GEM fest-ის კიდევ რამდენიმე ჰედლაინერის ვინაობა გამჟღავნდა - რომელი ვარსკვლავავები დაუკრავენ ანაკლიაში
30 ივნისი, 2015
3051
print

29 ივნისს, ‘რუფტოპ ლაუნჯმა’ ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დამფუძნებლებს, შემოქმედებით ჯგუფს, გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი GEM fest წელს პირველად გაიმართება ანაკლიაში და ორგანიზატორები აპირებენ, მას ყოველწლიური სახე მისცენ. მონაწილეთა შორის არიან მსოფლიო კლასის დიჯეები Armin Van Buuren, Dubfire, Alex Crom, Who Made Who, David August და სხვანი.

ფესტივალის დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ მუსიკალური ღონისძიების მნიშვნელობას: “პირველ Gem fest-ს, რომელსაც ჩვენ ვაფუძნებთ საქართველოში, ძალიან ამბიციური გეგმები აქვს. ეს არის საერთაშორისო ახალგაზრდული მულტიკულტურული ფესტივალი, რომელიც იქნება ჩვენი სიამაყე და სავიზიტო ბარათი, რასაც ქართველები საკუთარი ხელით ვქმნით. მივესალმებით ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც ჩაერთვება თუნდაც საორგანიზაციო საკითხებში ან ნებისმიერი სახით შეიტანს წვლილს, ბილეთს იყიდის ან თუნდაც ილაპარაკებს, რომ ქართველები ვართ ძალიან მაგრები და ვუთანაბრდებით ბელგიელებს, რომლებიც აკეთებენ Tomorrowland-ს ან ესპანელებს, რომლებიც აკეთებენ Sonar-ს. 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ყველანი ვიქნებით იმის მომსწრენი, რა მაგარი რაღაც გავაკეთეთ.

ბევრ ტრაბახს არ მოვყვები, მაგრამ ჩვენმა გუნდმა თვენახევარში შეძლო, რომ სამეგრელოს სოფელში მსოფლიო დონის არტისტები ჩამოვლენ. ტატო ხარჩილავამ, ბიკო ბირბიჩაძემ შეძლეს ეს დროის მცირე მონაკვეთში. გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა როგორც მთავრობის, ისე მედიის, ახალგაზრდობის მხრიდან.”

გიორგი სიგუამ მედიას ლაინ-აფის მორიგი სახელები გაუმხილა, რომლებიც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ძალიან გაახარებს. არმინ ვან ბიურენთან ერთად ფესტივალის ჰედლაინერები იქნებიან ელექტრონული მუსიკის ლეგენდარული დიჯეი ლუჩიანო, რომელიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული საუკეთესო არტისტად მიიჩნევა. ანაკლიაში დაუკრავს ასევე ელენ ელიენი, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს ქართველ მელომანებს შორის და პეტრე ინსპირესკუ, არტისტი შესანიშნავი საფესტივალი წარსულით.

მედიასთან შეხვედრისას ასევე გაცხადდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: დიჯეებთან ერთად GEM fest რამდენიმე ქართული ბენდის გამოსვლებსაც წარმოგიდგენთ, მათ შორის გახლავთ ნინო ქათამაძე და ‘ლაუდსპიკერსი’. ასე რომ GEM fest ყველა გემოვნების ადამიანს იწვევს ანაკლიაში 9-დღიან მუსიკალურ აურზაურში მონაწილეობისთვის.

 

maia chalaganidze