I don't need Sex, The Government fucks me every day
17 მარტი, 2015
1175
print

 

გიორგი კალატოზიშვილის აზრით

თაკო სალთხუციშვილი

                                                            წარდგინება

რა დასამალია, მინდოდა ამ მცირე პოსტს პროვოკაციული სათაური ჰქონოდა და ეპატაჟი მომეხდინა. ბოლო 3 წელია ეპატაჟს ახდენს ჩვენი ხელისუფალი და რა გასაკვირია ეპატაჟის და სკანდალის ჟინი კინოკრიტიკოსისგან, ჟურნალისტისგან, პიარ სპეციალისტისგან? ლარივით ადეკვატური ვიქნები და აღვნიშნავ იმას, რომ, როგორც კინოკრიტიკოსი, ნამდვილად ვერ მოვუწონებ ამ ხელისუფლებას ჟინს და კინემატოგრაფისადმი ლტოლვას, ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის შესახებ ხან დოკუმენტური, ხან მხატვრული ფილმების შექმნის დაუოკებელ სურვილს და საზოგადოებაში არსებული მოთხოვნებისთვის პრიორიტეტების მინიჭებისას მთავარი აქცენტის გაკეთებას სანახაობაზე და არა პურზე (პური გაძვირდა, ხომ იცით).

                                                                  მახსოვს!

მახსოვს, სააკაშვილი მუდმივად სვამდა უარყოფით აქცენტებს შევარდნაძის ეპოქაზე, თავად შევარდნაძეზეც. ეს თავისებური ოიდიპოს კომპლექსი, მამის ზიზღი და მამის ნაცვლად დედა-სამშობლოს მაქსიმალური „ხმარებისა“ და გამოყენების სურვილი, როგორც ჩანს, სახასიათოა კინემატოგრაფით გატაცებული ქართველი პოლიტიკოსების ახალი პლეადისთვისაც. მათთვის ყველაფერი ცუდია, რაც გაკეთდა ამ 9 წლის მანძილზე „მამის“ მიერ და ყველაფერი გაცილებით უკეთესია, რაც კი ფურცელზე დაიტანეს ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში. ახალი მოწვევის პარლამენტმა ფურცელზე დატანილიდან ყველაზე მნიშვნელოვნად „უსიკებიან“ პრეზერვატივებზე იერიშის მიტანა ჩათვალა. პარლამენტარი კობა დავითაშვილი ერთ-ერთ თავის ინტერვიუში აღნიშნავდა - „არსებობს ორი სახის პრეზერვატივი, ერთი დაცვისთვის და მეორეს აქვს სექსუალური სურვილის დაკმაყოფილების ფუნქცია. აი, სწორედ ის ვერ გაიყიდება და ესეთი გაიყიდება". დავითაშვილის კვალდაკვალ უნდა აღვნიშნო, რომ ქართულ რეალობაშიც არსებობს ორი ტიპის... ჰმ... სტერილური ხელისუფლება - ერთი თითქოს ხალხის ინტერესებს იცავს, მეორე კი მათ სექსუალურ ფანტაზიებს აკმაყოფილებს. აი, სწორედ ის მეორე ვეღარ „გაყიდის“ საკუთარ თავს მომავალ არჩევნებზე. ადამიანების გონებაზე მოძალადე ხელისუფლება, რომელიც მე-3 წელია ეწევა სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემცველი ფარული კადრებისგან დამონტაჟებული „ფილმების“ ტირაჟირებას, გაიცვითა ამ უაზრო ხახუნში...

                                                            ძალადობა

რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში ადგილობრივი ხელისუფლების, ე.წ. პოლიტპატიმრებისგან შემდგარი „არასამთავრობო“ ორგანიზაციის წარმომადგენლის და საჯარო სკოლების დირექტორების მიერ ორგანიზებული იქნა მასობრივი კინოსეანსი, რომელზეც მეტწილად სკოლის მოწაფეებსა და მოზარდებს უჩვენეს დოკუმენტური ფირი ისევ ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი სისსხლიანი რეჟიმის შესახებ. სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ამსახველ ვიდეოფირს მე-3 წელია ატრიალებენ ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ უჩვენეს ეს ფირი ამ ასაკობრივ ჯგუფს? რა აზრი ჰქონდა იმ ასაკობრივი ჯგუფის მაყურებლის მოწამლვას, რომელიც არც დღეს, არც ხვალ არ გახდება შენი ამომრჩეველი? რაში დასჭირდათ ორგანიზატორებს ახალგაზრდებში ზიზღის ჩანერგვა? კი, ეს ნამდვილად პათოლოგიაა. კლინიკური შემთხვევა, რომელიც არ ინკურნება აგერ უკვე მე-3 წელია. ამის ნაცვლად, როგორც ეს შეფ-მზარეულს სჩვევია შემოქმედებითი კრიზისის დროს, ეს ხელისუფლებაც ანახლებს უკვე გაცვეთილ მენიუს, რომელსაც ვერც მშიერი კუჭი ინელებს და ვერც გონება: 9 წელი მთლიანი მწვანილით, 9 წელი ნიგვზით, 9 წელი მაიონეზით, 9 წელი - ასორტი, 9 წელი „შებოლილი“, 9 წელი ევროპული, 9 წელი სულგუნის ფირფიტებში, 9 წელი პიტნით, 9 წელი მოხარშული, 9 წელი მოხარშული (ნახევარი), 9 წელი (სოფლის), 9 წელი რულეტი, 9 წელი მაყვალში, 9 წელი ქინძმარში, 9 წელი კეცზე, 9 წელი გარნირით, 9 წელი ჩაშუშული, 9 წელი (მეგრულად), 9 წელი (ახალი), 9 წელი „ცხელი შოკოლადი“, 9 წელი (შოკოლადით და ლიქიორით), 9 წელი („ნიკალაშკა“), 9 წელი ერთჯერადი პაკეტებით, 9 წელი ფრეში... მოკლედ, ნერწყვი მოგადგება შურისძიების ჟინით შეპყრობილ ადამიანს. მენიუს განახლება შეიძლება უსასრულოდ. ეს 9 წელიც ხომ არ სრულდება...

