P-47 Thunderbolt, ანუ სტილი და ფილოსოფია
18 მარტი, 2015
1887
print

მზეხა მახარაძე

 ბრენდი UNIQ, ავტორი ზვიად ციკოლია.

მაჯის საათებს, რომლებიც შვეიცარიაში მზადდება და ავტომობილების, თვითმფრინავების ან გემების ნაწილი ხდება, საერთაშორისო პრესა ხელოვნების ნიმუშებს უწოდებს. UNIQ -ის მაჯის საათების მოდელებმა - JUST UNIQ-მა და P-47 Thunderbolt ჯერ 2006 წელს, შემდეგ კი 2014 წელს აიღეს ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული დიზაინის ოსკარი, - RED DOT AWARD: საათის საუკეთესო დიზაინისთვის და ასევე საათის საუკეთესო შეფუთვის დიზაინისთვის. P-47 Thunderbolt მწვანე სამხედრო სტილის ყუთშია ჩადებული, არადა ასეთი ორიგინალური შეფუთვა საათებს აქამდე არ ჰქონიათ... ორივე საათის მოდელი ძვირადღირებული პროექტია, მით უმეტეს როცა ასეთი მაღალი ხარისხით შვეიცარიასა და იაპონიაში ამზადებინებ. პირველად JUST UNIQ-მა Red Dot-ის პრიზი რომ მიიღო საათის საუკეთესო დიზაინისთვის, ჟიურის წევრებმა ავტორისეული ნამუშევარი ასე შეაფასეს: “ზვიად ციკოლიამ წარმოადგინა უნიკალური დიზაინი...”

რა იყო UNIQ -ის საათებამდე?

2001 წელს ზვიად ციკოლია Peugeot-ს outsourcing მენეჯერისგან წერილს იღებს: “თქვენი პორტფოლიო ვნახე, ძალიან მომეწონა, სერიული წარმოებისთვის ახალი მოდელის დიზაინი გვინდა დაგიკვეთოთ...” ამის შემდეგ პარიზში აფორმებს კონტაქტს, Peugeot 1007 მოდელის ექსტერიერზე უნდა იმუშაოს, რადგან ვინც ნახა ციკოლიას საავტორო Bugatti, ამბობს: “უბრალოდ გაოცებულები ვართ ამ ემოციური ესკიზით!” 2001 წელს Peugeot-თან აფორმებს კონტრაქტს, აკეთებს Peugeot 1007-ის ექსტერიერს, Peugeot 307-ის ინტერიერს... მერე მის ცხოვრებაში იაპონური პერიოდი დგება და ავტოკომპანიის DCI-ის უფროსი დიზაინერი ხდება, მანამდე აკეთებს Russo-Baltique Impression-ს, Rolls Royce-ს... 2012-2013 წლებში კომპანია SAIC Motor-ის კონსულტანტია და ქმნის მომავლის ავტომობილების მოდელებს - Roewe, MG... - დიზაინის ამ არქიტექტურულ განზომილებაში მისი ინტელექტი და აზროვნების სტილი გადაიკვეთება, რომლის კონცეფციაც აერთიანებს რეტროს, თანამედროვეობას და მომავალს. მის კარიერაში წარმატებას თავისი კანონები აქვს, მთავარია განსაზღვრო რა იცი, რა არ იცი, ან რაც შემდეგ გეცოდინება. და მაინც, კარიერაში ზვიად ციკოლიას წარმატებული თავგადასავალი 1997 წელს ფრანკფურტის ავტოსალონიდან იწყება. ამ ავტოფორუმზე მისი საავტორო დიზაინით შექმნილი Bugatti ყურადღებას იქცევს, რადგან ციკოლიას ხელწერაში ჩანს ავტოდიზაინის მიმართ არასდტანდარტულად განსხვავებული სტილი, ექსპრესია, პრინციპები და ფილოსოფია. “დიზაინერი არ ყიდის პროდუქტს, ყიდის ფილოსოფიას” - ამბობს ციკოლია, რომელიც ავტოდიზაინის გეომეტრიაში თამამად აზროვნებს, დადგენილ საზღვრებს არღვევს, დებს თავის მესიჯებს და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

- RED DOT AWARD განსაზღვრავს წლის ინოვაციურ პროექტს და ასევე საერთაშორისო წარმატების სინონიმია. შემოქმედებითი სტიმულის გარდა, რა მოაქვს ამ პრემიებს?

