პროფესია, რომელიც სისასტიკეს ამართლებს?!
04 ივნისი, 2015
1413
print

თაკო სალთხუციშვილი

ილიაუნის თეატრში ახალი „ანტიგონე“ ვნახე, რამაც სრულიად განსხვავებული თვალით დამანახა პატარა, გმირად წოდებული გოგონა. არ გეგონოთ სპექტაკლის რეცენზიის დაწერას ვაპირებდე, რა ჩემი საქმეა… მაგრამ, ნანახმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა ე.წ. სისხლიან 9 წელზე და სახელმწიფოს მმართველი პირების სხვადასხვა გადაწყვეტილებებზე.

ვისაც მარჯანიშვილის თეატრში ბატონი თემურ ჩხეიძისმიერ დადგმული „ანტიგონე“ გინახავთ გემახსოვრებათ, რომ სპექტაკლი სამ საათიანია. ილიაუნის თეატრში კი, რეჟისორმა გაგა გოშაძემ იგივე ამბავი სულ რაღაც საათნახევარში მოყვა და თავის სათქმელიც მაყურებლამდე ძალიან გასაგებად მოიტანა.

როდესაც მეგობარმა ამ სპექტაკლზე რეკომენდაცია გამიწია, პირველი რაც ვიფიქრე, იყო „ნეტა როგორ უნდა დაიდგას „ანტიგონე“ კიდევ ერთხელ ისე, რომ რამე ახალი და განსხვავებული ვნახო მსახიობებისა და დეკორაციის გარდა-თქო“. თუმცა, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და ფაქტიურად რეჟისორი ანტიგონეზე არა როგორც გმირ გოგონაზე, არამედ როგორც სულელ, თავქარიან, განებივრებულ მეფის ასულზე გაფიქრებთ. და კიდევ, ამ დადგმაში მთავარი არა ანტიგონე, არამედ კრეონის თვალით დანახული სამეფო მმართველობის გზები და ის ტკივილიანი გადაწყვეტილებებია, რომელიც შეიძლება ხშირად სახელმწიფოს სათავეში მდგომ ნებისმიერ პირს უწევდეს.

იქნებ ზოგჯერ ქვეყნის მეთაური ადამიანებს სამაგალითოდ და ძალიან მკაცრად იმიტომ კი არ სჯის, რომ სადისტია და სიამოვნებს ამის კეთება, არამედ იმიტომ, რომ დასჯის შიშით სხვები გადაარჩინოს ასეთივე ცუდი საქციელის ჩადენას. განსხვავება გაგას „კრეონსა“ და ზოგიერთ, ჩვენს დროში არსებულ, რეალურ პერსონაჟს შორის მხოლოდ სტატუსია - ზოგს მეფე ჰქვია, ზოგს პრეზიდენტი, ზოგსაც პრემიერი და შეიძლება უბრალოდ „მოქალაქეც“ კი...

თანაგრძნობა გამიჩნდა კრეონის მიმართ, მაშინ, როდესაც ანტიგონეს უხსნის, თუ რამდენად არასასიამოვნოა მისი „პროფესია“, როგორ არ უნდოდა მისი არჩევა და როგორ უწევს ხოლმე იმ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც შემდგომში ბევრ სხვა დანაშაულს ააცილებს ქვეყანას. აქვე თავად შეგიძლიათ პარალელი გაავლოთ ჩვენი დღევანდელ მთავრობის რომელიმე წევრთან. ვინ იცის, იქნებ ვინმე საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც „დასვეს“. ან შეიძლება არც... იგივე შეიძლება შემზარავ „ცოცხებზეც“ ითქვას. იქნებ ზუსტად ამ ცოცხების შიშმა მისცა იმ დაქცეულ დროს საქართველოს კანონმორჩილ თავისუფალ მოქალაქეებს ქუჩაში შიშის გარეშე სიარულის საშუალება. იქნებ ზოგჯერ ის სისასტიკეც აუცილებელია, რომელსაც ქვეყნის მმართველები სჩადიან ხოლმე. ჩვენ კი ამ პროცესების მიმართ აღშფოთებას ფეისბუქის გულმოდგინედ დაწერილ სტატუსებში ვატევთ. ახლა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება გამახსენდა ჯარისკაცების შესახებ ატეხილ სკანდალზე, რომელიც არასრულწლოვანებზე სექსუალურ ძალადობას უკავშირდება. მან თქვა, რომ თუ ეს ფაქტები დადასტურდა, საჯაროდ და სამაგალითოდ დასჯის დამნაშავეებს... იქნებ ამ საქციელით ქვეყანამ მომავალი დამნაშავეები აირიდოს.

შეიძლება ბევრმა თქვენგანმა კვლავ არასწორად გამიგოს სათქმელი, მაგრამ ისიც საკმარისი იქნება, ჩემსავით კიდევ ერთი მაინც თუ დაფიქრდება მორიგი სტატუსის დაწერამდე. უმჯობესია მედალს ორივე მხრიდან შევხედოთ ხოლმე. პრობლემა, ბრალდებების წაყენების ნაცვლად, მინიმუმ მსჯელობით შევცვალოთ, იქამდე ვიდრე ვინმეს, ამ შემთხვევაში ნებისმიერ მთავრობას ხელებში ყურებას დავუწყებთ, მეტი განათლება მივიღოთ, სიზარმაცე დავძლიოთ და დამოუკიდებლობა ჯერ ჩვენ თვითონ, პიროვნულად მოვიპოვოთ. ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ამას მაინც ვერ მოგვცემს. ემოციურ ინტელექტს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამა თუ იმ მოვლენის აღქმასთან, აღქმა კი სიტუაციის განსჯასთან , განათლების და პიროვნული თავისუფლების გარდა ვერაფერი მოგვცემს.

 

maia chalaganidze