეულზე რომ ჩვენება, იცით, ძალიან ვნერვიულობდი ახლაც.

 - რა მოგცათ Tbilisi Fashion Week-მა და ზოგადად როგორ აღიქვამთ ამ პლატფორმას?

- ამ მოვლენას მივესალმები იმიტომ, რომ ასეთი ინიციტივები ყოველთვის საჭიროა, ამდენი ხანი ასეთი მონდომებით გამართო Tbilisi Fashion Week ეს მნიშვნელოვანია მოდის განვითარებისთვის. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ჯგუფს თაკო ჩხეიძის მეთაურობით, გავიცანი ის პროფესიონალები, ვისთანაც ურთიერთობა სასიამოვნოა. 

მზეხა მახარაძე