დელ პოტრო მოდის, ჩაიჩოჩეთ
14 ნოემბერი, 2014
892
print

ზურა თალაკვაძე

ხუან მარტინ დელ პოტრო რეიტინგის მეოთხე ნომერი იყო. ოთხი წლის წინ იყო. მიიღო მაჯის ტრავმა, თითქმის ერთი სეზონი დაისვენა და დაბრუნდა. ხუან მარტინ დელ პოტრო რეიტინგის მეხუთე ნომერი იყო. შარშან ავიდა მეხუთემდე. და დიდი ბიჭი ისევ დასაშლელი გახდა. ასაწყობი, აზრზე მოსაყვანი, გადასატვირთი. დელ პოტრომ დაისვენა და დელ პოტრომ დაკარგა პირველი ათეულის გრინ ქარდი. და შემდეგ პირველი ასეულიდან გავიდა. მშვიდად, ისე, რომ არავინ არ შეაწუხა. არგენტინელს მაჯა ეტკინა. ჩოგბურთმა მოიწყინა. ხუან მარტინის გარეშე მოიწყინა. და დელ პოტრო ბრუნდება. ამ სეზონში ყველაფერი დაიხურა. რჩება რამდენიმე ჩელენჯერი და დევისის თასის ფინალი, სადაც არგენტინელს საქმე არ აქვს. არგენტინელს საქმე შემდეგ სეზონში, ბრიზბეინში ექნება. იქ დიდი ბიჭები სეზონის პირველი დიდი ტურნირისთვის ემზადებიან. იქ იქნება ჩვენი ბიჭიც. ხუან მარტინ დელ პოტროს რეიტინგი (138) მირაჟია. დელ პოტრო მალე მოვა. დელ პოტრო ემზადება.

ხუან მარტინმა სეზონი ლამაზად გახსნა. სიდნეის ივენთზე ბიჭმა აარტყა ნიკოლა მაიუს (1:6, 6:3, 6:4), რადეკ შტეპანეკს (6:4, 3:6, 6:3). დიმა ტურსუნოვს (6:4, 6:2). ფინალში ბერნი ტომიჩი დაიჭრა. 6:3, 6:1. სტატისტიკას შერცხვა. სტატისტიკამ ტურნირი დატოვა და დელ პოტრომ საბანკო ანგარიშზე საკაიფო კუში დაისვა. დელ პოტრომ კარიერაში მეთვრამეტე ტურნირი მოიგო. პირველი ამ სეზონში და პირველი, ავსტრალიაში. დელ პოტრო ძალიან კარგი იყო.

სიდნეიში ხუანიტო ფავორიტად ჩდის. ნოვაკ ჯოკოვიჩთან, როჯერ ფედერერთან, ენდი მარისთან ერთად. დელ პოტრო მძიმედ შედის ტურნირიში. ჩვეულებრივი თემა. დელ პოტრომ ამერიკელი, მისტერ რაინ უილიამსი გადაიკითხა და არგენტინელმა პირველი სეტი 6:7 დატოვა. ხდება ხოლმე. უილიამსი ბედნიერი იყო. და ამერიკელმა შემდეგ სამი სეტის წაგება გაატარა. მეორე ასეულის ტიპმა ფავორიტს სეტი აახია, ფავორიტს ატკინა, ფავორიტს პერფორმანსი გაუხანგრძლივა. დელ პოტროს ბისზე დაუძახეს და არგენტინელი ბისზე გავიდა. შემდეგ წრეში წამოვიდა რობერტო ბაუტისტა-აგუტი და ესპანელმა ყველაფერი გააფუჭა. რობერტო კარგი ბიჭია. ესპანელმა ამ სეოზნში პირველი ოცეულის ვიზა მიიღო და ბაუტისტა-აგუტი ოცეულში სეზონის ბოლომდე დარჩა. კარგი ესპანელი, რომელმაც დელ პოტროს ხუთ სეტში სამი სეტი გამოართვა - 4:6, 6:3, 5:7, 6:4, 7:5, ესპანელის. და დელ პოტრო გადადის ევროტურზე. დელ პოტრო მიდის როტერდამში და  ვოიაჟი მეოთხედფინალამდე გაგრძელდა. ერნესტს გულბისი ძველი ბიჭია. დელ პოტროსთან ერნიმ დაგლიჯა. დელ პოტროსთან ერნიმ ჯეკპოტი მოხსნა. დელ პოტროსთან ერნი ძალიან კარგი იყო. 6:3, 6:4 ლატვიელის. ხუან მარტინმა მეორე სეტში მაჯა იტკინა. და დელ პოტრომ ტრავმას ყურადღება არ მიაქცია. არგენტინელმა შეცდომა დაუშვა. არგენტინელმა თამაში გააგრძელა. 

