ევროპა წვიმის შემდეგ
19 დეკემბერი, 2014
736
print

ზურა თალაკვაძე

ევროპაში მალე სეზონის საუკეთესო კალათბურთელს დაასახელებენ. დაიწყო ინტერნეტ-გამოკითხვა და თუ სურვილი გაქვთ, ამ გამოკითხვაში ჩაერთეთ. საინტერესო, ძალიან კარგი ბიჭები გამოარჩიეს. ნუ, იდეაში, მე ამ სიაში მარკ გასოლს, დანი ჰეკეტსსაც შევიყვანდი. ალბათ, შევიყვანდი.

ევროპაში საუკეთესო მოთამაშე პირველად, ცხრა წლის წინ დაასახელეს. დირკ ნოვიცკი. რომელიც გერმანელია. რომელიც "დალასში" იყო. რომელიც დღესაც გერმანელი და "დალასშია". რომელიც არ იცვლება და ეს არაჩვეულებრივია. დირკ ნოვიცკიც არაჩვეულებრივია. ალბათ, ყველა ის პერსონა, ვინც ევროტურის ნომინანტებში შევიდა. საუკეთესო იყო ანდრეი კირილენკო. ერთხელ, შვიდი წლის წინ, როდესაც რუსეთმა ესპანეთს ესპანეთში ევროპის ჩემპიონატის ფინალი მოუგო. კირილენკო შარშანწინ მეორედ იღებს ოსკარს. ორჯერ მიიღო ოქროს ლომი და ყველაზე მეტი ჩუპა ჩუფსი პო გასოლმაც. შარღან, საუკეთესო იყო ტონი პარკერი. ნუ, ტონი სეზონიდან სეზონამდე საუკეთესოა. ჩვეულებრივი თემაა.

რამდენიმე პერსონა ევროლიგაზე და ევროპაში თამაშობს. ამერიკული ატრაქციონებიდან აქ ლეგენდები გაახსენდათ და შეიძლება, პარკერი ზედიზედ მეორედ გახდეს საუკეთესო. "სან ანტონიო" ჩემპიონია და ტონი იმ გუნდის ლიდერია. ტონი საფრანგეთში არ თამაშობდა, მაგრამ იქ იყო მეორე ფრანგი, რომელიც ფავორიტებში რჩება. გენიალური ბორის დიაო გენიალური პასით და რბილი მაჯით.

ევრობასკეტი იცვლება. უფრო ცივი, ამერიკული ხდება. ევრობასკეტი ამერიკას საუკეთესოებს აძლევს და ევროპიდან ბევრი კარგი ბიჭი ამერიკაში იკარგება. ამერიკა ყველას ვერ აძლევს ამერიკულ სილამაზეს. ეს ყველა ვერ ქაჩავს. იქ ყველა ვერ გადის ბოლომდე. იქ ცოტა რთულია.

  1. 1.    ალესანდრო ჯენტილე (იტალია, არმანი)

იტალია ახალი გენერაციით ვერ იგებს. და იდეაში, უნდა იგებდეს. დანილო გალინარი, ანდრეა ბარნიანი, ლუიჯი დატომე, მარკო ბელინელი ამერიკაში ხსნიან კუშს. იტალიაში იტალია ალესანდრო ჯენტილეს თვალები და ამ ლამაზი ბიჭის მუხლებია. იტალიაში იტალიას ალესანდრო უფრთხილდება. იტალიაში არის დანი ჰეკეტი და ცივი, ცინიკოსი ჰეკეტი იკარგება იმპროვიზატორ ჯენტილესთან. ალესანდრო ქმნის. ალესანდრო ასრულებს. ალესანდრო ელეგანტურად მოგიტანს ბურთს, იკაიფებს შენი ზუსტი სროლით და მთავარ მწვრთნელს უკანა გზაზე თვალს ჩაუკრავს. ჯენტილე იგებს და ჯენტილემ "არმანისთან" ერთად იტალიის ჯეკპოტი მოხსნა. 22 წლის იმპრესიონისტი. იტალიის ლიგის MVP. ალესანდროს მამიკო, ნანდო ჯენტილე ნაკრებთან ერთად ევრობასკეტზე (1991) მეორე ადგილზე გადის. ჯენტილე კარგი შვილია. ალესანდრომ მეტი უნდა გააკეთოს. იტალია კალათბურთის ფესტივალზე ჯენტილემ უნდა გაიყვანოს. დაიმახსოვრეთ ალესანდრო.

