ქართული მარაზმი - ქალურობები
02 ივნისი, 2015
1481
print

მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილის აზრით

წარდგინება

მე ვარ მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი, ფსიქოლოგი. დაინტერესებული ვარ ზოგადად სოციალური თემებით - გენდერული სხვაობებით, სტერეოტიპებით და კულტურული განსხვავებებით.

ქართველებს რადიკალიზმი გვახასიათებს, ამიტომ საინტერესოა რადიკალურ ფორმებში იმ სტერეოტიპული ქცევების დანახვა, რაც გარკვეულ ქართველ ქალთა ჯგუფებს ახასიათებთ. გამოვყოფდი სამ პერსონას:

პირველი - მეოჯახე ქალი, რომელიც ძალიან მორწმუნე და ღვთისმოშიშია. თან ცოტა უტოპიურია, რადგან არ სჯერა მეუღლის, მეგობრის, შვილის, მაგრამ მორწმუნეა! იმდენად მორწმუნე, რომ ბიბლია წაკითხულიც არ აქვს. ასეთი ქალი თვლის, რომ კაცი თუ ღალატობს, მერე რა, ეს მისი გენეტიკური კოდია. მთავარია ის სახლში შემომტანია, ოჯახის ბურჯია.

მეორე - კარიერისტი ქალი, რომელიც თავდაპირველად მიზნად ისახავდა კარიერაში წინსვლას იმის გამო, რომ პირად ცხოვრებაში წარუმატებელი იყო. ამ გზაზე მას დაავიწყდა რომ პირადისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს, აგრესია გაუჩნდა კაცების მიმართ, მთლიანად გმობს ქორწინების ფენომენს და თვლის, რომ არ არის საჭირო არც შვილი, არც ქმარი. ეს ყოველივე მისთვის ზედმეტი შეზღუდვაა. მოკლედ მიზანში დაიკარგა. ეს არის რაციონალიზაცია. ის თავს იმართლებს.

მესამე - მოწინავე აზროვენების ქალი. ე.წ. „პრადვინუტი“, რომელმაც საზღვარგარეთ ცხოვრება ნახა და დაავიწყდა, რომ ფესვები საქართველოში აქვს. ფიქრობს, რომ ქართველები ჩამორჩენილები არიან, არ უნახავთ ცხოვრება და სექსუალურ ურთიერთობებზე ცრუ წარმოდგენები აქვთ. თვითონ ეს ქალი ძალიან თავისუფალია. თვლიან, რომ არ სჭირდებათ არანაირი ჩარჩო და ვალდებულებები... მაგრამ, საკმარისია შეყვარებულმა მისი თავი ვიღაცას მეგობრის სტატუსით გააცნოს, რომ მაშინვე შეურაცხყოფილი და ფრუსტრირებულია. ესეც რაციონალიზაციაა. რეალურად მისი ასეთი ქცევა თავდაცვის მექანიზმია. ასეთ ქალს ყველაზე მეტად დაქორწინება და ოჯახი უნდა.

დიდი დაპირისპირებაა „პრადვინუტსა“ და „მეოჯახე“ ქალს შორის. მეოჯახე ქალი შეურაცხყოფილია პრადვინუტის მსოფლმხედველობით. ფიქრობს, რომ წავიდა ცხოვრება ნახა და დაივიწყა ფესვები, ტრადიციები. მეორე მხრივ, „პრადვინუტის“ მხრიდან მეოჯახის მიმართ ცინიზმი ისმის... რომ მას არ აქვს სექსი, არ აქვს სრულყოფილი ურთიერთობა და აქვს უაზრო ცხოვრება. არადა მიზანი ორივესთვის ერთია - ოჯახი!

სამივე კატეგორია ძალიან რადიკალური ტიპები არიან, მაგრამ შეგვიძლია კიდევ ერთი, სოციალური „ფართიმაუსები“ მოვიხსენიოთ. ყველაზე არარადიკალური ტიპის ქალები, რომელსაც დაბალანსებული აქვს ცხოვრება, ჰყავთ ქმარი, კარიერაშიც ზომიერად წარმატებულები არიან, ჰყავთ შვილი, საზღვარგარეთაც რამდენიმეჯერ ნამყოფები არიან და დიდად არ ინტერესდებიან სხვა ადამიანებით. მათ უბრალოდ სოციალური ურთიერთობის მოთხოვნილება აქვთ და სწორედ ამიტომ უპრობლემოდ მეგობრობენ ყველა ტიპის ქალთან.