დუბაიში ტიტანები ჩადიან. დუბაიში დელ პოტრო სომდევ დევარმანზე გადის. ჩვეულებრივი, სტანდარტული დევარმანი. დელ პოტრომ თამაში ვერ დაასრულა. დელ პოტრომ ტაი ბრეიქი 3:7 წააგო. არგენტინელი ტკივილით თამაშობს. არგენტინელს ტკივილი ჭრის და არგენტინელი ბრტყელი დარტყმებით ვერ დომინირებს. დელ პოტრომ თამაში შეწყვიტა და დევარმანი შემდეგ წრეში გადის. ხუან მარტინმა უნდა დაისვენოს. ხუან მარტინი ჩდის არგენტინაში, პირად ექიმთან და დიდი ბიჭი აკეთებს განცხადებას -   ოპერაციას ვიკეთებ და ალბათ, აგვისტომდე ვერ ვითამაშებ. აგვისტომდე დელ პოტროს გარეშე. აგვისტომდე ხუან მარტინი არ იქნება. ჩოგბურთმა მეორედ დაკარგა არგენტინელი. ოპერაციის შემდეგ უნდა გავიდეს დრო, დელ პოტრო დაკარგავს ბევრ ადგილს, დელ პოტრო დაკარგავს სიმშვიდეს და ხუან მარტინმა ყველაფერი უნდა დაიბრუნოს. დელ პოტრო ბრიზბეინში მეგობრებისთვის, საკუთარი არმიისთვის, არგენტინისთვის ითამაშებს.

დელ პოტროს კარიერა კორდილიერებია. დელ პოტრო იცვლება და დელ პოტრო ცვლის პრო ტურს. ხუან მარტინმა მოიგო რესტლინგში როჯერ ფედერერთან. ხუთი წლის წინ, ამერიკაში მოიგო. და იმ ტურნირის შემდეგ, არგენტინელი შეიცვალა. დელ პოტრომ დაკარგა სიმშვიდე და ხუან მარტინმა კეპი ვერ შემოიტრიალა. როგორც სლაი სტალონემ იმ, ძველ ფილმში. სტალონემ ფინალში საკუთარი შვილისთვის, საკუთარი ღირსებისთვის, საკუთარი სიმშვიდისთვის მოიგო. სტალონემ იმ ფილმით გვაჩუქა იმედი. და დელ პოტრომ შეცვალა პრო ტური. დელ პოტრო იყო ენერჯაიზერი. ხუან მარტინის პრესი დაიძრა.

როჯერ ფედერერის საუკეთესო მეგობარი. დელ პოტროს როჯერი უყვარს. ფედერერს დელ პოტრო უყვარს. ფედერერი ჩადის ტანდილში, საჩოგბურთო კომპლექსის გახსნაზე. დელ პოტრო ჩადის როჯერთან, შვეიცარიელის სააგენტოს პრეზენტაციაზე და დელ პოტრო ამ სააგენტოს პირველი ოფიციალური კლიენტი გახდა. არგენტინელი ფედერერის პატარა ძმა გახდა. და ფედერერმა ორჯერ წააგო ხუანიტოსთან ბაზელის ფინალი. იქ, სადაც როჯერი ღმერთია. იქ, სადაც როჯერი ხელშეუხებელია. იქ, სადაც ფედერერი ჩოგბურთია. დელ პოტროს დაბრუნება როჯერისთვის სასიამოვნოა. ორჯერი უფრო ხშირად ნახავს მეგობარს, რომელსაც ეკონტაქტებოდა და რომელიც მაგრად მოენატრა. როჯერი დელ პოტროს მაგალითია. ყოველთვის იყო. მე მიყვარს ხუან მარტინ დელ პოტრო და მე მიყვარს ფედერერი. არგენტინელი ბრუნდება და რაფაელ ნადალთან ერთად, ხუან მარტინი ახალი სეზონის ნავახა იქნება. ის, რაც ყველაზე უფრო გვაკლდა. ის, რაც აუცილებელია. ის, რაც უნდა იყოს. ყოველთვის უნდა იყოს. როჯერ ფედერერმა დელ პოტროს მაშინ, ამერიკაში წაგებული ფინალის შემდეგ მეგობრულად ურჩია, არ შეიცვალო და შენ ბევრს მიაღწევ. ხუან მარტინმა ფედერერის რჩევა გაითვალისწინა. ბევრი ვერ მოიგო (დელ პოტროს მხოლოდ 18 ფინალი აქვს აღებული), მაგრამ ხუან მარტინი ფედერერის საუკეთესო მეგობარი გახდა. ეს უკვე თემაა. ეს უკვე სასიამოვნოა. ეს უკვე საპატიოა. დელ პოტრომ ეს იცის. ეს იცის ფედერერმაც. მეგობრები, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ.

დელ პოტროს 18 ფინალი აქვს მოგებული.

2008, 4 - ვაშინგტონში, ლოს ანჯელესში, კიტცბიუელში, შტუტგარტში. დელ პოტრომ მოდის.