  1. 2.    ტონი პარკერი (საფრანგეთი, სან ანტონიო)

ტონი ტიტანია. საფრანგეთის ნაკრებმა შარშან მოიგო ევროტური და პარკერი იმ ვოიაჟის დროს ყველაზე ლეტალური იარაღი იყო. ტონის გაეცინა, როდესაც ესპანეთში ნავარო და პო გასოლი ვერ დაინახა. და ესპანეთმა პარკერი პირველ ტაიმში დაჭრა, არ ათამაშა. ტონიმ დაისვენა, ტონიმ ესპანეთი სისხლისგან დაცალა და ტონი იყო ღმერთი, რომელიც საფრანგეთს გაუფრთხილდა. პარკერმა მოიგო ევროპის ჩემპიონატი, პარკერი იყო ევროპის ჩემპიონატის MVP და  ტონიმ სხვა პრობლემაც მოაგვარა. "მაიამისთან" ფრანგმა, ტიმიმ და მანუმ გრეგ პოპოვიჩთან და რამდენიმე კარგ ბიჭთან ერთად, მოსაგები მოიგო. პარკერი 17.4 ქულას, 4.8 პასს იღებდა. და ამერიკაში პარკერი სტატისტიკაზე მეტი იყო. ამერიკაში პარკერი კრის პოლზე მეტი იყო. ამერიკაში პარკერი რასელ უესთბრუქზე მეტი იყო. ამერიკაში ტონი პარკერი საუკეთესო გამთამაშებელი იყო. ამერიკაში "სან ანტონიოც" საუკეთესო იყო. და ტონიმ დაისვენა. "სან ანტონიო" შეიცვლება. წავლენ მანუ და ტიმი. დარჩებიან ტონი და კავაი ლეონარდი. ახალი გუნდი ფრანგი ორკესტრატორით. ახალი გუნდი პარკერის ავტოგრაფით. ახალ გუნდში პარკერი არ შეიცვლება. ლაზერული, მკვლელი შესვლები, სწრაფი აზროვნება და სწრაფი კალათბურთი და ეს პოპოვიჩის ლეკვის სახლია. გრეგმა ტონის ნდობა მისცა. ტონიმ გრეგს ნდობა დაუბრუნა. ტონი ძალიან... ძალიან ჩვენია. ტონი უკვე ლეგენდაა. ტონი მკვლელია. ტონი ღმერთია. ტონი უკვე უკვდავია. და ტონი პოპოვიჩის დიეტაზე ზის. მე მომწონს, მიყვარს ტონი პარკერი. თქვენ?

  1. 3.    ბორის დიაო (საფრანგეთი, სან ანტონიო)

