ზაზა ფაჩუაშვილი
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.
იყო არწიომ ბარათაშვილის შობის დღე. ამასთან დაკავშირებით, საბარათაშვილო ტაძრის მრევლმა გადაწყვიტა, ყველაზე მხცოვანი სტიქაროსნისთვის ამ ქვეყნად გამოჩინების დღე ტორტითა და ერთსულოვნებით მიელოცა. შეჩოჩქოლდნენ ლიფტში, გამოჩოჩქოლდნენ რკინის კართან, გასწორდნენ, ერთმანეთს გადახედეს და კმაყოფილი ღიმილით მიაშტერდნენ ჭუჭრუტანას. ზარს, კაკუნს და ხელისგულით ფრთხილ თათუნს რომ არავინ გამოეხმაურა, სადღესასწაულოდ განწყობილმა კამპანიამ გვერდით კორპუსთან გადაინაცვლა, სადაც არწიომის ქალიშვილი ცხოვრობდა.
***
არწიომის წერილობითი აღსარებიდან:
"ისე დავბერდი, ცხოვრების დაწყება ვერ მოვასწარი. ახლა სულ სარკეში მგონია თავი. თითქოს ვზივარ სადღაც მოვერცხლილი შუშის უკან სტერილურ ილუზიაში და ვხედავ მთელ ჩემს ცხოვრებას, განვლილსაც და აწყმოსაც. ვაკვირდები საკუთარ თავს და მენატრება, მენატრება მიწიერი ტკივილი. და მეზიზღება ყოველგვარი ანალგეტიკი და ანალგეტიკოსი, ეს ტკივილგამყეყეჩებელთა საჯალათო.
სულიერ, მშვინვიერ, პიროვნულ, ეროვნულ, საზოგადოებრივ და ზოგადსაკაცობრიო ერთობლივ ტკივილთა უსასრულობამ სრულიად უგრძნობი გამხადა და მღუპავს ამ უგრძნობელობაში. სანატრელი გახდა ერთი უბრალო "თითის" ტკივილი, მალამოს დადებითა და შეხვევით რომ მთავრდება. როცა შეგეხმიანება საკუთარი გვამი, ცოცხალი ვარო; შენც გაიხარებ, მიესალმები, დაადებ მალამოს, დაემშვიდობები და განაგრძობ ცოცხლად ცხოვრებას. ახლა კი ხედავ სარკიდან საკუთარ გვამს, მოძრავს და მსუნთქავს, მაგრამ შენ თვითონ ხარ თუ არა შიგ, არ იცი".
***
ქალბატონი იზა შეაკრთო მომღიმარ სტუმართა მორიდებულმა სახისმეტყველებამ, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და მხიარულად გაუძღვა სტუმრებს მამის ოროთახიანისაკენ. მართალია მისი კაკუნი განსხვავებულად ჟღერდა, - "მამა", "მამას"! - ძახილიც საგრძნობლად არღვევდა ბნელი სადარბაზოს მყუდროებას, მაგრამ არწიომის მხრიდან ჩამი-ჩუმიც არ ისმოდა.
- თუ ძინავს, ალბათ, - ნაძალადევად გაიღიმა ქალბატონმა იზამ.
- იყოს, მაშინ, და... ჩვენ წავალთ, - უხერხულად გამოთქვა იმ ქალბატონმა, რომელსაც ტორტი ეჭირა და, რომელიც ასევე უხერხული მოძრაობით შეეცადა, ნამცხვრის ყუთი იუბილარის ქალიშვილისთვის გადაეცა, ეს თქვენ მიართვითო.
- ტაძარში რომ მობრძანდება, შობის დღეს მერე მივულოცავთ, - მხარი აუბეს მას სხვებმაც.
- არა, არა, რას ბრძანებთ, ძალიან გთხოვთ, ერთი წუთით დამელოდეთ, ახლავე გასაღებს მოვიტან და... მამას ძალიან გაეხარდება თქვენი ნახვა, - ეს სიტყვები სტუმრებს უკვე ლიფტში შესულმა იზამ მიაძახა.
