მე მხოლოდ ნაციონალები მებრძვიან
20 თებერვალი, 2015
1198
print

ინტერვიუ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან

 მაია ჭალაგანიძე

- ბოლო დღეებში ძალზე აქტუალურია თბილისის მერია. მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. რატომ ვერ დააასწარით საგამოძიებო ორგანოებს და ვერ აღკვეთეთ თქვენი თანამშრომლის უკანონო ქმედება?

- საგამოძიებო ორგანოებს აქვთ თავისი ამოცანა, ჰყავთ ინფორმაციის თავიანთი წყაროები და სიტუაციის მიხედვით მიიღეს ეს გადაწყეტილება.

- თქვენზე მეტი ინფორმაცია ჰქონდათ?

- ჩვენ არ გვაქვს იმის ინსტრუმენტები, რომ ყველას ქმედებები ვაკონტროლოთ, მათ შორის - სამსახურს გარეთაც. ჩვენ სამსახურში, შიგნით არსებულ ვითარებაზე, მის საქმიანობაზე ვართ პასუხისმგებელი და ამას ვახორციელებთ.

- ყოველდღიურად უყურებთ მათ საქმიანობას, როგორ გამოგეპარათ ასეთი რამ?

- ვფიქრობ, ეს არის თაღლითობა. ”გამოგვეპარა” არ არის შესაფერისი სიტყვა...

 - კი ბატონო, შევცვალოთ სიტყვა.

- ორგანიზაციას რომ მოემართა მშენებლობის ნებართვის მიღებისთვის, ხელოვნურად რომ არ მიგვეცა მისთვის ნებართვა და დამატებით ჩართულიყო ვინმე და მას გავლენა მოეხდინა, ეს იქნებოდა ჩვენი უსისტემობა და ჩვენი მხრიდან დანაშაულისთვის ხელის დაფარება. ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდებოდა. როგორც ჩანს, ეს ადამიანი გარეთ მოქმედებდა. შესაბამისად, სამართალდამცავებმა გამოავლინეს იმიტომ, რომ მათ აქვთ ამის ინსტრუმენტები, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია.

- ამ დაკავების შემდეგ თქვენ გადადგით საპასუხო ნაბიჯი და აუდიტის სამსახურს ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების შიდა საქმიანობას შესწავლა დაავალეთ. სხვა სამსახურებსაც შეამოწმებთ?

- შემოწმდება გაცემული დავალებების შესრულება, პროცედურების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, დოკუმენტბრუნვა, რამდენად სწრაფად ხდება რეაგირება შემოსულ განაცხადებზე და ა.შ. სხვა სამსახურებიც შემოწმდება.

- რატომ არ დააყენეთ იმ სამსახურის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი, სადაც ბრალდებული მუშაობდა,?

- თქვენი აზრით, რა უნდა მექნა?

- მოგეხსნათ სამსახურის უფროსი.

- მე როგორც ხელძღვანელმა, ვერ დავინახე სხვა ადამიანის გადაყენების საფუძველი და ამიტომ არ მივიღე გადაწყვეტილება. მით უმეტეს, ეს ადამიანი ძალიან კარგად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მან ბევრი დავალება შეასრულა დროულად, ადეკვატურად. შესაბამისად, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და არ გვექნება საბოლოო შედეგები, არ გაირკვევა რასთან გვქონდა საქმე, მანამდე რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად არ ჩავთვალე.

- თქვენი აზრით, სხვა სამსახურებშიც გამოვლინდება მსგავსი შემთხვევები?

- არა მგონია. იმიტომ, რომ მშენებლობის ნებართვას გასცემს 20-მდე ადამიანისგან შემდგარი საბჭო. შესაბამისად, საბჭოზე ზეგავლენა მას ვერ ექნებოდა. ამიტომ, არა მგონია, რომ ვინმე სხვაც ყოფილიყო ჩართული ამაში.

- კიდევ ერთი ხმაურიანი თემაა კონკურსები...

- არ არის ხმაურიანი.

- აქტუალური ხომ არის? დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მერიაში თანამდებობები დაიკავეს ტესტირებაში ჩაჭრილმა ადამიანებმა.

- ეს არის სიცრუე, რაც მიზანმიმართულად ვრცელდება ჩვენი ოპონენტების მხრიდან. კონკურსები ჩავატარეთ ღიად და გამჭვირვალედ - ატესტაციებიც, ტესტირებაც და გასაუბრებაც. მაშინაც გავრცელდა დეზინფორმაცია, თუმცა არაფერი დადასტურებულა.

- არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, გამოცდებში 80 პროცენტამდე ახლადდანიშნული საჯარო მოხელე ჩაიჭრა.

- ესენიც მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებია. ჩვენ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათივე მოთხოვნით, შევიყვანეთ კომისიაში, ზოგი გვყავდა დამკვირვებლად. ეს არის ნორმალური არასამთავრობო ორგანიზაციები და ობიექტურად ადევნებენ თვალყურს პროცესს. მათ რაიმე სახის სერიოზული უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ.

ცხადია, ნაციონალების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების და, მათ შორის, ისეთი ხალხის მიერ დაფუძნებულის, რომლებიც აქედან იმიტომ გავუშვით, რომ საბოტაჟს ეწეოდნენ, შეფასებები იქნება ისეთი, თითქოს ვარღვევთ კანონმდებლობას. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. კონკურსების მეორე ეტაპსაც ასევე გამჭვირვალედ ჩავატარებთ.

სხვათა შორის, ჯერ ხალხი არ დანიშნულა ადგილებზე, რადგან წინ აპელაციის პროცესია და საიდან იციან, ვინ, სად დაინიშნა? ესეც ხაზს უსვამს იმას, რომ წინასწარ, მიზანმიმართულად გაავრცელეს სიცრუე. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ტესტირების ზოგადი სტატისტიკა და არა დასრულებული შედეგები, ისინი კი, წამოეგენ ამაზე და გაავრცელეს მიზანმიმართული დეზინფორმაცია.

 - არ გგონიათ, რომ გუნდში გებრძვიან?

- არა, მე მხოლოდ ნაციონალები მებრძვიან.

- გადავიდეთ ქალაქის პრობლემებზე. გზებზე კვლავ გაჩნდა დიდი ხნის ნაცნობი ორმოები. ჩვენ კი ინტენსიურ სამუშაოებს მაინცდამაინც ვერ ვხედავთ...

- 2014 წლის შემოდგომაზე, 20 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საგზაო სამუშაოები შევასრულეთ. 40-ზე მეტ ქუჩაზე განახლდა საფარი. ისეთ ქუჩებზეც დაიგო ასფალტი, სადაც არასდროს ყოფილა. ზოგან ძველი, დაზიანებული საფარი შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ვაქვეყნებდით.

2015 წელს საგზაო სამუშაოებზე გამოცხადებული გვაქვს ტენდერები. მიმდინარე თვის ბოლოს სრულდება ტენდერები ზამთრის შემდგომ დაზიანებული გზების შეკეთებაზე. როგორც კი ცივი სეზონი გადაივლის, გზების მიმდინარე შეკეთებას დავიწყებთ. ასე რომ, საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები იქნება.

- რამდენიმე დღის წინ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელობას მუშაობის გაუმჯობესება მოსთხოვეთ. რა პრობლემებს ხედავთ?

- ჩვენი აზრით, სასწრაფო დახმარების სისტემაში სამი მთავარი პრობლემაა, მათ შორის ობიექტური პრობლემა - საცობები, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანები ოპერატიულად ვერ გადაადგილდებიან. ვთვლით, რომ 3 ბაზის ნაცვლად, ქალაქში რამდენიმე ბაზა უნდა იყოს, სასაწრაფო დახმარების მანქანები განფენილი უნდა იყოს ქალაქში, რათა სწრაფად შეძლონ ადგილზე მისვლა. მეორე პრობლემა მენეჯმენტშია. აუცილებლად უნდა გაიმართოს სასწრაფო დახმარების სისტემა. მესამე - ეტაპობრივად უნდა განახლდეს ავტოპარკი და დაემატეოს მანქანები. ხელმძღვანელობამ წარმოადგინა ძირითადი ხედვები, რომელიც დაიხვეწება და აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ გამოძახებაზე რეაგირება იყოს ოპერატიული.

- სასაწრაფოს ექიმები არამიზნობრივ გამოძახებებზეც ჩივიან. ეს და თქვენს მიერ ჩამოთვლილი მიზეზები ხომ არ მიგვიყვანს ფასიან სასწრაფო დახმარებამდე?

- არის შემთხვევები, როდესაც გამოძახება ცრუ განგაშის მსგავსია - ადამიანს ტკივა თავი, ან უბრალოდ, ნაბახუსევზეა და იძახებს სასწრაფოს.

