აგრესიული რუსეთის ბაზარი-ხაფანგი
14 ნოემბერი, 2014
1431
print

 რომან გოცირიძე  

ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტი, 

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე

   დასავლეთის სანქციებმა რუსული რუბლი დასცა. მოახდენს თუ არა იგი გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე?

   რუსული რუბლის მცირეოდენი გამყარების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ დევალვაციის პროცესი დამთავრდა, ყველაფერი სპეკულიანტებს გადააბრალა და დაემუქრა კიდეც მათ. იგივე გაიმეორა ორიოდე დღის წინათ რუსეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა. "სპეკულიანტებმა"( სინამდვილეში ბაზარმა) არც ერთს გაუწია ანგარიში და არც მეორეს. რუბლი ტრადიციულად კვლავ აგრძელებს გაუფასურებას. დღეისათვის ერთ დოლარი 46 რუბლის ტოლია.
რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე, რა ელის ქართულ ექსპორტს მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, შემცირდება თუ არა ტრანსფერები და ზოგადად, როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე? ეს კითხვა უკვე ბევრს უჩნდება.
რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენამ ამ ქვეყანაში საქართველოდან საქონლის ექსპორტის ზრდა გამოიწვია. რუსეთი ნელ-ნელა იბრუნებს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსს. მაგრამ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, დასავლეთის სანქციებმა და მსოფლიოში ნავთობის ფასის კლებამ ( რაც, ექსპერტების მხრიდან, ასევე უკრაინის ტერიტორიების ნაწილის ანექსიის საპასუხო ზომად აღიქმება) მძიმე გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე.
   რუსეთისათვის დაწესებულმა სანქციებმა, რომლებსაც არ შეიძლება ვუწოდოთ განსაკუთრებით მძიმე, მაინც ნელ-ნელა დაიწყო მოქმედება და უკვე საკმაო პრობლემებს უქმნის ამ ქვეყანას. იგი, რა თქმა უნდა, აზარალებს ევროპისა და ამერიკის ბიზნესის ზოგიერთ სფეროს, მაგრამ ეს თემა არ შეიძლება იყოს მთავარი რუსეთისადმი დაწესებული სანქციების ზემოქმედების შეფასებისას. ომი უფრო ძვირია და კიდევ უფრო ძვირი დაუჯდებოდა მომავალში ყველას. მისი შეჩერება იყო მთავარი. რომ არა სანქციები, არავინ იცის, სადამდე შეტოპავდა რუსეთი თავის აგრესიულ ქმედებებში და კიდევ რომელ ქვეყნებს დაემუქრებოდა საფრთხე.