2009, 3 - US Open, ვაშინგტონი, ოკლენდი. დელ პოტროს კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს.

2010 - ხუან მარტინმა ავსტრალიაში, მარინ ჩილიჩთან მეოთხე წრეში მიიღო ტრავმა და სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. დელ პოტრო ისვენებს და ხუანიტო მეოთხე ასეულში გადადის. არგენტინელმა დაიწყო დაბრუნება. არგენტინელმა დაიწყო ვოიაჟი. რომელიც ჯერ პირველ ასეულში, ცოტა მერე პირველ ოცეულში და შემდეგ, პირველ ათეულში ქამბექით დაიხურა. ხუან მარტინ დელ პოტრომ დაკარგა აგრესია და არგენტინელი უფრო რაციონალური გახდა. უფრო მთქმელი ხანგრძლივი გათამაშებების დროს. უფრო დინჯი, უფრო მკვლელი. უფრო შეცვლილი და დელ პოტრო იყო კლასიკა. დინჯი კლასიკა.

2011, 2 - ეშტორილი, დელრეი ბიჩი. სეზონის მეორე ნახევარში დელ პოტრო დაიღალა და დადგა. სეზონის მეორე ნახევარში არგენტინელი ბევრს აგებს და შემდეგი სეზონისთვის ემზადება. მწვრთნელთან და მეგობართან, სენიორ ფრანკო დავინთან ერთად იწყება ხუან მარტინის რეალური დაბრუნება.

2012, 4 - ბაზელი, ვენა, ეშტორილი, მარსელი. დელ პოტროს აკლია სტაბილურობა დიდი სლემის ტურნირებზე და დელ პოტრო იყო ძალიან კარგი. მართლა ძალიან კარგი.

2013, 4 - ბაზელი, ტოკიო, ვაშინგტონი, როტერდამი. დიდის სლემის ივენთებზე ხუან მარტინმა წააგო მესამე წრეში მელბურნში. ჟერემი შარდისთან. არ უნდა წაეგო და წააგო. ჩადის როტერდამში და იგებს ფინალს, ჟულიენ ბენეტოსთან, 7:6, 6:3. ინდიან უელსის მასტერსზე ხუან მარტინმა გათიშა ენდი მარი, გააჩერა ჯოკოვიჩი და ფინალში ყველაფერი რაფაელ ნადალმა გააფუჭა. როგორც იცის ხოლმე. ნადალი ცელქი და მოუსვენარი ონავარია. უიმბლდონის ნახევარფინალი, სადაც ჯოკოვიჩთან დელ პოტრომ ფანებს 283 მაგიური წუთი აჩუქა. სერბმა მეხუთე სეტში 6:3 მოიგო. მანამდე გააგდო დავიდ ფერერი. ვაშინგტონის ფინალში, ჯონი იზნერთან, 3:6, 6:1, 6:2. მოიგო ტოკიო, ბოლო დონეზე რაონიჩთან, 7:6, 7:5. შანხაის მასტერზე დაგლიჯა ნადალი და ფინალში წააგი სამსეტიანი ეპიკი ჯოკოვიჩთან. გენიალური სეზონი. და არგენტინელი გაჩერდა.

ხუან მარტინ დელ პოტრო რეიტინგის მეოთხე ნომერი იყო. ოთხი წლის წინ იყო. მიიღო მაჯის ტრავმა, თითქმის ერთი სეზონი დაისვენა და დაბრუნდა. ხუან მარტინ დელ პოტრო რეიტინგის მეხუთე ნომერი იყო. შარშან ავიდა მეხუთემდე. და დიდი ბიჭი ისევ დასაშლელი გახდა. ასაწყობი, აზრზე მოსაყვანი, გადასატვირთი. დელ პოტრომ დაისვენა და დელ პოტრომ დაკარგა პირველი ათეულის გრინ ქარდი. და შემდეგ პირველი ასეულიდან გავიდა. მშვიდად, ისე, რომ არავინ არ შეაწუხა. არგენტინელს მაჯა ეტკინა. ჩოგბურთმა მოიწყინა. ხუან მარტინის გარეშე მოიწყინა. და დელ პოტრო ბრუნდება. ამ სეზონში ყველაფერი დაიხურა. რჩება რამდენიმე ჩელენჯერი და დევისის თასის ფინალი, სადაც არგენტინელს საქმე არ აქვს. არგენტინელს საქმე შემდეგ სეზონში, ბრიზბეინში ექნება. იქ დიდი ბიჭები სეზონის პირველი დიდი ტურნირისთვის ემზადებიან. იქ იქნება ჩვენი ბიჭიც. ხუან მარტინ დელ პოტროს დღევანდელი რეიტინგი (138) მირაჟია. დელ პოტრო მალე მოვა. დელ პოტრო ემზადება.

zura talakvadze