სტამბოლში "სან ანტონიო" ჩავიდა და პირველი, ვისთანაც ფოტო გადავიღე, ბორის დიაო იყო. ბუნჩულა, პოზიტიური, ელეგანტური, ჭკვიანი ფრანგი. იქ, ღია ვარჯიშზე იყო პარკერიც და ტონიმდე ბორისს წავეჭორავე. და ძალიან მესიამოვნა, რომ "სან ანტონიოში" ეს პერსონა იყო. ალბათ, ეს გრეგ პოპოვიჩსაც სიამოვნებს. გრეგმა უკონტრაქტო ბორისი წამოიყვანა და  "სან ანტონიომ" კიდევ ერთი ჭკვიანი ფრანგი მიიღო. დიაო აბალანსებს აგრესიას და მონდომებას. დიაო არის "სპერსის" სიმშვიდე და დიაო მეგობრობს ტიმისთან. დიაოს უნივერსალიზმის გარეშე "სან ანტონიო" ვერ დაშლიდა და ვერ ააწყობდა "მაიამის" რუბიკკუბიკს. და იქ, იმ განსაკუთრებულ გუნდში ყველა ყველასთან მეგობრობს. ბორისმა პარკერის გარეშე საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილამდე მიიტანა. ბორისს ესპანეთში, დიდი ბიჭების ტერიტორიაზე სადღაც, დაეხმარა ნიკოლას ბატუმი და ბორისი იმ ნაკრების ბოლო პასი იყო. საფრანგეთმა იქ, საერთაშორისო კორიდაზე კიდევ ერთხელ დასერა ესპანეთი. გასოლების, საუკეთესო ესპანელების ესპანეთი. და ელეგანტური დიაოს გარეშე ეს არარეალური იყო. "სან ანტონიოს" გაუმართლა. საფრანგეთსაც. ბორისსაც. მეც გამიმართლა, რომ სტამბოლში პირველი ფოტო ბორისთან გადავიღე. ეს ფოტო ჩემთვის განსაკუტრებულია. მართლა განსაკუთრებული. როგორც ბორისი.

  1. 4.    სერხიო როდრიგესი (ესპანეთი, რეალი)

ესპანეთში რუდი ფერნანდესი პოპულარული ტიპია და მე უფრო სერხიო როდრიგესი მომწონს. ბრუტალური იმიჯი, კოენების ფილმიდან კალათბურთის მოედანზე გადმოსული პერსონა, რომელიც იგებს. რომელიც აგებს და სერხიო იმ, წაგებულ გარჩევაშიც არ კარგავს თავმოყვარეობას. სერხიო "რეალში" რუდიზე ნაკლებ კუშს ხსნის და სერხიო ევროლიგაზე პირველი იყო. რეგულარულის MVP. ფლეი ოფში სენიორ როდრიგესის სტატისტიკა ოდნავ გაუარესდა, მაგრამ როდრიგესმა გაიყვანა "რეალი" ფინალში და იქ, დევიდ ბლატის მაგიამ ესპანეთის როიალური ბანდა გადაფარა. "რეალი" დაიკარგა და როდრიგესი უკვე ახალი სეზონისთვის ემზადებოდა. ის არ ტოვებს მოუგვარებელ პრობლემებს, ის უბრალოდ, თავის საქმეს აკეთებს და სერხიო კარგი ჯარისკაცია. ხანდახან, მის ხელში ნავახას ფუნჯი ცვლის და როდრიგესი იწყებს ხატვას. იერონიმ ბოსხი მოგწონთ? მე მომწონს. როდრიგესსაც მოსწონს. გამოფენა იხსნება. "რეალი" ამ გენიოსის პრივატული კლუბი გახდა. როდრიგესი "რეალია". როდრიგესი იმ, ფსიქოფატი როდრიგესის ფილმშიც პოპულარული, შეუცვლელი პერსონაჟი იქნებოდა. იმ როდრიგესს უყვარს გიჟები. სერხიოც ცოტა გიჟია. და სერხიო "რეალია".

  1. 5.    პო გასოლი (ესპანეთი, ჩიკაგო)

