"შუაშისტური" ოცნება
14 ნოემბერი, 2014
2030
print

ნოდარ ლადარია

                                        Something is rotten in the state of Denmark. 

                                           Shakespeare, Hamlet (1.4)

რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ, რაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, როგორც იქნა, გადადგა გარეგნულად დამოუკიდებელი ნაბიჯი და სამინისტროს კარი ზურგსუკან მორიდებულად მოიჯახუნა, ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე მინისტრის თავქუდმოგლეჯილი ბრიფინგი. მათ სხაპასხუპით გვამცნეს, რომ ალასანიას დამოუკიდებელ ნაბიჯს არ მიჰყვებიან და თანამდებობას არ ტოვებენ. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჯაროდ განაცხადეს, რომ ხვალაც და ზეგაც ისევ ისე მოვალთ სამსახურში და მივუსხდებით სამუშაო მაგიდასო.

ერთი შეხედვით, ასეთი განცხადება ცარიელია. არაფერს გვეუბნება. მაგრამ ჩვენს საზოგადოებას ცარიელი განცხადებების არ ეშინია! - აი, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ბოლო ვრცელი მონოლოგი, უკაცრავად, ინტერვიუ გავიხსენოთ. გონებაგახსნილ ქართველთა კოჰორტა ლამის ერთხმად აღელდა, ვაი, 2030 წლამდე არ აპირებს ჩვენი ცხოვრებიდან გაქრობასო. ნუთუ ასეთი დასკვნის გამოსატანად აუცილებელი იყო თითქმის ერთი საათის დახარჯვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერზე? ასეთი პირდაპირი და სწორხაზოვანი იმპულსები გვჭირდება იმისთვის, რომ თავდაყირა გადაწვენილ თოჯინასავით აღმოგვხვდეს: "დედა!".

მაგრამ კვლავაც ჩვენს ცხვრებს, უკაცრავად, მინისტრებს დავუბრუნდეთ.

რატომ გვახარეს თანამდებობაზე დარჩენა? განა უსიტყვოდ მუშაობის გაგრძელება იგივე არ იქნებოდა?

ახსნა პირველი (მათრახოვანი): თითოეულ მათგანს ზემოდან დაემუქრნენ იმით, რაც ამ ორი წლის განმავლობაში ყველაზე უკეთ გამოსდით. უნდა ითქვას, ეს ვარაუდი ნაკლებად სარწმუნოა, თუ მივიჩნევთ, რომ რუდიმენტული ლოგიკა მაინც მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ფორმალურსა და არაფორმალურ მთავრობაში. მართლაც, თუ პოლიტიკურ ოპოზიციაში გადასვლა ავტომატურად ნიშნავს საქმის შეკერვას, მაშინ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის საყვედურები მყისიერად იმატებს წონაში. გარდა ამისა, აღმოჩნდება, რომ სამართლიანობის აღდგენა ამ ორი წლის განმავლობაში ქურდბაცაცებისა და თაღლითების ხელით ხდებოდა. ამრიგად, არ მჯერა მათრახოვანი ვერსიისა და ამაში გამოიხატება ჩემი ლოიალობა ქართული სახელმწიფოს იმ ნარჩენის მიმართ, რომელსაც დღეს ვაკვირდებით ყველანი.

ახსნა მეორე (თაფლაკვეროვანი): სარისკო მინისტრებს ფული გადაუხადეს - ასევე ზემოდან. რა მოხდა? რატომ შეიცხადეთ? რაო, ჯერ არ მომხდარა? თუმცა არც მე მჯერა, ოღონდ სხვა მოტივით: ასე მგონია, რომ ადამიანმა, ვინც კარგად იცის, რომ ქართველები ყოველნაირ სისულელეს ადვილად იჯერებენ, ოღონდ პასუხისმგებლობა აიცილონ თავიდან, ისიც უნდა იცოდეს, რომ ქართველებზე ერთი ცენტის დახარჯვაც არ ღირს - სუფთა ზარალია.

ერთი სიტყვით, მთელი ამ დავიდარაბიდან ერთადერთი რამ არის დანამდვილებით ცნობილი: ზემოდან რაღაც ითქვა. და ერთადერთი რამ მართლაც საინტერესო: რა სიტყვები ითქვა. არა, შინაარსი არა - მე ინტონაციითაც დავკმაყოფილდებოდი, შინაარსისგან ბევრს არაფერს ველი.

