ო, მოდა, მოდა…
13 მარტი, 2015
2173
print

ქეთევან იგნატოვა

სულ ახლახანს მოდის დედაქალაქში, პარიზში, ფერადოვანი, სანახაობრივი, შთამბეჭდავი დეფილეებით, ჩვენებებით, ხმაურითა და ექსტრავაგანტულობით გამორჩეული მოდის კვირეული დასრულდა. მოდის სხვადასხვაენოვანი, ფერად-ფერადი პრიალა ჟურნალები მიმდინარე კვირეულის ფოტოებს აქვეყნებს. პრესა მოდის სამყაროს გლამურულმა ფოტოებმა ააჭრელა. ყველაზე ლამაზი, ძვირად ანაზღაურებადი, ყველაზე ახალგაზრდა, ყველასათვის ცნობილი, თუ სულ ახლახანს აღმოჩენილი, ჯერ სრულიად უცნობი დებიუტანტი ლამაზმანები; ექსტრავაგანტული ჩაცმულობა, ვარცხნილობა, მაკიაჟი; თვალისმომჭრელი ღიმილი; მოდის სამყაროს კორიფე მეტრები და ამ ლამაზ, ფერადოვან, ეფექტურ, მაგრამ კონკურენციითა და სირთულეებით გამორჩეულ სამყაროში გზის ახლა გამკვლევი ახალგაზრდა მოდელიორ-დიზაინერები; ერთი მეორეზე სანახაობრივი, კონცეფციებითა და ძიებებით გამორჩეული ჩვენებები… და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მთელი მსოფლიოდან პარიზში საგანგებოდ მოდის ზეიმზე ჩამოსული მაღალი მოდის ექსპერტების მიერ შესწავლილ-განხილულ-გაანალიზებული ის ახალი, სამომავლო ტენდენციები, რომლებიც წლევანდელ მოდის კვირეულზე გამოიკვეთა - ახალი ხაზები, ახალი შტრიხები, ახალი დეტალები, ნიუანსები… მოდაში, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი ფერთა გამა, ნახატი, სილუეტი, სიგრძე, თარგი, ქუსლის სიმაღლე… პარიზი დანარჩენ სამყაროს მოდის სიახლეებს ოდითგან სთავაზობს და ყველა ცდილობს ჩვენებებს დაესწროს, ჟურნალები მაინც დაათვალიეროს, შეისწავლოს, დაიმახსოვროს, მოირგოს, რომ შემთხვევით მოდას არ ჩამორჩეს, დემოდე არ გამოიყურებოდეს, ან კიდე უარესი - სულ მთლად მოდის მიღმა არ აღმოჩნდეს…

ჩვენ ამაშიც კი გამორჩეულები ვართ! რამდენჯერ გაგვიგია ან ჩვენ თვითონ გვითქვამს ფრაზა - “თბილისს საკუთარი მოდა აქვს!” მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა თაობამ შესამჩნევად უკეთ, უფრო ლამაზად, მოხდენილად, მოდის, სტილის, ასაკის შესაბამისად დაიწყო ჩაცმა, დიდწილად მაინც მგონია თუ მეჩვენება, რომ, მაგალითად, შავი - მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ-ხმარებადი ფერიც კი - ჩვენში რაღაც გადაჭარბებულ-განსაკუთრებულად იხმარება-გამოიყურება. ქვედაბოლოც რაღაც სპეციფიური სიგრძის, ან ზედმეტად გრძელი და უფორმო, ან ზედმეტად მოკლე და შესაბამისად ვულგარული გვახასიათებს. შარვლებსაც რაღაც გაუაზრებლად ვიძენთ, ვიკერავთ, ვირჩევთ. ხშირად მაკიაჟიც ზომიერად, სწორად ვერ შეგვირჩევია, თმის ვარცხნილობაც და სულ ვერაფრით გაგვირკვევია დღის რომელ საათს, რომელ ადგილს, რომელი ტიპის შეხვედრასა თუ ღონისძიებას რომელი ჩაცმულობა, ვარცხნილობა თუ მაკიაჟი შეეფერება. უმეტესად, ჩვენ ჩვენებური მოდით, ჩვენებური გემოვნებით, უფო სწორად კი ანტიმოდით, ანტიგემოვნებით გამოვირჩევით და ყოველგვარი ეჭვის გარეშე, საკუთარი თავით სრულიად კმაყოფილნი, მოდის საერთო ტენდენციების ოდნავ გათვალისწინებასაც არ ვცდილობთ. ამიტომაცაა, რომ ხშირად ქართველი ბიუროკრატი ჯამბაზს ემსგავსება, დეპუტატი თვითშემოქმედებითი სპექტაკლის ფიფქიას, მინისტრი კაფეშანტანის მომღერალს, ჟურნალისტი კი, უბრალოდ, ქუჩის ბოზს.

