ნუ მაუპატიურებ, არასრულწლოვანი ვარ!
17 მარტი, 2015
1701
print

თაკო სალთხუციშვილი

“სამოქალაქო საზოგადოება მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან და ყველა უფლებამოსილი პირისგან იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა მიიღეს და რომელთა პირდაპირი თუ ირიბი ხელშეწყობით მოხდა ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის შესახებ ძალადობის სცენების შემცველი ე. წ. დოკუმენტური ფილმის დემონსტრირება სკოლის მოწაფეებისა და მოზარდების წინაშე.

მოვითხოვთ ყველა იმ საჯარო მოხელის დაუყოვნებლივ თანამდებობიდან გათავისუფლებას, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი სამსახურეობრივი უფლებამოსილება და გადაამეტეს მას აღნიშნული ფირის დემონსტრირების დროს.” - ეს გახლავთ პეტიცია, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტმა, გიორგი კალატოზიშვილმა P.S.-ში გასული სიუჟეტის ნახვისთანავე შეადგინა...

ამ კვირაში (ისევე როგორც წინაშიც, იმის წინაშიც, მთელი თვე და ალბათ წელიც) ქვეყანა საკმაოდ დატვირთულია არასასიამოვნო ამბებით, თუმცა რამდენიმე მათგანი გამოირჩევა სიმძიმით და ნაწილიც საზოგადოებაში მოპოვებული პოპულარობით.

მაგალითად, ამბავი „2 ტონა და 790 კგ თხევადი ჰეროინის გადატანისთვის ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა“ სოციალურ ქსელში ჩემი მეგობრების ნახევრს მაინც გაზიარებული ჰქონდა. სათაური ყვირის ალბათ, მაინც დიდი ციფრი წერია... და თემა, რომელსაც პირდაპირ შეგვიძლია „ბავშვებზე და მოზარდებზე ძალადობა“ ვუწოდოთ, არც ისე პოპულარული გახდა. გიორგის სოციალურ ქსელში ორი ათასამდე მეგობარი ჰყავს, მეც დაახლოებით მაგდენივე და გეუბნებით, რომ ჩვენ ზემოთაღნიშნული პეტიცია საკუთარ გვერდებზე გავაზიარეთ. ასევე, ამ დროისთვის (15 მარტი, 23:55) პეტიცია 755 ადამიანმა გააზიარა და ჯამში მხოლოდ 295 ხელმოწერაა დაფიქსირებული. რამდენად ზარმაცი უნდა იყო, რომ გააზიარო და ხელმოწერა, რომელსაც მაქსიმუმ 30 წამი სჭრდებოდეს დაგეზაროს, თორემ ლოგიკურად მინიმუმ 755-ვე „გამზიარებელს“ ხომ უნდა მოეწერა ხელი! ეს ვართ ქართველები-თქო რომ ვთქვა, ძალიან ბანალური იქნება, მაგრამ ვართ და ჰა! მიდი და ეძებე ახლა ერის სიზარმაცის, გაუნათლებლობის, შეუგნებლობის, სიშტერის და რაც მთავარია ეგოიზმის კრეატიული შეფასებები! ის, რომ ეს თქვენს შვილებს არ შეეხოთ, არ ნიშნავს რომ მომავალშიც არ შეეხებათ...

კადრები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ფილმად აჩვენა და გვამების გამოფენა, რომელიც მათ 12-დან 17 წლამდე მოზარდებს ფოიეში მოუწყვეს, მარტო ჩემს სამეგობროში ნახევარს ნანახი არ აქვს. იმიტომ კი არა, რომ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ, არ აღელვებთ, ან არ აინტერესებთ... იმიტომ, რომ ვერ შეძლეს! და სკოლის მოწაფეების ისედაც გარდატეხის პერიოდში, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ფაქიზი ფსიქიკა გაუძლებდა, აღიქვამდა და სწორად გააანალიზებდა იმ ყველაფერს, რაც იმ ცხოველებმა „ახალი პროექტების განსახილველად“ მოტყუებით მიყვანილ ბავშვებს აჩვენეს?! რის მიღწევას ცდილობდნენ ეს ადამიანები საინტერესოა... ამ ბავშვების დათრგუნვა უნდოდათ თუ მოძალადეებად გარდაქმნა?!... შედეგი ყველა შემთხვევაში ან ერთი ან მეორე იქნებოდა. მე, როგორც ფსიქოლოგი, ამ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ და თქვენ, როგორც მოქალაქეებს, მინიმუმ აღნიშნულ პეტიციაზე ხელმოწერის პასუხისმგებლობა გაკისრიათ! ან ხვალ, რომელიმე იქ მყოფი მოწაფე თქვენს შვილზე თუ იძალადებს, ნუ გაგიკვირდებათ...

ბატონი ღარიბაშვილი კი „არ მიესალმება დაბალი კლასების მოსწავლეების დარბაზებში მიყვანას“, მაგრამ საინტერესოა მაღალი კლასების მოწაფეების მიყვანას თუ თვლის მიზანშეწონილად... „სახელმწიფოც კი დგას მოწოდების სიმაღლეზე“, მაგრამ ბატონი მგალობლიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე მაინც თვლის, რომ სკოლის მოსწავლეებმა ამ ტიპის ძალადობრივ, გვამებით დასურათებულ, დოკუმენტურ ფილმებს უნდა უყურონ! არადა, ტელევიზიით მძაფრსიუჟეტიან მხატვრულ ფილმების გაშვებისას კანონი ასაკობრივი ცენზის დაცვას ავალდებულებს...

მოკლედ, იქ მყოფი თითოეული მოსწავლე გალიაში შეყრილი ცხოველებივით გამოკეტეს დარბაზში და ტვინები გაუუპატიურეს! აცადეთ, თვითონ გადაწყვიტონ „სექსით“ რა ასაკში, სად, ვისთან და რა ფორმით დაკავდებიან! ჯერ არასრულწლოვანები არიან... საკუთარი სურვილის შემთხვევაში ყველაფერს მოიპოვებენ ინტერნეტში და დღეს, საბედნიეროდ ეს ინტერნეტიც ყველგან მოიპოვება.

თაკო სალთხუციშვილი