მოუსმინო არომატს
05 დეკემბერი, 2014
839
print

ნინა ახლოური

 არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ახლად შექმნილმა ბელგიურმა პარფიუმერულმა სახლმა L`Antichambre არომატი, სახელწოდებით La Lecon de Musique გამოუშვა. ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ, ნებისმიერი არომატი თავისი აგებულებით, მუსიკის გაკვეთილს თუ არა, პატარა ნაწარმოებს ჰგავს, რომელიც ხანდახან ერთი პატარა აკორდისგან შედგება, ხანდახან კი, შეუძლია, სიმფონიური ჟღერადობით მოიწონოს თავი. ხელოვნების ეს ორი დარგი ერთმანეთს მართლაც ძალიან ჰგავს და საქმე მხოლოდ ტერმინებში არ არის. ცხადია, პირველ რიგში, ყურში სწორედ ეს გვხვდება - ნოტები, აკორდები, კომპოზიცია... ინგლისელები, როდესაც არომატის შექმნაზე საუბრობენ, ამბობენ "compose", თითქოს საქმე სონატას ეხებოდეს. რუსები, როდესაც აღნიშნავენ, რომ სურნელი, მიუხედავად პირველი უსიამოვნო ნოტებისა, ჰარმონიულად ვითარდება, ამბობენ, რომ მის სათანადოდ შესაფასებლად საჭიროა „дослушать аромат", თითქოს ეს არომატი კი არა, სიმღერა იყოს...

 ცნობილი პარფიუმერი, კილიან ჰენესი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ პარიზში დღეს უკვე სახელგანთქმული ბრენდი By Kilian დააარსა,  გაზეთისთვის Independent მიცემულ ინტერვიუში წუწუნებდა, რომ პარფიუმერია ძალიან რთული ხელოვნებაა და მის შესასწავლად ღამეების გათენება იყო საჭირო. "მუსიკაში ჩვენ გვაქვს შვიდი ნოტი და წარმოიდგინეთ, უკვე რისი შეთხზვა შეიძლება. პარფიუმერიაში კი, ჯერ უნდა ისწავლო სამი ათასი ნოტი და შემდეგ, ყველა შესაძლო აკორდი". თუ მის მიერ შექმნილი არომატების აკორდების სირთულეს გავითვალისწინებთ, ჰენესის ჩივილი უსაფუძვლოდ არ მოგვეჩვენება. კილიანის ქმნილებების უმრავლესობა გამოუცდელი ცხვირისთვის არც ისე იოლად აღსაქმელია, შესაძლოა, აკორდიც ყოველთვის ბოლომდე ჰარმონიულად არ ჟღერდეს, მაგრამ ბოლომდე "მოსმენის" სურვილს ყოველთვის იწვევს. ეს კი, ალბათ, ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოებისთვის საუკეთესო კომპლიმენტი იქნებოდა.

 "სურნელოვანი" - ზღვის, შემოდგომის ფოთლების, წვიმის არომატით გაჟღენთილი სიმღერების გახსენება საკმაოდ იოლია, თუმცა თანამედროვე მუსიკაში იშვიათად შემხვედრია რაიმე, ნამდვილ პარფიუმთან დაკავშირებული. ვაშინგტონური ინდის ავტორი, Perfume Genius დამაინტრიგებლად იქამდე ჟღერს, სანამ მის შემოქმედებას ახლოს არ გავეცნობით. არის ასევე  კანადური Perfume Tree, რომლის ძველი კომპოზიცია Warm Sun Fingers პირადად მე ხშირად მახსენებს Mazzolari-ს ერთ არომატს, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ პირადი ასოციაციებია.

 ფაბიო ლუისი, მეტროპოლიტენის ოპერის თეატრის დირიჟორი ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელიც მუსიკისა და პარფიუმერიის სამყაროში ერთდროულად ცხოვრობს და ამ ორს ერთმანეთთან აკავშირებს. მიუხედავად ძალიან წარმატებული მუსიკალური კარიერისა, ლუისიმ გადაწყვიტა საკუთარი ძალები პარფიუმერიაშიც მოესინჯა და უკვე რამდენიმე წელია FL Parfums-ისთვის არომატებს ქმნის. ის ფიქრობს, რომ ხელოვნების ეს ორი დარგი ერთნაირ ფუნდამენტურ პრინციპებზეა დამყარებული და აღიარებს, რომ შთაგონების წყაროს მუსიკაში ხშირად ეძებს. ორი არომატის, Jeux de Vagues და Jeux de Vent ინსპირაციად დებიუსის "ზღვა" იქცა. მუსიკიდან არომატის შექმნას დირიჟორი ფანტაზიის თარგმნას ადარებს.

 არიან ისეთებიც, ვინც მუსიკა პარფიუმერიაზე "გაცვალა". ანიკ გუტალს ვერსალის კონსერვატორიაში აღებული პრესტიჟული ჯილდოს შემდეგ, თავისუფლად შეეძლო, წარმატებულ მუსიკალურ კარიერაზე ეფიქრა. ამის მიუხედავად, მან უარი არ თქვა თავის ჭეშმარიტ მოწოდებაზე და გრასში განათლების მიღების შემდეგ, პარიზში საკუთარი სახელოსნო გახსნა, მალე კი, ამჯერად უკვე პარფიუმერული ნოტებისგან, პირველი აკორდიც აიღო -  Folavril, ბორის ვიანის რომანის გმირის საპატივსაცემოდ.