საქართველო რომ ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ესეც არ არის არავისთვის საიდუმლო. ამიტომ, სანქციები ჩვენი მხრიდან უნდა იქნას აღქმული, როგორც უფრო დიდი საფრთხისა და მათ შორის დიდი ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების მექანიზმი. ჩვენი შესაძლო დანაკარგებიც უნდა იქნას განხილული, როგორც, ერთი მხვრივ, ჩვენი წვლილი ამ პროცესში მონაწილეობისა და, მეორეს მხრივ, მომავალში კიდევ უფრო დიდი ზიანის თავიდან აცილების დანახარჯები.
   შეიძლება ვინმეს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ რუსეთის ეკონომიკური დასუსტება, მათ შორის რუსული რუბლის ვარდნა, ჩვენს გრძელვადიან ინტერესებშია. სანქციების დანიშნულებაც ეს არის - დაასუსტოს აგრესორი ეკონომიკურად, რათა მან ვერ შეძლოს თავისი სამხედრო პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობა, მოხდეს საგარეო იზოლაცია, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა ითამაშოს შემაკავებელი როლი მთავრობის ქმედებების შესაჩერებლად. ანუ, რუსეთის ეკონომიკური დასუსტება, მიუხედავად იმისა, რომ იგი გარკვეულ გავლენას მოახდენს ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე, არის ჩვენი და, ზოგადად, დემოკრატიული სამყაროს ინტერესებში.
რაც შეეხება მოსალოდნელ უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს, იმ რისკებს, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას, ისინი  წინასწარ უნდა იყოს ცნობილი საქართველოს ხელისუფლებისთვის და გათვალისწინებული ქართული ბიზნესის მიერ. მთავარი დასკვნა კი მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ არ შეიძლება საკუთარი ბედის რუსეთთან მყარად დაკავშირება, რადგან ეს ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში კვლავ იქნება არასტაბილურ ვითარებაში. მხოლოდ უკრაინის საკითხი უკვე თავისთავად არის გრძელვადიანი არასტაბილურობის ფაქტორი, თავი რომ დავანებოთ სხვა უამრავ პრობლემას.
   მოკლედ, რუსეთის ბაზარს სიფრთხილით უნდა შევხედოთ, გამოვიყენოთ მისი უპირატესობები, მაგრამ მხოლოდ ზომიერ ფარგლებში უნდა მივებათ მას. იგი ყოველთვის შეიძლება გახდეს უსიამოვნებების წყარო. დღეს მოტანილი სიკეთე ხვალ შეიძლება ზიანად გვექცეს - ქარის მოტანილი ქარმავე წაიღოს.
    როგორ შეიძლება აისახოს ჩვენზე ბოლო ერთ თვეში მომხდარი რუსული რუბლის დევალვაცია? ფაქტია, რუსულმა რუბლმა კრახი განიცადა. არა მარტო იმიტომ, რომ წლის დასაწყისიდან ერთი მესამედით გაუფასურდა, არამედ იმ შედეგების გამო, რაც მას მოჰყვება. დევალვაცია ყოველთვის მძიმე დარტყმაა, მით უმეტეს რუსეთისთვის, რადგან ეს პროცესი სანქციების ფონზე ხდება და ძნელია საერთაშორისო დახმარებებით სარგებლობა. რუსეთის კომპანიებს დიდძალი ვალის გასტუმრება უწევთ უცხოურ ვალუტაში, ახალ სესხებზე წვდომა კი ევროპისა და ამერიკის ბაზარზე შეეზღუდათ. ქვეყნის სავალუტო რეზერვები ყველას და ყველაფერს ვერ გასწვდება. თანაც იგი დღითიდღე მცირდება, რუბლის დევალვაციის შესაჩერებლად გაწეული დანახარჯების გამო. რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ბოლო ერთ თვეში დახარჯული 30 მილიარდი