ზემოთაც იმიტომ კი არ ვირჯებოდი, რაღაც უქმი ვარაუდები შემედგინა და მერე მათთვის მნიშვნელობა მიმენიჭებინა. სულაც არა: მთავარია, გავიგოთ, რომ სწორედ უქმი ვარაუდების საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ეს ჩვენი ერთადერთი შესაძლებლობაა.

ყველაზე მსუქანი უქმი ვარაუდი ეხებოდა ეგრეთ წოდებული "მესამე ძალის" თუ "მართული ოპოზიციის" ჩამოყალიბებას. თუმცა ყველაფერს, რაც ალასანიას ნაძალადევ გადადგომამდე და მის შემდეგ ხდებოდა, უფრო მოუმზადებლობისა და უხერხულობის ელფერი დაჰკრავდა, ვიდრე წინასწარ და ფაქიზად შედგენილი გეგმისა. მართალია, წინასწარ და ფაქიზად შედგენილ გეგმას უნდა დაჰკრავდეს კიდეც ერთგვარი მოუმზადებლობისა და უხერხულობის ელფერი, მაგრამ საქართველოსათვის ეს აშკარა ზედმეტობა იყო.

ჯერ თვითონ ალასანიას გაჭიანურებული ყოყმანი... ამდენი რიჩარდ მესამესა და ბორის გოდუნოვს არ უყოყმანიათ ტახტზე ასვლის წინ. არადა როგორ მესმის მისი: ერთი მხრივ, დიპლომატიურ კორპუსთან უნდა გაარკვიოს საქმე (რით დამეხმარებით, თუ გადავდექი), მეორე მხრივ ზემდგომებთან (რას მიპირებენ, თუ არ გადავდექი) - მართლაც რომ ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. მერე კიდევ ღარიბაშვილის შესრულებული ლამის მყისიერი პასუხი - ოღონდ მუსიკისა და სიტყვების ავტორი ვინ იყო, მაგის დანამდვილებით მტკიცებას ვერ მოვყვებით, მხოლოდ მორიდებულ ეჭვს გამოვთქვამთ, რომ თვით ღარიბაშვილისა არ უნდა ყოფილიყო. და რა ხდება ამის შემდეგ?

მოვიყვანოთ ორი ციტატა საქართველოს ფორმალური პრემიერ-მინისტრის გამოსვლებიდან.

პირველი: "რეალურად, არაფერი ხდება - ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა".

მეორე: "მე ზოგადად მიყვარს პირდაპირ საუბარი და მე, ასე ვთქვათ, ხშირად შეიძლება ვთქვა ის, რაც სათქმელია, თუმცა მე ტყუილს არ ვკადრულობ და არასოდეს საჯაროდ მე ტყუილი არ მითქვამს. მეორე საკითხია, რამდენად უნდა მეთქვა ან არ უნდა მეთქვა, მეც არ მომეწონა ის, რაც ვთქვი, სიტყვები... თუმცა, თუ შეფასებებში ვიდავებთ, მე შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ჩემი მხრიდან სათქმელი ალბათ არ იყო" (ბოდიშს მოვითხოვ ასე ზედმიწევნით დაცული სტილისათვის).

ეს ყმაწვილი არა მარტო შინაარსით, არამედ ფორმითაც ბაძავს თავის წინამორბედს. თუმცა აქ უფრო მარტივად უნდა იყოს საქმე. უბრალოდ, მის მაგიერ სწორედ ეს წინამორბედი ლაპარაკობს და, როგორც სჩვევია, ჯერ იტყვის და მერე გადათქვამს.

ახლა კი ორი ციტატა თვით ალასანიასაც გამოვართვათ.

პირველი: "დღეს მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის დაუძინებელი მტერი არის ფუნდამენტალიზმი. საქართველოსთვის დაუძინებელი მტერია იმპერიული ფუნდამენტალიზმი რუსეთის ფედერაციის, რომლის მსხვერპლი ჩვენ 1992-93 წლებში გავხდით. 2008 წელს ისევ სწორედ მათ შემოტევამ, მათი მხრიდან აგრესიამ დაგვაკარგინა ტერიტორიები უამრავ ჩვენი მებრძოლისა და თანამოქალაქის სიცოცხლესთან ერთად. დღეს უკრაინაში ისევ აგრძელებს რუსეთი საკუთარი იმპერიული ფუნდამენტალისტური იდეების და გეგმების განხორციელებას. ამას საქართველო მარტო ვერ აღუდგება წინ. ამას საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანს, თუ შეიკრა საზოგადოება და რაც მთავარია, ჩვენი მეგობრები - დასავლეთის განვითარებული ქვეყნები გვერდში დაგვიდგებიან".

