ძალაუფლება ხრწნის, აბსოლუტური ძალაუფლება ხრწნის აბსოლუტურად.
ჯონ დალბერგ-აქტონი.
ძალაუფლება ხრწნის მას, ვისაც ძალაუფლება არა აქვს.
ჯულიო ანდრეოტი.
ნოდარ ლადარია
გასულ კვირას ქართული ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო... რა უნდა გააწყო, პირველსავე წინადადებაში გადაულახავ სიძნელეს რომ წააწყდები? - როგორ იწერება იმ ჩვენი ცოდვით სავსის გვარი? ოთხი ვარიანტია: ლეპსი (ლეპსს, ლეპსის) და ლეფსი (ლეფსს, ლეფსის). ერთი სიტყვით, ნამდვილად გვერდით ჩამიარა ქართული ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანმა მოვლენამ - მე ბეჩავს ფსკეროვანი მუსიკის უკიდურეს გამოვლინებად შუფუტინსკი მიმაჩნდა, მაგრამ ამაზე უარესიც ყოფილა!
შუფუტინსკის კიდე რა უჭირს: მთელი სამყარო შეუქმნია კაცს, კონცეფცია თუ არა მკაფიო და მოცულობითი ("გამოზნექილიო", იტყოდა რუსული კალკების მოყვარული) მხატვრული "ობრაზი" ჩამოაყალიბა შესაბამისი სოციალური ჟღერადობით: "ტელაგრეიკიანი ადამიანი". აი, ეს... მაინც როგორ იწერება მისი გვარი? ერთი სიტყვით, ეს გრიგორი თუ გრიგოლი კი იმდენად უსახური და პრიმიტიულია, რომ ამ სატყუარათი მხოლოდ ფულიან ქართველს თუ მიიზიდავ. არა, თქვენ ნუ მომიკვდებით - ირინა ალეგროვა მაგასთან შედარებით მოცარტია!
თითქოს ზედმეტად სწორხაზოვანი ვარ. მაგრამ თუ ვინმე დამისაბუთებს, რომ სპორტის სასახლეში იმ უბადრუკი კონცერტის საშუალო სტატისტიკური მსმენელი მეტის გაგებას შეძლებს, დიდი სიამოვნებით შემოვიხსნი ჩემთვის მართლაც უჩვეულო სტილის არტახებს. მანამდე კი ის უნდა ვთქვათ, რა შუაშია ეკონომიკა.
თურმე სპორტის სასახლეში შეკრებილებმა ბილეთებში მილიონ ექვსასიათას ლარზე მეტი დახარჯეს. ახლა გასაგებია, რატომაც დაუშვა მთავრობამ ლარის გაუფასურება. ღირსების აღმდგენნი კვლავაც ჩვენს პატრიოტულ ღირსებაზე ზრუნავდნენ: აკი ძველი კურსით ეს თანხა უფრო ახლოს იქნებოდა მილიონ დოლართან, მილიონდოლარიანი სირცხვილი კი ქართველებისთვისაც მეტისმეტია.
მაგრამ წყალობითა ღვთისაითა მდაბალი გრიგოლის შესახებ მეტს ვეღარაფერს ვიტყვით... ესეც ბევრია. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელია ამ კონცერტთან დაკავშირებული ერთი გარემოება.
მმართველი უმრავლესობისადმი ოპოზიციურად განწყობილი ქართველების დიდი ნაწილი საშინლად გააბრაზა კონცერტზე ვინმე ქართლოს ნატროშვილის დასწრებამ. ეს ქართლოს ნატროშვილი "რუსთავი 2"-ის შოუებში მიხეილ სააკაშვილის იმიტატორი იყო. ზოგჯერ, თუმც კი საკმაოდ იშვიათად, ეს იმიტაცია პაროდიის დონესაც აღწევდა, მაგრამ ახლა ამის განსჯა საინტერესო არ არის. უფრო მნიშვნელოვანია მიზეზი, რის გამოც გაუბრაზდა ხალხი ნატროშვილს.
ნეტა უკეთესს რას ელოდნენ მისგან? - აქამდე როდის მოუცია საფუძველი გვეფიქრა, რომ უფრო მაღალი გემოვნება აღმოაჩნდებოდა? და თუ ხალხის რისხვა "რუსეთის მხარდაჭერით" არის გამოწვეული, როდის განუცხადებია ნატროშვილს თავისი პოლიტიკური მრწამსი, როდის გამოუთქვამს საკუთარი აზრი საჯაროდ? იქნებ ოდესმე დაბეჭდილა კიდეც მისი ინტერვიუ, ვთქვათ, "სარკეში", "რეიტინგში", "თბილისელებში"... მაგრამ მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ მსგავს ინტერვიუებს მართლაც იღებენ რესპონდენტებისგან, რა უნდა ეთქვა ისეთი, სპორტის სასახლეში მისი მისვლა რომ გაგვკვირვებოდა?