არადა, მოდურობაზე პრეტენზია უხვად გვაქვს! მოდას აყოლა, არჩამორჩენა, მის ფეხდაფეხ სიარული ძალიან გვინდა და თან არამარტო ჩაცმულობაში, ან ვარცხნილობაში, არამედ ცხოვრებისეულ, ყოფით თუ პოლიტიკურ მიმდინარეობებშიც კი. მოდის ამ მრავალფეროვან მიმდინარეობებს, ტენდენციებსაც, მგონი, თავად ვიგონებთ, თავს ვიხვევთ… თბილისში უეცრად საიდანღაც დაინერგება, მაგალითად, რაღაც სპეციფიურ ინტერიერზე, ან რომელიმე ერთი მხატვრის ტილოებზე, ან რომელიმე კონკრეტული მანქანის მოდელზე, ან რომელიმე ერთ კერძო სკოლაში შვილის მიბარებაზე, ან რომელიმე გარკვეულ ერთ ქვეყანაში მოგზაურობაზე… მოდა და თითქოს, ტრაფარეტის მასიურად გამომჭრელი მანქანა ჩაირთო…

მასიური ტრაფარეტულობის ან თუ გნებავთ, მხოლოდ და მხოლოდ თბილისისთვის დამახასიათებელი საერთო მოდის აუხსნელმა ტენდეციებმა, რა თქმა უნდა, პოლიტიკასაც და პოლიტიკოსებსაც არ აუარა გვერდი. საქართველოს უახლესი, ბოლო ათწლეულების ისტორია ქართული საზოგადოების ზედა, “ელიტარულ” ფენაში გაბატონებულ და იქიდან უფრო ქვემოთ, საზოგადოების დაბალ ფენებზე გავრცელებულ-ნაკარნახებ მოდურ ტენდენციებად შეიძლება დაიყოს. “ელიტაში”, მაგალითად, “ზვიადისტობა” მოდაში არასდროს ყოფილა. სამაგიეროდ, “შევარდნაძისტობა” მოდაში, შეიძლება ითქვას, ზედმეტად დიდხანსაც იყო. ვარდების რევოლუციამ, მისმა თანმსდევმა და საზოგადოებისთვის სრულიად იძულებით, ძალიან მოკლე ხანში თავს მოხვეულმა რეფორმებმა, დანერგილმა მოდის ახალმა, დასავლურმა ტენდენციებმა, თავისი შედეგი გამოიღო და ამბიციურ და რაც მთავარია, მოდაში თავად, სხვისი დახმარების, კარნახის, ან მით უმეტეს ძალდატანების გარეშეც შესანიშნავად გარკვეულ ქართულ “ელიტაში” რადიკალურად საპირისპირო, უკურეაქცია გამოიწვია. “მიშისტობის” მოდა გრეჩიხების, საკანში თუთიყუშთან დიალოგის, ქუჩაში გაშლილი კარვების, საკნების, სტადიონზე ხატებით სირბილის, კორკოტას პატრულირების, ”ბელაჩაოს”, განურჩევლად კარგი თუ მართლაც უვარგისი მშენებლობის, ნებისმიერი ძეგლის გადატანის თუ ახლის დადგმის, მომღერლის ჩამოყვანის თუ ქალაქის რესტავრირების კრიტიკის… საერთო ჯამში კი, მოკლედ რომ ვთქვათ, არსებულ ხელისუფლებასთან, მის ნებისმიერ ნაბიჯთან, რადიკალურ ოპოზიციაში ყოფნის მოდამ ჩაანაცვლა. ოპოზიციონერობა მოდაში იყო… თუ არ გინდოდა მოდას