"ისევ წვიმს, ისევ ცრის, ისევ ღამეა…
ღამე კვლავ ჩემი ცის მოსასხამია,
მაგრამ შენ ისევ შორსა ხარ და ნისლებში ქრები…
ვაი, რომ მახსოვხარ, არ მავიწყდები!...
ისევ წვიმს, ისევ ცრის, ისევ…"
ისევ ნოემბერია. ისევ ნისლიანი, სევდიანი, ცრემლიანი, წვიმიანი… მერამდენე?
საქართველოს ერთიანობის, მთლიანობის, დამოუკიდებლობის, საკუთარი და ქვეყნის ღირსების დასაცავად, ათიათასობით ქართველი ისევ ქუჩაში გამოდის. რუსთაველის გამზირი ისევ ცოცხლდება, ინთება, ივსება, ისევ დუღს, ღელავს…
ისევ ხმამაღალი, თამამი, მკაცრი შეძახილი - "საქართველოს გაუმარჯოს" - ისმის. ისმის რუსთაველზე. ისმის მიმდებარე პატარ-პატარა ქუჩებზე. ისმის მთელ ქალაქზე, ქვეყანაზე, სამყაროზე… ყველას, შორეულსაც და ახლომდებარესაც, უგნურსაც და გონიერსაც, კარგსაც და ცუდსაც, ლამაზსაც და მახინჯსაც, განურჩევლად ყველას ესმის და ვიღაცა ერთს, სამს, ათს… კი, როგორც ყოველთვის, როგორც არაერთხელ, ისევ არ ესმის. ისევ არ ისმენს!
როგორც ადრე, როგორც წლების მანძილზე, თავს ისევ იბრმავებენ, იყრუებენ, იშტერებენ, იტყუებენ.
ისევ გვატყუებენ და ისევ ვერ გვატყუებენ. უნდათ, ცდილობენ და ისევ არ გამოსდით. არავის არასდროს გამოსვლია და ახლა, ისევ არ გამოსდით.
ისევ ტყუილი, ისევ ღალატი, ინტრიგები, სიყალბე, სიბეცე და უზნეობა. ისევ ვერახდენილი ოცნებები. ისევ გაუფასურებული, დამახინჯებული ღირებულებები. ისევ დამსხვრეული იდეალები. ისევ გაცრუებული იმედი.
ისევ ტრაბახი. ისევ მაამებლობა. ისევ მონობა. ერთპიროვნული მონობა.
ისევ შიში. ისევ მუქარა, დაშინება, შანტაჟი.
ისევ ორმაგი სტანდარტი.
ისევ უსამართლობა. ისევ ვერდამკვიდრებული სამართლიანობა.
ისევ დაჭერები, შევარდნა, დაყადაღება, წართმევა, "შეწერვა", "დაკისრება"… ისევ შეთითხნილი საქმეები. ისევ პოლიტიზებული, მართული და ზუსტად ისევე, როგორც ადრე, სრულიად ნდობადაკარგული პროკურატურა, სამართალდამცავი ორგანოები.
ნელ-ნელა, ისევ "გაძაღლებული" და მისადმი, ელემენტარული პატივისცემადაკარგული პოლიცია.
ციხეებში ისევ სასტიკად ნაწამები, ნაცემი, ჯაჭვებით დაბმული პატიმრები. ერთი უმნიშვნელო სხვაობა მაინც შეიმჩნევა - ადრე პატიმრებს ციხის თანამშრომლები აწამებდნენ, ცემდნენ, არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ. ახლა, წამება-ცემა-ტყეპაში, ციხის ადმინისტრაციას, ციხის მაყურებლებიც, კანონიერი ქურდებიც დაემატენ, დაეხმარენ, შეეხიდენ. ციხეებში ისევ გაჩნდა ნარკოტიკი, ალკოჰოლი... პატიმართა ნაწილი, ისევ, ვერ უძლებს და კვდება, თავს იკლავს… სისტემა კი ისევ გავტყუებს და ისევ არ ვტყუვდებით.