ყველაფერი ძალიან ადვილად იხსნება: ქართლოს ნატროშვილი გასართობ შოუში წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილს. არის რაღაც თითქმის რელიგიური სახალხო რისხვაში. თითქოს პროტოტიპი რაიმე პასუხისმგებლობას ანიჭებდეს მსახიობს, სააკაშვილის იმიტაცია კი რაღაც საკრალური აქტი იყოს, რომლის პროფანაცია განხორციელდა იმიტატორის სპორტის სასახლეში მისვლით.
სწორედ ამ დამოკიდებულებაშია მთელი პრობლემა. არა, ეს მახინჯი სიტყვა "შუაშიზმი" სრულიად უადგილოა - ეს ტერმინი, რომელსაც აზრის სხარტად გამოსათქმელად ზოგჯერ მეც ვიყენებ, ვიღაც უნიჭო მოღადავის გამოგონილია. ასეთები მრავლად არიან საქართველოში. ჰოდა, იმას ვამბობდი, ეს საყოველთაოდ ცნობილი და "შუაშისტურად" წოდებული განზე გადგომა და სასაცილო კოხტაპრუწობა არ მჭირს, პირიქით, მე სავსებით და ახლა კიდევ უფრო მძლავრი შინაგანი შემართებით ვიზიარებ 2003 წლის ნოემბერში დეკლარირებულ აღმავალ კურსს, რომელიც რადიკალურ რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკაში თანმიმდევრულობასა და მორალურ სიცხადეს გულისხმობდა. მაგრამ ეს იდეური შინაარსი არ არის ფიქსირებულად და სამარადჟამოდ მიმაგრებული კონკრეტულ სახელებზე... უფრო მეტიც, როდესაც პოლიტიკურ მხარდაჭერას თაყვანისცემის ელემენტები შეერევა, ეს ღრმა სულიერი კრიზისის უტყუარი საბუთია.
როდესაც პოლიტიკური ინტერესების გამოხატვა ასეთ დაბალ ნიშნულზე ეცემა, მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის განსხვავება არაარსებითი ხდება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ საქართველოში ამას კიდევ უფრო დიდი უბედურება ემატება. ამ საოცარი ფენომენის საჩვენებლად ორ ინფორმაციულ ცნობას მოვიყვან:
“ივანიშვილის გაქცევის შემდეგ მე მხოლოდ ერთ ადამიანს დავსჯი და ეს დრო ძალიან მალე დადგება” - მიხეილ სააკაშვილი.
"ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესზე ზეწოლაში მხილებულ რამდენიმე პირს, მათ შორის ზოგიერთ იმ მაღალჩინოსანს, რომელთა მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ დღეს გახდა ცნობილი, კვირის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივი დევნით დაემუქრა" - ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია.
ახლა კი კითხვა: რა არსებითი განსხვავებაა ამ ორ განცხადებას შორის, რომელთაგან ერთი პირდაპირი, მეორე კი ირიბი ტექსტით მოვიყვანე? სავარაუდოდ, პასუხების ძირითადი მასა ორ ჯგუფად განაწილდება: 1) სააკაშვილს პირადი ბოღმა არ აძლევს მოსვენებას, ივანიშვილი კი სიმკაცრესა და პრინციპულობას ამჟღავნებს; 2) სააკაშვილი დიდსულოვნებას ავლენს, ივანიშვილი კი არაადეკვატურად გულზვიადია. გასაგებია, რომ სავარაუდო პასუხებს მოვაშორეთ ყველაზე მეტად მოსალოდნელი, მაგრამ აქ ყველაზე ნაკლებად სასურველი ტერმინები და იდიომები. არც იმის კომენტირება არის საჭირო, ვისი მომხრე რომელ პასუხს აირჩევს. მთავარი ის არის, რომ ასეთი პასუხები არანაირად არ არის რელევანტური პოლიტიკურად ადეკვატური არჩევანისთვის. ამიტომაც იძულებული ვიქნები შევუერთდე იმ მცირე ჯგუფს, რომელში შემავალი ადამიანები ზემოთ მოყვანილ ორ განცხადებას შორის არსებით განსხვავებას ვერ ხედავენ და მნიშვნელოვნად ის მიაჩნიათ, რომ ორივე პერსონაჟის პოლიტიკურ პასუხისმგებლობა ნულს ქვემოთ ჩამოსრიალდა.