შიში

მეოჯახე ქალი - ქმარი არ გამექცეს... ამიტომ მუდმივად პატიობს ღალატს და ამის გასამართლებლად მათ ლექსიკონში ხშირად შეხვდებით სიტყვებს - გენეტიკური კოდი. ამ კატეგორიის ქალის კიდევ ერთი შიშია - აუცილებლად იდეალური ცოლი უნდა იყოს, რის გამოც აკეთებს იმასაც რაც არ სიამოვნებს, მაგრამ მთავარია მეუღლე კმაყოფილია. ასევე იდეალური დედა უნდა იყოს იმიტომ, რომ დედამთილს ესიამოვნება. აქ უკვე ერთვებიან მეუღლის უკან მდგომი პირებიც, ვისი აზრიც ქმრისთვის მნიშვნელოვანია. ანუ ერთგვარ ქსელს აკეთებს იმის გამო, რომ ამ ოჯახში ფესვები კარგად ჰქონდეს გადგმული. მაგალითად სადმე ქალაქგარეთ აგარაკი თუ აქვს მეუღლეს, მის ნათესავებშიც კი ის პირველი დიასახლისია. მაშინაც კი, თუ ეს სახლი რამდენიმე ნათესავს ეკუთვნის.

კარიერისტის შიში - ვიღაცამ არ აჯობოს კარიერაში.ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი. ხშირად ასეთი ადამიანები საზღვარგარეთაც გარბიან ხოლმე. ეშინიათ მათი პირადი ცხოვრება განხილვის თემა არ გახდეს. მათი სუსტი წერტილი ხომ სწორად ეს უკანასკნელია.

„პრადვინუტის“ შიში - მას არ დააფასებენ. არადა ისეთი როლი აქვს მორგებული, თვითონ აძლევს მიმართულებას საზოგადოებას, რომ წესით არ უნდა მიანიჭონ მას დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ თავისუფალია და არ ჭირდება არანაირი სტატუსი, რაც ტყუილია და შესაბამისად, მუდმივად დაუფასებლობის შიში აქვს.

შვილი

მეოჯახე - აქ ძირითადად, უხეშ განსხვავებას ვხვდებით მიზანსა და შედეგს შორის. თითქოს, მშობელი მთელ დროს სახლში ატარებს, მისი მზრუნველობა და ყურადღება ასი პროცენტით ბავშვზეა გადასული, მაგრამ მაგალითად, თუ ბიჭი ჰყავს, ხშირ შემთხვევაში, ჰიპერმზრუნველი დედის პირობებში ის „ძველი ბიჭი“ ან „ჩაგრულა“ იზრდება. ბავშვი ძალიან ეგოისტი ხდება. მის გარშემო ბრუნავს სამყარო და ისეთივე ძლიერი უნდა იყოს გარემოში, როგორიც არის სახლში - მას ყველაფერს უსრულებენ. გადის ქუჩაში და ვინც არ შეუსრულებს ყველაფერს საკადრის პასუხსაც მიიღებს. სწორად ამის გამო ძირითადად ასეთები ვერაფერს აღწევენ ცხოვრებაში. რეალურად ის ძალიან უსუსური, დედაზე დამოკიდებულია. მუდმივად დედას ეძებს ყველაში და ცდილობს ამ ყველაფრის კომპენსირება „ბლატაობით“ მოახდინოს.

კარიერისტის შვილი - საინტერესოა და რამდენიმე ვერსიას ვხვდებით: ერთი - მელომანი, ცოტა უცნაური ტიპი, განსხვავებულს რომ ეძებს, სწავლა არ უყვარს მაინც და მაინც, დედამისისგან მობეზრებული აქვს ამდენი გრაფიკი, თუმცა დისციპლინა მაინც იგრძნობა. არ არის მობლატავე ობიექტი, არის ინტელექტუალი, ოღონდ ეს არის მოცემულობა და არა თავისი გარჯა. მეორე ვერსია - ეს არის ყურადღების დეფიციტისგან ტრავმირებული ბავშვი, რომელიც გარემოში იწყებს ამ ყურადღების ძიებას და ხშირად იდენტიფიცირებასაც მშობელთან ვერ ახერხებს. ეს მეორე ტიპი ძირითადად მაშინ გამოდის, როდესაც კარიერისტი ქალი შვილს მარტო ზრდის, ქმრის გარეშე. არადა ამ ტიპის ოჯახი ხშირად ენგრევათ. შესაძლებელია იყოს მესამე ვერსიაც - აბსოლუტურად გაუნათლებელი ბავშვი იმიტომ, რომ კარიერისტი დედის მიმართ პროტესტი და აგრესია ჰქონდა.