***
არწიომის წერილობითი აღსარებიდან:
"მაპატივეთ შვილებო და შვილიშვილებო, მაპატივეთ პატიოსანო მამაო!.. აღარ ვარგივარ მე კაცად. უბედურმა შემთხვევამ ორი შვილი და მეუღლე რომ გამომაცალა ხელიდან, იმის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ ასე ცარიელად, ახლა რომ ვარ, თავი არასოდეს მიგრძვნია. ხორცი ისე დამიბერდა, ვეღარ ვგებულობ, ყველაფერი მტკივა, თუ აღარაფერი მტკივა. რაღაც გონიც მაწუხებს ძალიან. გაუგებარი აზრების ტყვეობაში ვარ. მოდიან, მოდიან, მოდიან და აღარ მიდიან. საიდან აღარ მოდიან და მაშფოთებენ. ნეტავ სული დამატოვებინა სადმე, საიმედო ადგილას, სადაც ცუდი ამბები ვერ აღწევენ და მერე აღარა მიჭირს რა.
"აბააა"! - შევუძახებდი, ხოლმე, ადრე ჩემს თავს და მეცინებოდა და სიმშვიდეც მიბრუნდებოდა. ახლა შფოთი მერევა. სულ გარეთ ვიყავი, დავდიოდი, დავდიოდი, საქმეც რომ არ მქონოდა, მაინც გავდიოდი ქალაქში, ვათვალიერებდი ბაღებს, სკვერებს, ხალხს ვესაუბრებოდი, ყველა კითხვაზე პასუხი მქონდა. ახლა ფანჯრიდან ვეღარ გამიხედავს. დავინახავ თუ არა ადამიანს, უკვე მესმის მისი ხმა და მტკივა მისი გასაჭირი. ვიცი, რომ ვერც საქმით ვუშველი, ვერც სიტყვით ვანუგეშებ და ვერც ფეხებზე დავიკიდებ, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი გულგრილობის ჟამს. და საშინლად მაწვალებს ეს შეშფოთება. ნეტავ სული დამატოვებინა სადმე, უსაფრთხო ადგილას".
***
იზამ რომ გასაღები მოიტანა, სტუმრები კიდევ ერთხელ შეიშმუშნენ უხერხულად, მაგრამ მასპინძელს უხმოდ შეჰყვნენ ბინაში. ისინი სასტუმრო ოთახში გაჩერდნენ, იზამ კი ჯერ სასადილო შეაღო, შემდეგ საძინებელში შევიდა და მთვლემარე მამას უსაყვედურა.
- მამა, რამდენს გიკაკუნებთ, გეძახით,.. ვერ გაიგე?
- მაცადე, ერთი, კაცო, მაცადე! - თვალებგაუხელად ამოთქვა არწიომმა და თავი გვერდზე მიატრიალა.
- მამა, დაბადების დღის მოსალოცად მოვიდნენ, ტორტი მოგიტანეს... - გააგრძელა იზამ, მაგრამ არწიომმა შეაწყვეტინა.
- მაცალეთ, კაცო, სიკვდილი, მაცალეთ!.. დამაძინეთ, ცოტა! - ხმას აუწია არწიომმა და თავი კიდევ უფრო მიატრიალა. მერე ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა, - დაბადების დღე კი არა, შობის დღე გოგო. დაბადების დღე ჩასახვის დღეა. შენ რა იცი, როდის გამაკეთა მამაჩემმა.
ამასობაში საძინებელში ტორტიანმა ქალბატონმა შემოიხედა და იზას ჩასჩურჩულა, ნუ გააღვიძებთო. იზამ შეწუხებული სახით უპასუხა, მგონი ბოდავსო. სტუმრები წავიდნენ. იზამ ტორტი გახსნა, მაცივარში შედგა და ფეხი ფეხზე შემოიდო.
