ქალი - ჩაწოლილი პროდუქტი
06 აპრილი, 2015
1279
print

მარიამ მათიაშვილის აზრით

თაკო სალთხუციშვილი

                                                             წარდგინება

მე ვარ მარიამ მათიაშვილი. გათხოვილი და ბედნიერი ოჯახის პატრონი, მაგრამ ის რაზეც დღეს ვისაუბრებ, მაწუხებს! მაწუხებს არა იმიტომ, რომ მე შემეხო, არამედ იმიტომ რომ პრობლემაა!

ბოლო პერიოდში საზოგადოებაში გამძაფრდა დისკუსია ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის გარშემო. თუმცა, ამ შემთხვევაში, ისევე როგორც სხვა საკითხებთან მიმართებაში, დისკუსია ვიწრო ინტერესთა ჯგუფებს არ სცილდება. მოსახლეობის დიდ ნაწილში პრობლემა არსებობას განაგრძობს. შესაძლებელია ფართო მასები კიდევაც შეთანხმდნენ იმაზე, რომ ქალის ცემა/მოკლვა არ შეიძლება, მაგრამ სტერეოტიპული დამოკიდებულება მისი ფუნქციისა და როლის შესახებ დიდ წილად არ იცვლება.

ქალის განხილვა ოჯახის მწარმოებელ პროდუქტად ტიპიურია ქართულ საზოგადოებაში. შესაძლებელია ამ მხრივ დამოკიდებულება მეტ-ნაკლებად იცვლებოდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ინფორმირებულ საზოგადოებრივ ჯგუფთან გვაქვს საქმე.

2014 წელს ქართული საზოგადოების ნაწილმა ფემიციდი გააპროტესტა. ამ შემთხვევაში პროტესტის ადრესატები ის მამაკაცები იყვნენ, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით საკუთარ პარტნიორებს იმეტებდნენ სასიკვდილოდ. პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ მაშინ მართებულად აღნიშნა, რომ არ არსებობს საქართველოში ქალი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარა, თუმცა ნაკლებად თუ მიუქცევია ვინმეს ყურადღება, რომ მოძალადე მამაკაცები და მათი მსხვერპლი ქალებიც ქართული ტრადიციის ნაყოფს წარმოადგენენ, რომლის მიხედვითაც ქალი სამომხმარებლო პროდუქტია, ეროვნული სიწმინდის - ოჯახისწარმოებაში.

მართლაც, ყოველი ქალი საქართველოში ძალადობის მსხვერპლია და ეს ძალადობა მშობლებისოჯახში იწყება. ოჯახში, რომელიც 25 წელს გადაცილებულ ქალს დაქორწინებას აიძულებს და ამას ჩვენ ყველა „გათხოვებას“ ვეძახით, - უკვე ამ სიტყვიდანაც იგულისხმება, რომ გაცვლად ნივთებს წარმოვადგენთ. რა თქმა უნდა, ამ იძულებას არ აქვს პირდაპირი ძალადობის ფორმა. მსგავსი ზეწოლა, როგორც წესი, გარიგების ორგანიზებაში, მუდმივ შეგონებებში გამოიხატება, რომ „დარჩები“, „ბავშვს ვეღარ გააჩენ“, „ბებერი ვიღას მოუნდები“.... გაუთხოვარ ქალს საზოგადოება „ჩაწოლილ პროდუქტს“ უწოდებს. გაუთხოვარი ქალი პრობლემაა ოჯახისთვის, არშემდგარი ადამიანი, რომელიც მასზე დაკისრებულ ერთადერთ ფუნქციას ვერ ასრულებს.