- თავის ტკივილიც შეიძლება იყოს სერიოზული და ნაბახუსევიც, როგორ განისაზღვრება ტელეფონით, რომელია ”ცრუ” და რომელია ჭეშმარიტი განგაში?

- სწორედ ამიტომ მუშავდება გაიდლაინები, რომლის მიხედვითც ხდება ზარის ფილტრაცია, პრიორიტეტიზაცია და ამის მიხედვით გაირკვევა, სად უნდა წავიდეს ექიმი პირველ რიგში.

- მეგაპროექტი ”პანორამა თბილისი” რა ეტაპზეა?

- უკვე დასრულებულია მერიასთან შეთანხმების ფაზა. ჩვენთან არსებულმა საბჭომ თანხმობები მისცა ეკნომიკის სამინისტროს. მერიამ განიხილა ზონალური ცვლილება, სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და გადაგზავნა ეკონომიკის სამინისტროში. ეს არის ყველაზე დიდი, მე-5 კლასის ობიექტი და ამიტომ მშენებლობის დასაწყებად საბოლოო თანხმობას ეს სამინისტრო გასცემს.

- ანუ პროექტი დაძრულია?

- დიახ.

- გქონდათ შეხვედრები იმ საზოგადოებრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ქალაქის პრობლემებზე მუშაობენ? ამ პროექტის მოწინააღმდეგე ურბანისტებთან, არქიტექტორებთან, ეკოლოგებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან?

- რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია პროფესიულ ორგანიზაციებთან, კომუნიკაციის გარეშე არ ვმუშაობთ და ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავეკითხეთ ხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მათ შორის იყვნენ ურბანისტებიც. ოცამდე სხვადასხვა დასკვნაა მომზადებული ამ პროექტზე. ასეთი რაოდენობის დასკვნა არც ერთ პროექტს არ ახლავს. რადგანაც ამ პროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო, კომპანიამ წარმოგვიდგინა შესაბამისი დასკვნები, იყო შიდა განხილვები და ამის შემდეგ დაიძრა პროცესი მერიიდან.

- მერიას, მშენებარე კომპანიას და არასამთავრობოებს სრული თანხმობა აქვთ?

- ყველასგან სრული თანხმობა არ არის - გარემოს დამცველ ორგანიზაციებს აქვთ პრინციპული წინააღმდეგობა, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, რატომ. იქ სულ 127 ხე იჭრება, რომლის ნაცვლადაც 30 000-მდე ხეს რგავს ეს კომპანია და მათ ეს პროცესი დაწყებული აქვთ. ლანდშაფტი მნიშვნელოვნად არ ზიანდება, ქალაქიდან ხედი არ ფუჭდება. ჩემი აზით, ეს ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან ძალიან ხელოვნურად თქმული უარი და წინააღმდეგობაა. ის, ვინც პროექტს ჯამურად აფასებს - ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით მხარეს და ა.შ. რა თქმა უნდა, ის ადვილად რწმუნდება იმაში, რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს.

- ცოტა ხნის წინ ორთაჭალიდან შინდისამდე ალტერნატიული გზის მშენებლობის დაწყება ამცნეთ საზოგადოებას და ბრძანეთ, რომ ეს გზა საჭიროა ამ პროექტის მშენებლობის დროს დატვირთული მოძრაობის განმუხტვისთვის...

- შინდისში და მიმდებარე სოფლებში ბევრი მშენებლობის ნებართვაა გაცემული, ინდივიდუალური სახლები შენდება, მოძრაობის ნაკადები იმატებს, არსებული გზა დაიტვირთება და ეს პროექტიც რომ დაემატება, მოძრაობა ინტენსიური გახდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ ალტერნატიული გზის მშენებლობა. ტენდერი უკვე გამოცხადებულია პროექტირებაზე. ალბათ მომდევნო წლის გაზაფხულიდან დაიწყება გზის მშენებლობა.

- მთაწმინდა-ოქროყანის გზას დახურვა ხომ არ ემუქრება დროთა განმავლობაში?

- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ძველი გზა დარჩება, რადგან ამ გზის დახურვა ქალაქისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.

- ჯერ კიდევ ქალაქის მერობის კანდიდატობისას, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან გააფორმეთ მემორანდუმი გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია-რესტავრაციაზე. რა ვალდებულებები აიღეთ მაშინ და როგორ ასრულებთ მას ახლა, უკვე მერის სტატუსით?