- ამ პრიზების მერე ჩემი საათებით საერთაშორისო პრესა დაინტერესდა, აქტიურად იწერება ჩემი საათების წარმოების მაღალ ხარისხზე, ექსპერტებმა ამერიკაში ფორუმებზე დაიწყეს განხილვა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ამას ემატება ის თავდაჯერება, რაც შემდეგ კიდევ უფრო უკეთეს პროდუქტს გაგაკეთებინებს. Red Dot-ის პრიზების აღება რთულია, ძალიან სერიოზული დიზაინ სტუდიები მონაწილეობდნენ, დაჯილდოვებას დიდი აუდიტორია ჰყავს და შესაბამისად, უამრავი პროფესიონალი იგებს შენს წარმატებას. მიხარია, რომ საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ ახსენეს ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად ამ დაჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიალზე. Red Dot-ის პრიზი პირველად რომ მივიღე, საათის ის დიზაინი სულ 3 წუთში მოვიფიქრე, - საკმაოდ განსხვავებულია, ხარისხია უმაღლესი, იაპონიაში დავამზადებინე იაპონურ მექანიზმზე, თანაც ეს არის ექსკლუზიური ნიმუში, რომელიც აღარ განმეორდება. JUST UNIQ-მა Red Dot-ის პირველი პრიზი მიიღო საათის დიზაინისთვის, აი მეორედ კი პრიზი მიიღო ამ მოდელის - P-47 Thunderbolt-ის ყუთმა შეფუთვის დიზაინისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ მაღალი სტანდარტებით მუშაობას კიდევ ერთხელ ამტკიცებ. P 47-ის ყუთი იმდენად ორიგინალური გამოვიდა, რომ იტალიელებსაც კი გაუკვირდათ.

- P-47 Thunderbolt ლეგენდარულ ალექსანდრე ქართველიშვილის პატივისცემის ნიშნად შექმენით და ასევე ავიაციისადმი თქვენი ბავშვობის დროინდელი სიყვარულის სიმბოლოა... როგორ დაიწყო 2011 წელს ახალი, თუმცა უკვე წარმატებული საათების ბრენდის ისტორია, ან რას ნიშნავს UNIQ?

- ალექსანდრე ქართველიშვილი ბავშვობიდან იყო ჩემი კუმირი და მის მიმართ პატივისცემა და სიყვარული ამ ფორმით გამოვხატე. შევეცადე ის ემოცია, რასაც ქართველიშვილის თვითმფრინავი მაძლევს, P-47-ში გადმომეცა. ამისთვის კი მისი თვითმფრინავი სრულიად შევისწავლე. ეს საათი კი, თავისი დიზაინით, პროპორციებით, დეტალებით, კონცეფციით თუ შინაარსით - ქართველიშვილის თვითმფრინავის სულის ნაწილი გახდა. ბავშვობიდან ვოცნებობდი ავიაკონსტრუქტორი გამოვსულიყავი, ჩემს სამუშაო მაგიდაზე თვითმფრინავების მაკეტები დევს, ავიაცია და ავტომობილები ერთმანეთისგან განუყოფელი თემაა იმიტომ, რომ ბევრი მანქანა ავიაციიდან მიღებული ინსპირაცით მაქვს გაკეთებული ისევე, როგორც საათები.

