ქეთევან იგნატოვა
საქართველოს სამხედრო გზა - Военнагрузинская дорога-ზე რამდენი გვსმენია?! ამ საკვანძო, პოლიტიკურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი, ურთულესი, ულამაზესი გზის შესახებ რამდენი წაგვიკითხავს?! თვეების, დღეების მანძილზე, ამ გზაზე მიმავალი, სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ეპოქის, სხვადასხვა ეროვნებისა და მენტალიტეტის, ხედვისა და მიზნების მქონე რამდენი გენიალური პოეტის, მწერლის, მოღვაწისა თუ მოაზროვნის ჩანაწერებს, ფიქრებს, ტკივილსა თუ ოცნებებს გავცნობილვართ, ჩავღრმავებივართ, სკოლაში გვისწავლია. ბევრის მთქმელი, დამაფიქრებელი, ბრძნული ციტატები დაგვიზეპირებია… ამ გზის შესახებ, თითქოს და ბევრი რამ ვიცით…
და მაინც, ჩემდა სასირცხვოდ, ან, სამწუხაროდ, ამ ისტორიულ გზაზე არასდროს ვყოფილვარ, გუდაურს არასდროს გავცილებივარ და მხოლოდ ახლა, ამ კვირაში, საშუალება მომეცა, მართალია, მხოლოდ სრულიად არასაკმარისი ერთი დღით, ყაზბეგში წავსულიყავი!
შთაბეჭდილებებით აღსავსეს, ემოციებით გადატვირთულს, ბუნების სილამაზითა და სიდიადით აღფრთოვანებულს, მეგობარმა დამცინა - "შენ, ალბათ, ამ გზაზე, პუშკინის და ლერმონტოვის სტროფები გესმოდაო". მართალია, პუშკინიც მესმოდა, ლერმონტოვიც, მათი გენიალური სტროფებიც და მათში არაერთხელ და საკმაოდ მკაფიოდ გაჟღერებული იმპერიული ხედვაც მახსენდებოდა. ილფი და პეტროვიც მახსენდებოდა და ღიმილით სახეზე, "Царица Тамара на скале-ს", თითქოს ახლაც ვეძებდი. უზარმაზარ, ნახევრად დათოვლილ მთებს შორის, მიხვეულ-მოხვეულ გზას მივყვებოდი. ვღელავდი, რომ თვალს გარშემო არსებული მედიდური, მკაცრი სილამაზის ერთი გოჯიც, ერთი ნიუანსიც არ გამორჩენოდა და უნებლიეთ, საქართველოს სამხედრო გზის შესახებ, ცხოვრების მანძილზე არაერთი გაგონილი, მოსმენილი თუ წაკითხული მახსენდებოდა, საიდანღაც, შორეული, მივიწყებული წარსულიდან მიტივტივდებოდა… და ნებისმიერ, თუნდაც გენიალურ, პუშკინსა და ლერმონტოვზე ბევრად მკაფიოდ, ბევრად ხმამაღლა და ბევრად აქტუალურად, ილია ჭავჭავაძე და ოდესღაც, სკოლაში ნასწავლი "მგზავრის წერილები" მესმოდა ყურში. სულ სხვა დროის, სულ სხვა ეპოქის, ერთი დიდი ქართველის, დიდი პატრიოტის, მოაზროვნისა და მოღვაწის ფიქრი, დარდი, სევდა და წუხილი, დღესაც, აი ახლა, დღევანდელ, ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში, ჩვენთვისაც შემაშინებლად და დამაფიქრებლად აქტუალური აღმოჩნდა.
ამინდის თვალსაზრისით, რომ იტყვიან, გაგვიმართლა! არაფირუზისფერი, არა ცისფერი, არამედ, ლურჯი, ნამდვილი მუქი ლურჯი ცა, რომლის სილურჯესა და სიღრმეს არც ერთი ღრუბელი არ ფარავდა. ნახევრად დათოვლილი, ზოგან, მზის სხივებში მობრჭყვიალე, თითქოს უხვად მიმობნეული ძვირფასი ქვებისგან მოციმციმე, ქათქათა თეთრი და ზოგან კი მოწითალო-მომწვანო-მოყავისფრო, უზარმაზარი, უკიდეგანო მთების ფერდობები და ამისგან, კიდევ უფრო გამოკვეთილი რელიეფი, კონტურები, მკაცრი ხაზები. ხმაურიანი, უზარმაზაარ ლოდებზე მოჩუხჩუხე, კამკამა, ფირუზისფერი მდინარე. თვალუწვდენელი მთების ფერდობებზე, აქა-იქ მიმოფანტული პატარ-პატარა სოფლები, თივის ზვინები, ხის ღობეები, პატარა, კოხტა, სოფლის სახლების საკვამურებიდან ამოსული თეთრი ბოლი. ილიას დროიდან, დღემდე, სოფლებში ცხოვრება უცვლელად გრძელდება. ხალხი შეშას ჩეხავს და თბება. მე, გაუხეშებულ-გაუფასურებული, მეტ-ნაკლებად ყველაფრისადმი ინდეფერენტული, ეგოისტი ქალაქელი კი, გარშემო არსებული სიდიადის, სიმკაცრის, სიცივის მიუხედავად, სადღაც, შორეულ ფერდობზე, პატარა სოფლის ამ თეთრი ბოლის დანახვაზე, თითქოსდა ვთბებოდი, ვლღვებოდი და თვალზე ცრემლმორეული, საქართველოს, მისი განუმეორებელი სილამაზის, მისი მთებისა და მდინარეების, სოფლებისა და მისი ხალხის სიყვარულს, თითქოს კიდევ უფრო გაასმაგებულად მკაფიოდ, ტკივილამდე მკვეთრად ვგრძნობდი.