ინსტიტუციები ისევ გაუფასურებული და ახლა უკვე, საერთოდ, გაშარჟებულ-გაგროტესკებულია. ომბუდსმენის ისევ არავის სჯერა, არავინ უსმენს, არავინ ითვალისწინებს, არავინ არაფრად აგდებს. პარლამენტის თავჯდომარე ისევ საკუთარი სინდისის ტრაგიკომიკური პატიმარია. პრემიერ-მინისტრის გამოჩენაზე მთელი საქართველო გულიანად იცინის, ანსახიერებს, აშაყირებს და ისევ გადამდებად, მთელი გულით იცინის, ხარხარებს. პრეზიდენტზე კი ნახევარი იცინის და ნახევარიც კი, სიბრალულისგან გულამოსკვნილი ტირის.
პრემიერი ისევ ისე, აი ზუსტად ისე, როგორც მანამდე, ცარიელ, ახალაგაყვანილ ავტობანზე, ცენტრში, თეთრ ხაზზე, ზუსტად ისევე, ხელოვნურად შეყრილი, ინდეფერენტულ-გულაცრუებული ხალხის წინაშე, ისევ იმავე, საგანგებოდ მიტანილ ტრიბუნასთან დგას და ისევ ტყუის, ისევ ტრაბახობს, ისევ სხვის გაკეთებულს იწერს და ისევ ერთ და მხოლოდ ერთ ადამიანს ატყუებს და ისიც, მთელი დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, ისევ და ისევ ტყუვდება. ჩვენ კი ისევ ვიცინით.
სულ უფრო და უფრო ხშირად, ისევ კორუფციას ვეჯახებით, ვხედავთ. ახლა, უბრალოდ, ეგრეთწოდებულ "ელიტურ კორუფციას", სრულიად არაელიტური, მდაბიო კორუფციაც შეემატა.
ისევ ვიღაცას, რატომღაც ეპატიება და ვიღაცას - არა.
ისევ ყველას გვისმენენ, გვითვალთვალებენ, გვიღებენ და საჭიროების შემთხვევაში, ამით გვაშანტაჟებენ, გვაჩუმებენ, ან ისევ ცდილობენ, რომ გაგვაჩუმონ, გაგვტეხონ, გზიდან ჩამოგვიშორონ და ისევ, ვერა და ვერ გვაჩუმებენ.
პოლიტპატიმრები, ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ისევ, მხოლოდ პოლიტპატიმრებად რჩებიან. მათი რიცხვი კი ისევ მატულობს და როგორც ჩანს, ისევ გაიზრდება.
მთავრობა, ხელისუფლება, მმართველი კოალიცია ისევ უუნარო და ვერაფრის მაქნისია. ცუდი, მანკიერი, გაუმართლებელი, უპატიებელი, ისევ ისე გრძელდება. წარმატებული, ახალი, იმედისმომცემი კი, არა და არ ჩანს, ადგილიდან არ იძვრის.
ქართული საზოგადოება ისევ გაყოფილია. "ნაცები" კვლავ "ქოცებს" აკრიტიკებენ, ოპონირებენ, ჩასაფრებულად სიტყვას არ არჩენენ. "სატოპკეები" ისევ არ ელევათ. "ქოცები" კი მათ სრულ ამოწყვეტას, "გადახვრეტას" ლამობენ, მანამდე კი, ისევ, როგორც იტყვიან, без суда, без следствия იჭერენ… და უოპოზიციო, უოპონენტო გარემოს შექმნას, ისევ ისე, ზუსტად ისევე ცდილობენ. ჯანსაღი, არაჯანსაღი, ობიექტური თუ მიკერძოებულ-ტენდენციური კრიტიკა ზუსტად ისევ ისე არ უნდათ, არ მოწონთ, არ იღებენ და ისევ იმავე და როგორც გაირკვა, საბედისწერო, უპატიებელ შეცდომას უშვებენ.
საკუთარ და სხვის, თითქოსდა ასეთ თვალნათელ შეცდომებზე, ისევ ვერავინ სწავლობს.
საკუთარი თავისადმი ოდნავაც ობიექტური, თვითკრიტიკული, ისევ არავინაა.
თამამი, ხმამაღალი თვითაღიარება, ისევ არავის ახასიათებს.
