GEM fest `სოლიდარობის ფონდთან’ თანამშრომლობას იწყებს - ლარი ყველა გაყიდული ბილეთიდან ონკოლოგიური პაციენტებისთვის
01 ივლისი, 2015
3126
print

30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანაკლია უმასპინძლებს ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალს. GEM fest ცხრადღიანი მუსიკალური ღონისძიების განმავლობაში, საკუთარ რამდენიმე სცენას არაერთ მსოფლიო მასშტაბის დიჯეის დაუთმობს, მათ შორის არმინ ვან ბიურენს, დიჯეი ლუჩიანოს, ელენ ელიენს, პეტრე ინსპირესკუს და ა.შ. გამომსვლელთა შორის იქნებიან ქართველი დიჯეები და ბენდები. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, ინტერესი დიდია, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მხრიდან.

თუმცა GEM fest-ის მიზანი მხოლოდ ერთი ფესტივალის გამართვა არ არის. ქართული ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი ანაკლიაში ყოველწლიურად გაიმართება, კომპანიას კი, რომელიც მას აფუძნებს, უამრავი სხვა ღონისძიების იდეაც აქვს, რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება.

გარდა ამისა, ორგანიზატორებს საქველმოქმედო მიზნები ამოძრავებთ. 30 ივნისს ‘სოლიდარობის ფონდთან’ მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ყოველი გაყიდული ბილეთიდან ლარი ამ ფონდის ანგარიშზე გადაირიცხება. როგორც ‘სოლიდარობის ფონდის’ აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ ჯაში ამბობს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა და იმედოვნებენ, რომ სოლიდური თანხა შეგროვდება.

 გიორგი სიგუა:

- GEM fest კეთილი საქმეებისთვის დაფუძნდა. ის არ შექმნილა გასართობად, არამედ იმისთვის, რომ ბევრ ნიჭიერ ადამიანს გაუკვალოს გზა, ტალანტის გამოვლენაში დაეხმაროს. თავად GEM-ის კონცეფცია ითვალისწინებს პირველ რიგში კეთილი საქმეების კეთებას. გაფორმებული მემორანდუმი კი ჩვენი პირველი ნაბიჯია ამ მხრივ. გვინდა, რომ შეგროვებული თანხით ერთი ბავშვი მაინც გადავარჩინოთ, თუმცა ვფიქრობთ, ბილეთების გაყიდვის ტემპებს თუ შევხედავთ, საკმაოდ კარგი თანხა მოგროვდება და არაერთი ახალგაზრდის დახმარებას შევძლებთ ‘სოლიდარობის ფონდის’ მეშვეობით.

 მარიამ ჯაში:

- დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს ‘სოლიდარობის ფონდსა’ და ‘ეპიკურ ქვას’ შორის , რომლის ფარგლებშიც, ანაკლიაში, ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე გაყიდული თითოეული ბილეთიდან ერთი ლარი გადაირიცხება ‘სოლიდარობის ფონდში’. ჩვენთვის ეს გახლავთ 21-ე მემორანდუმი, რომელიც კერძო სექტორთან გავაფორმეთ. აღნიშნული მემორანდუმი კიდევ ერთი ნაბიჯია, რათა გავაგრძელოთ 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება და ასევე გავაფართოვოთ ჩვენი პროგრამების შესაძლებლობები.

დღეისთვის ფონდში მობილიზებულია 3 260 000 ლარზე მეტი. 119 ბავშვის მკურნალობაა დამტკიცებული, მათ შორის 51 შემთხვევაში - საზღვარგარეთ.

 

maia chalaganidze