2006 წელს როდესაც RED DOT AWARD მივიღე საათის დიზაინში, ორგანიზატორებმა გამომიგზავნეს წიგნი, სადაც ჟიურის წევრების ინტერვიუ იყო დაბეჭდილი: “ზვიად ციკოლიამ წარმოადგინა უნიკალური დიზაინი...” - ასე შეაფასეს ჩემი საათი. მერე ბრენდისთვის სახელწოდებას ვეძებდი და მივედი იქამდე, რომ რადგანაც ჩემს საათს Unique-ს ეძახიან, მოდი ბრენდს ასეც დავარქმევ მეთქი, ოღონდ სახელი სხვანაირად დავწერე - UNIQ და ის ორი დამატებითი ასო ჩამოვაშორე. პირველი საათი M 21 გავაკეთე GAZ M 21-ის ინსპირაციით და იყო დაკვეთა. 50-60-იანი წლების ეს საბჭოთა მანქანა GAZ M 21 კოლექციონრებისთვის დღესაც ძალიან პოპულარული ავტომოდელია. ეს საათი ჩემთვის უკვე კლასიკურ ნამუშევრად იქცა, მეტსაც გეტყვით, მთხოვენ ისევ გავიმეორო, მაგრამ უარს ვამბობ იმიტომ, რომ ეს სერია ლიმიტირებულია. მერე იყო GAFF 44 ქართული ჯარის საათი, თავდაცვის სამინისტრომ დამიკვეთა, რაც ჩემთვის დღემდე ძალიან საამაყო და ისტორიულ პროექტად რჩება!

რაც შეეხება კომპანიის დამოუკიდებელ პროექტს, რომელიც ჩვენ ჩვენივე ძალებით ვაწარმოეთ, არის P-47 Thunderbolt. საერთოდ, საათის დიზაინი რთული და სენსიტიური თემაა, ამავე დროს ძალიან კომპლექსური. ჩემი ბოლო მოდელები SEVEN, რაც გავაკეთე, ინსპირაცია ინგლისური ავტობრენდისგან წამოვიდა და Caterham 7-ის მანქანას მივუძღვენი. შესაბამისად, საათზე ამ ავტომოდელის სიმბოლოები და დეტალები გადავიტანე. ვისაც ეს მანქანა ჰყავს, ისინი ჩემს საათებს უკვეთავენ კიდეც, ანუ კონცეპტუალურ დიზაინთან ერთად ესეც კომერციული გათვლაა. მინდოდა ხელმისაწვდომ ფასებში მაღალი ხარისხის საათები მეწარმოებინა. თუ ადამიანს არ შეუძლია ჰყავდეს Ferrari, მან ის მაინც შეძლოს, ატაროს აქსესუარი, რაც Ferrari-ს აგონებს, ემოციურად ახლოს იყოს საყვარელ ავტობრენდთან.

- თქვენი საყვარელი ავტობრენდი არის...

- Lotus თავისი ფილოსოფიით, როდესაც იქმნება პატარა სპორტული სტილის მანქანები და ჩემთვის მისაღებია დიზაინით, stalling-ით, კომპაქტურობით...

 - რა ავტომობილი გყავთ?

- ახლა დავდივარ 9 წლის Hyundai Getz-ით. ადრე მყავდა Hyundai Jeep ix 35, - ძალიან კომფორტული მანქანაა, მაგრამ ვერც კი შევადარებ აი, ამ პატარა მანქანას გადაადგილების მხრივ, - ქალაქის პირობებში საკმაოდ რთულია. მობილურობას მე დიდ ყურადღებას ვაქცევ, ისევე, როგორ ეკოლოგიურობას, პრაქტიკულობას, შიდა სივრცეს... მე მანქანა შიგნიდან ვიცი, ვერ მომატყუებენ, ვიცი ყოველი ბრენდის ავტომოდელის ფილოსოფია და არა ის ინფორმაცია, რაც მარკეტოლოგებმა მიაწოდეს მომხმარებელს.