გარშემო არსებული მკაცრი ბუნების სრულ შესაბამისობაში გაკეთებულ-მოწყობილი, საოცარი სიმყუდროვით, სილამაზით, დახვეწილი სტილითა და თუ გნებავთ, ბრწყინვალებით გამორჩეული ყაზბეგის Rooms Hotel-ის უზარმაზარ, ხეობაზე გადაკიდებულ ტერასაზე, თითქოს და ძველ, წარსულიდან, თუ გნებავთ, ილიას დროიდანაც კი შემორჩენილ, დაწნილ სავარძელში საათობით, სრულ სიმარტოვეში ვიჯექი, შესანიშნავ იტალიურ ყავას მივირთმევდი, პატარა ფრანგულ ორცხობილას ვაყოლებდი, ამერიკულ სიგარეტს ვეწეოდი და ჩემ თვალწინ გადაშლილ უსასრულო ხეობას, მზეზე მობრჭყვიალე დათოვლილ მწვერვალებს, სოფლებს, აქა-იქ შემორჩენილ, ერთ დროს ალბათ მტრისგან დასაცავად აგებულ კოშკებს, სადღაც საძოვარზე გამოსულ, წერტილივით პატარა ძროხებს, თივის ზვინებს, ეზოში მოფუსფუსე გლეხის ქალს, ნაძვნარს, ნამეწყრალს… და რაც მთვარია, ზუსტად ჩემს პირისპირ მდებარე, საერთო პეიზაჟის მასშტაბის ფონზე, სულ პატარა, ულამაზეს, ცრემლის მოგვრელად მშვენიერ, ფაქიზ გერგეთის ეკლესიას ვუყურებდი. მდინარის ხმას ვისმენდი. საიდანღაც ნიავით მოტანილ კვამლის სუნს ვგრძნობდი და თუ პრეტენზიულობაში და გადაჭარბებულ პათოსში არ ჩამითვლით, გულწრფელად გამოგიტყდებით, ვფიქრობდი - სად გადის ზღვარი წარსულსა და აწმყოს შორის? რა შეიცვალა? რა ადარდებდა, ტკიოდა, აფიქრებდა ილიას და რა გვტკივა და გვადარდებს დღეს? რა დავკარგეთ და რა შენარჩუნდა? საუკუნეების მანძილზე სრულიად უცვლელად, რა გვიყვარს და სამუდამოდ რა გადავიყვარეთ? რა იყო და დღესაც რჩება ჩვენთვის ფასეული, უპირველესი, უმნიშვნელოვანესი და უნებლიედ რა გაგვიუფასურდა, ან მიზანდასახულად თავად რა და რატომ გავაუფასურეთ, დავკარგეთ, დავახურდავეთ? რა რას ვანაცვალეთ?
