ვერ მოფიქრებული სათაური ან უსათაურო
20 მარტი, 2015
2529
print

ქეთევან იგნატოვა

კვირიდან კვირამდე მორიგი წერილის დასათაურება ყოველთვის მიჭირს. სათაური, თითქოს, რაღაც ჩარჩოში გაქცევს, გზღუდავს, წერამ კი, არასდროს იცი სად შეიძლება შეგიტყუოს… თემა, თითქოს, წინასწარ ამორჩეული, მოფიქრებული გაქვს. თითქოს, იცი, გასული კვირის მანძილზე ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა, რა მოგხვდა გულზე. ზუსტად იცი ყურადღების გამახვილება, საუბარი, აზრის გაზიარება რასთან დაკავშირებით გჭირდება და მაინც, წერის შემდეგ, სულ სხვაგან აღმოჩნდები!

გასული კვირა იმდენად მრავალფეროვანი, ერთმანეთისგან განსხვავებული მოვლენებით დამამახსოვრდა, რომ ახლაც, როგორც უკვე არაერთხელ მომხდარა, ვერც წერილის სათაური მოვიფიქრე და არც ის ვიცი, პირველ რიგში რითი და როგორ დავიწყო?

გასაზიარებელი კი სასიამოვნოც, იმედისმომცემიც მაქვს და უსიამოვნო, აღმაღშფოთებელი, სამარცხვინოც. რომლით დავიწყო? ჯერ სასიამოვნო, თუ ჯერ სამარცხვინო? ჯერ იმედი, თუ ჯერ უიმედობა? ვფიქრობ აჯობებს, გასული კვირის ყველაფერი სამარცხვინო მოკლედ გავიხსენო, იმედისმომცემი კი ბოლოსთვის შემოვინახო…

შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების და მათი მომხრეების მხრიდან პოლიტოპონენტებისადმი აუხსნელი აგრესიით, დედის გინებით, მუშტიკრივით, ლეწვითა და ღებვით, დანაშაულებრივი იდიოტიზმით, გაუმართლებელი ქმედებებითა და გაუაზრებელი კომენტარებით გასული კვირა ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მხოლოდ კლასიკური ხულიგნებისთვის და არავითარ შემთხვევაში მთავრობისთვის დამახასითებელი ქუჩის ჩხუბები, გაწევ-გამოწევა, ყველანაირი შეურაცხყოფა… ზუგდიდში დარბეული, დალეწილი, ამჯერად უკვე არამარტო საღებავით, არამედ სისხლითაც შეღებილი ოფისი, დასისხლიანებულ-დაშავებული ადამიანები. უმოქმედო და, როგორც უკვე აშკარად გამოჩნდა, სრულიად პოლიტიზებული პოლიცია. დებილობამდე უცვლელი იგივე ხელწერა, იგივე აგრესია და მთავრობის მხრიდან, ელემენტარულ ლოგიკას, ობიექტურ აზრს მოკლებული ტრაფარეტული, თითქოს და დაზეპირებული, ბევრჯერ გაგონილ-მოსმენილი და სრულიად ფუტურო, ფასდაკარგული პასუხები. ახლა უკვე შესაშურად დაწინაურებულ-დაფასებული და ელიტური სასტუმროების ბარებში, ფერად-ფერადი კოქტეილის მწრუპავი და თავდაჯერებულად დამშვიდებული მელორ ვაჩნაძე (თავისი უკვე გამოიმუშავა, დაიმსახურა) ახალმა, ელიტური სასტუმროს ბარში ადგილისთვის მონდომებულად მებრძოლმა, ვინმე სადღობელაშვილმა ჩაანაცვლა. რეგიონიდან რეგიონში, ქუჩიდან ქუჩაზე, ოფისიდან ოფისში ნაციონალების კვალდაკვალ დარბის, ყვირის, ურტყამს, ასისხლიანებს, მელორს ბაძავს, არც ქალი იცის და და არც კაცი. ქართული ოცნების დაუღალავ, პროფესიონალ და ამავე დროს, იაფადანაზღაურებად “მალიარად” თუ პირდაპირ ზონდერად იქცა. უნდა რომ დაინახონ, შეამჩნიონ, გაიგონონ და რაც მთავარია, დაუფასონ. მელორივით დაუფასონ. ღებავს, აოხრებს, შეურაცხყოფს… მე კი რატომღაც მეცოდება. ნერვიულობს, მსახიობობს, წითლდება, თავს ხელოვნურად იბრაზებს, “იგდებს”, კამერების დასანახად ხელებს იქნევს… მეგობრები დამცინიან, “შენი შესაცოდი რა ჭირსო?” არ ვიცი, შეიძლება არც არაფერი, მაგრამ მე მაინც მეცოდება! ასეთი ახალგაზრდა, ასეთი ენერგიული, ასეთი მიზანდასახული, ასეთი დაუღლელი… და ასეთი ცუდი?