პო გასოლი ჩემი ფავორიტია. პო გასოლი განსაკუთრებულია. პო გასოლმა ესპანეთს ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონატი ვერ მოაგებინა და გასოლი იქ საუკეთესო ესპანელი იყო. "ლეიკერსში" ესპანელი ახლობლობდა კობისთან და ბოსებმა გასოლს ცუდი კონტრაქტი შესთავაზეს. არაგასოლური. ესპანელი შეხვდა კობის, ჩაეხუტა, მადლობა გადაუხადა ერთად გატარებული წლებისთვის და წავიდა "ჩიკაგოში". მაიკლ ჯორდანის ტერიტორიაზე. იქ, სადაც გასოლის ნიჭი და ესპანელის გამოცდილება დასჭირდათ. ჩიკაგოში დღესაც ფიქსატორებით და გლოკებით დადიან და ჩიკაგოში დღესაც კალათბურთზე დადიან. დერიკ როუზი იქ პირველია. და გასოლმა მისტერ როუზს ფლეი ოფში რამდენიმე ბილიკი უნდა აჩვენოს.. რომლებსაც მხოლოდ განსაკუთრებული გზამკვლევები ხედავენ. ესპანელიც განსაკუთრებულია. ესპანელი "ბულზის" მომავალია. პო გასოლმა ესპანეთს ესპანეთში მეორედ ვერ მოაგებინა (2007, ფინალი რუსეთთან წააგო) და პო ელეგანტური გენიოსია. ესპანელის ამერიკული კარიერა ხელოვნების ნიმუშია. 18.3 (16 968) ქულა, 9.3 (8 586) მოხსნა, 3.3 პასი, 1.6 დაფარება. და სენიორ გასოლი ყოველთვის სანდო გასოლი იყო. მემფისში, ლოს ანჯელესში, ჩიკაგოში, მანამდე - ბარსელონაში. გასოლი ძაან დიდია.

  1. 6.    მილოშ ტეოდოშიჩი (სერბეთი, ცსკა)

ამ კაცის მაგრად ეშინიათ. ყველგან. მოსკოვის ცსკა ბოლო წლებში ევროლიგის ფავორიტების ფავორიტია და ტეოდოშიჩმა ყველა გადამწყვეტი თამაში წააგო. მილოში მიდის ოთხთა ფინალამდე საკაიფო სტატისტიკით და სიმშვიდის დიდი მარაგით. შემდეგ, ცსკა გადადის ბოლო დონეზე და ტეოდოშიჩი იშლება. პაზლს ვერ აწყობენ და სერბი იმ პაზლში ზედმეტია. მწვრთნელი ვერ ასწრებს პაზლის შეცვლას და ტეოდოშიჩი აგებს. ცსკა აგებს. სერბეთი ხანდახან იგებს. და სერბეთში ცოტა სხვა თემაა. იქ მილოში უფრო პატრიოტიზმით იგებს, ვიდრე - ცივი გონებით. ეტორე მესინას უყვარდა მილოში და იტალიელმა დეკანმა სერბთან ერთად ევროლიგა ვერ მოიგო. ცსკა ამ სეზონშიც ფავორიტია. ევროლიგაზე, რუსეთში, ყველგან ფავორიტია. და იქ უკვე ნანდო დე კოლო დგას. მილოში ჯერ ალეწილია. ფრანგთან ერთად, სერბი ან ყველაფერს მოიგებს, ან ზედმეტი იქნება. ტეოდოშიჩს აქვს ყველაფერი და ტეოდოშიჩმა ოთხთა ფინალში უნდა მოიგოს. ველოდებით კარგ სერბს. და კარგ სერბს ელოდება ცსკა. თუ ტეოდოშიჩი ამ სეზონში ვერ მოიგებს, სერბს გაცვლიან. ან გაუშვებენ. მილოშის ბოლო შანსი ცსკაში. და როგორ ფიქრობთ, ტეოდოშიჩს ეს აინტერესებს? არა მგონია...ის ხომ არანორმალურია. და სერბი ამის გამო უყვართ. სერბი მეც მიყვარს. მაგრად.

