გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ში ვე­ძებ ბგე­რას
28 ნოემბერი, 2014
1197
print

მზეხა მახარაძე

- მუსიკას ფანქრით წერთ?  

- იდეას კი, ფანქრით ვიწერ ხოლმე...

 - თქვენს შემოქმედებით ანთოლოგიაშია 100-ზე მეტი ნაწარმოები, ორიგინალური მუსიკა 40 ფილმისთვის და 50 თეატრალური სპექტაკლისთვის. თქვენი მუსიკალური თხზულებები განსხვავებულია თავისი ფორმით, ფაქტურით, კონტრაპუნქტით, თუნდაც ატონალურ ბგერათა ინტენსივობით, თუნდაც სპონტანურობით, რომელსაც ალბათ, აქვს ერთი კონკრეტული სიუჟეტი, მედიტრაციული სიჩუმე და კონტრასტები... რა სტილში მუშაობთ როგორც კომპოზიტორი, ან როგორ აღწერდით ოპუსების შექმნის პროცესს?

- მე დიდხანს ვეძებ მელოდიას, ნაწარმოებისთვის გარკვეულ ბგერათწყობის ინტონაციურ თუ ჰარმონიულ საყრდენს... ჩემი კამერული ნაწარმოებები, როგორც წესი ექსპერიმენტულია. ზოგიერთი გააზრებულია ნელი-მეტიდაციური განვითარებით, ზოგიც თავისი შინაარსით პირობითად “აგრესიულია” ან “მექანიკური”...

მუსიკაში დიდხანს ვეძებდი ჩემს გზას, ვცდილობდი საკუთარი ხელწერა მეპოვნა. დასაწყისში ვიყავი მალერის მიმდევარი, სერიოზულად ვიყავი გატაცებული შონბერგით, ცოტა მოგვიანებით შნიტკეს, პიარტის, ტერტერიანის, ყანჩელის მუსიკით, ძალიან მაინტერესებდა ასევე ბულეზის, სილვესტროვის, ტიგრან მანსულიანის, მიხეილ შუღლიაშვილის, ნოდარ მამისაშვილის, თემურ ბაკურაძის, ტიგრან მანსულიანის მუსიკალური ძიებანი...

ჩემი მუსიკალური ენა ახალი ეკლექტიზმის თავისებური გამოძახილია. ისრაელში თვისობრივად არც შეცვლილა, უფრო გამიძლიერდა ინტერესი ივრითული ენის ალეფ-ბეთის, რიცხვთა სიმბოლოკის, ნუმეროლოგიის მიმართ, რომლითაც ადრეც ვიყავი გატაცებული და რაც ჩემთვის წესრიგთან, ნაწარმოების არქიტექტონიკულ სიმყარესთანაა დაკავშირებული... ჩემი მუსიკალური ენა ნიშანთა ენაა და არა პოლისტილისტიკა. ვფიქრობ, რომ ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, - სხვადასხვა ესთეტიკისა და გემოვნების „ბარდაკს" ხშირად საოცარი სიღრმეების წარმოჩენა შეუძლია, რომლის გახსნა არ ძალუძს თვით ყველაზე სრულყოფილ მუსიკალურ ენასაც კი. აი ასე იბადება რაღაც განსხვავებული, რომელიც სრულიად ინდივისუალურია, სრულიად ორგანული, ეს ის მუსიკაა, რომელშიც ათასწლეული სმენითი გამოცდილება ერწყმის ერთმანეთს.

 - დრამატურგის, ქორეოგრაფის, მხატვრისა და კომპოზიტორის ერთობლიობით შექმნილი საავტორო ბალეტი სცენაზე დიდი ხანია არ დადგმულა, თან გურჯი-ხათუნის რომანტიკულ-მისტიკური ისტორია პირველად შემოვიდა თეატრალურ სივრცეში... ამ საბალეტო დრამისთვის “გურჯი ხათუნი”, რომელსაც თემიდან გამომდინარე აქვს თავისი ფორმა, ქორეოგრაფიული კონცეფცია, დრამატული ხაზი და ესთეტიკა, მუსიკა თქვენ დაწერეთ. რამდენად საინტერესო, როგორ დაიწერა, ან საიდან წამოვიდა მუსიკალური კონცეფციისთვის ინსპირაცია?   