- თქვენი წარმატებული კარიერის რენესანსი 1997 წელს ფრანკფურტის ავტოსალონიდან იწყება... თქვენი საავტორო დიზაინით შექმნილი Bugatti არამარტო ავტომოყვარულების ყურადღებას იქცევს, არამედ, ამ ხელწერაში ჩანს ავტოდიზაინის განსხვავებული სტილი, პრინციპები და ფილოსოფია. 2001 წელს თქვენ Peugeot-გან მიიღეთ კონტრაქტი, რეზულტატი კი იყო Peugeot 1007-ის ექსტერიერზე, Peugeot 307-ის ინტერიერზე მუშაობა... მაინც, რატომ წამოხვედით Peugeot-დან, ან ახლა როგორ აღიქვამთ Bugatti-ის მოდელს?

- ჩემა პედაგოგმა ნოდარ ინჯიამ მაშინ მითხრა: ამ მოდელს შენ ჯერ ვერ აცნობიერებ, რაც გააკეთე ამას მიხვდები 10-15 წლის მერე და საკუთარი თავის გაგიკვირდებაო! მართალი იყო! ახლა ვხვდები რა იგულისხმა - მთელი ჩემი გული, სული, სიყვარული, ენერგია მქონდა ჩადებული, Bugatti-ის დიზაინი ისეთივე გულწრფელია, როგორც ”ბითლზების” გულიდან წამოსული ჰიტები, - დაუღვინებელი, არარაფინირებული, ემოციური, ამიტომაც ავტომობილებიდან Bugatti-ის ეს მოდელი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნამუშევარია. მახსოვს ის მძიმე ბარიერები, რაც მაშინ შემხვდა, ის რისკი, რაზეც ახლა აღარ წავიდოდი.

- რა რისკს გულისხმობთ?

- ფინანსები და კიდევ სხვა ფაქტორებიც.

- რამდენი იყო Bugatti-ის ბიუჯეტი?

- ვერ დაიჯერებთ, სულ 3000 დოლარად გაკეთდა მაკეტი, მაშინ ინსტრუმენტებიც არ გვქონდა, შეზღუდულ ვადებში ვმუშაობდით... Air Georgia-ს სამგზავრო თვითმფრინავით წავიღეთ ეს ყველაფერი, მერე მანქანა გადმოზიდვის დროს დაზიანდა, საღამოს 5 საათზე მოგვიტანეს თითქმის დალეწილი, დილას 8 საათზე კი გამოფენა იხსნებოდა. რა უნდა მექნა? მქონდა ერთსაათიანი შოკი! ხელი მაინც არ ჩავიქნიე, იქვე ადგილზევე გავარემონტეთ ერთ ღამეში და ეს მანქანა მეორე დღეს გამოფენაზე იდგა როგორც ახალი! ჩვენი ამბავი ვინც იცოდა, ყველამ დააღო პირი! Peugeot-ს კონტრაქტიც ფრანკფურტმა მოიტანა იმიტომ, რომ პარიზში Peugeot-ს ოფისში რომ მივედი, მაგიდაზე ჩემი Bugatti-ის ფოტოები ედოთ და მითხრეს: - დიზაინის მიმართ, არასტანდარტული ხედვა გაქვთო... მე Peugeot-ში ვმუშაობდი როგორც კონსულტანტი, outsourcing-ზე, ახალი მოდელების ექსტერიერსა და ინტერიერზე. მერე თვითონ კომპანიის კონცეფცია, შიდა პოლიტიკა შეიცვალა და ჩვენი ურთიერთობაც დამთავრდა. ამის მერე მე დავიწყე სხვა კომპანიებთან ურთიერთობა.

- დიდ კომპანიებში დიზაინერის საავტორო უფლებები დაცულია?