"პრადვინუტი" ქალი თუ დაოჯახდა, მისი შვილი შეიძლება იყოს უფრო მეგობარი. ამ შემთხვევაში ყველაზე ჯანსაღი ფორმა მაინც ასეთ ქალს გამოსდის. მის შვილს სწორი ანალიზის უნარი მაინც ექნება და ეცოდინება, რომ მაინც საქართველოშია დაბადებული და სულაც არ არის ისეთი ცუდი როგორსაც დედა ამბობს.

სექსი

მეოჯახე ქალის შემთხვევაში ან საერთოდ არ არის სექსი, იმიტომ, რომ ძალიან მეორეხარისხოვანია და ამ ქალს დრო არ რჩება ამისთვის, ან არის შეზღუდვებით, რომელიც მორალურ და ეთიკურ ნორმებს ექვემდებარება.ეს ნორმები თვითონ ოჯახს აქვს თავისი, ინდივიდუალური ჩამოყალიბებული, რასაც ძირითადად კაცი აყალიბებს ხოლმე და იმდენად სრულად ეთანხმება ეს ქალი, რომ ზოგჯერ ერევათ რომლის დადგენილია.

კარიერისტებს საკმაოდ ნორმალური დამოკიდებულება აქვთ სექსის მიმართ. მათ უფრო სხვა პრობლემა აქვთ. ძალიან ბევრია საქართველოში კარიერაში გადავარდნილი ქალი, რომელიც მუდმივად იდეალურ მამაკაცს ეძებს. რეალურად ეს პრინცი არ ჩანს და მათ უჭირთ სექსისკენ ნაბიჯის გადადგმა. დაოჯახებული კარიერისტი კი იმდენად დაკავებულია, რომ ქმართან ძალიან ცივი ურთიერთობა აქვს.

„პრადვინუტებს“ ძირითადად თავისუფალი ურთიერთობა აქვთ. ამას იმიტომ კი არ აკეთებენ რომ უნდათ, ან ფიქრობენ ასე, უბრალოდ იციან, რომ მათ როლს ეს ძალიან კარგად შეეფერება.

ქალი და რელიგია

 პირველ რიგში, ყველაზე მეტად რაც სიტყვა მარაზმის მნიშნელობის მატარებელია ქალებში ეს არის გაუაზრებელი ნდობა და რწმენა, შემეცნების უნარის დაქვეითება, სურვილი რომ დახუჭონ თვალები ყველაფერზე და ენდონ მამაოს, რომელიც გაღმერთებული ჰყავთ. ფაქტიურად აზროვნების უნარი დაკარგული აქვთ და რასაც ეტყვის მამაო იმას აკეთებს. თუნდაც რაღაც მომენტში მის მორალურ პრინციპთან შეუფერებელი იყოს. მთლიანად დაკარგულია ინდივიდუალობა. და ვახსენოთ მეორე, დაახლოებით თინა მახარაძის ტიპი - ვითომ მოწინავე აზროვნების ქალები, ამ პირველი ტიპისგან სრულიად საპირისპიროს აკეთებენ. ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ყველაფერი რასაც აკეთებენ მათი აზროვნების შედეგია. არადა ეს მათი აზროვებაც სტერეოტიპულ აზროვნების ჩარჩოში ჯდება, უბრალოდ აკეთებენ „რეფრეიმინგს“, ანუ რაც ვიცით სტერეოტიპულად რომ ცუდია, ზუსტად იმ მხარეს აჩენენ. მაგალითად, ის რომ არ შეიძლება ღმერთთან ფამილარული დამოკიდებულება, „ღმერთი კარგი ტიპია“. ეს არის ეპატაჟური გამონათქვამი და ჰგონიათ, რომ მათ თავისუფლებას ხაზს გაუსვამს. ამ შემთხვევაში აზრს კი არ ენიჭება მნიშვნელობა, ისინი ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ გაიგებს სოციუმი მათ შინაგან ხაზებს. ეს ძალიან ცალსახად გახსნილი აზროვნებაა და როდესაც ასეთ საუბარს ვიწყებთ, აუცილებლად რაღაცა ტიპის კომპლექსებთან გვაქვს საქმე.