სხვათა შორის, გაგიკვირდებათ და პრემიერ-მინისტრიც უკვე ცოტა არ იყოს და მეცოდება. ან მრჩევლები ვინ ყავს, ან ამ ერთი-მეორეზე ალოგიკურ, უბადრუკ კომენტარებს, რომელი არაკეთილმოსურნე, ბოროტი უწერს? ვინ ატყუებს, რომ სადღობელაშვილი კარგი, გამოსადეგი, შედეგის მომტანი ბიჭია? ვინ “აბოლებს”, რომ ეს მეთოდები ოდითგან აპრობირებულ-მომგებიანია? ვინ უბრძანებს სისულელეების ლაპარაკს, შავზე თეთრის მტკიცებას, კისრის ამგვარ დაჭიმვას?... ვინ იძენს მისთვის ასეთი ღირებულების ავეჯს, ბატუტიან საწოლს? ღამის ოთხამდე ვინ სადისტი ამუშავებს და განმუხტვა-რელაქსაციის მიზნით, კიდევ ბატუტზე ვინ ახტუნავებს? დასცინიან თუ ჩვენ დაგვცინიან?

ქალაქის მერიც მეცოდება. რა ქნას? წვალობს, ცდილობს, კორუფციას ებრძვის, აღმოსავლურ ოთახებს აწყობს, ასფალტს აგებს… როგორც შეუძლია, როგორც ესმის, როგორც გაუგია, ისე ცდილობს და კაცი არ არის ამ დაუნდობელ ქალაქში მისი დამფასებელ-მადლიერი! ერთი-ორი თანასოფლელიც საჩვენებლად დაიჭირა, წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები დაადუმა, ელბაქიძეც კოხტად და ლამაზად გააკრიალა, ქვაფენილიც აყარა, გრანიტის ქვებიც მომგებიანად გადაყიდა, ახლა დალაქულ, ნესტიან, ხვიარითა და ხავსით დაზიანებულ, ძველ აგურის კედელსაც ახალი, ლაპლაპა, ლამაზი, ჭრელი, თურქული კაფელით მოაპირკეთებს… და ეს დაუნახავი თბილისელები კმაყოფილები მაინც არ იქნებიან, მაინც გალანძღავენ, მაინც დასცინებენ… ვაფრთხილებდით! ვეუბნებოდით, ვუწერდით - не в свои сани не садись-თქო! არ დაიჯერა და ახლა, ისევ ჩვენი შესაცოდი გახდა!

არ გეგონოთ, რომ განურჩევლად ყველა უუნარო, უნიათო მეცოდება. ასეთი დიდსულოვანიც არ ვარ! აი, განათლების მინისტრი სრულებითაც არ მეცოდება! უთავმოყვარეო ადამიანები არც მეცოდება და არც მიყვარს! არც იმ რაიონების გამგებლები მეცოდება, არც იმ სკოლების დირექტორები, რომელთა ბავშვები პომპეზურ, წინასწარ დაგეგმილ, შესანაშინავად ორგანიზებულ და სრულიად დანაშაულებრივ კინოჩვენებაზე, ე.წ. “ციხის კადრების” საყურებლად, იძულებით წაიყვანეს. მთელი კვირის მანძილზე, იმედიანად და როგორც გაირკვა სრულიად ამაოდ, მინისტრის გადადგომის, ან რომელიმე გამგებლის გადაყენების, ან თუნდაც ერთი სკოლის დირექტორის მოხსნის შესახებ ინფორმაციას ველოდებოდი. ასობით ბავშვის, მოზარდის ფსიქიკის დაზიანებისა და მათში სიძულვილის დანერგვა-კულტივირების საპასუხოდ, ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციების და მშობლების მწვავე რეაქციას, რაღა დაგიმალოთ და, ჯერაც ველოდები. რატომღაც იმედს არ ვკარგავ!

არც ის პოლიტიკოსები მეცოდებიან, რომლებიც, ახლა უკვე ხმამაღლა, დაუფარავად (ასეთი შესანიშნავი დრო დაუდგათ!) რუსეთისკენ მოგვიწოდებენ, ევრაზიულ კავშირზე ოცნებობენ… არც თამამად და ამაყად თავწამოწეული მეხუთე კოლონის მომრავლებული წარმომადგენლები მებრალებიან. არც მათი სენტიმენტები, არც ნოსტალგია მიჩუყებს გულს! არც…

ალბათ ფიქრობთ, ამდენი ანომალიურის, გააზრებული თუ გაუაზრებელი იდიოტიზმის ფონზე, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ყოველდღიურად ხდება, ელემენტარული იმედის მომცემი რა, სად უნდა დამენახა?