                                       სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი

ახლა ოდნავ სერიოზულად. ნაციონალური მოძრაობის სლოგანები თუ გახსოვთ? „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“, „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, „მეტი სარგებელი ხალხს“? გახსოვთ? დინამიკას თუ ხედავთ ამ დაპირებებში? გავაკეთებ, გავაკეთე, მეტს გავაკეთებ. ქართული ოცნების სლოგანს ხომ ვერ გამახსენებდით? სწორია - აღვადგინოთ სამართლიანობა. მეტი არ იყოს ჩემი მტერი! ესენი საქართველოს ოკუპაციას უწოდებენ „მცოცავს“ და სამართლიანობის აღდგენას „სწრაფს“? ივა კუზანოვის კლინიკა ერთ დღეში სულ მცირე სამ საქალწულე აპკს მაინც აღადგენს, ამათ სამ წელიწადში ერთი შელახული სამართლიანობა ვერ აღადგინეს. რომელ „მყისიერ რეაგირებაზე“ და სისწრაფეზეა საუბარი? ახლა კიდევ პროკურატურამ შვა ბრეინშტორმინგის შედეგად ახალი იდეა - სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი. ნაციონალურმა მოძრაობამ დასაქმების სამინისტრო შექმნა, ესენი სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტს ქმნიან. კრეატივში გაჯიბრება არ უჭირთ, აშკარად. მაგრამ საქმე ლაპარაკის ნაცვლად, რადგან გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ხალხსაც მეტი სარგებელი უნდა მოუტანოს ამჯერად ამ ახალმა ხელისუფლებამ.

                                               აბა ბავშვებო, რა სარგებლობა მოაქვს...

რა სარგებელი უნდა მოიტანოს ხელისუფლების მოქმედმა თუ ყოფილმა წარმომადგენელმა, როდესაც თავის ამომრჩეველს ისევ ცისფერი ეკრანებიდან ელაპარაკება ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის შესახებ და ფილმების წარმოებასაც სამართლიანობის აღდგენის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს? ყოფილი პრემიერი ტელეეთერით, ყოფილი მინისტრი - კინოეკრანიდან (პროექტი „9+1“). ასეთ კომუნიკაციას არ აქვს უკუკავშირის პერსპექტივა. ასეთ კომუნიკაციას ყოლვეთვის ექნება ალტერნატივა.

კინორეჟისორმა პედრო ალმოდოვარმა, რომლის ფილმებშიც მუდმივად აუპატიურებენ ვიღაცას, ერთ-ერთ თავის ინტერვიუში განაცხადა: „როცა გაუპატიურებენ და თავს ვერ შველი, ისღა დაგრჩენია მოდუნდე და მიიღო სიამოვნება“. ასე მხოლოდ კინოში ხდება. რეალობა უფრო სასტიკია. როცა 3 წელი პერმანენტულად აუპატიურებენ შენ გონებას და არ გაძლევენ მოდუნების საშუალებას, გიმუშავდება პროტესტის გრძნობა. ასეთი პროტესტი გამოხატეს სკოლის მოწაფეებმა და მოზარდებმა რამდენიმე დღის წინ იმ ავადსახსენებელ „კინოსეანსზე“. და ეს დადებითი მოვლენაა, რადგან ახალგაზრდა თაობამ ნელ-ნელა გამოიმუშავა იმუნიტეტი მსგავსი აგიტპროპფილმების წინააღმდეგ. ახალგაზრდებმა თქვეს უარი მუდმივი წარსულით ცხოვრებაზე. ახალგაზრდებმა თქვეს უარი მათი უმანკო გონების სიმბოლურ გაუპატიურებაზე ასეთი ფილმებით.

                                                     დაასათაურე...

უნდა დასრულდეს უნიჭო რეჟისორების პოლიტიკაში წასვლა და უნიჭო პოლიტიკოსების რეჟისურით გატაცება. უნდა დასრულდეს ეს გაუთავებელი სუბლიმაცია. საქმე ლაპარაკის ნაცვლად და ხალხისთვის იმაზე მეტი სარგებლის მოტანა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი რეჟიმის შესახებ სექსუალური ძალადობის შემცველი ვიდეოფილმების ტირაჟირება!

თუ ვინმეს გიორგის აზრი არ მოგწონთ, მომწერეთ ელ-ფოსტაზე saltkhutsishvilitako@gamil.com და „უკეთესი თქვენ თქვით“...

თაკო სალთხუციშვილი