  1. 7.    იონას ვალანჩუნასი (ლიტვა, ტორონტო)

ლიტვაში კალათბურთით ლოცულობენ. სადილის წინ ოჯახი იწყებს ლოცვას და ახსენებს არვიდას საბონისს, შარუნას მარჩიულონისს. ალბათ, იმ ლოცვებში არ არის ლინას კლეიზა. კლეიზას ნიჭი მისი ბრექობა ფარავს. ალბათ, იმ ლოცვებში არ არის ჟიდრუნას ილგაუსკასი. დიდი ლიტველი ნაკრებში სათამაშოდ არ ცამოდიოდა. და თუ ყველაფერი კარგად წავა, იმ ლოცვებში იქნება იონასი. ვალანჩუნასი. რომელსაც აქვს ყველაფერი. რომელსაც აქვს ყველაფერზე მეტი. რომელიც ლოურისთან, დეროუზენთან, ვასკესთან ერთად "ტორონტოში" ბევრს იგებს. რომელსაც ლიტვა უყვარს და რომელიც ლიტვას უყვარს. პატარა ბიჭი იზრდებოდა და დღეს, ვალანჩუნასზე საუბარი ამერიკაშიც კარგი ტონია. ლიტვის ნაკრებში ჯერ ცოტა სხვა სიტუაციაა. იქ ბიჭმა მეტი უნდა გააკეთოს. ლიტვაში კალათბურთელებზე ზრაპრებს წერენ. ზღაპრებში მალე იონას ვალანჩუნასსაც შეიყვანენ. კლეიზა ინერციით თამაშობს. ვალანჩუნასი - ლტოლვით. იონასი ძალიან კარგია. იონასი საკუთარ თავზე მუშაობს და იონასი არ ცდილობს, ამერიკელ თანაგუნდელებზე უკეთესი მანქანით იაროს. იონასს ეს უბრალოდ, არ აინტერესებს. ის არ არის ამით გამორჩეული. ვალანჩუნასი კალათბურთით გესაუბრება. და ეს საუბარი ღრმა, საინტერესოა. და ლიტველი ბიჭი მოუმატებს. ყველა პონტში მოუმატებს. ყველგან. ტორონტოში, ლიტვაში. ის მოდის.

  1. 8.    გორან დრაგიჩი (სლოვენია, ფინიქსი)

სლოვენიაში გორან დრაგიჩმა შეცვალა ბენო უდრიხი. გორანი ნაკრებში თამაშობს, არ ეზარება ამერიკაში დამღლელი სეზონის შემდეგ ნაკრებისთვის დაღლა და ბენო ამას არ აკეთებდა. ბენოსთვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი. უდრიხი იყო გენიალური ფლეიმეიქერი და უდრიხი არ იყო ის, ვინც უნდა ყოფილიყო. უდრიხი იყო დაკარგული სლოვენიისთვის. დრაგიჩი ცოტა სხვა თემაა. სტატისტიკით, გორანი უკვე უჯოკრავს ბენოს. უდრიხი გახდა ჩემპიონი "სან ანტონიოში", მაგრამ უდრიხი არ იყო ამერიკაში პირველი ოფცია. დრაგიჩი "ფინიქსის" იმპროვიზატორია. დრაგიჩი „ფინიქსის" ტარანტინოა. ერიკ ბლედსოუ ჯირკვია, ერიკ ბლედსოუ ბულდოგია და ერიკ ბლედსოუ გორანთან იკარგება. სლოვენიელი უფრო ელეგანტური და ეფექტურია. დრაგიჩის დაცვაში არის გამოსასწორებელი ელემენტები და დრაგიჩი ამას გამოასწორებს. გორანი ამერიკაში ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე, Most Improved Player გახდა. და გორანი შევიდა მესამე ხუთეულში. ფენომენალურია. დრაგიჩთან ერთად სლოვენიას გაუმართლა. და ჩვენ ცოტა არ გავვიმართლა. გორანს ევროტურზე შევხვდებით. საინტერესო იქნება. და მაგარი რთული. ეს დრაგიჩის ტერიტორია, მისი ნაკრძალია. სლოვენიამ მიიღო ახალი უდრიხი. სლოვენიამ მიიღო გორან დრაგიჩი. სლოვენიასთან ევროპაზე ძაან მძიმე თამაში იქნება. იქ გორან დრაგიჩი ქმნის. დრაგიჩი ტკივილია. კლაივ ბარკერის, სტივენ კინგის ტკივილზე ცივი და ბევრჯერადი.