 თქვენი მუსიკა ჟღერს გიორგი ოვაშვილის ფილმებში “გაღმა ნაპირი” და “სიმინდის კუნძული” ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტის თემაზე. ეს არის ფსიქოლოგიური კინოდრამა “სიმინდის კუნძული” ადამიანურ ურთიერთობებზე მინიმალური დიალოგებით, მეტი მოქმედებით და კიდევ უფრო მეტი ემოციით, რომელსაც არა მარტო გამოსახულებაში ხედავს, არამედ გრძნობს მაყურებელი. როგორ ჩაიფიქრეთ ამ თითქმის უსიტყვო კინოსთვის მუსიკა, რომელსაც ფილმის დრამატულ თხრობაში თავისი შინაარსი უნდა შემოეტანა, მუსიკა უნდა ყოფილიყო ისეთივე მოძრავი, დინამიური და ემოციური, როგორც მუშაობდა კამერა?

- როდესაც ჩვენ დავასრულეთ “გაღმა ნაპირზე” მუშაობა, გიორგიმ მითხრა: მე მინდა ჩემს მომავალ ფილმზეც თქვენ იმუშავოთო. მეც დავთახმდი: რა თქმა უნდა, სიამოვნებით მეთქი. გიორგი ძალიან საინტერესო და ნიჭიერი რეჟისორია, ჩვენ თითქმის უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის და ამის გარდა, ასე კიდევ იმიტომ ვუპასუხე, რომ იცით, მეც მიხარია ქართულ კინოში დაბრუნება. “გაღმა ნაპირის” მერე, გავიდა ოთხი წელი. გიორგიმ “სიმინდის კუნძულის” სცენარი მოკლედ მომიყვა, - ბევრი დიალოგები არ იქნებაო, მოგვიანებით დასრულებული მონტაჟის შემდეგ ფილმიც ვნახე... დიახ, მუსიკა გამოსახულებამ მიკარნახა, თუმცა საბოლოო ვერსიამდე რამდენიმე მიმართულებით ვეძებდი. როდესაც უყურებ როგორ მოძრაობს კამერა, ესეც გეხმარება, ამასაც მუსიკალური ჟესტის ფორმა აქვს ხომ?! ფილმში მინდოდა მუსიკა ქართული ფერით ყოფილიყო გაწყობილი, თანაც შემომეტანა ფრანგული 60-იანი წლების კინომუსიკის ესთეტიკა, - განსაკუთრებული ორკესტრობა, საინტერესო მუსიკალური თანხვედრა უნდა მომხდარიყო, - მუსიკა უნდა ყოფილიყო ძუნწი, მაგრამ სულიერი, მეტყველი. მე, საერთოდ, ფილმის გამოსახულებაში ვეძებ ბგერას, მუსიკის ფერს, დინამიკას... თუ ზუსტად არ მიაგენი მუსიკის ფერს, რომელიც იდეალურად “დაჯდება” გამოსახულებაზე, ძალიან შიშველი და ცარელა გამოჩნდები როგორც კომპოზიტორი. კარლოვი ვარში კინოპრემიერაზე, ჩემს გვერდით იჯდა ფრანგი ხმის რეჟისორი, რომელმაც ერთ მომენტში აღელვებულმა ხელი ჩამავლო, მივხვდი,რომ  მუსიკამ თავისი “როლი ითამაშა”...