ორივე ხმაში ჩვენი ბედკრული სამშობლოსათვის ყველაზე შესაბამისი ეპოქა, ნეტარი შუა საუკუნეები ისმის. შეგვიძლია აკადემიურადაც განვიხილოთ და დავაკვირდეთ, ერთსა და იმავე შედეგამდე როგორ მივიდა ეს ორი ერთურთისაგან ეგზომ შორს მყოფი პიროვნება. ოღონდ ეს აკადემიური მსჯელობა, მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარი დახვეწილობისა და გამჭრიახობის გამოჩენას მპირდება, სრულიად უსარგებლოა. სულელ მიმდევრებს ზედ ემატება უგანაჩენო ლიდერი - რა დროს დახვეწილობა და გამჭრიახობაა?
დიახ, ამას უკვე კარგა ხანია მივეჩვიეთ, რომ მომხრეთა შორის ყველაზე დიდსა და ადვილ წარმატებას ყოველთვის თაღლითი მედროვენი აღწევენ, ხოლო მოწინააღმდეგეთა შორის ყველაზე მეტად უნამუსო თავხედები ჩანან. იმასაც მივეჩვიეთ, რომ სოციალურად ყველაზე აქტიური ადამიანები ვერ ამჩნევენ, რომ საქართველოში ცხოვრობენ და არა რომელიღაც გამოგონილ ქვეყანაში, სადაც სოფლიდან ჩამოსული და წარმოუდგენელ კილოზე მოსაუბრე პირველკურსელები რესტორანში გვარიანი ვახშმის შემდეგ სულ რაღაც ას ლარად აკითხავენ საროსკიპოს, მაგრამ ის დაკეტილი ხვდებათ წმ. ფალოფორე სკატოლოგოსის ხსენების დღის გამო. დროა კიდევ ერთ თავისებურებაზეც ვიფიქროთ: საქართველოში ძალაუფლების დაკარგვა და ძალაუფლების მოპოვება ერთნაირად იწვევს გონებრივი და ემოციური წონასწორობის დარღვევას. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ლორდი ჯონ დალბერგ-აქტონი და გაიძვერა მაფიოზი ჯულიო ანდრეოტი ერთნაირად პოულობენ თავიანთი ენამახვილობის დადასტურებას.
როგორც ვხედავთ, საერთაშორისო იმიჯი აქაც უზრუნველყოფილია, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? თუ სახელებისა და პოლიტიკური მრწამსების აღნიშვნისაგან თავს შევიკავებთ, აღმოჩნდება, რომ ერთ ადგილს ვტკეპნით. პოლიტიკური ოპოზიცია: ოდესღაც თავისი ნაკელით ანოყიერებდა დედაქალაქის მთავარ ქუჩას, ახლა ეკრანზე პერიოდულად მოელვარე ბრტყელ გამოსახულებას მისჩერებია მოელვარე მზერით. მმართველი გუნდი: ოდესღაც ფრთხილად და ზოზინით მიჰყავდა წინ ხან საშობაო ინდაურებით, ხანაც სააღდგომო ეპისტოლეებით დაბრკოლებული რეფორმები, ახლა კი ასევე უნიათოდ და ზარმაცად ანგრევს რის ვაივაგლახით მოპოვებულს. სოციალური პირამიდის წვერი უკრაინაში მინისტრად დანიშნულ კვიტაშვილს ლანძღავს, პირამიდის ფუძე კი ვიღაც მობერებული რეჟისორების ჩახვეულ ტრაექტორიებს ადევნებს თვალს. და როგორც ყოველივეს აპოთეოზი, ამ ფონზე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ხან უკრაინას ჰპირდება ჰუმანიტარულ დახმარებას, ხანაც იკვეხნის, რომ საქართველოს უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა აღენიშნება ვიდრე თვით ამერიკის შეერთებულ შტატებს.
მოდი და ნუ აღშფოთდები იმაზე, რომ შეძლებული და ამ შეძლებულებაში ტრადიციულად უსუსური ხალხი ვიღაც ლეფსის თუ ლეპსის კონცერტის ბილეთებზე ხარჯავს თანხას, რომლითაც ზედიზედ სამ რევოლუციას მოაწყობდა - თუ უკვე კარსმომდგარი 2015 წლის სეზონთა მიმდევრობასაც გავითვალისწინებთ, სახელებიც აქვე შეიძლება შევურჩიოთ: ენძელების, ყაყაჩოებისა და ქრიზანტემების. ეჰ, ფული მოიძებნა ამ ღვთივდაცულ ერში, ხალხი კი არ ჩანს.