ჩამორჩენოდი, რესტავრირებული სიღნაღი, ბათუმის განაშენიანება, პიაცა, ანბანის კოშკი, კილომეტრებზე გადაჭიმული ბულვარიც კი, ბაგრატის ტაძარი, “ქეთო და კოტე” და, რა თქმა უნდა, თვით სოფო ნიჟარაძეც, აღმაშენებლის გამზირი, აეროპორტები, იუსტიციის სახლი და შუშის ხიდი… არაფრით უნდა მოგწონებოდა. თუკი მაინც მოგეწონებოდა, ან ვერაფერს დაუწუნებდი, მაგალითად გზებს, ან პატრულის მუშაობას, არაფრით უნდა შეგემჩნია, არ უნდა გაგკვირვებოდა. საქართველოში დამკვიდრებული მოდა ასე ითხოვდა. მოდაში იყო სიმპატიური ალასანია, ზომიერი უსუფაშვილი, ევროპელი ზურაბიშვილი, განათლებული ბერძენიშვილი, ვაკელი ჯიგარი გაჩეჩილაძე, სასაცილო ოდიშვილი, კაი ტიპი აქუ, მაგარი იურისტი ბესელია, ზემდიდრულად ჩაცმული ბურჯანაძე, ნიჭიერი პაპუაშვილი… მაგრამ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ქართული საზოგადოების მოდის ტენდენციებში ისეთი რევოლუცია ან მიწისძვრა მოახდინა, რომლის მსგავსი თვით კოკო შანელს ან დიორს არ დასიზმრებია. ივანიშვილის გამოჩენას უკიდეგანო ოცნებების, დაპირებებისა და მათი ასრულების მოლოდინის, პროვინციულობის, საკუთარი ზოოპარკების ქონის, თანამედროვე არტის გაუაზრებელი შეგროვების, დილაობით ნატურალური წვენების დალევის, ფულის ჰეგემონიის, სიმდიდრის კულტის, მდიდარი კაცის ბრმა მორჩილებისა და მაამებლობის, ნებისმიერი გზით დიდი, კოლოსალური ფულის შოვნის და ამ ფულის ხარჯზე ყოვლისშემძლეობის, ბუნდოვანი, ბურუსით მოცული ფილოსოფიისა და ფსიქოანალიზის, ხანგრძლივი მსჯელობების, განსჯისა და დასჯის, რუსეთიც მეგობრობა-ერთმორწმუნეობა-მეზობლობის, სამართლიანობისა და რაც მთავარია, ტოტალური “მშვიდი ძილის”… მოდა უმალ მოჰყვა. საზოგადოების ელიტურ ნაწილში ყველაზე ხშირად ხმარებადი, მოდური ფრაზები იყო - “დაბალანსებული პარლამენტი მინდა”; “ცვლილება გვჭირდება”; “კრედიტებს დაგვიფარავენ”; “შვეიცარიად გვაქცევს”; “ყველას ხელფასს დაგვინიშნავს”; “აბა ის ჯობდა?...” მიშაზე მოდა წარსულს ჩაბარდა, დავიწყებას მიეცა. ნაციონალების მომხრეებისთვის სალმის მიცემა სრულ კატასტროფას, სრულ დემოდეს ნიშნავდა. თუ მოდურობაზე რაიმე პრეტენზია გქონდა, პირიქით, ოპონენტებისადმი აგრესია მაქსიმალურად უნდა გამოგეხატა, შეურაცხყოფა მიგეყენებინა, სხვა თუ არაფერი, ვაკის რომელიმე მოდურ კაფეში, ჩაი მაინც შეგესხა…

მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, რომ მოდა ამინდის (პოლიტიკური არა, ჩვეულებრივი ამინდის) მსგავსად, ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი, არასტაბილური რამ არის. მზეა და უცბად უხილავი ღრუბლიდან კოკისპირული წვიმა შეიძლება წამოვიდეს, მერე უმალვე გადაიღოს და ისევ მზემ გამოანათოს. მოდაც ასეა - ხან გრძელია მოდაში, ხან მოკლე, ხან ზოლიანი და ხან კუბოკრული… პარიზის ყველაზე მოდური მაღაზიების ვიტრინები ხან სულ ლურჯ ფერშია დეკორირებული და ხან კი უეცრად, წითლით აალდება… ვერ გაიგებ. მოდას, მის სავარაუდო ცვლილებებს, მის სამომავლო ტენდენციებს, თითოეულ ნიუანსს უნდა გრძნობდე, მისდევდე, თვალყურს ადევნებდე, რომ დროულად ამოიცნო, არ ჩამორჩე და მოდის მიღმა არ დარჩე. დემოდე არც თუ სასიამოვნო თუ არა, სასაცილო მდგომარეობაა. საქართველოშიც მოდის შეპარვითი, ჯერ თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ ამავე დროს, სრულიად მკაფიო ცვლილება იგრძნობა - მონდომებული სალამი ოპონენტს, დღევანდელი რუსული პოლიტიკის, პუტინის, თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში კრიტიკა, საზოგადოებაში ნაკლები ურთიერთაგრესია, ოცნებების ჰაერში გაქრობა; ახალმოდური სიტყვები, ფრაზები - “ვაცალოთ”; “ჯერ ცოტა ხანი გავიდა”; “ზვიგენი ვჭამოთ?”; “ვანო ჯავახიშვილს უყურე?!”; “ასე როგორ მოგვატყუებდა?”; “ფულის საშოვნელად მოვიდა?”; “ტელევიზორს აღარ ვუყურებ! ცუდად ვხდები!”; “ნარმანია ვის გაუბედა?”; “ერთი გაბედონ ხიდის დანგრევა!”; “ბიბისიზე მიშას უსმინე?”; “ბიძინას ვუსმინე და ჯობდა არ მომესმინა!”; “საბრალო საქართველო”; “ჩვენი საშველი არ არის!”……… ნაკლებად სიმპატიური ალასანია; სამარცხვინო ბესელია-კობახიძე; ზედმეტად უხერხემლო უსუფაშვილი; გროტესკული ღარიბაშვილი; მდაბიო ნარმანია; სამარცხვინო ბურჯანაძე-ინაშვილი; საბრალო კურტანიძე-ჯაჭვლიანი; გაბოროტებული წულუკიანი… ეს უკვე დღევანდელი თბილისის მოდის ტენდენციებია.

მოდა საკმაოდ სახიფათო რამ არის. ზედმეტად აყოლა, ისევე, როგორც სრული ჩამორჩენა, ერთნაირად სასაცილო და გაუმართლებელია. მოდას ფრთხილად, ზომიერად მიდგომა, გათავისება, გადაღება ჭირდება. საკუთარი ინდიდუალიზმი, საკუთარი სტილი, სახე მოდასთან აპრიორი წაგებულ მარათონს არ უნდა გადააყოლო. დღეს ერთია მოდაში, ხვალ მეორე, ზეგ… რა იცი, კიდე რა იქნება? მოდა არასტაბილურია. მოდის მთავარი ექსპერტები ამბობენ, 2016-ში მოდაში კვლავ რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელიო…

P.S. გახსოვთ? მგონი რაღაც ასეთი სიმღერა იყო - “ახლა მოდაშია ჩურჩულები…”?

 

ქეთევან იგნატოვა