მარიამთან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ ბალეტზე “აჭარპანი”, ამ ბალეტში ჩემი მუსიკის გარდა ჟღერს ასევე თემურ ბაკურაძის შესანიშნავი მუსიკა, იანის ქსენაკინის დასარტყამი საკრავებინობილი ნაწარმოები და აჭარპანზე შესრულებული აფზახური ფოლკლორის ადრეული ჩანაწერები. თემურ ბაკურაძე, რომელიც ამ საინტერესო კომპილაციის ავტორი გახლავთ, შექმნა შესანიშნავი პარტიტურა, საოცრად განსხვავებული მაღალი ხარისხის მუსიკალური ტილო. რაც შეეხება “გურჯი ხათუნს”, მარიამ ალექსიძისგან ზაფხულში მივიღე წერილი ჩემს მუსიკაზე ახალი ბალეტის დადგმის შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან გამეხარდა. როდესაც სიუჟეტი წავიკითხე, ბევრი ვიფიქრე როგორი უნდა ყოფილიყო მუსიკა, - ცოცხალი, საორკესტრო შესრულება (რომელსაც შესაბამისი ფინანსური თუ სხვა ტექნიკური დაბრკოლების შექმნა შეეძლო) თუ სხვა... ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მე შევადგენდი ჩემი სიმფონიური და კამერული ნაწარმოებების კომპილაციას შესაბამისი მონტაჟით, ახლად შექმნილი მუსიკალური მასალით, გადასვლებით და ასე შემდეგ. ბალეტის პირველი ნაწილი დავინახე როგორც ასოს, სიტყვისა და სულის ურთიერთობა, სიტყვისა და დროის ურთიერთობა... მეორე ნაწილი კი ერთდროულად დრამატული დაძაბულობის კულმინაციაც უნდა ყოფილიყო და ერთსა და იმავე დროს, მედიტაციურ სივრცეში უნდა გაშლილიყო. მე ასევე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ორიენტალური მუსიკის ფერი შემომეტანა ბალეტში, რაც მეტად გააფართოვებდა და კონტრასტულს გახდიდა იმ ორ სამყაროს, რომელშიც გურჯი ხათუნი ცხოვრობდა.   ასეთი სტილისტური შერწყმა მეც მაინტერესებდა, როგორც კომპოზიტორს და მარიამ როგორც ბალეტმაისტერს.  მე უდავოდ ბედნიერი ვარ, რომ ასეთ შესანიშნავს, ნიჭიერ ახალგაზრდებთან მომეცა მუშაობის საშუალება. ეს იყო დიდი, დადებითი ენერგეტიკით დატენილი სამუშაო დღეები, რომელმაც დიდი ადამიანური სიხარული მომიტანა. ერთ-ერთი მუსიკალური თემა მე ავიღე ჩემი ადრინდელი ბალეტიდან “მოხეტიალე სული”, რომელიც ქორეოგრაფ გოგი ალექსიძის დაკვეთით დავწერე 1991 წელს და ჯემალ აჯიაშვილის ტექსტი გამოვიყენე. ბალეტის დადგმა 90-იან წლებში სამწუხაროდვ ვერ განხორციელდა. მაშინ საქართველოში რთული სიტუაცია იყო, კონცერტები თითქმის არ ტარდებოდა და... აი, მოულოდნელად ასეთ დროს, გოგი ალექსიძემ მითხრა: ჩვენ უნდა დავდგათ ახალი ბალეტი! ლიბრეტოც ჩვენ ერთობლივად დავწერეთ. ორ წელიწადში ბალეტი გავმართეთ მთლიანად. თქვენ წარმოიდგინეთ, პარტიტურა და პარტიებიც კი გადაწერილი გვქონდა, მზად იყო ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ, სცენაზე სპექტაკლი ვერ შედგა. ცუდი დრო იყო, ბალეტისთვის არავის არ ეცალა. გოგის ძალიან დაწყდა გული, მეც, რა თქმა უნდა...

 - 90-იანი წლების მძიმე, გაყინულ, ჩაბნელებულ და დეპრესიულ გარემოში რამდენად შესაძლებელი იყო მუსიკის შექმნა?

- მე ბევრს არ ვწერდი. მეორე საფორტეპიანო ტრიო 1988 წელს დავწერე, კანტატა “საღამოს ლოცვა” 1986 წელს, 1991 წელს ბალეტი “მოხეტიალე სული” გოგი ალექსიძისთვის, 1992 წელს მეორე სიმებიანი კვარტეტი, რომელიც გია ყანჩელს მივუძღვენი და რამდენიმე კამერული თუ საგუნდო მინიატურა.    

