ვინ არის ბექა ნონიაშვილი?!
15 აპრილი, 2015
1331
print

თაკო სალთხუციშვილი

მინდა მოგიყვეთ ძალიან პატარა ამბავი ბიჭზე, რომლის მსგავსი ისტორიებიც ალბათ ბევრი აქვს ამ ქალაქს და იმ პერიოდს, თუმცა ხშირად ამ ყველაფერზე ყურადღებას არავინ ამახვილებს.

ბექა ნონიაშვილი, ჩემი მეზობელია, ჩემს თვალწინ გაიზარდა და ისიც ისევე ქუჩაში ცხოვრობდა, როგორც ყველა მის ირგვლივ შემოკრებილი ბიჭი. იმ ქუჩაზე იზრდებოდა, იმ ქუჩაში სწავლობდა და იმ გარემოცვაში ტრიალებდა, რომელსაც პრესტიჟულ, ძალიან ცნობილ, ერთ-ერთ უძველეს და ყველასთვის საყვარელ ქართულ უბანს, მთაწმინდას ეძახიან.

ბექა იზრდებოდა „სულხან საბას ბაღში“, სკვერში თუ რაც გინდათ ის დავარქვათ, სადაც ყოველ დღე საუბრობდნენ ქურდულზე, წამალზე, კაი ბიჭობასა და „პიდარასტების სიყვარულზე“ თვითონ უკვე „გაჩხერილი კაი ბიჭები“... „ბნელი ქუჩები, უცნობი ქალის ტუჩები, ყვირილი, ღრიალი, იარაღის ტრიალი, ბაიანში წამალი და ბიჩოკები მამალი, ეს არ მოგიტანს კარგს, დაგავიწყებს სხვს“... - კაბუს სიტყვებს გავიხსენებ ამ შემთხვევაში, სიტუაციის აღწერას ასე უფრო ზუსტად მოვახერხებ... და დავამატებ - დაჭერები, მთვრალების ხელჩართული ომები, უბნებს შორის „პერესტრელკები“, ძმამ ძმას ესროლა „პონტები“, „რაზბორკები“, „სხოდკები“ და ა.შ. ბექა შედარებით პატარა კი იყო, მაგრამ მაინც სულ ამ გარემოში ტრიალებდა. ნისიაზე გაგზავნები, არაყი და სიგარეტი მაინც ხომ უნდა „დაეთრიათ“ უკაპიკო უსახელო ნაძირლებს, რომ არც ერთ დღეს ამ ბაღში ხმაურის გარეშე არ ჩაევლო. დღეს ამ ადამიანებისგან არც ერთი შემორჩა საბას ბაღში. გადაინაცვლეს სახლებში, ზოგმა მშობლიურ სოფლებს მიაშურა, ისინი კი ვინც ქურდობას იბრალებდნენ, მაგალითად საშკა სანაძე დღეს მთაწმინდის სამმართველოს „მმართველობით“ არის დაკავებული, თუმცა ამას ისევე ჩქმალავენ, როგორც საშკა ჩემს ბავშვობაში იტყუებოდა, რომ „სახელიანი ქურდი“ იყო, და მახსოვს ციხიდან გამოსულმა, რომ დამინახა ჩვეულებრივ ქურდულად მოვიდა და „ვაა, რა ლამაზი გაზრდილა „ეს გოგო ჩემიაო“! ეს გოგო კი მაშინ 13 წლის ბავშვი იყო... ხოდა, მოკლედ, ბევრი რომ არ გამიგრძელდეს საშკაზე (ბევრი საინტერესო ისტორია კი ვიცი რაღა დაგიმალოთ, მაგრამ ბექაზე წერა ბეევრად სასიამოვნოა), გავაგრძელოთ ბექაზე. ბიჭზე, რომელიც 100 პროცენტით მონაწილეობდა ამ ყველაფერში. მონაწილეობაში მხოლოდ სიტუაციაში ყოფნას ვგულისხმობ და ეს უნდოდა თუ არა, მისი არჩევანი იყო, თუ უბრალოდ ასე გამოვიდა - კაცმა არ იცოდა. მორიგი, ჩვეულებრივ დაღუპული ბავშვი, ან მინიმუმ „ბაბულიკი“ მეგონა, მაგრამ... როგორ და რანაირად შეძლო გამხდარიყო ის რაც გახდა, პირადად მასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია. უბრალოდ მერწმუნეთ, აღფრთოვანებას იმსახურებს!

ბექა ნონიაშვილი გახდა შემოქმედი ადამიანი, დაიწყო ლექსები წერა, გამოსცა ერთი პატარა კრებულიც (რომელიც მისი ხელმოწერით მაქვს სახლში და ძალიან ვამაყობ) და შიგადაშიგ პოეზიის საღამოებსაც აწყობს. დღეს უკვე ის საბას ბაღში დაღლილი ბავშვი კი არა, საბას ბაღში გაზრდილი არაჩვეულებრივი ბიჭია, რომლის შემყურეც მიკვირს, როგორ მოახერხა და დაუსხლტა იმ ყველაფერ შავს, რაც მთელი ცხოვრება თან სდევდა. საამაყო და სასიამოვნოა ასეთი ადამიანების აღმოჩენა... და იმის გაცნობიერება, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ესენი, უბრალოდ ფართოდ დახუჭული თვალებით ვუყურებთ მათ.

ბექას გარეშე თავს უფლება ვერ მივეცი კიდევ უფრო სიღრმიდან გამომეტანა საჯაროდ მისი ცხოვრება, მის ოჯახში,რის შემდეგაც ბევრად უფრო ნათლად დაინახავდით და დააფასებდით მას, თუმცა იმედი მაქვს წარმოდგენა მაინც შეგექმნათ საერთოდ რატომ უნდა დაიწეროს ასეთ ადამიანებზე...

ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე ივენთების მოწვევები მივიღე, რომლებიც მომდევნო ელ-მუსიკის სხვადასხვა კლუბებიდან მოწვევა მეგონა, თუმცა მათ შორის აღმოვაჩინე ბექა ნონიაშვილი, რომელიც 3 აპრილს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე კორპუსში საქველმოქმედო მონო სპექტაკლს, სახელწოდებით „დროებითი“ აკეთებს და ძალიან გამეხარდა. ბოლო დროს მისი ახალი არაფერი გამიგია და აი ისიც... დასწრება თავისუფალია მეგობრებო და ვისაც დრო და სურვილი გექნებათ გირჩევთ გაიცნოთ ეს ახალგაზრდა, ენითაღუწერელ გარემოში გაზრდილი ბავშვი და უკვე ჩამოყალიბებული შემოქმედი! მონოსპექტაკლს მუსიკალურად გუგა გელაშვილი გააფორმებს.

აქვე ერთ პატარა ვიდეოს გაჩვენებთ მისი წინა პოეზიის საღამოდან და დაგიწერთ ნაწყვეტს, მისი ლექსიდან „ღამე საბას ბაღში“

„ჩემი სულის ხმა მესმის..

ღმერთი რატომღაც მიცავს..

ცოდვას არ აქვს გეზი

და ნუ გაყვები მის ქარს!

მდუმარედ ვზივარ ბაღში,

ბოლო ნაფაზი ჩაქრა...

სახე დავმალე უბით,

ცრემლებიც სადღაც გაქრა!

ამოვისუნთქე შვებით,

ფილტვის ვიგრძენი დაღლა..

მიკვირს რომ არ ვკვდები..

მინდა გავფრინდე მაღლა!“

 

 

 

 

თაკო სალთხუციშვილი