საქართველოს სამხედრო გზა, გზის საფარს თუ არ გავითვალისწინებთ, თავისი ხეობით, მთებით, მყინვარებით… ხომ უცვლელია და მაშინაც, შორეულ წარსულშიც და ახლაც, ჩვენ დღეებშიც, ხომ ერთნაირად სულისშემკვრელი, მედიდური და ცრემლისმომგვრელია? გამოდის, რომ მხოლოდ ჩვენ შევიცვალეთ? გავუხეშდით, გულები გაგვიცივდა და ღირებულებები კი შეგვეცვალა, ან სულ დაგვეკარგა? ადრე, საუკუნეების მანძილზე, ამ დაკლაკნილ, გრძელ, სახიფათო და მაინც, ასე მშვენიერ, ულამაზეს გზაზე მდებარე, ნებისმიერი პატარა თუ დიდი სოფლის, ნებისმიერმა დიდმა თუ პატარა მკვიდრმა, მტრის და მოყვარის გარჩევა ხომ მშვენივრად იცოდა. მტრისგან დასაცავად, სოფლების ახლომახლო, კოშკებს აგებდა. სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა. საკუთარ მიწას, კარ-მიდამოს, ოჯახს და რაც მთავარია, საკუთარ ღირსებას და ამ დათოვლილი მკაცრი მთების, ამ ისტორიული გზის, ამ ტყეებისა და კლდეების, ამ მდინარეებისა და ფერდობების თითოეულ მტკაველს, სიცოცხლის ფასად იცავდა…
თბილისისკენ მომავალ უკანა გზაზე, პატარა დუქანში, ხინკლის საჭმელად შევედით. ქვით მოპირკეთებული კედლები, ხის იატაკი, უბრალო ხის მაგიდები, შეშის ფეჩი, მოგიზგიზე ბუხარი, სითბო, სიმყუდროვე, შეშისა და ოდნავ ბოლის სუნი, მთიულურად სიტყვაძუნწი, მაგრამ თავაზიანი მასპინძელი… და გაუსაძლისად ბოლო ხმაზე ჩართული ირინა ალეგროვა და ვალენტინ ლეონტიევის სიმღერა. რომ არა სულ რამდენი წუთის წინ გამოვლილი საქართველოს სამხედრო გზა, მისი სიდიადით, სილამაზით, მძიმე, სისხლიანი ისტორიულობით გამოწვეული ემოციები, მოგონებები, ფიქრები… ალბათ, თავს შევიკავებდით და რუსული ესტრადის მოყვარულ მთიულ მასპინძელს არაფერს ვეტყოდით, მაგრამ ახლა ვერ მოვითმინეთ და მუსიკის გამორთვა ვთხოვეთ. "რატომ?" - იკითხა გაკვირვებულმა და აშკარად დავინახეთ, რომ ასე იოლად ვერც ავუხსნით. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთებისა და ველების, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების დაუძინებელ, მოსისხლე მტერს, დღეს, სამწუხაროდ, ბევრი ვერ, არ, აღარ ცნობს. რაღაც მთავარი ჩვენში ძალიან სიღმისეულად გაიხრწნა, დაავადდა.
თბილისში ლეფსის კონცერტზე ანშლაგი ყოფილა.
საყდრისს ისტორიული ძეგლის ხელუხლებელი სტატუსი მოუხსნეს და ვიღაცის კერძო და სრულიად მატერიალური ინტერესებიდან გამომდინარე, ააფეთქეს. საქართველოს ცივილიზებულობის, განვითარებულობის, კულტურის, ტრადიციის, საუკუნეების და საუკუნეების წინანდელ კიდევ ერთ თვალნათელ, ფასდაუდებელ დასტურს ანადგურებენ, ვანადგურებთ. ერთნი ხმაურიანი, დამანგრეველ-გამანადგურებელი აფეთქებით და მეორენი - შემზარავი დუმილითა და ტოტალური ნიჰილიზმით, ინდეფერენტულობით, კომფორმიზმითა და მაამებლობით… სპობენ, ვსპობთ.
თითქოს, ეს ყველაფერი ვიცოდი, ვგრძნობდი, მაწუხებდა, მაგრამ სწორედ საქართველოს სამხედრო გზის, Военнагрузинская дорога-ს გავლა იყო საჭირო, რომ შორეული წარსული, ჩემთვის პირადად, აწმყოს ასე თვალნათლივ, ასე მკაფიოდ და დაუნდობლად შერწყმოდა. სწორედ ამ გზამ, ამ მწვერვალებმა, ამ... ბუმბერაზმა სანახაობამ, შორეული წარსულის და აი, ახლა, ჩვენ დროში, ამ წუთებში, ჩვენს გარშემო, ჩვენს მიერვე ჩადენილი დანაშაულის, შეცდომების უპატიებლობა მტკივნეულად მაგრძნობინა და არა პუშკინი, არა ლერმონტოვი, არამედ ილია ჭავჭავაძე შემახსენა. წარსულში არაერთხელ დამტკიცებულ-გამოვლენილი და ახლა კი ასეთი დეფიციტურ-მივიწყებული, ელემენტარული პატრიოტიზმის მარადიული აქტუალობის უალტერნატივობა დამიმტკიცა.
ამ წერილს ვწერ და ორი დღის წინ გავლილი გზა, ხეობა, დათოვლილი მთები... აი, ახლაც, თვალწინ მიდგას. მკაფიოდ ნაგრძნობი წარსული და შეულამაზებლად დანახული აწმყო ახლაც არ მასვენებს. მიღებული შთაბეჭდილებები, განცდილი ემოციები, უნებლიედ მომდგარი ცრემლები... ჯერ კიდევ მძაფრია და სწორედ ამიტომ, ალბათ, ეს წერილიც, შეიძლება, ზედმეტად პათეტიკური გამომივიდა, რისთვისაც, იმედია, მაპატიებთ. მე ხომ თქვენთან ბოლომდე გულახდილი ყოველთვის ვიყავი და დღესაც ვრჩები.
"მგზავრის წერილებს" კი, ეტყობა, გადაკითხვა ხშირად ჭირდება. უფრო სწორად, ჩვენ გვჭირდება, სასიცოცხლოდ, საარსებოდ, გადასარჩენად... გვჭირდება.