მახსოვს, ჩემს გოგონასთან ერთად ვიჯექი უშუქობაში, მსოფლიო მუსიკალური სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილი და ჩემთვის ვწერდი მუსიკას. ბოლოს და ბოლოს, მეც დავიღალე ამ რთულ პირობებში ცხოვრებით, - ჩემს ნაწარმოებებს იშვიათად ასრულებდნენ, გაყინულ დარბაზებში ორკესტრის მუსიკოსები ხელთათმანებით უკრავდნენ... იმასაც მივხვდი, რომ როგორც კომპოზიტორი შემოქმედებითად ვეღარ ვიზრდებოდი. მოვატოვე ყველაფერი და წავედი ისრაელში 1995 წელს. ემიგრაციაში ცხოვრება არ არის ადვილი, არც ენა ვიცოდი, არც ის ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, რითი უნდა დამეწყო ცხოვრება, მაგრამ მე ჩემმა შინაგანმა ოპტიმიზმა გადამარჩინა... ჯარ იყო და რობერტ სტურუამ მიმიწვია, რათა ერთობლივად გვემუშავა თელ-ავივის კამერულ თეატრში, შემდეგ კი მუსიკალურმა ანსამბლმა Musica Nova პიესა დამიკვეთა. მერე ასევბე დაკვეთით დავწერე ნაწარმოები კამერული ორკესტრისათვის Evening Prayers, რომელსაც ჰქონდა სერიოზული წარმატება. აი, ასე შემამჩნიეს როგორც კომპოზიტორი და წამოვიდა კიდევ ახალი დაკვეთები. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო იყო 1998 წელი, როდესაც ერთდროულად მივიღე ორი პრიზი - წლის საუკეთესო ნაწარმოებისთვის საავტორო უფლებების დაცვის კომიტეტისგან და პრიზი საუკეთესო თეატრალური მუსიკისთვის სპექტაკლში “Dibuk”... მას შემდე რაც აღმოვჩნდი ისრაელში, ჩემი ნაწარმოებების შესრულება კვლავ დაიწყეს ევროპასა და ამერიკაში ისევე, როგორც იყო 80-იან წლებში.

 - მსოფლიო მაესტრო Zubin Mehta-მ არაერთხელ უდირიჟორა თქვენს საორკესტრო ნაწარმოებებს... თქვენ დაესწარით ამ შესრულებას?  

- რა თქმა უნდა, ყველა შესრულებას დავესწარი. მან დიდი წარმატებით რამდენჯერმე შეასრულა ჩემი ფლეიტის კონცერტი და მესამე სიმფონიუა, რომელიც ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. Zubin Mehta ძალიან თბილი ადამიანია, ყურადღებიანი, საოცარად შთამბეჭდავია სცენაზე, ძალიან ზუსტი, გრძნობ, რომ დიდი სიყვარულით აცოცხლებს შენს მუსიკას. ერთხელ კონცერტის შემდეგ ხუმრობით მითხრა: დღეს შენმა ნაწარმოებმა “წამართვა წარმატებაო”.

 - თქვენს პრემიერებს როგორი განცდით უსმენთ?

- არ ვუსმენ მშვიდად. ეს პროცესი ჩემთვს რთულია. სულ ახლახანს მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ კონცერტზე, 80-იან წლებში დაწერილ ჩემს ძველ ნაწარმოებებს ასრულებდნენ, რომელიც დეტალებში დავიწყებული მეგონა, შესრულების პროცესში ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ ყველა მისი შემადგენელი წვრილმანიც კი მახსოვდა, მეხსიერებაში თურმე არაფერი არ იკარგება.

 - თქვენი და გია ყანჩელის მეგობრობაზე მომიყევით... გია ყანჩელმა თქვენს სადიპლომო ნამუშევარზე დაწერა: “ეს არის ბოლო წლებში შექმნილი ყველაზე საუკეთესო კამერული ნაწარმოები...”