***
არწიომის წერილობითი აღსარებიდან:
"სულ მიყვარდა მარტო ყოფნა. ხალხის გარეშე კი არა, ხალხთან ერთად, ოღონდ - მარტო. სულ ადამიანებს შორის ვიყავი, მაგრამ მაინც მარტოდ ვრჩებოდი. ყველასთან ვურთიერთობდი, მაგრამ ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც მომწონდა და ყველაფერს მარტო ვაკეთებდი. ახლა საკუთარ თავს ვეღარ ვპოულობ, უფრო სწორად ვხედავ საკუთარ თავს, მაგრამ ვეღარ ვფლობ, გამირბის. ხან ერთი აზრი მომტაცებს თავს, ხან მეორე, ხან მესამე და ვეღარ ვეწევი. ერთ ნაწილს მოვიხმობ, მეორე მისხლტება... რა მტკივნეულია დანაწევრება. მთლიანობა ყოფილა ადამიანის ბედნიერება. ჯერ პატარა შვილი დავკარგე, მერე - მოზრდილი, მერე - მეუღლე, მაგრამ საკუთარი თავის პატრონად დავრჩი და კიდევ დიდხანს ვიცხოვრე ამ ქვეყნად. ა, უკვე 94-ს გადავცილდი, მაგრამ ახლა?!..."
***
ასე იჯდა ქალბატონი იზა ფეხის დაბუჟებამდე და სტუმრების უპატივცემულოდ გაშვების უხერხულობას ებრძოდა. მერე რაღაც შფოთმა დაუარა ტანში. ხომ იცოდა, რომ მამამისი ასაკის მიუხედავად ერთ საათსაც ვერ ჩერდებოდა ლოგინში. აუცილებლად უნდა წამომდგარიყო, გაევლ-გამოევლო, ეროხროხა, რაღაც გაეკეთებინა. ამ ფიქრებით დაბნეული მიუახლოვდა მამის საძინებელს და ოთახში შეიჭყიტა. არწიომი ისევ თვალდახუჭული იყო და ოდნავ სუნთქავდა. ქალიშვილს შეეშინდა, ცუდად ხომ არ არისო და საწოლს მიუახლოვდა. უცებ თვალი მოჭრა წითელმა ლაქამ, რომელიც საბანში იკარგებოდა. ეს რაღა დაუღვრიაო, ერთი კი გაიფიქრა, მაგრამ მაშინვე თავზარი ეცა და შიშისგან წამით გაქვავდა. მხოლოდ ახლა გაახსენდა, როგორ გადაიჭრა მამამ ვენები ერთი თვის წინ და უბედურების მოლოდინმა სახსარგამოფიტული მუხლები ისე აუკანკალა, კინაღამ წააქცია. მერე ყველაფერი ინსტიქტურად მომხდარა.
როგორც თავად გაიხსენა: "ახლაც მგონია, რომ იმ საშინელ მომენტში ჩემს მაგივრად სხვა, ვიღაც ნეიტრალური სუბიექტი მოქმედებდა, თორემ ის, რაც მე საბნის გადახდის შემდეგ ვნახე, აუცილებლად შემშლიდა ჭკუიდან".
საბნის გადაწევის შემდეგ კი ქალბატონმა იზამ დაინახა სამზარეულოს ორი სისხლიანი დანა, ორ ადგილას გაფატრული მუცელი და სისხლის გუბეში მწოლიარე მამამისი. არწიომს ორი დანა მოუმარჯვებია, დაწოლილა, საბანი დაუფარავს, მუცელი გაუფატრავს და თვალები დაუხუჭავს. იმიტომაც გაღიზიანებულა მოკითხვის შემდეგ, ეგონა, სიკვდილში ამჯერადაც შემიშალეს ხელიო. ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა, როცა ვენებგადაჭრილს მიუსწრეს და დანაშაულში გამოჭერილი ბავშვივით დატუქსეს.
***
არწიომის წერილობით აღსარებიდან:
"ვეღარ ვუძლებ ამ ასულიერ მდგომარეობას. გარშემო სულ ეკრანული სახეებია. თითქოს მე ყველას ჩემი ძველი სარკიდან ვაკვირდები, ისინი კი ეკრანებიდან მიბრუნებენ გულგრილობის ხურდას. გაყინული სახეებითა და მბჟუტავი მზერით დადიან და სხვადასხვა ტიპის ტალღების მდინარებას არიან მინდობილნი - მაგნიტურის, სატელიტურის, ფიჭურის, რადიოლოგიურის ... ასეთ არაადამიანურ მარტოობას ვერ ვუმკლავდები. "არსაიდან ხმა, არსით ძახილი", მხოლოდ სიგნალი ასიტყვიერი.