  1. 9.    დირკ ნოვიცკი (გერმანია, დალასი)

რაღაცეები არ იცვლება. არ იცვლება დირკ ნოვიცკი. გერმანელი გადის მოედანზე, აგროვებს 20, 21, 22 ქულას, "დალასი" იგებს და ამ საკაიფო ბანდის მფლობელი, აფორიაქებული გენიოსი მარკ კიუბანი ბედნიერია. დირკ ნოვიცკიც ბედნიერია. გერმანელი "დალასს" ყველაფერს აძლევს. და დალასი ჰერ დირკს სიყვარულით, ერთგულებით, სითბოთი პასუხობს. ნოვიცკიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და დირკმა "მავერიქსს" სერიოზული საკონტრაქტო დისქაუნთი გაუკეთა. დირკი კარიერას დახურავს და ნოვიცკი უკვე ლეგენდაა. ნოვიცკი უკვე გახდა რეგულარულის MVP. ნოვიცკი უკვე გახდა ჩემპიონი (2011). ნოვიცკი უკვე გახდა NBA-ს ყველა დროის ყველაზე შედეგიანი არაამერიკელი მოთამაშე. ნოვიცკიმ მოიგო. ნოვიცკიმ კიუბანს ოცნება აჩუქა და მარკმა იცის, რომ დირკთან ერთად "დალასი" ბოლომდე გუნდი იქნება. როდესაც ეს გენიალური მოთამაშე კარიერას დახურავს, ალბათ, კიუბანი გაყიდის თავის წილს და დაისვენებს. ჩავა სადმე, ბრემენში ან არაბრემენში და დაიწყებს ნოვიცკის ფოტოალბომის დათვალიერებას. და ნოვიცკი დაისვენებს. გერმანელმა დასვენება დაიმსახურა. გერმანელმა ყველაფერი დაიმსახურა.

საუკეთესო მოთამაშე (2005-2013): 2005 - დირკ ნოვიცკი; 2006 - თეო პაპალუკასი; 2007 - ანდრეი კირილენკო; 2008 - პო გასოლი; 2009 - პო გასოლი; 2010 - მილოშ ტეოდოშიჩი; 2011 - დირკ ნოვიცკი; 2012 - ანდრეი კირილენკო; 2013 - ტონი პარკერი.

საუკეთესო ახალგაზრდა ტიპი (2005-2013): 2005 - ნიკოლაოს ზისისი; 2006 - რუდი ფერნანდესი; 2007 - რიკი რუბიო; 2008 - რიკი რუბიო; 2009 - რიკი რუბიო; 2010 - იან ვესელი; 2011 - იონას ვალანჩუნასი; 2012 - იონას ვალანჩუნასი; 2013 - დარიო სარიჩი.

ევრობასკეტი იცვლება. უფრო ცივი, ამერიკული ხდება. ევრობასკეტი ამერიკას საუკეთესოებს აძლევს და ევროპიდან ბევრი კარგი ბიჭი ამერიკაში იკარგება. ამერიკა ყველას ვერ აძლევს ამერიკულ სილამაზეს. ეს ყველა ვერ ქაჩავს. იქ ყველა ვერ გადის ბოლომდე. იქ ცოტა რთულია.

 