პირად საუბარში ბევრ ქალს აღუნიშნავს, რომ მაშინ, როცა მისმა ურთიერთობამ საკუთარი თავი ამოწურა, მასში აღარ არსებობს ის ღირებულებები, რომელსაც უნდა ემყარებოდეს, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის მიმართ გაუცხოვდნენ, ისინი ვერ ანგრევენ ოჯახს, რადგან არ აქვთ არსად წასასვლელი. გამოსავალი ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი ეკონომიკური მდგომარეობა იქნებოდა, რომელიც მას საშუალებას მისცემდა წამოსულიყო უფუნქციო ოჯახიდან და საკუთარ მომავალსა და ინტერესების რეალიზებაზე ეზრუნა, მაგრამ ქართულ რეალობაში ალტერნატივა მშობლების ოჯახში მიბრუნებაა, მშობლების, რომლებიც სირცხვილად მიიჩნევენ „განათხოვარი“ შვილის სახლში მიღებას. ოჯახის დანგრევის ერთადერთ გამართლებად ქმრის მიერ ძალადობას განიხილავენ, ან ამ შემთხვევაშიც მოთმინებისკენ მოუწოდებენმას. და თუკი ქალი მშობლების სახლში მაინც დაბრუნდა, ოჯახი თავიდან იწყებს მასზე ძალადობას დამოუკიდებლობის შეზღუდვით, რომლის შედარებით მაღალი ხარისხით ის „ქმრის ოჯახში“ სარგებლობდა. მშობლებთან დაბრუნების შემდეგ იწყება სახლიდან გასვლისა და დაბრუნების დროის კონტროლი: „სად იყავი?“„ვისთან იყავი?“ „რატომ იყავი?“ რომ „წესიერი ქალი გვიან ღამით სახლში უნდა იჯდეს, თორემ ხალხი იტყვის გაბოზდაო“. ასეთ დამოკიდებულებას მშობლები „გათხოვებამდეც“ გვახვევენ თავს და ამის შედეგია, რომ რიგ შემთხვევებში ქალები, თავის დაღწევის მიზნით ქმნიან ოჯახს უცხო და გაუგებარ პარტნიორთან, რომელთანაც შესაძლოა უარესი ბედი ერგოთ.

ამავე ძალადობის გამოვლინებაა ქალის არსებობის მთავარი, რეპროდუქციული ფუნქცია. მის გარეშე ჩვენს არსებობას აზრი არ აქვს. გათხოვებიდან 9 თვის შემდეგ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაჩინოთ შვილი. ეს მოთხოვნა სცდება ოჯახს და უკვე შევეჩვიეთ, რომ ეკლესია ჩვენგან ერთ და ორ შვილს აღარ სჯერდება და მესამის გაჩენის შემთხვევაში სუპერპრიზს გვთავაზობს. ახლა ჩვენი რეპროდუქციული ფუნქციით უკვე პოლიტიკოსებიც ინტერესდებიან. რაინდი ლევან ვასაძე გვგმობს ქართველ ქალებს, რომლებიც აზერბაიჯანელებისგან განსხვავებით ნაკლებად ვმრავლდებით.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ ქართული ოჯახი, მისი ტრადიციული გაგებით, ჩვენზე ძალადობის ინსტრუმენტია. ის აღარ წარმოადგენს შინაარსით გამდიდრებულ, ინდივიდუალურ ღირებულებებზე დამყარებულ ბუნებრივი არჩევანს. ის გვაიძულებს ჩავიკეტოთ ჩვენს რეპროდუქციულ ფუნქციაში და უარს გვათქმევინებს საკუთარ ინტერესებზე, რომლის სპექტრიც, უხერხულია, თავიდან ვამტკიცოთ, რომ ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც კაცის შემთხვევაში.

P.S. მადლობა მარიამს გამოთქმული აზრისთვის და თუ ვინმეს არ მოგწონთ, უკეთესად თქვენ თქვით - saltkhutsishvilitako@gmail.com

მე კი ჩემი მხრივ, როგორც გამოთხოვილი გოგო დავამატებდი, რომ ძირითადად „განათხოვარია და ბოზია“ ისევ იმ ქალებისგან მოდის, რომლებიც საკუთარი უბედური ქორწინებებით, ან დაუქორწინებლობით დამძიმებულები სხვებს განიკითხავენ, მხოლოდ იმიტომ რომ ეგოს აჭამონ, და ვერც ხვდებიან რას ჭამენ...

თაკო სალთხუციშვილი