გასულ კვირას მარჯანიშვილის თეატრში ახალი პოლიტიკური ძალა, საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” დაფუძნდა. ხალხით გადაჭედილ დარბაზში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე ეს შეხვედრა გასაკვირად აქტიურად წარიმართა. სრულიად განსხვავებული ასაკის, სოციუმის, პროფესიის ადამიანებს უამრავი კითხვა ჰქონდათ ახალი მოძრაობის დამფუძნებლების მიმართ. სახელმწიფოს შემადგენელი ყველა მიმართულება, ყველა სფერო, გარე თუ შიდა პოლიტიკა, გლობალური ხედვა, რეალური სამომავლო გეგმა, მთავარი ღირებულებები და პრიორიტეტები, განათლება და ჯანდაცვა, ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა… სწორი, დამაჯერებელი, დინჯი, ყოველგვარ აგრესიას, რევანშიზმს, დადანაშაულებას სრულიად მოკლებული ტონით გაცემული ამომწურავი პასუხები, კომპეტენცია, პროფესიონალიზმი… ყველასთვის მაქსიმალურად კარგახსნილი, ახალი მოძრაობა “ივერია” მხოლოდ დასავლური, დემოკრატიული ღირებულებების გარშემო და ამ ღირებულებების დასაცავად ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე გაერთიანდა. ახალ პოლიტიკურ ძალად წარმოდგენილი თანამოაზრეთა საკმაოდ მრავალფეროვანი, კარგად ნაცნობი და სრულიად ახალი სახეების ერთობა, რომელიც პოლიტიკურ-იდეოლოგიური ნიშნით შეზღუდული არ იქნება. საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” კარგახსნილია ყველა იმ ადამიანისთვის, მოქალაქისთვის, ვისთვისაც მთავარ ღირებულებებს - თავისუფლება; სახელმწიფოებრიობა; მთავარი დემოკრატიული პრინციპები; კანონის უზენაესობა; სიღრმისეული, საფუძვლიანი განათლება; დამოუკიდებელი სასამართლო; დეპოლიტიზებული პოლიცია, პროკურატურა; არაშურისმაძიებლობა, არარევანშიზმი; თანასწორუფლებიანი ურთიერთთანამშრომლობა და რაც მთავარია, საქართველოს ევროპული არჩევანი, ნატო და მისი სრული უალტერნატივობა წარმოადგენს.

დარბაზში ვიჯექი. სამი საათის მანძილზე ამ ბოლო დროს ასეთ დეფიციტურ, მშვიდ, არააგრესიულ, კონსტრუქციულ, დამაჯერებელ, პროფესიონალიზმითა და ინტელექტით გამორჩეულ, არგუმენტირებულ საუბარს ვისმენდი და თითქოს მიკვირდა, თითქოს გადავეჩვიე, თითქოს ყური გადაეჩვია. ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე, ცალკეული მოქალაქის უფლებების უზენაესობაზე დამყარებულ, ჩემთვის და არამარტო ჩემთვის, სრულიად უალტერნატივო, ერთადერთ ჭეშმარიტ ფასეულობებზე ორიენტირებულ საუბარს ვისმენდი და მსიამოვნებდა, მესმოდა, მჯეროდა… ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიის” ღირებულებებს, მიზნებს, გეგმებს, ხედვას ვიზიარებდი. ივერიელების ენა მესმოდა და იმედი მომეცა… გასულ კვირას დავრწმუნდი, რომ ქართული პოლიტიკის ოპოზიციურ სპექტრს ერთი ძლიერი, მყარი, მცოდნე და არგუმენტირებული და ყველასათვის ხელმისაწვდომი და გასაგებ-მისაღები მოძრაობა შეუერთდა…

დღევანდელი მთავრობის, ხელისუფლების მიერ დაკანონებული სიძულვილის, ზიზღის, ანგარიშსწორების, დადანაშაულების, აგრესიისა და ტოტალური ტყუილის მდაბიო ენა კი, რა ვქნა, არ მესმის?! და თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს, ჩემთვის გაუგებარ და მიუღებელ ენაზე მოსაუბრე მთავრობა საქმეშიც, ქვეყნის მართვაშიც, საგარეო თუ შიდა პოლიტიკის წარმოებაშიც, ეკონომიკაშიც და განათლებაშიც სრულიად უუნარო აღმოჩნდა, მათმა უნიათობამ ყოველგვარ, ყველაზე პესიმისტურ პროგნოზსაც კი გადააჭარბა, ალბათ, აღარ გაგიკვირდებათ, 21 მარტს მე რომ ამ მთავრობის გადადგომის მოთხოვნას შევუერთდე. აქვე გამოგიტყდებით, ქუჩის აქციების, მიტინგების მომხრე-მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამჯერად რუსთაველზე თუ წავედი, ეს პირველ რიგში ღარიბაშვილების, ნარმანიების, სადღობელაშვილების, ბესელიების, ტყემალაძეების, კურტანიძეების, ინაშვილების და რა თქმა უნდა, ივანიშვილის და მეხუთე კოლონის დამსახურება იქნება. სხვა გამოსავალი აღარ დაგვიტოვეს…

 

ქეთევან იგნატოვა