- ფენომენალური კომპოზიტორია და ადამიანი! იცით, მახსოვს როდესაც გია ყანჩელი მოსკოვიდან ჩამოვიდა, ჩამოიტანა ალფრედ შნიტკეს რექვიემი, ახალგაზრდა კომპოზიტორებს მოგვასმემინა. იმდენად აღფრთოვანებული იყო, რომ ემოციურად თქვა: როცა აი, ასეთი მაღალი მუსიკა იწერება, როგორ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ  კომპოზიტორები ვართო?! - ასეთი პიროვნებაა გია, ყველაფერი კარგი ბავშვური გულწრფელობით ახარებს. მახსოვს, როდესაც გიას ჩანაწერის სახით ჩემი მესამე სიმფონია გავუგზავნე, თბილისში ჩამოსულიც არ ვიყავი, რომ გიასგან უკვე ყველამ იცოდა: სოსოს კარგი სიმფონია დაუწერიაო!.. მისი მსგავსი შეფასებები უცხოეთშიც ხშირად წინ დამხვედრია, რაც უდავოდ მსიამოვნებს, მაგრამ კიდევ უფრო მეტს მავალდებულებს.      

 კონსერვატორიაში ასპირანტურა რომ დაამთავრე, ჯარში წამიყვანეს, სამხედრო ორკესტრის ოფიცრის ფორმა მეცვა, მახსოვს, იმ პერიოდში, საქართველოს სიმებიანი კვარტეტის შესრულებით, პირველად საბჭოთა კავშირში შესრულდა შნიტკეს საფორტეპიანო კვინტეტი. შნიტკე კონცერტს ესწრებოდა და ეს დიდი კომპოზიტორი გია ყანჩელმა გამაცნო: სოსო ჩვენი ახალი თაობის ნიჭიერი კომპოზიტორია. პაგონებით რომ დამინახა, ალფრედმა ეჭვით შემომხედა და გიას ჩაეკითხა: ეს მუსიკოსიაო? ამის მერე ჩვენ ძალიან დავმეგობრდით. რამდენჯერაც ჩავიდოდი მოსკოვში, არ არსებობდა საღამო არ მოეწყო სახლში და არ მივეწვიე. ჩემს სტუდენტურ სიმებიანი კვინტეტზე შნიტკემ დაწერა კარგი რეცენზია: “ძალიან საინტერესო კომპოზიტორია, მას ფართო მუსიკალური ხედვა და თანამედროვე მუსიკალური ენის კარგი ფლობა ახასიათებსო”. გია ყანჩელის დახმარებით, კიდევ ბევრ ცნობილ კომპოზიტორს დავუახლოვდი, - არა მარტო შნიტკეს, არამედ გუბაიდულინას, დენისოვს, ტერტერიანს, სილვესტროვს, რომლებიც გახდნენ ჩემი ახლო მეგობრები, გილწრფელად აფასებდნენ მუსიკას, რომელიც ვწერდი. ან თუნდაც შოსტაკოვიჩი? - ის იყო ჩვენთვისაც მოვლენა! თუ ჩემს მუსიკაში არსებობს დრამატული ფერი, ეს შოსტაკოვიჩისეული ფერია. კონსერვატორიაში ალექსანდრე შავერდაშვილთან ვსწავლობდი. ძალიან ვუყვარდი სულხან ცინცაძეს, დავით თორაძეს, მასთან ვსწავლობდი გაორკესტრებას და ვგრძნობდი, რომ ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრენული იყო. ჩემს თაობას გაუმართლა, რომ ასეთ საამაყო კომპოზიტორებთან, როგორც იყვნენ: ალექსი მაჭავარიანი, შალვა მშველიძე, რეზო ლაღიძე, სულხან ნასიძე, ბიძინა კვერნაძე, გვქონდა შეხება და მოვესწარით ქართული კლასიკური მუსიკის ასეთ საოცარ რენესანსს.