 Histoire de Parfums-ის დამფუძნებელმა ჟერალდ გიშლენმა წელს საოპერო ნაწარმოებებს საგანგებო Opera Collection მიუძღვნა. პარფიუმერის შთაგონების წყაროდ ბელინის, ჩაიკოვსკის, პუჩინის და ბიზეს ქმნილებები იქცა. თავად არომატებსაც უბრალო და გასაგები სახელები აქვთ: 1831 Norma Bellini, 1875 Carmen Bizet, 1890 La Dame de Pique Tchaikovsky, 1905 Madame Butterfly Puccini, 1926 Turandot Puccini. არასწორი იქნება ვიფიქროთ, თითქოს სახელები შემთხვევით არის შერჩეული. კომპოზიციურად თითოეული არომატი მისთვის "განკუთვნილ" ოპერას შესანიშნავად "უგებს". მაგალითად, 1926 Turandot-ის ძალიან უჩვეულო აკორდი, რომელშიც ტყავის და საკმევლის ნოტებთან ერთად, ნარცისებისა და თეთრი ყვავილების სურნელიც ისმის, თავისი სიმძიმით და პირქუში აურით იოლად მოგვაგონებს Nessun dorma-ს ტრაგიზმს. 1875 Carmen Bizet, შესაბამისად, უფრო ხალისიანი და ტემპერამენტიანი კომპოზიციაა, სადაც პაჩულის სითბოს ზაფრანის და სანდლის ნოტები უნარჩუნებს, ლიმონი და კოჭა კი თითქოს ჰაერს ამსუბუქებს და სადღაც ბოშური სიხალასე და თავისუფლების წყურვილის იდეაც არცთუ რთულად აღსაქმელი ხდება.

 იმაზე, რომ გიშლენი მუსიკალური თემით სერიოზულად არის გატაცებული, მისი კიდევ ერთი პირმშო მეტყველებს. Histoire de Parfums-ის არომატში L’Olympia Music Hall პარფიუმერი შეეცადა ლეგენდარული თეატრის სცენის აურა და გასული საუკუნის გლამური გადმოეცა. ეს არის ძალიან მდიდარი აკორდი ოცამდე ნოტით, სადაც წამყვან როლს მერქნისა და ზამშის სურნელი ასრულებს. შესამჩნევი, ხმამაღალი ჟღერადობა აქვს, თუმცა დასაწყისში საკმაოდ მსუბუქია, იასამნების, პიონისა და ციტრუსების დამსახურებით. ეს უბრალოდ აკორდი კი არა, სიმფონიური ორკესტრი უფროა, რომელშიც მუსიკალური თემა უფრო და უფრო ვითარდება. მთლიანობაში, ეს ზამშისა და მუშკის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ სინთეზად შეიძლება ჩაითვალოს.

 მუსიკალურ ასოციაციებს ბევრი არომატული ქმნილება იწვევს. მაგალითად, Tokyo Milk Parfumarie Curiosite-ს სურნელი, Song in D Minor, ისეთივე ექსტრავაგანტური კომპოზიციაა, როგორიც, ზოგადად, ამ სახლის ქმნილებები. ამის მიუხედავად, ორიგინალურობით ნამდვილად ჩამოუვარდება Etat Libre d`Orange-ის 2010 წელს შექმნილ სუნამოს Sex Pistols. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახლის არომატები და მათი სახელები გაცილებით ეპატაჟურია, ვიდრე ლონდონური პანკი. ბრენდის თქმით, ანარქია და ქაოსი ის მთავარი თემებია, რომლებიც Sex Pistols-ის შექმნის წინაპირობა გახდა. ამას კომპოზიციის "მოსმენისას" ადვილად ვხვდებით - ეს არის ტყავის ქურთუკის სურნელსა და ალდეჰიდებში არეული პილპილის, ქლიავის და კიდევ რაღაც უცნაური ნოტის ჟღერადობა, რომელიც ალკოჰოლური სასმელის სუნს წააგავს. Etat Libre d’Orange-მა ყველა შესაძლო აკორდიდან სწორად აიღო ის, რომელიც პანკს და ეპატაჟს ერთნაირად შეესაბამება. შესაძლოა, ჟღერადობა ჰარმონიული სულაც არ არის, მაგრამ ხშირად მუსიკაშიც, კონცეფცია ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია. ჰარმონიულობის ცნება კი ძალიან პირობითი რომ არის, ნებისმიერი დაგვიდასტურებს, ვინც ჯაზურ კომპოზიციებს დიდად არ წყალობს. მთავარია, პირველი აკორდის აღება შევძლოთ, მსმენელი კი ყოველთვის მოიძებნება. ეტიენ დე სვარდტი ამაზე ჯერ კიდევ 2006 წლიდან წერდა...

ნინა ახლოური