P.S. - 1992. მძიმე მუსიკა შეიცვალა. მძიმე მუსიკის სტანდარტულ რიფინგში, კომერციულ ცირკში ამოდის ატონალური სიცივე, გერმანული KREATOR და ალბომი Renewal.ყველაფერი შეიცვალა. ევროპა შეიცვალა. კაპიტალიზმი შეიცვალა. პროლეტარიატი დაკოდეს. და გერმანული ბორმანქანის ლიდერმა, მილე პეტროზამ დაწერა კომპოზიცია "Europe After The Rain". რომელმაც ევროპას მომავალი, არაერთჯერადი იმედი აჩუქა. იმ კომპოზიციაში ლექსები ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებას ნაპალმით ამომწვარი ბავშვობიდან დღევანდელ რეალობაში აბრუნებს და მილემ ევროპას წარსულით მომავალი აჩუქა. ის ალბომი, ის კომპოზიცია გცვლიან. ევროპა წვიმის შემდეგ. ახალი ევროპა. ნაწვიმარი ევროპა. ახალი ტიტანები სიცრუის ნიღბებით. ახალი იმედი იმედგაცრუების ნიღბით. ახალი სიზმარი, რომელიც  ასტრალში ჩარჩენილი ნარკომანის ილუზია იყო. ახალი ევროპა დაინგრევა და ახალ ევროპას შეცვლის ძველი დესპოტი. ეს იყო მაშინ. და მილეს წინასწარმეტყველება ახდა. მორიდებული გერმანელი კომპოზიტორიც ნოსტრადამუსი იყო.

შედევრი, რომელიც გცვლის. ბევრი ბოლომდე ვერ შედის ამ ლაბირინთში და იკარგება მილეს სარკეებში. იქ ხედავ საკუთარ თავს და იქ იკარგები. იქ ხედავ საკუთარ თავს და ვერ ამჩნევ, რომ ასაკი არ გემატება და შენი სულის ნაოჭებში სიცარიელე სიცარიელემ ამოავსო. კომპიუტერიზაცია და ტექნოლოგიების ტრიუმფი ახალი გენერაციის ნეკრომანტი იქნება. ეს დაინახა მილემ. ეს დაინახა ევროპამ და ევროპა დღეს გაჩერებულია. ვერ მიდის წინ და ახსენდება ის გაფრთხილება, რაც ადრე, ბევრი წლის წინ გენიალური გერმანელი მუსიკოსისგან მიიღო. ის ალბომი შეამჩნიეს და იმ ალბომმა ტკივილის ფანტელები წამოი~ღო. ილ ალბომი შეამჩნიეს და იმ ალბომმა ტკივილი გააჩერა. იმ ალბომმა ტკივილი სიაცრიელით შეცვალა და შემქმნელმა იკითხა - რატომ ასე? პასუხი არ იყო. პასუხი ფერფლის წვიმაში შესული ანგელოზის თვალებში დაიმარხა. იმ ანგელოზის თვალები ამოიკერა. ბრმა ანგელოზი. კაცობრიობის ბრმა ილუზია და ბრმა იმედი. ეს იყო ადრე. ეს იყო წარსულის მომავალი. და ეს დაინახა იმ ნიჭიერმა გერმანელმა მუსიკოსმა.

მეც ეს დრო გამახსენდა და  სათაურში პეტროზას შედევრი გამოვიტანე. თუ გაძლებთ, ბოლომდე მოუსმინეთ ამ ალბომს და ტექსტები ყურადღებით გადაიკითხეთ. იქ მომავალია. მომავალი, რომელიც წარსულში დარჩა. და წინ ვერ მიდის.

KREATOR (1992) Renewal : 1. Winter Martyrium (5:43), 2. Renewal (4:36), 3. Reflection (6:15), 4.Brainseed (3:17), 5.Karmic Wheel (6:06), 6.Realitatskontrolle (1:22), 7.Zero To None (3:12), 8. Europe After The Rain (3:19), 9. Depression Unrest (5:05).

P.S 2 - ჩემი სამეული: 1. ტონი პარკერი (იმიტომ, რომ "სან ანტონიომ" მოსაგები მოიგო და იმიტომ, რომ ტონი პარკერია), 2. სერხიო როდრიგესი (ევროლიგაზე საუკეთესო იყო), 3. გორან დრაგიჩი (ამერიკაში ბიჭმა უკვე მაქსიმუმი გააკეთა. კარგი ბიჭია).

თქვენ თქვენი ვარიანტები გააგზავნეთ. წარმატებები. მაგრად.

zura talakvadze