ლიფტის ხმა მიხარია, მაგრამ იქიდან ნაცნობი აღარავინ გამოდის. ძველი მეზობლები, ვისთანაც დავმწნილდი და დავწლოვანდი, ყველანი წავიდ-წამოვიდნენ. ზოგი იმქვეყნად, ზოგიც - სხვაქვეყნად. დანარჩენებს თავისი თავი გაჭირვებიათ. მე ვინ მომაძებნინებს ძველი არწიომის გაფანტულ ნაწილებს. ძალიანაც რომ მოინდომონ, ვერ მაპოვნინებენ. არ მიცნობდნენ თავის დროზე და იმიტომ. ასე უდროოდ ვიღუპები ამ 94 წლის ასაკში, მაგრამ არწიომ ბარათაშვილი, რის არწიომ ბარათაშვილია, ასე უომრად თუ დანებდა. სისხლს დავღვრი, სისხლს"...
***
არწიომს ისევ მიუსწრეს და რეანიმაციაში გააქანეს. როცა მესამე დღეს თვალი გაახილა და გაბჟღრიალებულ სითეთრეში აღმოჩნდა ექიმებს ისე გაუღიმა, თითქოს ნანატრმა მასპინძელმა გაუღო კარიო. "აბააა!" - ძველებურად წამოიროხროხა არწიომმა და ულვაშებზე გადაისვა ხელი.
- როგორ გრძნობთ თავს, ბატონო არწიომ, ცხადია, სისუსტე გექნებათ... - დალაგებულად დაიწყო ექიმმა, მაგრამ არწიომმა გააწყვეტინა.
- უკაცრავააად! სისუსტე კი არა, ისე ვგრძნობ თავს, რავარც 20 წლის ბიჭი. ღმერთმა მომაბრუნა უკან, თქვენი წყალობით, რაღა თქმა უნდა და დამაბარა... ერთი ჩემები იქნებიან ვინმე მანდ და ...- ხელი გაიშვირა კარისკენ არწიომმა, მაგრამ ახლა უკვე ექიმმა შეაწყვეტინა.
- აქ მნახველების შემოსვლა არ შეიძლება, ბატონო არწიომ, მაგრამ, თუ გამოკვლევები საშუალებას მოგვცემს, დღესვე გადაგიყვანთ პალატაში და იქ ყველას ნახავთ, - საქმიანად მიუგო ექიმმა.
- გამოკვლევები?.. ჰმ!.. სწორედაც რომ გამოკვლევები გვაძლევენ მაგის საშუალებას, ძვირფასო ქალბატონო, - ულვაშებში ჩაიცინა არწიომმა და იმ წამს მას ისეთი ახალგაზრდული იერი მიეცა, რეანიმაციიდან გასულმა ექიმმა ქალბატონ იზას უთხრა, მამათქვენი მართლაც 20 წლის ბიჭივით გამოიყურებაო. იზას გულზე კი მოეშვა, მაგრამ ეს სიახლე მაინც არ უცნობებია თავისი ქმრისთვის. სამაგიეროდ ეს მოულოდნელი სიხარული დაუყოვნებლივ გაუზიარა სტუმრადყოფილებს საბარათიანოს ტაძრის მრევლიდან, რომლებმაც ისე გაიხარეს, რომ იგივე შემადგენლობითა და ტორტით მიაკითხეს საღამოს პალატაში ახლადგადმოყვანილ არწიომს. შობის დღე მიულოცეს, სიმბოლურად ტორტიც დაჭრეს და მოძღვრის მოსვლაც ახარეს. მოძღვარი მართლაც მალე მოვიდა.
***
არწიომის ცოცხალი აღსარებიდან:
"ძნელი ყოფილა მამაო ხელის გულზე ცხოვრება, როცა ყველა მხოლოდ იმიტომ გიყურებს, რომ სეირი ნახონ. აღსარება დავწერე შენს სახელზე, კომოდში მაქვს შენახული. ღმერთს რომ არ მოვებრუნებინე, ახლა უკვე წაკითხული გექნებოდა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ასე არ მოხდა. ის აღსარება კი არა თავის მართლება ყოფილა. ახლა მივხვდი ამას, მობრუნების შემდეგ. ახლა ბევრ რამეს მივხვდი. იცი რამდენ რამეს მივხვდი ამ სამდღიანი გასვლის დრო?! შენ კი გეცოდინება ეს. მაგალითად:
ყველაზე გემრიელი შიმშილი ყოფილა (მხოლოდ მშიერ კაცს შეუძლია ჭეშმარიტად მადლიერი იყოს ლუკმა პურისთვის),
ყველაზე ტრაგიკული - კომედია (მხოლოდ ჯოჯოხეთურ ძალებს შეუძლიათ წუთისოფლის საღმრთო დრო ხარხარით დაგვაკარგინონ),
ყველაზე მეტყველი - მდუმარება (მხოლოდ მდუმარებით შეიძლება ადიდო ღმერთი, მდუმარებით და არა მდუმარედ)... და ასე.