დოლარის მიუხედავად, როგორც ზემოთ აღინიშნა, რუბლის ვარდნა ვერ შეჩერდა. ახლა თითქმის თავისუფალ ცურვაშია. კიდევ სადამდე დაეცემა, არავინ იცის. ერთი თვის წინ რომ გადასულიყვნენ ამ რეჟიმზე, შედეგი იგივე იქნებოდა, 30 მილიარდი კი დაიზოგებოდა. ასე იმიტომ არ მოხდა, რომ ეს მილიარდები იაფად აყიდინეს მათ, ვინც იცოდა, თუ როდის შეწყვეტდა ცენტრალური ბანკი ინტერვენციებს. არადა, აცხადებდნენ, თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმზე 2015 წლის დასაწყისიდან გადავალთო და უცბათ შეწყვიტეს დოლარის მიწოდება. ორიოდე დღეში კი ისევ განაცხადეს, რომ კვლავ გავაგრძელებთ სავალუტო ბირჟაზე ინტერვენციებსო. გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდიან. აქ უკვე მხოლოდ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შეცდომები კი არ ჩანს, არამედ სახეზეა რუსეთის კორუფციული სისტემის გამოვლინება, პირველ რიგში, კრემლთან დაახლოებული ჯგუფების ინტერესების დაკმაყოფილება.
   რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება აისახოს ეს პრობლემები ჩვენზე:
   1. ყველაზე მთავარი თემა რუსეთიდან ტრანსფერებია. შეიძლება იგი შემცირდეს, რადგან იქ მცხოვრები ქართველების შემოსავალი უცხოურ ვალუტაში კლებულობს, რაც გადმოსარიცხი თანხის ოდენობაზე მოახდენს გავლენას. ასევეა უკრაინის შემთხვევაშიც, თუმცა ამ უკანასკნელის ხვედრითი წილი მთლიან გადმორიცხვებში არ არის დიდი. უკრაინის ფაქტორი უფრო გასათვალისწინებელია ჩვენი ექსპორტის მოსალოდნელი კლებისა და დონბასში დასაქმებული ქართველების მიერ სამუშაო ადგილების დაკარგვისა და სხვა რეგიონში თუ ქვეყნებში სავარაუდო მიგრაციის სახით.
თუ გავიხსენებთ 2008 წლის აგვისტოს ომის წინა და შემდგომ მოკლე პერიოდს, დავინახავთ, რომ ფულადი გადმორიცხვები მაშინ 10 პროცენტით შემცირდა. ამას მსოფლიო საფინანსო კრიზისის ფაქტორიც განაპირობებდა. მიმდინარე წელს კლება არ აღინიშნება, მათ შორის რუსეთიდან (გარდა სექტემბრის თვისა, ოქტომბრის სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა). თუმცა, სანქციების ეფექტმა ცოტა მოგვიანებით იჩინა თავი და ეს მომავალ წელს უფრო თვალშისაცემი გახდება. გასულ წელს საქართველოში უცხოური ფულადი გზავნილების მოცულობა ჯამში 1,47 მლრდ აშშ დოლარი იყო, მისი ნახევარზე ოდნავ მეტი კი რუსეთზე მოდიოდა. 2014 წლის სექტემბრის თვეში, სწრაფი ფულადი გზავნილების საშუალებით საქართველოში ჩარიცხული თანხის მოცულობა 132.1 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 0.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით (აქედან რუსეთზე მოდის 50,5 პროცენტი). თუმცა, შარშანდელ სექტემბრის თვესთან შედარებით, რუსეთიდან გადმორიცხვებმა 8 პროცენტით იკლო. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პირველად ამ ქვეყნიდან კლება 2008 წლის შემდეგ დაფიქსირდა. მნიშვნელოვნად - 20 პროცენტით შემცირდა გადმორიცხვები უკრაინიდან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ხვედრითი წილი მთლიან ტრანსფერტებში არ არის დიდი და იგი დაახლოებით 2 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. მიუხედავად ზემოთქმულისა, მთლიანი გადმორიცხვების მოცულობა ქვეყანაში არ შემცირებულა ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან მის ზრდის გამო ( აშშ, თურქეთი, იტალია და სხვა).
    2. საქართველოდან რუსეთში ექსპორტის ზრდის ტემპი შენელდება. იკლებს, პირველ რიგში, ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტიორების შემოსავლები. ვინაიდან დევალვაციის სიდიდე ბევრად აღემატება რუსეთში ფასების ზრდას, ეს გავლენას მოახდენს რეალიზაციის მოცულობაზე. ასევე, მომავალში მოსალოდნელია საბაჟო გადასახადის, დაახლოებით  ათპროცენტიანი მატება (რუსეთის მხრიდან საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ანონსირებული გაუქმების გამო), რაც იმოქმედებს ქართული საქონლის რუსეთში რეალიზაციაზეც და შემოსავლებზეც.
   3. რუსი ტურისტების გადახდისუნარიანობა შემცირდება, რამაც გარკვეულწილად შეიძლება იქონიოს გავლენა საქართველოში მათ შემოსვლაზე.
   4.რუსული და უკრაინული საქონლის იმპორტი გაიაფდება და შეიძლება ზოგიერთი დასახელების სხვა იმპორტირებული საქონელი ჩაანაცვლოს საქართველოს ბაზარზე.
უკრაინის ვალუტის დევალვაციაც ახდენს საქართველოს ექსპორტზე გავლენას, ისევე როგორც დონბასის ბაზრის დაკარგვა და მთლიანად უკრაინის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის კლება, აგრეთვე სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობის რესურსების გამოყენება( თუნდაც გათბობაზე).
მთლიანობაში, რუსეთის ( უკრაინის) ფაქტორი არ არის იმ მასშტაბის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე სერიოზულად აისახოს. აქ, ძირითადად ახლადგაჩენილი საექსპორტო ბაზრის ათვისების ტემპების შემცირებაზე შეიძლება იყოს საუბარი.
მთლიანობაში, უკეთესია ნაკლებად ვიყოთ ამ რუსეთზე ზედმეტად დამოკიდებული. ყოველი კავშირი, სატრანსპორტო იქნება ეს, სავაჭრო თუ ფინანსური, რუსეთის მხრიდან განხილული იქნება სამხედრო- პოლიტიკური ზემოქმედების თვალსაზრისით, რომელსაც შეეცდება, რომ საჭირო დროს გამოიყენოს.
დემოკრატიული რუსეთის ბაზარი დიდი სიკეთეა!
აგრესიული რუსეთის ბაზარი - ხაფანგი!

რომან გოცირიძე