 - თქვენი მუსიკა თუ გამხდარა აკრძალული, ან განიცდიდით საბჭოთა იდეოლოგიურ ცენზურას?

- იყო ცენზურა, მაგრამ ამ ცეზურასთან თამაშის წესები უნდა გცოდნოდა. მახსოვს, გიორგი შენგელაიას ფილმი “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის” პერიპეტიები ცენზურასთან (თავდაპირველად მასში ჟრერდა ჩემი მუსიკა), ფილმი მოსკოვში ხუთჯერ წავიდა და ხუთჯერვე უკან დააბრუნდა: გაასწორეთო! ბოლოს ჩემი მუსიკაც კი ამოვარდა ფილმიდან, ძალიან გული დამწყდა. ისიც მახსოვს, ჩემს სიფონიას დავარქვი “გამოსვლათა” (ბიბლიის ერთ-ერთი თავის მსგავსად) და ჯანო კახიძემ მირჩია, - შეცვალე ეს სათაურიო. მართალიც იყო იმიტომ, რომ ამ სახელწოდებით ვერავინ გამოსცემდა, შესრულებაზეც თავს შეკავებდნენ... იმ პერიოდში ავანგარდული მუსიკა ოფიციალურად იკრძალებოდა, თუმცა აქა თუ იქ  მაინც ჟღერდა. რობერტ სტურუას ყველა სპექტაკლი პრემიერამდე რთულ გზას გადიოდა. მახსოვს 1977 წელს, სტურუას სპექტაკლ შვარცის “დრაკონისთვის” დავწერე მუსიკა. სპექტაკლიც და პიესაც სავსე იყო მინიშნებებით სტალინის ეპოქაზე, იმდროინდელ რეჟიმზე, დახვრეტებზე... დავწერე დრაკონის ქალაქის ჰიმნი, რომელიც უდავოდ ჰგავდა საბჭოთა კავშირის ჰიმნს და როდესაც სპექტაკლის გარჩევა მიდიოდა, ოთარ თაქთაქიშვილმა, რომელიც გამოირჩეოდა თავშეკავებულობით, ისე აღშფოთდა, რომ პირდაპირ ასე მითხრა: როგორ ბედავ შენ ცხორმოუხოცავო, ასე ხომ საბჭოთა კავშირის ჰიმნი იწყებაო?! - მერე რა, - ურცხვად შეწვეპასუხე, - ბევრი ჰიმნი იწყება აღმავალ კვარტაზე მოძრაობით მეთქი.

 - რამდენი იყო თქვენი პირველი ჰონორარი?

- ოოო, ეს იყო კინოში, ყველაზე გემრიელი, სოლიდური ჰონორარი კინოდან მოდიოდა ხოლმე და ეს იყო ჩემი პირველი დიდი მუსიკალური ფილმის “ინდი მინდი” (რეჟისორი ლერი სიხარულიძე), - დაახლოებით 1500 მანეთი, დიდი ფული იყო მაშინ. კარგი ჰონორარი ავიღე ასევე როკ-ოპერიდან “ალტერნატივა”, რომელიც 1976 წელს რობერტ ბარძიმაშვილის თხოვნით დავწერე “ვია 75”-ისთვის. რეჟისორი - რობერტ სტურუა, ქორეოგრაფი - იური ზარეცკი, მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი. 

 - ჯაზი როდის შეგიყვარდათ?

- ჯერ ბათუმში ვუკრავდი საყვირზე ჯაზს, შემდეგ კი კონსერვატირიაში შესვენება ისე არ გავიდოდა ჯაზი არ დაგვეკრა... ჩვენს ჯგუფში იყვნენ შესანიშნავი ჯაზმენი პიანისტები: ლავრეტი ჯინჭარაძე, გოგი შავერდაშვილი, ვახტანგ მაჭავარიანი... ასევე ვუკრავდი ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მოქმედ ბიგ-ბენდში, მერე ტელევიზიის ორკესტრში. ჯაზი ახლაც ძალიან მიყვარს!

მზეხა მახარაძე