ახალგაზრდობაში სულს ვერ ვგრძნობდი, მოხუცებულობაში ვიგრძენი და ტაძარშიც იმიტომ მოვედი, მაგრამ ... მერე რა დამემართა იცით? ყოველდღე სასწაულს ველოდი, მაგალითად გაახალგაზრდავების სასწაულს, რომ ცხოვრება თავიდან დამეწყო. ქალებსაც კი ვეკურკურებოდი ამის მოლოდინში. მეგონა ტაძარში მიღებულ მადლს ხორციელი საჭიროებისთვის გამოვიყენებდი და ... ცოტა ხანში სულმა ყანყალი დამიწყო. ხო, ხო, ყანყალი. დავიხრებოდი და ვგრძნობდი, მთელ სხეულში როგორ მიყანყალებდა სული. თითქოს ჩამოდნაო, დასუსტდაო და გვამის პამპულა გახდაო. სულ მთლად ავირ-დავირიე და ისეთ ქაოსში აღმოვჩნდი, რომ სრულიად ანგარიშმიუცემლად დავიწყე ვენების გადაჭრა ბლაგვი დანით. თანაც ისე, რომ, იქვე სამზარეულოში იმყოფებოდა ჩემი გოგო. მაშინ საავადმყოფოში წაყვანა არ დამჭირვებია, მაგრად შემიხვიეს და სისხლდენა შეაჩერეს. იმის მერე კიდევ უფრო გავბოროტდი. ციხესავით მომიწყვეს ჩემი ბინა. სულ სახლში იყვნენ და აღარ მტოვებდნენ. ძლივს დავარწმუნე, რომ შემთხვევით მომივიდა და...
მერე ორი ალესილი დანა დავირტყი მუცელში, თითქოს მინდოდა სული ტანზე მიმეჭედა. დამიფარა ღმერთმა და თქვენმა ლოცვა-კურთხევამ მამაო და დავბრუნდი აღსარების სათქმელად. ეს ნამდვილი აღსარება იქნება, იმიტომ რომ სული ზევით მაქვს დატოვებული და ის შეუცდომლად მიკარნახებს იქიდან ყველაფერს. ყველაფერს წვრილად მომანანიებინებს".
და თქვა არწიომმა აღსარება, რის შემდეგაც მღვდელი ფეხზე წამოდგა, თავზე ოლარი გადააფარა და წარმოთქვა ზიარების წინა ლოცვა: "მრწამს უფალო და აღვიარებ..."
***
არწიომი სამდღიანი მდუმარების შემდეგ გარდაიცვალა. როცა გასვენების მეორე დღეს მისი ოთახი დაალაგეს და ნივთები ამოქექეს, კომოდში იპოვეს წერილობითი აღსარება. წაიკითხეს და გვერდზე გადადეს. ქალბატონმა იზამ კი თავისი ჩანთიდან ის ბარათი ამოაძვრინა, რომელიც მას არწიომმა პალატაში გადასცა, ეს ანდერძი ჩემი გასვენების შემდეგ წაიკითხეო და საშობაო ნაძვის ხეზე ჩამოკიდეო. ბარათზე სამი სიტყვა ეწერა:
ღმერთი ტკივილით გვეფერება!
P.S. იმ წლის ახალი წელი მალევე მოვიდა, მაგრამ დადგეს თუ არა არწიომის სახლში ნაძვის ხე არ ვიცი. მოგვიანებით ის კი მითხრეს, რომ ორმოცის გასვლის შემდეგ არწიომის ბინა სიძეს გაუყიდია და ბანკის ვალები დაუფარავს.