ნელ-ნელა, სულ უფრო მკაფიოდ, პრორუსული პოლიტიკის სუნი, ჰაერში ისევ გაჩნდა. ახლა ეს სუნი ზოგიერთებმა უკვე ხელისუფლებაშიც იგრძნეს. ყოფილმა კომკავშირლებმა, ცეკას ინსტრუქტორებმა, ცეკას მდივნებმა, აგენტებმა, ჯაშუშებმა, მეხუთე კოლონამ… და უბრალოდ, სამშობლოს მოღალატეებმა, თავები ისევ თამამად წამოყვეს, ხმა ისევ აიმაღლეს, გამყიდველურ რიტორიკას ისევ მიჰყვეს ხელი. ყოველთვიურ მაღალ ანაზღაურებას ისევ ელიან, ისევ იღებენ და მომავალ არჩევნებზე, ისევ ათმაგად გადაუხდიან, აუნაზღაურებენ, დაუფასებენ. ისევ არ დაუკარგავენ. ოღონდ ისევ მისცეს! ოღონდ არ შეუწყვიტოს!...
საქართველო, ქართული საზოგადოება, ისევ მორალური, პატრიოტული ფასეულობების, მიზნებისა და იდეალების კრიზისს განიცდის.
საქართველო, ქართული საზოგადოება, ისევ ინტელექტუალური კატასტროფის წინაშეა. ისევ ბნელა.
"ისევ წვიმს, ისევ ცრის..." ისევ ცრემლიანი, სევდიანი და ისევ აუნაზღაურებელი დანაკარგის ნოემბერია.
საქართველო კახა ბენდუქიძეს, ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეფორმატორს, განმანათლებელს, უმაგალითო ინტელექტის, ჭეშმარიტი ფასეულობების და უბრალოდ, განუმეორებელი ადამიანური ხიბლის მქონე პიროვნებას ემშვიდობება. ემშვიდობება და მის სტუდენტებთან, თანამებრძოლებთან, თანარეფორმატორებთან, თანამოაზრეებთან ერთად ტირის. ტირის პიროვნებას, რომლის ღვაწლი ქვეყნის მომავალი, ჯანსაღი თაობის წინაშე, არასდროს დაიკარგება, მივიწყებული არასდროს იქნება და ამავე დროს, ამავე ცრემლით, თითქოს, საკუთარ თავსაც ტირის. საქართველო, ქართული საზოგადოება, კახა ბენდუქიძის გარეშე ხომ, თითქოს, უფრო ღარიბი, უინტერესო, პრიმიტიული, ერთფეროვანი... გახდა.
"ისევ წვიმს...", მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ მზე ისევ გამოანათებს. მომავალში ისევ, მხოლოდ და მხოლოდ, ჯანსაღი მომავალი თაობის, ჩვენი შვილების, ყოველთვის ყველაფერ პროგრესულის ავანგარდში მდგომი, თავისუფლებისა და იდეალებისთვის ბრძოლაში დაუღალავი სტუდენტობის, ბენდუქიძის მიერ გაზრდილი სტუდენდების იმედი გვრჩება. კახა ბენდუქიძე, პირველ რიგში, მგონია, რომ მენტალიტეტის ფუნდამენტური რეფორმატორი იყო...
ქართული საზოგადოების ნაწილს კი თავისუფალ მომავალს, ისევ ალისფერ-წითელი წარსული ურჩევნია.
ქართული საზოგადოების ნაწილისთვის კი გიორგი ანწუხელიძის სახელი და გვარი, მისი ვაჟკაცობა, მისი ფასდაუდებელი გმირობა, სამშობლოსთვის სიკვდილი, სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, ისევ არაფრის მთქმელია. საქართველოსათვის დაღუპული გმირის გამზრდელი დედის სიკვდილი თითოეული ჩვენთაგანის ცრემლსა და მადლიერებას იმსახურებს. ნუთუ, ჩვენ ისევ უმადურები ვართ და ცრემლიც ისევ გვენანება?
"ისევ წვიმს, ისევ ცრის..." ნუთუ, ნოემბერი ჩვენს მაგივრად ტირის?
სტუდენტი დიდი ხანია არ ვარ, არც მომავალი მაქვს, სამწუხაროდ, დიდი, მაგრამ მთელი გასული კვირა, ისევ სულ მეტირებოდა…