- ჩვენ ვთვლით, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია იქნება ავთენტურობის შენარჩუნებით და ამ პრინციპზე ვართ დღესაც, ეს მნიშვნელოვანი ფასეულობაა. ამიტომ, როცა ქალაქის მმართველობაში მოვედით, ვთხოვეთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ქალაქის ისტორიულ ნაწილზე მუშაობენ, წარმოედგინათ მოსაზრებები. ისინი ითხოვდნენ კონსერვაციის გეგმას. ძველი პროექტები, რომელიც გუდიაშვილის მოედანზე იყო მომზადებული, უვარგისი იყო. მომზადებულია კონსერვაციის სატენდერო დოკუმენტაცია. ამას მოსდევს კონკრეტული პროექტების მომზადება და შემდეგ იქნება რეაბილიტაცია. ამიტომაც არის, რომ დღეს იქ ფიზიკურად სამუშაოები არ მიმდინარეობს. კონსერვაციის მომზადების შემდეგ დავიწყებთ კომუნიკაციებთან დაკავშირებულ პროცესს.

- ამ გეგმებში დრო გადის. ძველ თილისში მდებარე ავარიულ სახლებში ხალხი სახლების დანგრევის რისკის ქვეშ ცხოვრობს. რა გამოსვალი არსებობს, რომ არც ისტორიული ნაწილი დაზიანდეს და არც ხალხი?

- ჩვენი ფინანსები შეზღუდულია. სამუშაოებს გავაგრძელებთ არსებული თანხების ადეკვატურად. ისტორიულ ნაწილში წელს დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე სახლის გამაგრება-რეაბილიტაცია. ასევე - წინა ხელისუფლებისგან გადმოყოლილი ვალდებულებების შესრულება და ამ პროექტების დასრულება, რადგან ადამიანები ქირით არიან გაყვანილი და წლების განმავლობაში არ ცხოვრობენ საკუთარ სახლებში იმის გამო, რომ ეს სახლები ავარიულია.

არაისტორიულ ნაწილშიც ბევრი სახლი და კორპუსია გასამაგრებელი. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მთელი თნხები მხოლოდ ისტორიულ ნაწილს მოვახმაროთ. ამიტომ, პრიორიტეტები 2 ნაწილად გვაქვს გაყოფილი. რაც მეტი ფინანსური შესაძლებლობა გვექნება, მით მეტ პრობლემას მოვაგვარებთ.

- რა ბედი ეწევა წინა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ შემოვლით გზებს?

- თბილისის შემოვლით გზაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს და ამ გზის მშენებლობა უნდა დამთავრდეს. ჩვენ ასევე ვმუშაობთ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენაზე. კონკურსი გვქონდა და ბევრი საინტერესო წინადადება მივიღეთ. ასევე - ლაგუნა ვერესთან უნდა გაფართოვდეს გზა, რათა იქ მოძრაობა განიტვირთოს. გარდა ამისა, გაკეთდება პროექტირება ვაშლიჯვართან, ”ვეფხვის და მოყმის” ძეგლთან მიმდებარე ტერიტორიიდან ინტენსიფიკაციის ქუჩასთან დამაკავშირებელი გზისა, რომლითაც ვაშლიჯვრის ტერიტორია განიტვირთება მოძრაობისგან. ზოგი ეს პროექტი პროექტირების სტადიაშია, ზოგი - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების სტადაში და ა.შ.

- როგორ აისახა მერიის მუშაობაზე ლარის გაუფასურება?

- სამწუხაროდ, ეკონომიკურ მოვლენებს და ტენდენციებს სრულყოფილად ვერ ვაკვირდები დატვირთული გრაფიკის გამო. კურსის ცვალებადობა, რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე ახდენს გავლენას და ჩვენც თუ იმპორტირებული პროდუქტის შესყიდვა გვჭირდება, გვიძვირდება. მაგალითად, გვჭირდება მემორიალური დაფების დამზადება, რისთვისაც ტენდერი ცხადდება. ძირითადი მასალები იმპორტირებულია, ამიტომ გამარჯვებული კომპანიები ძვირს ითხოვენ, ვერ ეტევიან ტენდერებით განსაზღვრულ ფასებში და ძვირდება შესაბამისი მომსახურება.

მთავრობა აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს.

- ოდესღაც ეკონომიკის ექსპერტი იყავით. ლარის გამყარებისთვის თქვენი საექსპერტო რეკომენდაცია რა იქნებოდა?

- აჯობებს, ეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ჰკითხოთ, ისინი უფრო დეტალურ და ამომწურავ პასუხს გაგცემენ.

 

maia chalaganidze