ქალი და თავისუფლება

ქალებში დიდ პროტესტს იწვევს, როდესაც ამბობენ, რომ კაცი მასზე ჭკვიანია. მართლაც ხშირად ისმის,რომ ქალს არ სჭირდება ზედმეტი განათლება.კაცობრიობის წინაშე მას თავისი მოვალეობა, რეპროდუქციული ამოცანა აქვს შესასრულებელი. ეს რა თქმა უნდა მარაზმული დამოკიდებულებაა.

ქვეყანაში ქალების გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს, რამაც ქალების საზოგადოებაც კი გაყო. არიან ევროპული ყაიდის ქალები, რომლებიც თავისუფლდებიან და მათთვის უკვე შეურაცხმყოფელი ხდება მაგალითად ის, რომ კაცმა ადგილი დაუთმოს. მგონი, ცოტა გაუაზრებლად ხდება ეს ყველაფერი. ევროპული პირდაპირ გადმოგვაქვს და გვგონია რომ კარგია. მეორე ნაწილი ქართველ ქალთა საზოგადოებაში მთლიანად უარყოფენ სიახლეს და რჩებიან ღრმა ტრადიციებში. ამ ტიპებს გლობალიზაციის, სიახლის შიში აქვთ. ამ თემაშივე მინდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება არ ნიშნავს თავისუფლებას, იმიტომ რომ ეს არის ფიზიკური გარემოება, რომელიც შეუძლია შეცვალოს ნებისმეირს, ნებისმიერ დროს. მთავარი ყოველთვის არის- როგორ ვიცხოვრებთ ამ ვითომ და თავისუფალ გარემოში. ეს არის დამოუკიდებელი აზრი, გადაწყვეტილების მიღების უნარი, ისეთი რაღაცების კეთება, რაც შეიძლება სხვის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ აკმაყოფილებდეს საკუთარს.მოკლედ შენი სოციუმის მონა და მათი ღირებულებების ზუსტი შემსრულებელი არ უნდა იყოს თავისუფალი ინდივიდი.

ორიენტაცია

ზოგადად რასაც ქვია გენდერული ორიენტაცია, ტენდენციურია საქართველოში. ახლა შემოდის და ძალიან დიდი გამოხმაურება და აგრესიული უკუკავშირი რაც, რაც თავისთავად ამ ადამიანებს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს. შედეგად ისინი არაადეკვატურ ქცევებს მიმართავენ, რაც გამოიხატება ხოლმე ეპატაჟურობაში, ზედმეტად თავის წარმოჩენაში და მტკიცებაში, რომ „მე მაქვს უფლება ვიყო გეი“. ზოგიერთს იმდენად გამჯდარი აქვს ის, რომ თუკი მიიღებს იმას, რაც ტენდენციურია და ახალი, აუცილებლად იქნება კარგი, - ბუნებრივად მარაზმში გადადის. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პრობლემა გენდერულ ორიენტაციაში, იბრალებს იმისთვის, რომ თავისუფალი გამოჩნდეს. მოდას აყოლილი აუცილებლად მოგახსენებს, რომ მაგალითად ბისექსუალია. ეს უკვე ორიენტაციის და გენდერის ამბავი კი არა, სექსუალური თავისუფლების და ექსპერიმენტირების აფიშირებაა - „მე შემიძლია ექსპერიმენტი გავაკეთო, სულ ერთია ჩემთვის ქალი იქნება თუ კაცი“.

 მოწოდება

ქალებს მოვუწოდებდი, რომ ის კარგი და დადებით რაც გვაქვს, რაც არ არის რადიკალური ფორმის, მცირე დოზებით ყველაფერი ბალანსსა და ჰარმონიაში გვქონდეს. ვიყოთ წარმატებულები კარიერაშიც და ოჯახშიც ოღონდ ისე, რომ ეროვნება არ დავივიწყოთ.ნუ ვეცდებით სხვისი აზრების გაუაზრებლად „კოპირებას“. ის რომ მე ვიცი რას ვაკეთებ განმტკიცებულია და ის, რომ მე არ ვიცი და უბრალოდ გაუაზრებლად ვუჯერებ სხვას - არასწორია და რადიკალურ ფორმებამდე მივყავართ.

P.S. ვისაც მარიამის აზრი არ მოგწონთ, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე saltkhutsishvilitako@gmail.comდა უკეთესად თქვენ თქვით.

 

maia chalaganidze