- ვერ დაიცავ, ხელშეკრულების დადებიდან 5 წლის განმავლობაში მე უფლება არ მქონდა გამომეყენებინა სიტყვა Peugeot.

- ავტოდიზაინში ფიქრობდით ტენდენციებზე?

- რა თქმა უნდა. თუ კომპანიას უკეთებ დიზაინს, რომელიც მასობრივი წარმოებისთვის არის განკუთვნილი, მაშინ უნდა გაითვალისწინო ტენდენციები და ბაზარზე კონკურენცია უნდა გაუწიო სხვა კომპანიებს, მაგრამ თუ ექსკლუზიურ პროექტზე მუშაობ, მაშინ კონცეპტუალურად სრულიად თავისუფალი ხარ. მანქანების დიზაინის განხილვა იყო ერთ-ერთ ფორუმზე და ასეთი კომენტარი წავიკითხე ჩემს Russo-Baltique Impression-ზე: Russo-Baltique-ს აქვს ისეთი ფორმები, რომელიც Hyundai-ს უფრო უხდებაო. ასეთი შეფასება ჩემთვის კომპლიმენტია, ვინაიდან Russo-Baltique-ს მე გავაკეთე 2001 წელს, და აბა, 2001 წლის Hyundai-ს მოდელებს გადახედეთ როგორი იყო მაშინ?! - ჩემი დიზაინი რამდენიმე წლით უფრო პროგრესული იყო და რამდენიმე წლით გაუსწრო მსოფლიო ავტოდიზანის ტენდენციებს. 14 წელი გავიდა და დღეს სწორედ იმ ტენდენციით და მიმართულებით აკეთებს Hyundai მანქანებს, რაც მე 2001 წელს გავაკეთე!

- ავტომოდელის ფერიც ბრენდის სტილისა და ფილოსოფიის განმსაზღვრელია?

- დიზაინერი საერთოდ ცდილობს მოდელი ვერცხლისფერში, ან ნაცრისფერში გააკეთოს იმიტომ, რომ ეს ფერი მანქანას აძლევს იდეალური შუქ-ჩრდილის თამაშს, ხედავ ფორმას, დიზაინს, დეტალებს... ყველა ფორმა ნებისმიერ ფერში არ აღიქმება, აქედან გამომდინარე, ფერის შერჩევაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

- ვინ არის თქვენი ფავორიტი ავტოდიზაინერი?

- ჯორჯეტო ჯუჯარო/Giorgetto Giugiaro. მის ნამუშევრებს ბავშვობიდან ვათვალიერებდი, 1988 წელს პირველად ფრანგულ ჟურნალში ვნახე ჯუჯაროს გაკეთებული Audi-ს Concept Car და შოკში ჩავვარდი! თავიდან მისი სტილით და ხედვით დავიწყე ხატვა... 2006 წელს ჟენევაში წავედი და მან ნახა ჩემი Bugatti, Russo-Baltique-ს ესკიზები. მას ჩემი საათებიც ძალიან მოსწონს, - ბევრი საინტერესო დეტალები გაქვს მოფიქრებულიო, - მითხრა, არადა ჯუჯარისაც საათები აქვს გაკეთებული Seiko-სთვის. სულ მინდოდა თბილისში ჩამომეყვანა და ჩამოვიყვანე კიდეც 2011-2012 წელს, ჩვენ გვქონდა მცდელობა ერთობლივად გვეთანამშრობლა, უნდოდა აქ გაეხსნა Italdesign Giugiaro-ს ფილიალი და მე ვყოფილიყავი ამ ფილიალის ხელმძღვანელი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა, არც ფილიალი განხორციელდა, არც დიზაინის სკოლა... თუმცა იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ ეს პროექტები ამოქმედდება. რაც მთავარია, ჩვენ სულ გვაქვს კონტაქტი, - შარშან ჟენევის ავტოსალონზე ოფიციალური სტუმრის სტატუსით მიმიწვიეს, წელსაც, რა თქმა უნდა, ვაპირებ წასვლას.