მეორე: "ვიღაცები მცდარი ინფორმაციით კვებავენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს".

ორივეში ტიპური უხერხემლო პერსონაჟი ჩანს, ერთგვარი პოლიტიკური ობლომოვი. რუსეთზე მანდ ისეთივე ზოგადი ბლა-ბლა წერია, როგორსაც ეკა ბესელიაც კი მოაბამდა თავს, კონკრეტული კი მხოლოდ ის არის, რომ საქართველო "მარტო ვერ აღუდგება წინ" თავის მთავარ პრობლემას. თბილისის საუკეთესო ოჯახების რჩეული პოლიტიკოსი პირდაპირი ტექსტით აცხადებს, რომ ლიდერად არ არის დაბადებული და უარს ამბობს დამოუკიდებელ ფიქრსა და მოქმედებაზე. ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ "მეგობრების", ანუ "დასავლეთის განვითარებული ქვეყნების" გარეშე. მათი დახმარებით გამარჯვებას, ბ-ნი ალასანია, როგორც ეტყობა, თვითონ მიიწერს, დამარცხებას კი მაშინვე მათ დააბრალებს.

მეორე წინადადებაში კი ვხედავთ უხერხემლო ადამიანის წამოცდენას. რატომ უნდა აინტერესებდეს პოლიტიკოსს, რომელიც თავისი კარიერის განვლილ ეტაპს განიხილავს, ვინმე კერძო პირის აზრი? ამას კი არამარტო აინტერესებს, არამედ ჩვენ წინაშე იმართლებს თავს: ბიძინა ივანიშვილი მოატყუეს, თორემ როგორ იტყოდა, ჯარისკაცებს საჭმელი არა აქვთო.

არა, უხერხემლო ადამიანი, თავისთავად, საკვირველი არ არის, არც იშვიათია. ბოლოს და ბოლოს, თუ ასეთი ტიპაჟის მიმართ საზოგადო დამოკიდებულება ადეკვატურია, არც საშიში შეიძლება იყოს. მაგრამ არის აქ რაღაც ძალიან ნიშანდობლივი, რაღაც შემაშინებელიც კი...

შემაშინებელი კი ის არის, რომ დედაქალაქის მოელიტო საზოგადოებას სწორედ ეს უხერხემლო ბიჭი მოსწონს. არა, ზემოთ ზერელედ აღწერილი მთელი ეს სამარცხვინო დავიდარაბა რომ პოლიტიკურ პროცესად მიაჩნიათ, ეს მხოლოდ კულტურის ნაკლებობის ბრალია. არის აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი. შევეცდები ავხსნა...

რუსეთში ახლა მიმდინარეობს სატელევიზიო შოუ-კონკურსი "დიდი ოპერა". ახალგაზრდები მღერიან და ჟიურიში მსხდომი მეტრები კი აფასებენ. უპირობოდ ლიდერობს ერთი ყაზახი სოპრანო, რომელმაც მოულოდნელად განაცხადა, რომ იძულებულია დატოვოს კონკურსი, რადგან მისი თეატრი საგასტროლოდ მიემგზავრება იტალიაში. ამაზე ჟიურის თავმჯდომარე, ელენა ობრაზცოვა გაგიჟდა და წამოიძახა: „როგორ?! მე ახლავე დავურეკავ ნაზარბაევს!"

გამოგიტყდებით, კინაღამ სკამიდან ჩამოვვარდი სიცილით... საქმე რომ ნორმალურ საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან გვქონდეს, ან პრეზიდენტს რა ესაქმება თეატრსა და მომღერალს შორის კონტრაქტის პირობებთან, ან მეზობელი ქვეყნის საოპერო თეატრის პენსიონერ სოლისტს რატომ უნდა ჰქონდეს მასზე გავლენა? ამ კურიოზმა მიმახვედრა, რა ლოგიკით ხელმძღვანელობს ალასანიას ნარჩევი ელექტორატი: ეს სწორედ ის ლიდერი იქნება, რომელსაც დაურეკავ... აბა, სხვა რა აზრები უნდა აწუხებდეს და რა პერსპექტივა უნდა იზიდავდეს რიგით თბილისელ ოჯახიშვილს?

ნოდარ ლადარია