- თქვენ დიზაინს თითქმის ყველა მიმართულებით აკეთებთ: ავტომობილების, საათებისა და მსუბუქი თვითმფრინავების გარდა, თქვენი ხელწერით გამოვიდა “ხვანჭკარას”, “ბორჯომის პროდუქტის”, Castel, Hertzog, 3D და კიდევ სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლების ბოთლები... ახლა რა პროექტებზე მუშაობთ?

- რამდენიმე თემაზე ერთდროულად ვმუშაობ და ამ პროექტებზე მუშაობა დიდ სიამოვნებას მგვრის. ეს შეეხება როგორც არქიტექტურას, ასევე ინტერიერს, მომავლის მანქანას, თვითმფრინავის პროექტს, საათებზე აღარ ვსაუბრობ... მომავლის მანქანების პროექტი, რომლის კონცეფციასაც ახლა ვაძლევთ სრულყოფილ სახეს, მთლიანად ცვლის ადამიანის ცხოვრების სტილს და ფილოსოფიას, - ეს არის სუფთა ტრანსპორტი, ანუ მწვანე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული, კომუნიკაციები, მობილურობა, პერსონალურობა, - ყველაფერი ერთმანეთთან არის შერწყმული. ამ მანქანის თემიდან გამომდინარე, უკვე ქალაქის ურბანული დაგეგმარებაც იცვლება, არქიტექტურა, ყველაფერი სულ სხვა სახეს იღებს და მომავლისკენ მივდივართ. მე ძალიან მინდა, ეს პროექტი საქართველოში შეიქმნას, ქართული პროდუქტი იყოს, ჩემი მხრიდან ძალისხმევას არ ვაკლებ, ამიტომაც სულ შეხვედრები მიწევს. ვნახოთ რა გამოვა, - დღევანდელი ეკონომიკური სიტუაცია და საერთო განწყობა რამდენად მოგვცემს ამის საშუალებას.

 - რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

- ალბათ ჩემი სიჯიუტე, ენერგია, არანორმალური ინტერესი და სიყვარული ჩემი საქმისადმი და ჩემი ქვეყნისადმი, სადაც სულ ვცდილობ განვახორციელო ჩემი პროექტები, მაგრამ ამ პროექტებიდან 99 პროცენტი მთავრდება კრახით იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ჩემი პროექტები არ აინტერესებთ, - სულ სხვა ღირებულებები და ხედვაა. გულახდილად რომ გიპასუხოთ, ჩემს თავს წარმატებულად არ ვთვლი და, გარკვეულწილად, გულდაწყვეტილი ვარ იმიტომ, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია. ჩემი პროექტებიდან კომერციულად არც ერთი არ ყოფილა ჩემთვის მომგებიანი, არადა, ზოგს მილიონერი ვგონივარ, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ბევრს უკვირს კიდეც, - ამდენი პროექტის ავტორი და მერე?..

- თქვენი პორტფოლიოდან რომელია ყველაზე ამბიციური პროექტი?

- “დიდგორი”, - როდესაც ვმუშაობდი ჯავშნოსან მანქანაზე. “დიდგორი” ჩემთვის ყველაზე თბილი და საამაყო პროექტია იმიტომ, რომ საქართველოს გავუკეთე, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის თავდაცვის სტრუქტურებს და, როგორც იცით, ამ ჯავშანმანქანამ ამერიკულ პროდუქტს აჯობა საუდის არაბეთის ტენდერში. “დიდგორის” დიზაინზე რომ ვმუშაობდი ინჟინრებთან და კონსტრუქტორებთან ერთად, მქონდა სრული თავისუფლება, რაც ძალიან მნიშნველოვანი ფაქტორია, ამიტომაც გამოვიდა ეს პროექტი ძალიან ეფექტური.

 

მზეხა მახარაძე